გოგამ ინდიანა დააჯერა

2022-2023 წლების სეზონის მატჩში „ინდიანამ“ საკუთარ Gainbridge Fieldhouse-ზე უმასპინძლა „დეტროიტს“ და 124-115 გაიმარჯვა.
„პეისერზმა“ შეწყვიტა 12-მატჩიანი წაგებათა სერია, რომელიც გუნდს წინა რეგულარული გათამაშებიდან მოჰყვებოდა.
მოგებულ მატჩში დიდი წვლილი შეიტანა გოგა ბითაძემ – ქართველი ცენტრი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და 25 წუთში სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა: 14 ქულა + 15 მოხსნა.
გოგამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან ნასროლი 3 ბურთიდან ერთმა მიაღწია მიზანს. ქართველ კალათბურთელს 25% რეალიზება ჰქონდა საჯარიმოების – 4 მცდელობიდან ერთი გამოიყენა.
ბითაძემ შესანიშნავად ითამაშა ფარზე და 15 მოხსნიდან 8 მეტოქის ფარზე მოიგო. ამ ყველაფერს გოგამ ასევე დაამატა 4 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
იმ დროის პერიოდში, როდესაც ქართველი ცენტრი მოედანზე იმყოფებოდა (25 წუთი), „ინდიანამ“ მეტოქე 8-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის სტარტი მასპინძლებისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა – „დეტროიტმა“ სედიკ ბეისა და კეიდ კანინგჰემის ზუსტი სროლების შედეგად პირველი მეოთხედი 35:25 მოიგო.
რიკ კარლაილს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მანაც სათადარიგოთა სკამზე მყოფ კალათბურთელებს უხმო მატჩში ჩასართავად. ბენედიქტ მატურინისა (27 ქულა) და გოგა ბითაძის დუეტმა აბსოლუტურად შეცვალა მატჩის მიმდინარეობა და „პეისერზს“ მატჩის სადავეები დაუბრუნა.
მეორე მეოთხედი მასპინძლებმა 27:21 მოიგეს, მესამე პერიოდში კი „აფეთქდა“ კანადელი ახალწვეული (მატურინი), რომელმაც ზედიზედ 3 ბურთი ჩააგდო პერიმეტრიდან და საკუთარ გუნდს 9-ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა 88:79.
უკანასკნელ 12 წუთეულში ბოიან ბოგდანოვიჩმა და „დეტროიტის“ სხვა კალათბურთელებმა ცდა არ დააკლეს, თუმცა მეტოქესთან ჩამორჩენა ვეღარ ამოქაჩეს და 115-124 დამარცხდნენ.

ბურთს მარკეტში ვერ იყიდი

კარიმ ბენზემამ 2022 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ოქროს ბურთს“ რომ ვუყურებ, სიამაყესა და სიხარულს ვგრძნობ. პრიზის ჩაბარებისას ბევრი კარიერული მოგონება ამომიტივტივდა თავში. სპორტში ამაზე უკეთესი ჯილდო არ არსებობს. ეს რაღაც განსხვავებულია, ბრწყინვალე, ოქროსფერი. „ოქროს ბურთს“ სუპერმარკეტში ვერ იყიდი. ეს ჩემია, მე მოვიგე, ნამდვილი სიგიჟეა.
ეს ჯილდო ჩემი ცოხვრებისა და კარიერის განსახიერებაა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ კარიერას ამ ჯილდოს გარეშე დავასრულებდი. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე. ოქროს ბურთს თუ მოიგებთ, სამუდამოდ შეხვალთ სპორტის ისტორიაში“.

შემაჯამებელი ცნობილია

გვადალახარას მასტერსზე ნაჩვენები შედეგები გადამწყვეტი გამოდგა და „ფორტ ვორსის“ ტურნირი მთლიანად დაკომპლეტქდა. 1/4 ფინალურ სტადიაზე მარია საკარიმ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ვიქტორია კუდერმეტოვა და შემაჯამებელი ტურნირის საგზური მოიპოვა, მანამდე შემაჯამებელზე ასპარეზობა გაინაღდეს კოკო გაუფმა, კაროლინა გარსიამ, არინა საბალენკამ და დარია კასატკინამ.
წარმოგიდგენთ ჭთA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირის რვავე მონაწილეს:

  1. იგა შვიონტეკი (პოლონეთი); 2. ონს ჟაბერი (ტუნისი); 3. ჯესიკა პეგულია (აშშ); 4. კოკო გაუფი (აშშ); 5. არინა საბალენკა (ბელარუსი); 6. კაროლინა გარსია (საფრანგეთი); 7. დარია კასატკინა (რუსეთი); 8. მარია საკარი (საბერძნეთი).

დოპინგი, სიმონა?

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი, სიმონა ჰალეპი, დოპინგზე ჩავარდა და დროებით დისკვალიფიცირებულია ყველა საჩოგბურთო ტურნირიდან.
რუმინელი ჩოგბურთელის მიერ 2022 წლის Uშ OPEN-ზე ჩაბარებულმა დოპინგ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და სიმონას მყისიერად გამოუწერეს დროებითი დისკვალიფიკაცია, სანამ განმეორებითი ტესტის პასუხები არ იქნება ცნობილი.
„ჩემს ცხოვრებაში დღეს ყველაზე რთული მატჩის თამაში დავიწყე: ბრძოლა სიმართლისთვის. რამდენიმე საათის წინ შემატყობინეს, რომ ჩემს სისხლში აღმოაჩინეს დოპინგი, მინიმალური რაოდენობით, თუმცა მაინც დაუშვებელი დოზით. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შოკია.
ჩემი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში აზრადაც არ გამივლია, რომ წესების გვერდით ავლით და აფერისტობით მომეპოვებინა წარმატება ჭთA თOUღ-ზე. ეს ყველაფერი ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მე ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლო და დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ.
საქმე არც ფულშია და არ ტიტულებში. საქმე ეხება ღირსებას და სპორტის სიყვარულს. მე პატივს ვცემ ჩოგბურთს და ეს სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია უკვე 25 წელია“, – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ჰალეპმა.

ბათუმი თითქმის უშანსოდ

„სუპერ კაპის“ გათამაშების ბოლოსწინა ტურში საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი“ სტუმრად დამარცხდა „თელავივ ჰიტთან“ 8:25 და ახლა მხოლოდ თეორიული შანსი აქვს პლეი ოფში გასასვლელად.
„ბათუმმა“ პირველ ტაიმში თამაში ვერ დაალაგა და მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მხოლოდ 30-ე წუთზე შეაღწია. თუმცა ჩვენს მორაგბეებს შანსი საკმაოდ ჰქონდათ, მაგრამ მონაგარს ვერაფერი შეჰმატეს და ტაიმი მშრალად 0:10 წააგეს.
შესვენების შემდეგ „ბათუმი“ გააქტიურდა. თამაშის მსვლეობაც თითქოს შეიცვალა, მაგრამ მეტოქეს მაინც ვერაფერი დააკლო. თავი გამოიჩინეს ჩვენი გუნდიდან შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა. ლელო ცხრა ნომერმა არჩილ თურმანიძემ გაიტანა, საჯარიმო კი _ მგეზავმა მამუკა ნინიძემ.
მორიგ მატჩს „ბათუმი“ „შავ ლომთან“ გამართავს.
„ბათუმი“: 15. ზურაბ ძნელაძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი ფრუიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. სანდრო სვანიძე, 10. რეზო ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი, 1. ალექსანდრე შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნუკრი ფერსელიძე, 5. დაჩი კოპაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გურამ შენგელია, 8. ვანო ფუტკარაძე.

