რატომ ამბობს უარს სახელმწიფო სერვისების სააგენტო რუსეთის მოქალაქეების შესახებ მონაცემების გაცემაზე?

თამარ როსტიაშვილი

2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის უმეტესი პროცენტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ასე მაგალითად, 2019 წელს მოქალაქეობის აღდგენის გარდა, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 1219 რუსეთის მოქალაქეს. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაეცა _ 629-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, 2021 წელს გაიზარდა 1 342-მდე. 2022 წელს, ნახევარი წლის მანძილზე, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 723 მოქალაქეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საინტერესო ანალიზს აკეთებს თვეების მიხედვით. კერძოდ, 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა გაიცა რუსეთის 74 მოქალაქეზე, თებერვალში 98 მოქალაქეზე, მარტში _ 43 მოქალაქეზე, ივნისში _ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისში _ 136-მა. სულ 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა რუსეთის 551 მოქალაქეს, მაშინ, როდესაც უკრაინის მოქალაქეებისთვის ეს ციფრი 8 გახლავთ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულული 2018 წლის მონაცემები მიღებულია განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018-2022 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ 13 644 პირის დადებითი და 7 360 პირის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება.
სულ, პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13 575 პირს, აქედან, 5 111 პირს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 8 382 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით. ჩვეულებრივი წესით _ 38 პირს, გამარტივებული წესით _ 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით _ 15 პირს. საქართველოს მოქალაქეობის მიმღები 8 464 პირიდან 72% ანუ 6 075 პირი წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს.
რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი მოდის უკრაინის მოქალაქეებზე _ 428 პირი, შემდეგ სომხეთი _ 404 პირი, მეოთხე ადგილზე კი, გაგიკვირდებათ და, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებზე _ 330 პირი.
2022 წელი ამ მხრივ ლიდერობს, ვინაიდან, 2021 წლის სტატისტიკითმ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 1 342 მოქალაქეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 713 შემთხვევით აღემატება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს _ 123-ით.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ IDFI-ს მონაცემებით, სახელმწიფო სერვისების სააგენტო არ გასცემს ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის ზრდის მასშტაბის სრულფასოვანი შეფასებისთვის. არადა, აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები მკაცრად კონტროლდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით, რომელიც 5 წესისგან შესდება. ჩვეულებრივი წესის მიხედვით, პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითადი საფუძვლებს, საქართველოში მუშაობს და აქვს უძრავი ქონება ან საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
არის მეორე, გამარტივებული წესი, როდესაც საქართველოს მოქალაქეზეა დაქორწინებული პირი და ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში. დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
მესამე გახლავთ საგამონაკლისო წესი, რომლის დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის: საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ასევე ისეთი პირები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ისეთ ინვესტიციას, რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირები, რომელთაც სურთ მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძონ.
საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს ანდა უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე, მათ ეხებათ აღდგენის წესი, თუმცა ყველას _ არა! საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, მშობლის არჩევანის შედეგად, სხვა ქვეყნის მოპოვებასთან დაკავშირებით.
და მეხუთე _ სპეციალური წესი მიესადაგება საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში დადებით დასკვნებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი _ სწორედ იგი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. განხილვით კი განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დღეს-დღეობით ერთგვარ გასაიდულოებულ ორგანოდ არის ქცული. როდესაც მას მიმართა IDFI-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვით, არანაირი ინფორმაცია ხსენებულმა სამსახურმა არ გასცა _ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
სამაგიეროდ, უარი არ უთქვამს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადააგზავნა 7 360 პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უარყოფითი დასკვნები. უარის თქმის მიზეზები უცნობია.
2018 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ 13.575 პირს შორის 5,111 პირი წარმოადგენდა საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელსაც აღდგენის წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. დანარჩენ შემთხვევაში უმრავლესობას (8.382 პირი) საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით. მოქალაქეობის აღდგენის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა მხოლოდ 38 პირს, გამარტივებული წესით _ 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით _ 15 პირს.
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, გაუქმდა ის ჩანაწერი, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებდა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას. მანამდე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ხოლო შემდგომში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელი იყო საგამონაკლისო წესით. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გაუქმდა და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, მოქალაქეობის აღდგენის უფლება 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა.
ასე და ამრიგად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად ენიჭებათ რუსეთის მოქალაქეებს. რუსეთის მოქალეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია.