„ვიყაით, არიყაით, საიყაით?!“ _ ვინ არის გურული ქალი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ქართულ საცეცებს ებრძვის?

გიგა გელხვიიძე

„ვიყაით, არიყაით, საიყაით?!“ _ ეს სიტყვები ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა. ლაზათიანი გურული დიალექტით დაწერილი ეს ფრაზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ირმა გორდელაძეს ეკუთვნის. მედიასაშუალებებში გორდელაძის ვიდეოები და ინტერვიუები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა გურიის მიღმა ცოტამ თუ იცის მისი პიროვნების შესახებ, ვინ არის და რას საქმიანობს იგი რეალურად.

„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა,  გაგაცნოთ ქალბატონი ირმა გორდელაძე, უკვე წლებია, გარემოს დაცვის თემატიკაზე მუშაობს, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი ჩამოაყალიბა, თუმცა როგორც კი გურიაში კრემლის პროპაგანდისტული საცეცები შენიშნა, გადაწყვიტა, გარემოც და ხალხიც ერთდროულად დაეცვა.

_ ქალბატონო ირმა, როგორ ხართ?

_ ცოტა დაღლილი, მაგრამ მაინც მუშა მდგომარეობაში (იცინის).

_ ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგიცნოთ, როგორც „ალტ-ინფოსთან“ მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტი, თუმცა არც ისე ბევრია, ვინც რეალურად გიცნობთ, _ ვინ არის ირმა გორდელაძე და რას საქმიანობს ის?

_ პედაგოგი ვარ, სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. სწორედ აქედან გამომდინარე მქონდა მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბი, ვახორციელებდით სხვადასხვა აქტივობას. დაახლოებით ოთხი წლის წინათ გამწვავდა ეკოლოგიური მდგომარეობა ჩვენს მდინარეებზე, უკონტროლოდ და ვანდალურად შემოესივნენ მათ კარიერული მაძიებლები (ქვა-ღორღის მომპოვებლები). ჩვენ მსგავსი პროექტების წინააღმდეგები არ ვართ, ისევე როგორც არც ჰესების მშენებლობას ვეწინააღმდეგებით ჩვენს მდინარეებზე, მაგრამ მშენებლობისას უნდა გაითვალისწინონ თანამედროვე, მსოფლიო სატანდარტები. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებენ მდინარეებს. ჩვენი სოფელი ტურისტული ზონაა და აქ კარიერული მოპოვებები წარმოუდგენელია. სწორედ ამის გამო 4 წლის წინათ გამოვედით და ეს სამუშაოები შევაჩერეთ. მერე დავინტერესდით ამ საკითხით და ჩამოვაყალიბეთ სამოქალაქო მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“. გამოვიკვლიეთ, რა ხდებოდა, რომ უბრალოდ არ გვეკივლა და ყველაფერი შეგვესწავლა. ასე აღმოვჩნდი სამოქალაქო აქტივიზმში.

_ თუმცა თქვენი ძირითადი საქმიანობა უკავშირდება სკოლას, კერძოდ, სამოქალაქო განათლებას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია სასკოლო პროგრამაში. თქვენი, როგორც სამოქალაქო აქტივობით გამორჩეული ადამიანის გადმოსახედიდან, რა მთავარი აქცენტები უნდა დაისვას ამ საგნის სწავლებისას?

_ ინფორმაციის მიწოდების გარდა, აუცილებელია, მოსწავლეებს სამოქალაქო ცნობიერება ჩამოვუყალიბოთ, ანუ უნდა ვასწავლოთ, რომ სადაც შენი უფლებები მთავრდება, იქ სხვისი იწყება და, ზოგადად, უფლებების გარდა, მოვალეობებიც გაქვს. ასევე კარგად უნდა იცოდნენ კანონის უზენაესობის პრინციპები, დემოკრატია, თანასწორობა, _ ის, რომ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია, ასევე მშვიდობის დაცვის ორგანიზაციები და ა. შ. აღარ ჩავალ კიდევ უფრო მეტ სიღრმეში.

მომავალმა თაობამ უნდა გააცნობიეროს სამოქალაქო აქტივიზმის არსი, რომ ეს ქვეყანა შენია და თუ რამე პრობლემას ხედავ შენ ირგვლივ, უნდა შეგეძლოს მისი შესწავლა და მოგვარება, ასევე უნდა იცოდე, სად შეიძლება ამ საკითხების გადაწყვეტა, ანუ საკუთარი როლისა და ადგილის განსაზღვრა უნდა ესმოდეთ კარგად. ეს განათლება რომ არ აქვს ჩვენს თაობას და ჩვენს წინა თაობას, ამიტომაც არის ამდენი უბედურება, ვტირაჟირებთ სტიგმას, ვრიყავთ ადამიანებს და არგუმენტირებული საუბრის ნაცვლად, ლანძღვა-გინებას ვიწყებთ. ყველაფერ ამას ვასწავლით ჩვენ.

