ომი უნდა მოიგოს ხალხმა – ჯარისკაცის მამა ომში წავიდა

ელისო კილაძე

ჯაბა ხოფერია კიევში მაისში გავიცანი. მაიდანზე მოვიდა, დიდხანს ვისაუბრეთ საქართველოზე, უკრაინის ომზე, რუსეთზე, მეორე დღეს ინტერვიუზეც შევთანხმდით, მაგრამ ის სპეცდავალებაზე გაუშვეს, ჩვენ კი ბუჩაში გავემგზავრეთ.
მერე ფრონტზე მისი დაღუპვის ამბავი მოვიდა და ჯარისკაცის მამის ინტერვიუმ სრულიად საქართველო შეძრა.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბრალაურში ხოფერიების ოჯახში ერთი კვირის წინ ჩავედით. არჩილ ხოფერია მესამე დღეს უკრაინაში მიდიოდა. სიტყვაძუნწია, საკუთარ თავსა და შვილზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ ეს მათი არჩევანი და მათი გზაა, რომ ბრუნდება იქ, საიდანაც არასოდეს წასულა.
ხოფერიების ოჯახი სამშობლოს დასაცავად 90-იანი წლებიდან იბრძვის: აფხაზეთის ომში 25 წლის ასაკში დაიღუპა არჩილ ხოფერიას ძმა და ჯაბას მოსახელე ბიძა, ჯამბულათ ხოფერია.

_ ბატონო არჩილ, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. მე ვიცნობდი თქვენს შვილს, კიევში გავიცანი. იშვიათია ასეთი გულის ადამიანი, _ ჯაბას საფლავზე არის ეს წარწერა. არ ვისაუბროთ, როგორ დაიღუპა ის, მოგვიყევით, როგორ იცხოვრა მან?
_ ერთი ამერიკული ფილმია, „უკანასკნელი სამურაი“. იქ ერთი ფრაზაა, როცა კვდება უკანასკნელი სამურაი და იმპერატორთან აქვს ბოლო საუბარი. იმპერატორს ეუბნება, რომ გიამბობ, როგორ ვიცხოვრეო. ანუ აღსასრული ყველამ იცოდა, როგორც წავიდოდა ლაპარაკი. მე და ჩემი შვილი ყოველთვის ვამბობდით, მთავარი არის გზა. კაცი როცა იბადება და კვდება, ეს დაწერილია უფლის მიერ. ადამიანის დაბადება და გარდაცვალება იცის მხოლოდ უფალმა. სამაგიეროდ, ამ წერტილებს შორის უფალი ტოვებს გზას, რომელიც შენია და შენ უნდა გაიარო, ეს შენ ხარ, უფალმა თქვა, რომ შენ ხარ გზა. ეს იცოდა ჩემმა შვილმა. გრძელი იყო თუ არა, ამ გზაზე იარა მან. შეცდომები ყველას აქვს, ჯაბასაც ჰქონდა შეცდომები. მე ვხედავდი მის შეცდომებს და ხანდახან ვეუბნებოდი. მე მას გვერდით ვედექი, როგორც მამა უნდა ედგას შვილს.
_ თქვენი ძმა, ჯაბას სეხნია, 25 წლის ასაკში დაიღუპა აფხაზეთში. რა რეაქცია გქონდათ, როცა შვილმა გითხრათ, რომ ომში მიდიოდა?
_ ეს გზა ჩვენი არჩევანი იყო. როგორც თქვენ გაქვთ არჩევანი, ასე იყო ეს ჩვენი არჩევანი. ჩვენ ამ გზაზე არც ვწუწუნებთ, არც მოვთქვამთ, არც არავის ვეუბნებით საყვედურს, ვიცით, რომ ეს გზა რთულია. ეს იცოდა ჩემმა ძმამაც. ჩვენც შეგვეძლო აგვერიდებინა თავი, წავსულიყავით უცხოეთში, მაგალითად, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. დარწმუნებული ვარ, ამ გზას რომ დავდგომოდით, ჩემს შვილს საფრანგეთში სენ-სირის სასწავლებელიც ექნებოდა დამთავრებული და, მინიმუმ, საფრანგეთის არმიის კაპიტანიც იქნებოდა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ უნდა გვებრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გზა მძიმე აღმოჩნდა. ამ გზაზე ჯერ ჩემი ძმა დაეცა, ახლა ჩემი შვილი დაეცა. ვინ იცის, ჩემი ბოლო წერტილი სად იქნება. ჩვენ ასე ვიზრდებოდით, ასე ვკითხულობდით წიგნებში, ასე გვესმოდა და მერე ასეთი გადაწყვეტილება იყო, აქ დავრჩენილიყავით და აქ გაგვეკეთებინა ჩვენი წილი საქმე. ჩვენი მოვალეობა ბოლომდე უნდა შეგვესრულებინა. ამას მივიჩნევდით მოვალეობად.
