ივანიშვილი ამერიკასთან დათმობაზე მიდის

შორენა მარსაგიშვილი

უკრაინაში მიმდინარე ომმა მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. რუსეთის გარდაუვალი მარცხის მოახლოებამ „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილიც ჩააფიქრა და ამერიკასთან სიტუაციის დალაგება დააწყებინა. სწორედ ასე აფასებენ მმართველ გუნდში ამერიკის ელჩთან დაკავშირებით პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

საქართველოში და არა მარტო საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ ღარიბაშვილის განცხადებაც ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და ამერიკაზე განრისხებული ოთხეულის უკანაც მილიარდერი იდგა.

რას სთავაზობს ივანიშვილი ამერიკას?

„ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დიმიტრი ხუნდაძის ოთხეული რამდენიმე კვირის განმავლობაში ლანძღავდა საქართველოში ამერიკის ელჩს. მას წერილებსაც სწერდნენ და საქმეებს ურჩევდნენ. ამ ოთხეულიდან ერთ-ერთმა ყაველაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის კითხვის დასმაც კი „გაბედა“. მან ივანიშვილს „კატეგორიულად“ მოსთხოვა ეთქვა, შეხვდა თუ არა ახლო წარსულში კელი დეგნანს? ივანიშვილი, რომელიც მის მიერვე ხელდასხმულ პრეზიდენტ ზურაბიშვილის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ყაველაშვილის კითხვას უმალ გამოეხმაურა. ამან კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ოთხეულის უკან თავად იდგა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხეულის აქტიურობამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. რამდენიმე რუსეთუმის გულის გახარება სათვალვში არაა. ამერიკის ელჩის რიტორიკა უფრო მკვეთრი გახდა. კელი დეგნანს კონგრესმენები და სენატორებიც დაუდგნენ გვერდით. ამის გარდა, გაიზარდა დასანქცირებული რუსი ოლიგარქების სიაც და ივანიშვილი მიხვდა, რომ მარტო რუსულ ორბიტაზე ტრიალი ხეირს არ მოუტანდა.

ოთხეული, ბუნებრივია, თავის ნათქვამს უკან ვერ წაიღებდა, ამიტომაც ასპარეზზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილი ამერიკის გმობის კამპანიაში ჩართული არ იყო და ისე ჩანდა, რომ გარიდებული იყო პროცესებს. „ოცნებაში“ იმასაც ამბობდნენ, ირაკლი კობახიძემ ისევ გაიმარჯვა და ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ ჩააჩოჩესო.

საქართველოს პრემიერმა, რომელიც ძირითადად უკრაინელების შეჩვენებით არის დაკავებული, ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა იმ დახმარებაზე, რაც ამერიკამ ჩვენს ქვეყანას გაუწია. ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ოცნებიდან“ გამოყოფილების რიტორიკა საქართველოს ინტერესებში არ შედის.

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო.

მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით. მათ შორის მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკას, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით“, _ განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

მედიასთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა დადებითად მოიხსენია საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

„საქართველოში ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ელჩი და სხვა წარმომადგენლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა სხვა წარმომადგენლებს. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს.

ზოგადად, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. მე ასევე მინდა შემდეგი გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება.

ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი, კიდევ და კიდევ, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ეს არის ჩემი პასუხი“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კელი დეგნანთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს. გასულ წელს საქართველოში აშშ-ის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადაყენება. ეს 5 ივლისის სისხლიანი დარბევის შემდეგ მოხდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ის დარბევა ხელისუფლებისა და მოძალადე რუსეთუმეების მიერ ერთად იყო მომზადებული. პრემიერის განცხადებები კი პირდაპირ მოძალადეების წისქვილზე ასხამდა წყალს.

კელი დეგნანს ღარიბაშვილის გადაყენებაზე რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი ივანიშვილთან. ივანიშვილმა მას პირობა მისცა, რომ უახლოეს თვეებში შეცვლიდა მთავრობის მეთაურს. როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, ირაკლი კობახიძე უკვე ემზადებოდა პრემიერის კაბინეტში შესასვლელად. შესაძლოა, შესულიყო კიდევაც, მაგრამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ ბევრი რამე შეცვალა. უკრაინაში დაწყებულმა ომმა კი საქართველოს მთავრობის მეთაურის შეცვლა მეორეხარისხოვან საკითხად აქცია.

შემთხვევითი არაა, რომ პროამერიკული განცხადების გაკეთება მას დაავალა ივანიშვილმა. მართალია, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის ზურგის შექცევა არ სურს, მაგრამ არც ღიად პრორუსული პოლიტიკის გატარებაა მისაღები.

ღარიბაშვილის პოზიციების გასატარებლად და ამერიკის ელჩის დასაცავად „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავი ირაკლი ზარქუაც გამოჩნდა. მისი თქმით, ამერიკას არასდროს მოუთხოვია საქართველოსთვის ომში ჩართვა. ირაკლი ზარქუას განცხადებით, აშშ-ის საელჩოსა და ხუნდაძის ოთხეულს შორის პინგ-პონგი, ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს.

ზარქუას განმარტებით, განცხადებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, უკრაინიდან ისმოდა, ხოლო რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მხრიდან აშშ-ზე ამ კონტექსტში საუბარს, ზარქუა აცხადებს, რომ ამაზე მათ უნდა ჰკითხონ.

„ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, ყველანი არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობისთვის და ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში მონაწილეობენ. გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები რომ აქვთ, მათ შორის, ე. წ. ოთხეულს, ამაში საგანგაშოს ვერ ვხედავ. აქ თემა არის ის, რომ კითხვები იყო და პასუხი გაეცა, ეს პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ამერიკასთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს.

უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს, არც პრემიერს, არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს უნდა ომი საქართველოში. ოთხეულის განცხადებას რაც შეეხება, მიმართეთ და მათ დაუსვით ეს კითხვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ ვამბობდით, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათ შორის, „ენჯეოები“. ჩვენ ახლა არ გვაქვს კინკლაობის დრო, ჩვენი მთავარი პარტნიორია აშშ, რომელიც არაერთი პროგრამის მონაწილეა, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია და ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ“, _ განაცხადა ზარქუამ.

ამ უკანასკნელს აქამდე, რატომღაც, არ გახსენებია, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ.

ამერიკის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული კანონმდებელი ალუდა ღუდუშაურიც. ისიც ამბობდა, რომ დასავლეთი ომს გვაძალებდა. ამ განცხადებების შემდეგ მან დასასვენებლად წასვლა, რატომღაც, „მილიტარისტულ“ ამერიკაში გადაწყვიტა და „მშვიდობისმოყვარე, სპეტაკ“ რუსეთს ზედაც არ შეხედა.

უკრაინაში მიმდინარე ომსა და დასავლეთთან დაპირისპირებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სხვა პოზიცია აქვს. მისი განცხადებით, ხელისუფლება აუცილებლად ოფიციალურად უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ოთხ დეპუტატს.

„აქ ნაბიჯები გადასადგმელი არის ძალიან ნათელი, პრემიერისთვის, მთავრობისა და უმრავლესობისთვის პირველ რიგში და ეს არის როგორი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება _ უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებსა და პარტნიორს, რომ ვითომც მათ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში და ეს არის მათი მიზანი“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველა ხვდება, რომ პრეზიდენტისა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ერთდროულად შემთხვევით არ გაკეთდა. ეს ამერიკისთვის ერთგვარი მინიშნება იყო. ამ ტრიუკის უკან რომ ივანიშვილი დგას, ამას ვერაგი რუსებიც კარგად მიხვდებიან. მათთან კი ივანიშვილს ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. კარგად იცის ივანიშვილმა, თუ რისი გაკეთება შეუძლია სისხლიან პუტინს. ამიტომაც ღარიბაშვილისა და ზურაბიშვილის განცხადებების გადასაფარად კვლავ ოთხეულს უხმო. ოთხეულის სახელით განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა და როგორც შეეძლო, ისე დაძაბა სიტუაცია. დაიმუქრა, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთო და ჯერ არ გავაქტიურებულვართო. განცხადებისა და აშშ-ის გინების გარეშე დღე არ გაუტარებიათ და ეტყობა, ახლა ამერიკაში დესანტის გადასხმას აპირებენ.

ხუნდაძე გულმოკლულია იმით, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოითხოვა, ხელისუფლება ოთხეულს ოფიციალურად გაემიჯნოს. ის ამტკიცებს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან მძიმე ტვირთია და ეს ტვირთი სამშობლოს გადასარჩენად აიკიდეს.

„ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ და აქ კომპრომისი ვერ იქნება. ის, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა რეალური იყო, ამას სიჩუმე ვერ დააზღვევდა და სწორედაც რომ ხმამაღლა იყო სათქმელი, რამაც ეს რისკები ამ ეტაპზე მინიმუმამდე დაიყვანა. ჩვენი მხრიდან ხმამაღლა „წაკითხულმა“ მზაკვრულმა სცენარმა, რომელიც თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემსახურებოდა, არადა რეალურად ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას გეგმავდა, ჩაშალა. ქუჩის აურზაური შეიცვალა პოლიტიკოსების საუბრებით და რეალურად გააჩინა სტატუსის მინიჭების რეალური პერსპექტივა.

ჩვენმა პრინციპულობამ ხელი უნდა შეუწყოს ჭეშმარიტ პარტნიორულ ურთიერთობებსაც, ისე რომ, ანგარიშგასაწევი იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი სუვერენიტეტი ფურცელზე დეკლარირებას გასცდა და ამას მოქალაქეები სიამაყით აღნიშნავენ. ქართული სახელმწიფო დღეს ხმამაღლა საუბრობს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უპირატეს ინტერესებზე და „დიდი ძმების“ დაკვეთების ბრმად შემსრულებელი აღარ არის.

არის მცდელობა, რომ საზოგადოება აგენტურით იმართებოდეს, რაც ყოვლად მიუღებელია ქვეყნისთვის. ფაქტია, რომ ჩვენ მძიმე ტვირთი ვიკისრეთ, ღიად ვისაუბრეთ პოლიტიკურ კულისებში მიმდინარე ისეთ საკითხებზე, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა. სათქმელი კიდევ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უმჯობესია, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩემთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ პროცესები სასიკეთოდ წარიმართება“, _  განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ზურაბიშვილმა ამომრჩეველი შეურაცხყო, რამეთუ მან ხალხის მიერ არჩეულ კანონმდებლებს „ვიღაც ოთხეული“ უწოდა.

„პრეზიდენტზე კი რა გითხრათ, რომელმაც „ვიღაც ოთხეულად“ მოიხსენია არაერთგზის პარლამენტის წევრები, რომელთა უკანაც ამომრჩეველთა დიდი არმია დგას. მას მინდა შევახსენო, რომ „ამ ვიღაცების“ წყალობით გახდა პრეზიდენტი, რაშიც თავად მისი წვლილი, არც მეტი და არც ნაკლები, ნულია.

ჩვენმა ქმედებებმა და საზოგადოების მხარდაჭერამ უკვე არაერთგზის გამოიღო შედეგი და პოზიტიური ეფექტი მომავალშიც იქნება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და არც დიდხანს დარჩება დაფარული ბევრი რამ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ჩვენი მიზანი პრინციპულია და ამ მიზნის ირგვლივ საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდება. მინდა იცოდეთ, ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს“, _ აღნიშნა ხუნდაძემ.

„გაშიფრული“ ამერიკის აგენტურული ქსელი და რუსული გალობა სვეტიცხოველში

გასულ კვირას გამოცემა ონგო.გე-მ საქართველოში ამერიკის ჯაშუშების სია გამოაქვეყნა. გამოცემის მტკიცებით, „2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ხელისუფლების მონოპოლია დათმო, 2016 წელს კოალიციის სრული დაშლა ამერიკელებმა მძიმედ განიცადეს, ამერიკის უარყოფითმა განწყობამ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულ ნიშნულს 2021 წლის თებერვალში მიაღწია, როდესაც ხელისუფლება ამერიკული აგენტურისგან თითქმის მთლიანად გაიწმინდა. იმ მომენტიდან ამერიკული სპეცსამსახურების ყველა აგენტი ოპოზიციაშია თავმოყრილი და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, აშშ ძალღონეს არ დაიშურებს, რომ ხელისუფლება შეცვალოს და ძალაუფლების სათავეში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს“.

აშშ-ის აგენტების სიის სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაწერეს, სიაში მოხვდა გიგა ბოკერიაც. ის ამერიკის ერთ-ერთ ყელაზე სტაჟიან აგენტად შერაცხეს.

„ამერიკული სპეცსამსახურების სამსახურში, ჯერ კიდევ, 90-იანი წლებიდან დგას. როგორც ცნობილია, აგენტისთვის მას იდეალური თვისებები აქვს, რადგან ორგანულად სძულს ქვეყანა და განსაკუთრებულად ერჩის მართლმადიდებელ ეკლესიას. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მძიმე დავალებებს მას ამერიკელები ყოველთვის განსაკუთრებული სითამამით ანდობდნენ“, _ წერენ ბოკერიაზე.

ონგო.გე-ს მტკიცებით, 2010 წლიდან შეუერთდა ამერიკული აგენტურის რიგებს ნიკა გვარამია. გამოცემის მტკიცებითვე, აგენტურას განეკუთვნება ყოფილი სპიკერი, დავით ბაქრაძეც, რომელსაც წლების მანძილზე ხალხისთვის ყველაზე მისაღები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის იმიჯს უნარჩუნებდნენ. ახალ რეალობაში ბაქრაძემ ფუნქცია დაკარგა, თუმცა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია და საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელები მას წინა პლანზე ნებისმიერ მომენტში შემოაბრუნებენ.

ამერიკელების აგენტად შერაცხეს გიორგი ვაშაძეც. არადა, აქამდე მასზე იწერებოდა, რომ ვანო ჩხარტიშვილის კაცი იყო. ჩხარტიშვილი და ამერიკა კი ერთმანეთთან ისე არიან, როგორც ლენინი და ბურჟუაზია. აგენტის სტატუსს გამოჰკრა ხელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, ბოკერიას სამეგობროს განეკუთვნება და ნებისმიერი მძიმე დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. აგენტის იარლიყს ვერც გრიგოლ ვაშაძე გადაურჩა. ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან აგენტად გამოაცხადეს დავით უსუფაშვილი. გამოცემა წერს, რომ  სტაჟიანი აგენტია უსუფაშვილის მეუღლე, თინა ხიდაშელიც, რომლის გადაბირება ასევე „საიაში“ საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.

მეოთხე პრეზიდენტიც ვერ გადაურჩა აგენტის იარლიყს. გიორგი მარგველაშვილი, პიროვნული სისუსტის გამო, მცირე კალიბრის აგენტად მონათლეს.

ამ სიაში ირაკლი ალასანიას არმოხვედრა წარმოუდგენელი იყო. გამოცემა გვიმტკიცებს, რომ ის ამერიკელებმა გაეროში ელჩობის დროს „დაავერბოვკეს“ და საქართველოში გამოუშვეს.  აგენტებად გამოცხადდნენ ძმები დოლიძეები, რომელთაგან უფროსი ნატოში საქართველოს ელჩია, ხოლო უმცროსი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემაც გამოჰკრეს აგენტობას ხელი. ისინი შედარებით გვიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეზიარნენ აგენტის სტატუსს.

ამერიკულ აგენტურაში მნიშვნელოვან ფიგურებად გამოცხადდნენ ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და თამარ ჩუგოშვილი.

ქართულ პოლიტიკაში ასევე ყოფილან ამერიკის ირიბი აგენტები, მათ გამოცემა მონის მონებად მოიხსენიებს. ირიბ აგენტებად არიან გამოცხადებულები გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი. მონის მონებს, ანუ ირიბ აგენტებს განეკუთვნებიან ნიკა მელია, შალვა ნათელაშვილი და ძმები ბერძენიშვილები.

აგენტების სიის გამოქვეყნებას ერში დიდი ხალისობა მოჰყვა. აგენტებად გამოცხადებულებმაც ბევრი იმხიარულეს. საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაიჯერა მათი აგენტობა. ეს არც ამერიკას დააკლებს რამეს და არც _ „აგენტებს“. რუსეთის აგენტების გამოაშკარავება არავის უცდია და ამის საჭიროება აღარც არის, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, ვინ ვისი აგენტი და მოტრფიალეა.

იმ დროს, როცა ერის ერთი ნაწილი „ამერიკის აგენტებს“ გმობდა, ქვეყნის მთავარ ტაძარში _ სვეტიცხოველში _ საღვთო ლიტურგია ოკუპანტის ენაზე, რუსულად აღესრულა. ქართულ ტაძრებში ბოლო დროს რუსულად აღვლენილი წირვა-ლოცვები ჩვეულ ამბად იქცა. საპატრიარქო ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს. მათთვის არც ისაა ტრაგედია, ცხიინვალის რეგიონში ქართული ტაძრები რომ გადაწვეს, ხოლო აფხაზეთში ქართული ტაძრებიდან ქართულ ფრესკებს შლიან და ქართულ კვალს აქრობენ.

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი ღიად უჭერს მხარს უკრაინის ომში რუსეთს. გაკვირვებით არც ამან უნდა გაგვაკვირვოს _ ეს ხალხი აგვისტოს ომის დროსაც რუსეთის მხარეს იყო.