_ ვხედავთ თქვენს დაუღალავ შრომას და აქვე ვგებულობთ იმასაც, რომ აქტიური პედაგოგიური საქმიანობით ხართ დაკავებული. ამის ფონზე როგორია თქვენი ერთი დღე?

_ ამ ყველაფრისთვის დილიდან ვემზადები, გადავავლებ თვალს სიახლეებს, ჩემ მიერ შექმნილ სამოქალაქო აქტივიზმის ჯგუფში მოპოვებული ინფორმაციების მიხედვით ვათავსებ ინფორმაციას, თუ რა არის გასაკეთებელი და შემდეგ მივდივარ სკოლაში. საგაკვეთილო პროცესების შემდეგ მივდივარ და ვამოწმებ იმ მდინარეებს, სადაც კარიერულ მოპოვებას აწარმოებენ და ვნახულობ, ხომ არ გავიდნენ თავს ძალიან ან შეიძლება მქონდეს საქმიანი შეხვედრა.

_ და ამ დროს ვინ აკონტროლებს „ალტ-ინფოს“ ოფისს?

_ მაცადე ახლა… დილიდანვე შემოწმებულია ეგ (იცინის). მე ხომ ოზურგეთში არ ვცხოვრობ და სოფელში ვარ, ვინც მყავს იქ, ჩემი ახალგაზრდები, მივლენ, გადაუღებენ ფოტოს, ჩამიგდებენ და ა. შ. იმდენად ცნობილი გახდა ეს ამბავი და იციან, რომ არ ვაძლევთ „ალტ-ინფოს“ განვითარებისა და ფეხის მოკიდების საშუალებას გურიაში, რომ უცხოელებიც კი არიან ჩართულები. რამდენიმე დღის წინ ამსტერდამელმა გურულებმა გამომიგზავნეს ფოტო.

_ ასეთი აქტიურობის ფონზე, როგორ შემოგეპარნენ გურიაში „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები?

_ ეგენი ხომ ჩუმად შემოვიდნენ, ამათ სამივე ქალაქში, _ ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში _ უნდოდათ ამ ოფისების გახსნა. ორი „მარშუტკა“ ხალხი ჰყავდათ დაქირავებული, თავისსავით აბდლები და ატარებდნენ აქეთ-იქით. გაირკვა, რომ ოფისების აღება თითო დღით ჰქონდათ დაგეგმილი კვალის არევის მიზნით და ეს ამბავი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იტალიიდან გაგვაგებინეს ემიგრანტებმა, _ ოფისებს ხსნიანო.

ოფისის თემა, როგოც გითხარით, დილიდანვე არის ახლა მოგვარებული და მეტი არ მინდა, ერთი ვინმე შევიდოდეს ახლა იმ შენობაში, აი, მეტი არ მინდა! კიდევ ერთი ფართი გვაქვს საეჭვოდ და იმასაც ვათვალიერებთ, ხომ არ იწყება რამე სარემონტო სამუშაოები და ა. შ. ამის მერე მეწყება ჩართვები საინფორმაციო ხასიათის ან ტრენინგები და, ამავდროულად, ინგლისურს ვსწავლობ ონლაინ.

_ რაიმე სახის სამართლებრივი ხასიათის ბრძოლას თუ გეგმავთ ამ კუთხით?

_ უკვე მოვამზადეთ სარჩელი და გეტყვით ახლა, რაშიც მდგომარეობს ეს: სულელები რომ ჰყავთ აქ, ტვინამობრუნებული ხალხი, ერთ-ერთმა მათგანმა თავის ფეისბუქზე დადო ავტომატების არსენალი და დააწერა, _ ავადმყოფებს ამით ვმკურნალობთო. ის რუსეთის ხელისბიჭები რასაც თესენ, ეს პატარა კაცებიც იმეორებენ ამას და ამით ვაჟკაცობას ამტკიცებენ ვითომ. ეს არის აშკარა მუქარა, ხომ? ჩვენ ყველა გვიცნობს და მაგის შემსრულებელი არავინაა, მაგრამ თავიდანვე თუ ეს დავაიგნორეთ და არ დაისაჯნენ მაგის გამო, მერე შეიძლება სხვა რაღაც გაბედონ. სწორედ ამ მიმართულებით გავამზადეთ სარჩელი, რომელზეც იურისტმა იმუშავა.