_ საქართველოსთვის ბრძოლა არის ძალიან რთული და წმინდა გზა. ჯაბა და ის ბიჭები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, არიან გმირები. ჩვენ ხშირად გვაგონებენ ყურს მიღმა, რომ რატომ უკრაინაში? არის თუ არ ეს საქართველოსთვის ბრძოლა?
_ ბევრჯერ ავხსენი: გმირობა ცოტა სხვა რამეა. თუ თქვენ ამას გმირობას დაარქმევთ, კი ბატონო, იყოს. თუმცა მიმაჩნია, რომ გმირობა სულ სხვა რამეა. გმირობა ყველას არ ხელეწიფება. შეიძლება, არც დარჩეს მომენტი, რომ გმირი გახდე. შეიძლება საერთოდ ჩაიდინო გმირობა და დავიწყებული იყოს ეს. შესაძლოა, მარტო იყო, არავინ შეესწროს ამას. მე მითქვამს და 30 წლის წინათაც ვთქვი ჩემს თანამებრძოლ ზაალ მდინარაძეზე, 22 წლის ბიჭი იყო: გმირობა რა არის ვიტყვი, იგი მოვიდა ტამიშთან 8-ში, თავისით მოვიდა, იარაღი არ ჰქონდა, მეორე დღეს ჩვენც გადავედით შეტევაზე, რაციები გაფუჭდა, არ გვქონდა კავშირგაბმულობის საშუალება, შემდეგ თურმე ზაალმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, უიარაღო კაცმა, როცა მის უკან კბილებამდე შეიარაღებული ხალხის მთელი ბატალიონი იყო, ცეცხლის ქვეშ მოგვნახა და ბოლო შეტევაზე უიარაღოდ წამოგვყვა, შემდეგ აღესრულა! ესაა გმირობა, მე ეს 30 წლის შემდეგ ვთქვი. უბრალოდ, ვფიქრობდი, რა იყო ეს. მე მივმართე ვეტერანთა დეპარტამენტს, პრეზიდენტს, ჩავთვალე, რომ ის იმსახურებდა ჯილდოს, ეროვნული გმირის წოდებას. ჩვენ გვყავს გმირი ონიანი, რომელმაც თავი აიფეთქა შინდისთან. მანამდე, 30 წლით ადრე, თემურ-თიო გაბუნიამ, ასევე ალყაშემორტყმულმა, მაშინ ის ჩემი მეთაური იყო, დაჭრილმა აიფეთქა თავი. ამის შესახებ ვინ იცის? რამდენმა ადამიანმა იცის? _ ძალიან ცოტამ. ჩვენ სხვადასხვა საზომით ვუდგებით ამ ყველაფერს. ესაა გმირობა.
ჩემი შვილი ასრულებდა თავის მოვალეობას _ ადამიანურ, კაცურ მოვალეობას. მან ჩათვალა, რომ უნდა ყოფილიყო კიევში, უკრაინელი ხალხის გვერდით და დაეცვა კიევი, ისევე როგორც თბილისი, იმიტომ, რომ იგივე საფრთხე კიევსაც ემუქრებოდა ცოტა ხნით ადრე 2008 წელს. მე რომ აქედან ომში წავედი, დედაჩემმა გამაყოლა ჯაბა. მითხრა, წაიყვანეო. მაშინ ძალიან პატარა იყო. ქალაქში გამყვა, დავტოვე მანქანასთან და მერე ვიღაცამ წამოიყვანა სახლში. როგორც მამამისი მიდიოდა, ისე წავიდა თვითონ. კიევში ცხოვრობდა კარგა ხანს, ვარჯიშობდა, სწავლობდა. მერე რაღაცები მოუვიდა, წავიდა ბერლინში, მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო, ჩათვალა მის კაცურ, ადამიანურ მოვალეობად, რომ დასდგომოდა ამ ურდოს წინ, რომ კიევი არ დაცემულიყო.
27-ში კიევში იყო. ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა. მე ვნახე ჯაბას მიმოწერები. არ დამელოდა და 25-ში უკვე საზღვართან იყო. არ შეუშვეს, საზღვარი ჩაკეტილი იყო. მან მისწერა არესტოვიჩს. გაგზავილი აქვს ჩემი ვიდეო. მე და არესტოვიჩი ფეისბუქზე ვმეგობრობთ 2014 წლიდან, ამას ვიტყვი ახლა. არესტოვიჩი აპირებდა ბატალიონის შექმნას, უნდა ჩავსულიყავი და ამ ბატალიონში ვყოფილიყავი დაზვერვის ასეულის მეთაური. შემდეგ ვერ შეიქმნა ბატალიონი და არ წავედი. მან ამის შესახებ იცოდა, მაშინ აქვს მიწერილი, _ მე ეს ვარ, არ მიშვებენ საზღვარზე და დამეხმარეო. 27 თებერვალს მიწერილი აქვს, რომ მოვდივარო. მე ჩამასწრო. აქედან მივფრინავდი. იმ დღესვე მივედი საელჩოში, პირველივე დღეს, 25-ში იქ ვიყავი და წასვლისას გამოცხადდა, რომ საქართველოდან აპირებდნენ ბიჭები წასვლას. ფულიც არ მქონდა იმდენი და ვიფიქრე, ბარემ ბიჭებთან ერთად წავალ და უფულოდ გავფრინდები-მეთქი, რა არის დასამალი. მერე მივედი აეროპორტში და ის რეისი გადაიდო. შემდეგ აეროპორტიდან დავბრუნდი, ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ისიც მოდიოდა, დამხვდიო. შემდეგ ჯაბასთვის არ მითქვამს, ისე წავედი. უკვე მარტია, როცა ჩავედი. იმ დღეს დაიღუპნენ ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი და მეორე იყო დათო გობეჯიშვილი, ერთად იყვნენ. დათო 4 დღის ჩასული იყო, როცა დაიღუპა. ვიდეოც მიდევს, წინ რომ მიდის. ჩანს, მეომარი კაცი როგორ მიდის, განწყობა ჩანს. ასე სხვის ბრძოლაში ვერ შეხვალ. ჩემი შვილი ვიდეოებს რომ იღებდა, თვითონ არ ჩანს, ისმის მხოლოდ ხმა, ის იღებდა ბიჭებს.
ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე: რახან ომი არის უკრაინის ტერიტორიაზე და იბრძვის მილიონი უკრაინელი, ომი არის უკრაინის, აბა, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ომია უკრაინის ტერიტორიაზე? არაა ჩვენი ომი იმიტომ, რომ ომი არის უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ წიგნი გადავშალე და ჩაკეცილი ჰქონდა. მე ახლა არ მოვყვები, ვინ არის კლაუზერნიცი. ვინც იცის, ყველა დამეთანხმება, ომისა და ომის გარშემო მიმდინარე ამბების ცნობილი თეორეტიკოსია. ჩვენ, მეომრები, ვართ პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ ამ პოლიტიკის ნაწილი არ გვინდა, რომ ვიყოთ, ამიტომ ხელისუფლებაზე არაფერს ვიტყვი, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა იცოდეს: ყველას თავზეა ეს ომი და თუ ომი დაიწყება, უნდა იბრძოლონ. არც კიევში ელოდნენ ომის დაწყებას. არ ელოდა, მაგალითად, ბენ ჰოჯესი, თვითონ თქვა ეს. იმ ღამესაც კიევში წყნარად ეძინა ხალხს. შეიძლება, არ ელოდა პრეზიდენტი ზელენსკიც. როცა ამხელა ურდო მოგადგება კარზე, უნდა ემზადო. მაგრამ მაინც ომს არ ფიქრობდნენ. მე ვფიქრობდი ჯერ ჩვენთან და შემდეგ უკრაინასთან ომს.
_ როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვემზადებით ომისთვის?
_ ჩვენ უკვე 30 წელიწადია, არაფერს ვაკეთებთ. მათ შორის, არაფერს აკეთებდა ის ხელისუფლებაც, რომელიც წავიდა. გამოჩნდა, რომ ის, რაც გაკეთდა, საკმარისი აღმოჩნდა 3 თუ 5 დღის ბრძოლისთვის. აგვისტოში ჩავედი, გაწვეული არ ვყოფილვარ არც პირველ და არც მეორე ომში, არც ახლა ვიქნები. არც ის იყო მზად ომისთვის. ვთქვათ, აფსუებთან და ოსებთან შეიძლება მზად იყო, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გავითვალისწინოთ, მათ უკან ვინ დგას? ან ამათ უკან ვინ დგას, მოლაპარაკე თავები რომ არიან? ხომ ვიცით, ვინ ვის უკან დგას? ჩანს! რაც ჩანს _ ჩანს და რაც აისბერგის ქვედა ნაწილია, ესეც გასაგებია. ამათ უკან დგას ან ერთი ქვეყნის ან მეორის ან მესამე ქვეყნის ძალები, ვინც ჩვენს სამეზობლოშია და ზოგიც ჩვენგან შორს.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, ამდენი წელია, ომში ხართ, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოსკენ წამოვა?