საგანძურის ხელფასი

როგორც საიტი ცალციოომერცატო.იტ-ი წერს, „ნაპოლი“ აპირებს, თადარიგი დაიჭიროს და თავისი საგანძური, ხვიჩა კვარაცხელია, მომავალ სეზონში მდიდარი კლუბების შემოსევისგან იხსნას.
„ნეაპოლში უკვე ფიქრობენ კვარაცხელიას ხელფასის გადახედვაზე, _ წერია ინფორმაციაში, _ „აძური“ ქართველს ბრუტო-ხელფასად წელიწადში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარ ევროს უხდის. გათვალისწინებულია განვითარების ფაქტორიც.
მაგრამ, აურელიო დე ლაურენტისს სეზონის მიწურულს პრობლემები არ სურს. მას უნდა, თავისი ვარსკვლავი წაახალისოს და უკვე გასამრჯელოს მომატებაზე ფიქრობს.
ასე აპირებს „ნაპოლი“ მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დაბევებას, რომელიც „მარადონაზე“ და მის მიღმა ბრწყინავს“.

„დინამოში“ კვარაზე მაგრები არიან

ერთ-ერთ იტალიურ რადიოს ესტუმრა თბილისის „დინამოს“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.
„იმ ხალხმა, ვინც ბიჭის პროგრესს ვადევნებდით თვალს, ვიცოდით, რომ მას დიდი ეფექტის მოხდენა შეეძლო, მაგრამ ასე თუ მოხდებოდა, რას წარმოვიდგენდით. ის ყოველთვის საუცხოო მოთამაშე იყო, განსაკუთრებით აკადემიაში, მაგრამ საუკეთესოთა შორის არ ყოფილა და ის გავლენა, რომელიც მან „ნაპოლიზე“ მოახდინა, ამიტომაც არის განსაკუთრებით შთამბეჭდავი. ხვიჩა ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ხასიათით, იყო შრომისმოყვარე და გულში ცეცხლი რომ არ უგიზგიზებდეს, დღეს იტალიაში ვერ ითამაშებდა. ძნელია, ვინმეს შევადარო.
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ახლა ჩინებული პერიოდი უდგას, მაგრამ ამას გაგრძელება სჭირდება. ჩემი აზრით, „ნაპოლი“ ძალიან საინტერესო გუნდია, მისი თამაშის ცქერა მეტად მომწონს. გუნდი ურთულეს მომენტებშიც კი ახერხებს გამოსავლის პოვნას, მაგრამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ წარმატება ვისურვოთ. კვარა გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. მთავარი ხომ გუნდია!
არის თუ არა აკადემიაში კვარაცხელიას მსგავსი ფენომენი? დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 13-14 წლის ქვემოთ ბევრი ძლიერი ბავშვი გვყავს, უფრო ძლიერი, ვიდრე ამ ასაკში იყო კვარა, მაგრამ დღეს ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ მათ ასეთივე მომავალი ექნებათ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური სიძლიერე. ხვიჩა ძლიერი პიროვნებაა და მის შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ უცხო სამყაროდან გამოჩნდა“.

