გიგი გიგიტელაშვილი: „საქართველო აღარასდროს დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე და ამის გარანტორები არიან დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები“

მაკა მოსიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაცია სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაშალა წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და მხუთავი აირით, ახალგაზრდები აქციაზე მაინც ბრუნდებოდნენ და პროტესტს განაგრძობდნენ.
7-8 მარტის გამოსვლების ეფექტიანობა დიდწილად განაპირობა ისეთი ახალგაზრდების სიმრავლემ, რომლებზეც ენმ-ს ლიდერმა ხაბეიშვილმა თქვა, _ ამ ხალხს ყველა პარტია ფეხებზე კიდია, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გარდაო.

ენმ-ს საკრებულოებში 50-ზე მეტი გენ ძ თაობის წევრი ჰყავს. „ქრონიკა+“-მა სწორედ ამ თაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, დეპუტატ გიგი გიგიტელაშვილს დაუსვა კითხვები:

_ გიგი, რამდენად არის დასაშვები საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერება?
_ გასულმა დღეებმა აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღეს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა ახალგაზრდებმა, რომელთათვისაც მთავარი ღირებულება არის თავისუფლება, განვითარება და სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად.
აი, ახლა, როცა ამ თაობამ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, შეუძლებელია, ეს ქვეყანა ვინმემ როდესმე კვლავ დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე.
საქართველო აღარასდროს დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე და ამის გარანტორები არიან დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები.
_ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდებს პოლიტიკა არ აინტერესებთ. შენ ხარ დამოუკიდებელი საქართველოს ეპოქაში დაბადებული, ასევე ხარ საკრებულოს დეპუტატი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ამიტომ შენგან მაინტერესებს, _ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე იდგნენ და პარლამენტის წინ აპროტესტებდნენ რუსულ კანონს, მათ პოლიტიკა აინტერესებთ თუ ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკა გააკეთე ჩემთვის, ჩემ სასარგებლოდ და არა შენთვის?
_ პოლიტიკოსებმა პრობლემა ახალგაზრდებსა და საზოგადოებაში კი არ უნდა ეძებონ, არამედ საკუთარ თავში. საზოგადოებასა და მათ შორის ახალგაზრდებსაც აინტერესებთ პოლიტიკა, საკუთარი ქვეყნის ბედი და მომავალი. ეს დადასტურდა გასული დღეების განმავლობაში.
უბრალოდ, ფაქტია რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ნდობა არსებული პოლიტიკური სპექტრისა და პოლიტიკური პარტიების.
შესაბამისად, ვიმეორებ, პრობლემა მოქმედმა პოლიტიკოსებმა უნდა ეძებონ საკუთარ თავში და უნდა მოიპოვონ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით ხალხის ნდობა. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ განათლებით, გულწრფელობითა და ბევრი ახალი ახალგაზრდის შემოსვლით პოლიტიკაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის სუპერ განათლებული თაობა, თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გაზრდილი ხალხი, მათ აქვთ წვდომა ინფორმაციებზე და, შესაბამისად, მათ პოლიტიკოსები ვერ მოატყუებენ. როდის ატყუებენ პოლიტიკოსები ახალგაზრდებს? მაშინ, როდესაც არის ბრბო, რომელსაც განათლება აკლია, მაგრამ ამ თაობას ვერ მოატყუებ, ვერც კი შეიყვან შეცდომაში.
თუ გულწრფელი არ ხარ მათ წინაშე, ვერაფერს მიაღწევ. მეორე მხრივ, ამ ახალგაზრდებსაც აქვთ ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ამ რუსული პროპაგანდის წინაშე, რის წინააღმდეგაც გამკლავება უწევს ქართველ ხალხს, უნდა გაარჩიონ, რა არის რუსული პროპაგანდა და რა არის სიმართლე.
_ რა არის სიმართლე?
_ სიმართლე გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პრორუსული და იგი უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებას აუცილებლად შევცვლით, მაგრამ, მეორე მხრივ, ოპოზიცია უნდა იყოს მზად, რომ შექმნას რეალური ალტერნატივა.
_ რამდენად არის მზად ენმ ამ ალტერნატივისთვის? რამდენად არის ის მზად, რომ საქმეს გაუძღვეს? და რამდენად გჯერათ, რომ ენმ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდება?!
_ რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო წლებში უამრავი ახალგაზრდა მოვიდა. ისინი უკვე ადგენენ ენმ-ს დღის წესრიგს, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მომზადება, უფრო მეტი განახლება, გაძლიერება, მეტი ახალგაზრდის შემოსვლა პარტიაში.
ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არის ავანგარდში, მაგრამ ეს არასაკმარისია, საჭიროა უფრო მეტი განათლება, მათ შორის, ამ პარტიის სტრუქტურულად აწყობა.
რაც შეეხება ხელისუფლებაში დაბრუნებას, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყოველთვის, უფრო კარგ შედეგს დადებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა მიმაჩნია, რომ კოლიციურ ხელისუფლებაში იქნება მთავარი სახელისუფლებო ძალა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ენმ-ს, დაახლოებით, 50-მდე ახალგაზრდა თაობის დეპუტატი ჰყავს საკრებულოებში, მათ შორის, მაჟორიტარული და პროპორციული სიის წესით არჩეული ახალგაზრდები.
ჩვენ გვყავს უამრავი ახალგაზრდა პარტიული აქტივი, მხარდამჭერები, რომლებიც ჩართულები იყვნენ გასული დღეების მანძილზე საპროტესტო აქტივობებში.
მჯერა, რომ ეს რაოდენობა უახლოეს დღეებში უფრო და უფრო გაიზრდება. პარტიაში ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რაშიც თავადაც აქტიურად ვარ ჩართული.