_ ერთს ვიტყვი: უკრაინაში რუსეთი უკვე დამარცხდა, მაგრამ ჯერ მიდის ბრძოლები. გვინდა-არ გვინდა, რუსეთი არის უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული ძალა, უზარმაზარი რესურსით, ხალხიც მომზადებული ჰყავს. ამაზე მუშაობდა მთელი მათი პროპაგანდისტული მანქანა. ერთსაც გეტყვით, _ ჩვენები, ვინც ხელისუფლებაში არიან, სწორს აკეთებენ, როცა ცდილობენ, რომ ომში არ ჩავებათ და აი, რატომ: როცა შენ მთელი ცხოვრება ფეხბურთის სათამაშოდ ემზადები, იმ კაცთან ჭიდილი, რომელიც მთელი ცხოვრება ომისთვის ემზადება, არ გამოგივა. შენ მე შეიძლება ფეხბურთის მოედანზე დამამარცხო, მაგრამ თუ ომს დავიწყებ, არ არის შანსი.
_ თუ რუსეთი ომს დაიწყებს, ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?
_ ყველამ უნდა იცოდეს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავის რიტორიკა. მე მაქვს, მაგალითად, ჩემი მანევრი, ვიცი, რასაც ვიზამ, _ ვიომებ! იომებს ის ხალხი, ვინც ჩემ გარშემოა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ეს ჩვენი პასუხი იქნება, იმის მიუხედავად, რომ აღმართავენ დროშას, ფერს არ აქვს მნიშვნელობა, მთლიანად თეთრს, სხვა ფერისას, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ მტერი ჩვენს ტერიტორიაზე შემოვა და გადაწყვეტს ჩვენს დაპყრობას, შევხვდებით, როგორც წესია, ამას არავის შევეკითხებით. თუ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საფრთხე დადგება და მტერიც წამოვა, ჩვენ ვიომებთ! თუ ხელისუფლება დანებდება, დანებდეს _ ასეთი მაგალითებიც ყოფილა. ვიღაცები ნებდებოდნენ, მოსახლეობის ნაწილი აგრძელებდა ბრძოლას. ჩვენ ვართ მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ბოლომდე იბრძოლებს _ ან მოკვდება ან გაიმარჯვებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ომს ვერ მოიგებს არმია, ომი უნდა მოიგოს ხალხმა.
ჩვენი ხალხი არ არის ომისთვის მზად. ამას უნდა მზადება და ომი უნდა იყოს ყველას თავზე. ჩვენ დავუშვით შეცდომა, როცა ომი იყო და ეს ომი არ იყო ყველას თავზე. აფხაზეთში ბრძოლისას ჩემი სოფლიდან რამდენიმე კაცი ვიყავით, მეორე სოფლიდან კიდევ რამდენიმე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომისას მხოლოდ ჩემი სოფლიდან, დაახლოებით, 250 კაცი მოკვდა. უკრაინაც იმიტომ იგებს, რომ ყველას ომია! შემხვედრია ჩემი შვილის დაღუპვამდე უკრაინელები, გამოქცეულები, დეზერტირები, იმათ არაფრის რცხვენიათ. ასეთი ხალხი ყველგანაა. ჩვენთანაც, უკრაინაშიც, რუსეთშიც. როცა შენი ქვეყანა იბრძვის და შენი ქვეყნიდან გარბიხარ, შენ დეზერტირი ხარ. მეც არ მომწონდა არც შევარდნაძის პოლიტიკა, არც სააკაშვილის, არც ამათი მომწონს, მაგრამ რამე რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილის ან კახა კალაძის გვერდით ვერ ვიომებ-მეთქი, ვიტყვი? ან ღარიბაშვილის გვერდით ვერ ვიომებ-მეთქი, ვიტყვი? ვერ გავაკეთებ ამას. გადაწყვიტა შევარდნაძემ და გამსახურდიას რომ გადაეწყვიტა, მის გვერდითაც ვიბრძოლებდი. ყველას გვერდით ვიბრძოლებ, ვინც საკუთარ ქვეყანას დაიცავს. კონსტიტუციაშიც წერია, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქვეყანა დაიცვას გარე მტრებისგან. მერე დანარჩენი სხვაა.