რონალდუ: მინუს 720 000

„მანჩესტერის“ განრისხებულ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაგდება სურს.
„იუნაიტედისა“ და „სფურზის“ შეხვედრა რონალდუსთვის მანჩესტერელთა გუნდში ბოლო იყო. შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა, ხოლო როდესაც მატჩი ბოლოსკენ მიდიოდა (თუმცა ნიდერლანდელ მწვრთნელს ორი შეცვლის შესაძლებლობა კიდევ ჰქონდა), პორტუგალიელმა სათადარიგოთა სკამი დატოვა და გასახდელში შევიდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო.
გაბრაზებული რონალდუ გასახდელში რომ შევიდა, შეხვედრის დამთავრებამდე ხუთი წუთი რჩებოდა. ერთი ხნის შემდეგ, როდესაც მისი თანაგუნდელები ჯერ კიდევ მოედანზე იყვნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ, მან „ოლდ ტრეფორდი“ დატოვა. ტენ ჰაგს მოთმინების ფიალა აევსო და მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონში საერთოდ არ წაიყვანა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ხვალ „ჩელსისთან“ თამაშობს. რონალდუმ ლონდონის მატარებლით გუნდისგან ცალკე იმგზავრა. მას ასევე დამოუკიდებლად მოუწევს მგზავრობა უკანა გზაზე, დედაქალაქიდან მანჩესტერისკენ. „სანი“ წერს, რომ პორტუგალიელს ორი კვირის ხელფასს, 720 000 გირვანქას დაუქვითავენ.
გუშინ რონალდუმ თავისი საქციელისთვის საჯაროდ მოიხადა ბოდიში, მაგრამ მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სრულიად უჭერს მხარს ტენ ჰაგს. ჰოლანდიელს შეფებისთვის თავდამსხმელისთვის კონტრაქტის გაწყვეტა და მისი იანვარში გაშვება მოუთხოვია.
რონალდუს იანვრის ტრანსფერი ფრიად იქნება დამოკიდებული მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ერთ თვეში დაიწყება და მასში პორტუგალიის ნაკრები მონაწილეობს. H ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებთან ერთად არიან ურუგვაი, განა და სამხრეთ კორეა.

დიდოსტატს თაღლითობისთვის უჩივლეს

ამერიკელი დიდოსტატი, ჰანს ნიმენი, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს უჩივის, რადგან ნორვეგიელმა ის თაღლითობაში დაადანაშაულა.
ნიმანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან სარჩელი ამერიკაში, მისურის შტატში შეიტანა. „ჩემი სარჩელი ყველაფერს ამბობს“, – დაწერა მან კომენტარებში.
კარლსენის გარდა, საჩივარი ეხებათ ჩჰესს.ცომ-ის ამერიკელ დიდოსტატ ჰიკარუ ნაკამურას, კარლსენის გუნდს, დენი რენშსა და რამდენიმე ადამიანს.
კარიერის, რეპუტაციისა და ცხოვრებაში მიღებული ზარალის გამო ნიმანი 100 მილიონ ევროს ითხოვს.

ირანი ირანის წინააღმდეგ

ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა თავად ირანელებს სურთ. ფეხბურთელების დიდმა ჯგუფმა და სპორტულმა ჩინოსნებმაც ფიფას მიმართეს თხოვნით – არ დაუშვან მუნდიალზე… ამავე პოზიციაზეა ბევრი გულშემატკივარიც.
„სისასტიკე და ქალების დისკრიმინაცია, რასაც ირანის მთავრობა საკუთარ ხალხს უკეთებს, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ყველაფერმა კრიტიკულ წერტილს მიაღწია. აქ ორი აზრი არ უნდა იყოს და საფეხბურთო, სპორტული სამყაროდან გაშვება იქნებოდა სწორი“.
ირანელთა განცხადებაში წერია, რომ ფიფას ნეიტრალური პოზიცია საერთო საქმეს ვერ აკეთებს და რომ ფიფას შეუძლია პოლიტიკურ საკითხებშიც ჩარევა, თუ ეს სპორტული თვალსაზრისით სასარგებლო იქნება.
„გარდა ქალებისა, ირანის მთავრობა ხმას არ აღებინებს სპორტსმენებს. ალი დაეი, ალი ქარიმი და ბევრი ფეხბურთელი მუქარის ქვეშ ჰყავთ და დაპატიმრებით ემუქრებიან. დროა, ფიფამ იმოქმედოს“.
ირანში საპროტესტო აქციის დროს 200-მდე ადამიანი დაიღუპა და, მათ შორის, 50 ბავშვი.
ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჯგუფში ინგლისთან, აშშ-სთან და უელსთან ერთად მოხვდა. მუნდიალი 20 ნოემბერს იწყება.