ახლა ამ ოფისებს ვუთვალთვალებთ და იმ ადამიანებს ვაიდენტიფიცირებთ, რომლებიც უკვე ჩაწერილები არიან მათ რიგებში, რათა საცეცები არ გაგვექცეს, ასევე საინფორმაციო მიმართულებით ვმუშაობთ და ვაჩვენებთ ამ ადამიანებს მათ ნამდვილ სახეს, თუ ვის გვერდით არიან. ვცდილობთ, ეს სიყვარულით და თბილი სიტყვით გავაკეთოთ, ასეთი ტაქტიკა გვაქვს.

_ „ალტ-ინფოს“ მიმართ რატომ გაქვთ ეს დამოკიდებულება?

_ რას ჰქვია, დედა, რატომ გვაქვს?! ფაქტობრივად, „ალტ-ინფო“ ყველაზე ეშმაკური ხერხით დაარსებული მოღალატეობრივი პარტიაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ბოლშევიკები იყვნენ 1920 წელს, რომ მისცეს დარეგისტრირების უფლება, ანუ ზუსტად იგივე სიტუაციაა. უკვე გვიან არის, მაგრამ მთლად გვიანაც არაა და ძალიან მალე თუ არ დადგა ფეხზე მთელი საქართველო, ცუდი მდგომარეობა იქნება. ეს ადამიანები საზოგადოებაში შემოვიდნენ ჯვრით ხელში, მათი ძირითადი სამიზნე და მოწყვლადი ჯგუფებია მრევლი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და ვიცით, ახლა მრევლს რასაც ეუბნებიან. ჩათრეულები ჰყავთ ასევე ეკლესიების მოძღვრები, რომლებიც ამბიონიდან ქადაგებენ ამას. ოზურგეთსა და ჩოხატაურში ეკლესიის წინამძღვარი მამა ვახტანგ თოხაძე კურირებს მათ და ეხმარება ამ ოფისების გახსნაში, _ ამით ყველაფერია ნათქვამი. რომ ვუთხარით ეპარქიის ხელმძღვანელს ეს, გვიპასუხა, დამამტკიცებელი საბუთი მომიტანეთ და გავხდი ანაფორასო. გახდის ანაფორას და გოუშობს მოსანანიებლად ერთი თვით მონასტერში, ხომ? ასეთი ადამიანები უნდა განიკვეთონ საერთოდ, თანაც ვიდეოსა და ფოტოებში ჩანს ყველაფერი და რაღაა დასამტკიცებელი? ამ თემასაც მივხედავთ ცოტა ხანში, სენსიტიური თემაა, მაგრამ მოგვარებადი. ვიცით გურულებმა, როის და ვის სა დავარტყათ.

_ რას ეუბნება მრევლს მოძღვარი?

_ ელგებეტეა ევროპა, გარყვნილებაა ევროპა და ისევე ჩვენი რუსეთი ჯობიაო. დილიდან საღამომდე პირჯვარს რომ იწერენ, ხორცს არ ჭამენ მარხვაში და ერთმანეთს ჭამენ, ამფერი მრევლი გვყავს ჩვენ, ხომ იცით. ამიტომაც ვდგავართ მაგრად, რომ ესენი არსად გაჭაჭანდნენ. რამდენიმე დღეა, ეს ამბავი დაწყებულია და ყველაფერს ერთად ხომ ვერ ვიზამთ? ნელ-ნელა, ნელ-ნელა ჩვენ მაგენს ავაორთქლებთ.

_ ანუ ერთგვარ სამოქალაქო მოძრაობად ყალიბდებით?

_ კი, სამოქალაქო მოძრაობად ვყალიბდებით, „ალტ-ინფო“ იქნება ეს თუ სხვა რუსეთუმეები, ყველას ავაორთქლებთ.

_ თქვენ ჩემთან პირად საუბარში ახსენეთ, რომ 9 აპრილის თაობა ვარო. რომ შეადაროთ, რისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი მაშინ და რისთვის უწევს მას ბრძოლა დღეს?

_ იგივეა, მაშინ ტანკით მოდიოდა რუსი, ახლა ჯვრით მოდის ეს ერთმორწმუნე მამაძაღლი, რომელმაც ეკლესიები შეგვითეთრა, წირვა-ლოცვა აგვიკრძალა ქართულ ენაზე. ვიმეორებ: მაშინ მოდიოდა ტანკით, ახლა მოდის ჯვრით, რომ მერე ტანკი მოაყოლოს. ამ დროს ასეთი ტაქტიკა აქვს არჩეული: ქართველის ხელით ცდილობს ამ ყველაფრის გაკეთებას, ქართველი შემოგვისია და ეკლესიით და მრევლით ცდილობს, რომ ევროპულ კურსს ავცდეთ და ჩავეხუტოთ ჩრდილოეთს. უნდათ, რომ ხონჩით მივართვათ რუსეთს ყველაფერი.

_ რთულია ხოლმე რეგიონიდან ფართო მასებისთვის ხმის მიწვდენა, თუმცა თქვენ ამას ახერხებთ, ვინაიდან „ალტ-ინფოზე“ ვსაუბრობთ და იმ ადამიანებზე, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებს 5 ივლისი მოუწყვეს. მინდა გკითხოთ, რა როლი აქვს მედიას თქვენთვის ამ ყველაფერთან ბრძოლაში?

_ ძალიან დიდი როლი აქვს! რასაც ჩვენ ვაკეთებთ აქ გურულები, ადგილობრივი პრესა კი დაწერდა, მაგრამ ის, რაც ცენტრალურმა მედიასაშუალებებმა გააკეთეთ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ინფორმაცია გავრცელდა და ამის შემდეგ ყველამ გაიგო, თუ რას ვაკეთებთ გურიაში. სხვა რეგიონების გარდა, აქაცაა პროტესტი.

ისევ ჩვენ ვდგავართ ამ ყველაფრის სადარაჯოზე, თორემ პარტიებს ჩასვრილი აქვთ, პოზიცია იქნება ეს თუ ოპოზიცია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ მოსულან ჩვენს აქციებზე ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ყველა იდგა, როგორც მოქალაქე, რადგანაც გავაფრთხილე, რომ საქმეს არ გავაფუჭებინებდი. ჩვენ გვინდა, კონსოლიდაციის მაგალითი მივცეთ სხვებს, ისევე როგორც ეს მოხდა წალენჯიხაში, _ ხალხს უზარმაზარი ძალა აქვს. სუფთა სამოქალაქო აქტივიზმი ძალიან დიდ შედეგს დებს.

ძალიან მაკვირვებს ის ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი მოეთხოვებათ და მეტის საშუალება აქვთ. უამრავი კვალიფიციური პოლიტოლოგი და ექსპერტი გვყავს ქვეყანაში, დასხდნენ და გააუქმონ ეს პარტია, რატომ არიან ჩუმად? ისეთ ვიდეომასალებს აქვეყნებენ ეს ადამიანები და ისეთ ინფორმაციას დებენ, მარტივი დასამტკიცებელია, რომ ესენი არიან შოვინისტები და ფაშისტური დაჯგუფებები. კაი, მთავრობა ვიცით, რასაც აკეთებს, მაგრამ ესენი რას აკეთებენ? რატომ არინ ასე ინერტულად?

_ სოციალურ ქსელშიც აღნიშნავდით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გწერთ ამ მოვლენების შემდეგ და მაინტერესებს, როგორია, როცა იღვიძებ და ძალიან ცნობილი ხარ? მარტივად რომ ვთქვათ, უცებ პოპულარული გახდით.

_ არ მიმაჩნია, რომ პოპულარული ვარ, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა უკვე ოთხი წელია. უბრალოდ, ახლა თემა არის სხვა. ეს ჩემთვის პასუხისმგებლობაა მეგობრების, საკუთარი თავისა და ჩემი მოსწავლეების წინაშე, რომ ვაი, თუ ეს ვერ შევასრულო, ამაზე ვნერვიულობ. შინაურობაში ვამბობ ხოლმე, _ მაგარ ხლაფორთში მაქვს თავი გაყოფილი-მეთქი, _ ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ჩვენ, გურულებს, არაფრის გვეშინია, მაგრამ იმის შიში კი მაქვს, არ გააღონ კარი და არ შევიდნენ.

_ მუქარა თუ იყო პირადად თქვენი მისამართით ამ პერიოდში ან სკოლაში რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?

_ არა, მთელი ოზურგეთი გამოვა, მე ძალიან წარმატებული პედაგოგი ვარ, თაობები მყავს გაზრდილი. ჩემისთანა მასწავლებლის გამოშვების საკითხი თუ დადგა სკოლიდან, ამას ძალიან დიდი ამბავი მოჰყვება და დავწერე კიდევაც, რომ ფირალად გავვარდები-მეთქი (იცინის), უკან დახევა არ მიყვარს, ყველაფერზე მაქვს ნაფიქრი, პუნქტობრივად.

_ რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც, თქვენგან განსხვავებით, მშვიდად ხვდებიან „ალტ-ინფოს“ პარტიული ოფისების გახსნას?

_ შიშსა და კანკალში ნუ გაატარებენ ამ ღვთითბოძებულ სიცოხლეს და ნუ დაუთმობენ თავიანთ ქვეყანას მტრებს. თავიანთ შვილებზე იფიქრონ, რათა მათ წინაშე სირცხვილი არ ჭამონ. მონობაში ყოფნას ყველაფერი სჯობს.