_ ძალიან ვცდილობ, ჯაბას არ დავუბრუნდე, მაგრამ უნდა გკითხოთ, ქიმიური მოწამვლა რა ვითარებაში მიიღო, იცით?
_ არ ვიცი. 2 თვით ადრე იყო ძალიან ცუდად. დამირეკა და წავიდა ჰოსპიტალში. სუნთქვა ეკვროდა, ცუდად გახდა. მერე დამირეკა და მითხრა, არაა საშიშიო. მითხრეს, რომ წამლები უნდა სვა და მიიღო რაღაცები და იოლად გამოხვალო. აქ ვიღაცები ჩამოსულები იყვნენ. იმათაც მითხრეს, რომ ღამითაც უჭირდა სუნთქვა, დგებოდა და სუნთქვის ვარჯიშებს ატარებდა. ჩამოსული იყო, მე არ მინახავს სამი დღე. მეგონა, 2 კვირით მაინც დარჩებოდა. ეგ იყო ხერსონში, დაზვერვის ჯგუფი იყო. იქიდან წამოვიდა სხვა ბრიგადაში. მე არ მითქვამს არაფერი და ვიფიქრე, მეც ახალ ბრიგადაში წავალ-მეთქი… რაც მე ვიცი, ძირითადი ეგ არის. ასე დამთავრდა. ხერსონში რამდენჯერმე ჩამოყარეს რაღაცები. სულ ვაფრთხილებდი, აირწინაღი ჰქონოდა. ვაფრთხილებდი. ეს იყო მისი ბოლო.
_ თქვენ უკრაინაში მიდიხართ, ომში ბრუნდებით…
_ 21-ში მივდივარ უკრაინაში. ომში არ ვბრუნდები. რაშიც ხარ, იქ დაბრუნება შეიძლება? დღეს დავწერე და ვთქვი, თქვენთვისაც იყოს-მეთქი. ზოგი მართლა წუხს, იქ არ წახვიდეო. მე ვთქვი, _ იგივეა, კალმახს უთხრა, არ მოხვდე მორევში და ზვიგენს უთხრა, ტალღების ზვირთების შეგეშინდეს-მეთქი. სადაც ვართ, იქ დაბრუნება რად გვინდა? ეგ არის ჩემი მოვალეობა, როგორც კაცის, მეომრის. ახლა უკვე მამის. დავასუსტოთ ჩვენი მტერი. ახლა ჩემი ცოლი ტირის და ჩხუბობს. დედაჩემმა ყველაფერი იცის. ის არასოდეს ამბობდა არაფერს. ყოველთვის გვამზადებდა ომისთვის, მერე ამზადებდა თავის შვილიშვილს, ახლა, რამდენიმე დღეში, მეც მომამზადებს, მაგრამ ცოლის თემა სხვანაირია. ცოლს უნდა ყოველთვის, რომ ქმარი მის გვერდით იყოს. ახლა უკრაინაში ყველაზე მძიმე ბრძოლები იქნება, ბრძოლები ინიციატივისთვის. უკრაინას ჰქონდა სტრატეგიული ინიციატივა, ახლა რუსები ეცდებიან, ეს ინიციატივა წაართვან. ახლა ამ ბრძოლებს ექნება მძიმე ხასიათი. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ უკრაინელ ხალხთან და ქართველ მეომრებთან ერთად ვიყო. მტერს არ უნდა დავანებოთ. როგორ გამომივა, არ ვიცი. ჯერჯერობით ყველა ომში დავმარცხდი, ბევრ ბრძოლაში გავიმარჯვე, მაგრამ ომში დავმარცხდი. ახლა იმედია, ომშიც გავიმარჯვებთ.
_ როდის დამთავრდება ომი უკრაინაში?
_ ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ უნდა დამთავრდეს. ომში მთავარია ორი რამ, ნება და რესურსები. უკრაინელებს ნება აქვთ, აკლიათ რესურსები. რესურსების მიცემა დამოკიდებულია კოალიციაზე. ერთ წელიწადში უნდა დამთავრდეს წესით.
_ გამარჯვებას გისურვებთ თქვენც, ჩვენს სამშობლოსაც და უკრაინასაც.
_ გამარჯვება ქართველებს, ვცოცხლობთ საქართველოსთვის, ვიბრძვით საქართველოსთვის და ვკვდებით, რომ იცოცხლოს საქართველომ.