რა სქემით გაშვილდა საქართველოდან ათასობით ჩვილი და სად მიდის მათი კვალი?

გიგა გელხვიიძე

1980-იანიდან 2000 წლის ჩათვლით საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის სქემა „წარმატებით“ მოქმედებდა. ამ სქემის მიხედვით იკვეთება, რომ ათასობით დედას თავისი ცოცხალი შვილის დატირება მოუხდა, რადგანაც მშობიარობის შემდეგ მათ მეან-გინეკოლოგები უცხადებდნენ, რომ ბავშვი ფილტვების სისუსტით დაიბადა და გარდაიცვალა, გარდაცვლილის ნახვას კი არ ურჩევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მას სამშობიაროს ეზოში არსებულ ჩვილ ბავშვთა სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

იყო შემთხვევები, როდესაც მშობლებს მაინც სურდათ თავიანთი გარდაცვლილი შვილის ნახვა და მისი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალვა. მედპერსონალი ასეთი შემთხვევებისთვისაც მზად იყო და მორგში აუცილებლად ჰქონდათ ოთხი გვამი: შავგვრემანი გოგოსა და ბიჭის და შედარებით უფრო ღია კანის ფერის მქონე გოგოსა და ბიჭის, რომლებსაც საჭირო დროს იყენებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილ ჩვლის რაღაც ყუთში ათავსებდნენ და მშობლებს ისე ატანდნენ, თუმცა რეალურად ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ ყუთები ცარიელი იყო და იქ ბავშვის ცხედარი არ ესვენა.

ამ პერიოდში ბავშვის შვილად აყვანა საკმაოდ სოლიდურ თანხასთან იყო დაკავშირებული, რომელიც საბჭოთა ფულის პერიოდში რამდენიმე ათას მანეთს, ხოლო შემდგომში ათასობით დოლარს აღწევდა. კარგად შემუშავებული სქემის მიხედვით, ბავშვებს აშვილებდნენ სამშობიაროდან მოშორებით, კონკრეტული თანხის მიღების შემდეგ, ხოლო მშვილებელი ოჯახი ამის შემდგომ ამზადებდა ყალბ დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც, ჩვილი მათ სახლთან დატოვეს, რის მერეც ოჯახმა მისი შვილად აყვანა მოახერხა. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში დაბადებული ჩვილები უცხოეთში შვილდებოდნენ.

აღნიშნული საკითხი შესაძლოა, დღემდე ტაბუდადებული ყოფილიყო, რომ არა ის რამდენიმე გაშვილებული ბავშვი, რომლებმაც თავიანთი რეალური წარმომავლობის გაგების შემდგომ ბიოლოგიური მშობლებისა და ახლობლების მოძიება დაიწყეს, თუმცა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ძალიან რთულია საკუთარი წარმომავლობა დაადგინო, რადგანაც კანონით გამშვილებლისა და მშვილებელი ოჯახის უფლებები დაცულია, ხოლო გაშვილებული ადამიანის უფლებების შესახებ რაიმე სახის საკანონმდებლო აქტი ამ დრომდე არ არსებობს.

ყველას მოგეხსენებათ ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელ თამარ მუსერიძის ისტორიის შესახებაც, რომელმაც შემდგომში იმავე სახელწოდების სატელევიზიო გადაცემაც გააკეთა, რათა დახმარებოდა იმ ასობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს ცდილობს თავისი შვილის ან მშობლის პოვნას. ათასობით საქმისა და მტკიცებულების შეგროვებისთანავე მუსერიძემ არაეთხელ მიმართა სამართალდამცველ უწყებებს, რომ აღნიშნული საქმეებით დაინტერესებულიყვნენ, თუმცა პასუხის ნაცვლად მუდმივად იყო დუმილი, რამდენიმე დღის წინ კი მუსერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს და აცნობეს, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ საქმეებზე გამოძიება დაიწყო.

„ქრონიკა+“-მა გაშვილების სქემასთან და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, უფრო მეტი დეტალის გასაგებად, თამარ მუსერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

_ თამარ, საიდან დაიწყო ეს ამბავი და როგორ შეიქმნა სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“, სადაც 175 000 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული?

_ სიმართლე გითხრათ, ჯგუფის შექმნის იდეა ჩემი არ ყოფილა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე არ მქონდა იმის დრო, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა. უბრალოდ, რომელიღაც ჯგუფში საუბრისას ერთმანეთი გავიცანით მე და აწ უკვე ჯგუფ „ვეძების“ შემქმნელმა ია ყველაშვილმა. ია ეძებს მის ბიოლოგიურ დას, რომელიც თბილისის მეორე სამშობიაროდან გაუშვილეს, უფრო სწორად, გაუყიდეს და ამის შემდგომ დავუკავშირდით ერთმანეთს, გამოგვიჩნდა ბევრი სასაუბრო თემაც და წამოვიდა ჯგუფის შექმნის იდეაც. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, ის 2020 წელს შეიქმნა, თუმცა მე არ მყავდა გვერდით ადამიანი, რომელიც დამაკვალიანებდა და ენთუზიაზმზე იქნებოდა ჩემთან ერთად, ამ ადამიანების დაკვალიანებაში უსასყიდლოდ დამეხმარებოდა. მერე დაგვემატნენ ადამიანები, თუმცა ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ის იყო, რომ დაგვეკვალიანებინა დაზარალებულები, თუ სად უნდა წასულიყვნენ ისინი. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ვეძებდი ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, ზუსტად ექვსი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეგო, სად უნდა მივსულიყავი და რა საბუთები მომეთხოვა.

_ ძალიან საინტერესო ნაწილია საბუთები. დღემდე არ იცის ბევრმა, სად უნდა მივიდეს და ვის მიმართოს. არიან ისეთებიც, რომლებსაც თავიანთი ისტორიის საჯაროდ მოყოლა არ სურთ. რა გზა გაიარე შენ?

_ თავდაპირველად მივედი იუსტიციაში და მოვითხოვე ჩემი გაშვილების საბუთი, რომელიც რეალურად არ უნდა მომეთხოვა, რადგანაც არ არსებობს. მივდიოდი სამშობიაროში და ვითხოვდი არქივში ყველა იმ ქალის ინფორმაციას, რომელმაც იმშობიარა 1984 წელს და არ მაძლევდნენ, რადგანაც ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება კანონით არ მაქვს. აი, ასე დავდიოდი უწყებიდან უწყებაში, სანამ არ მოვხვდი ასათიანის 9 ნომერში საბურთალოზე, სადაც განთავსებულია ტრეფიკინგის სააგენტო, რომელშიც რეალურად უნდა მივიდეს ადამიანი, ვინც ეძებს ბიოლოგიურ მშობელს. ანალოგიური მდგომარეობა ჰქონდა იასაც, რომ გაეგო თავისი დის ასავალ-დასავალი.

_ როდესაც შეიქმნა ჯგუფი, აღმოჩნდა, რომ თქვენ მსგავსად ბევრი ეძებდა ბიოლოგიურ მშობელს, დედმამიშვილს ან პირიქით, მშობლები ეძებდნენ დაკარგულ შვილებს, რა მოხდა შემდგომში?

_ ერთმა დაწერა, რომ ბავშვი მომიკვდა და არ გამომატანესო, მეორემ დაწერა, სამშობიაროს სასაფლაოზე დამარხესო, მესამემ დაწერა, მეოთხემ და ეს რიცხვი უკვე, ფაქტობრივად, უსასრულობაში წავიდა. ამის მერე, როდესაც დრო გვქონდა, სხვადასხვა სამშობიაროში მივდიოდით, ვინც რომელ ტერიტორიაზე მოვხვდებოდით და ვკითხულობდით სამშობიაროს სასაფლაოს, თუმცა პასუხი ყველგან იყო ერთი, რომ სასაფლაო არ არსებობს. სწორედ აქედან გასკდა ის ამბავი, რომ სამშობიაროებს არ ჰქონიათ სასაფლაო, რამაც ძალიან დიდი სტიმული მოგვცა გაგვერკვია, სად მიჰყავდათ რეალურად ეს ბავშვები? თავდაპირველად გვეგონა, რომ მშობლებს ატყუებდნენ და ისინი სადღაც ერთ ადგილას გადაჰყავდათ და რაღაც ორმოში ყრიდნენ, როგორც დადიოდა რაღაც გარკვეული მითები.

_ და როგორ დაიმსხვრა ეს მითი?

_ ამის შემდეგ მივედით „ჰერმესში“, რომელიც მაშინაც და დღესაც ერთპიროვნულად არის დაკავებული სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფით, აზომვით და ა. შ., სადაც განგვიცხადეს, რომ მსგავსი ტერიტორია, რასაც ჰქვია ჩვილ ბავშვთა სასაფლაო, არცერთ საავადმყოფოს არ ჰქონია აღებული, არ ყოფილა არანაირი სახის ხელშეკრულება დადებული და ყველა ბავშვი, რომელიც მართლაც იყო გარდაცვლილი, საფლავდებოდა ოჯახის, საგვარეულო სასაფლაოზე. აქედან გამომდინარე გასკდა ეს ამბავი.

_ რამდენადაც ვიცი, იყო შემთხვევები, როდესაც შვილი, რომელიც მშობლებს გარდაცვლილი ეგონათ, წლების შემდგომ გამოჩნდა.

_ დიახ, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც შვილი, რომლის დედასაც საბუთებში ეწერა მკვდრად შობადობა, აღმოჩნდა ცოცხალი. ამის შემდგომ ვიპოვეთ მეორე გოგო, რომელიც აგრეთვე ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს და უბრალოდ მსგავსების გამო გაიკეთეს გენეტიკური ანალიზი, რომ დედას არ სჯეროდა მისი შვილის ცოცხლად ყოფნა, რადგანაც ის დაასაფლავეს, მისი ინფორმაციით, ქუთაისის სამშობიაროში „არსებული“ სასაფლაოს ტეროტორიაზე. აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო და ასეთი რამდენიმე ქეისია, რომელიც ჩვენ გავხსენით და ამის შემგომ წამოვიდა უფრო მეტი დაინტერესება, _ აღმოჩნდა, რომ ამ დედებმა ერთიანად გაიღვიძეს, დედებთან ერთად გაიღვიძეს შვილებმაც, რომლებსაც აქამდე ეგონათ, რომ დედამ გაყიდა, სანაგვეზე მიაგდო და მაინცდამაინც იმ უშვილო ოჯახმა გაიარა იმ სანაგვეზე და აღმოაჩინა ის, ასევე გაიღვიძეს იმ შვილებმაც, რომლებსაც დაბადების მოწმობაში უწრიათ: ნაპოვნია. სინამდვილეში, არავინ არავის უპოვია და ეს საბუთი კეთდებოდა იმისთვის, რომ ოჯახს თავი აერიდებინა სასამართლოსთვის და ზედმეტი ბიუროკარტიისთვის. აი, ეს გამოიწვია ამ ჯგუფმა, რომელიც წელიწად- ნახვარში 170.000-ზე მეტ მომხმარებლამდე გაიზარდა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს 3%-ს შეადგენს, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ეძებს, კოლოსალურია. ეს რაც ჩვენ ვიცით.

_ დღესდღეობით, როდესაც ამდენი საქმე გაიხსნა და ნათელი გახდა შავბნელი წლების გაშვილების სქემით დაზარალებული ადამიანების ისტორიები, რა პრობლემებს აწყდებიან გაშვილებული პიროვნებები?

_ გაშვილებული ბავშვები აწყდებიან ძალიან ბევრ პრობლემას _ პირველი: ბავშვს არ აქვს უფლება, რომ გაიგოს საკუთარი გვარი, თუ ოთხივე მშობელი (ვგულისხმობ ბიოლოგიურ მშობლებსა და აღმზრდელ მშობლებს) არ არის თანახმა, რომ მან გაიგოს სიმართლე; არ აქვს უფლება, რომ გამოითხოვოს საკუთარი დაბადების თვე, რიცხვი, მშობლების სახელები და გვარები იმიტომ, რომ ეს არის მათი კონფიდენციალური ინფორმაცია; მეორე: გაშვილებული ბავშვების უმეტესობას დაბადების მოწმობაში უწერიათ სახელები და გვარები იმ მშობლების, რომლებიც რეალურად არ არსებობენ, ანუ მათ დაბადების მოწმობაში დაფიქსირებულები არიან ბიოლოგიური მშობლები. არსებობს ბავშვზე უარი, თუმცა ეს მშობლები საერთოდ არ იძებნებიან, არ არსებობენ. აწყდებიან იმ ფაქტებსაც, რომ პირდაპირ არიან გაფორმებულები აღმზრდელ მშობლებზე, ანუ აღმზრდელი მშობელი შედიოდა სამშობიაროში, ფორმდებოდა მშობიარედ და მასზე ხდებოდა პირდაპირ შვილის ჩაწერა, შესაბამისად, ვერანაირი გზით ვერ იძებნება მშობელი.

_ თუ გიცდიათ საკანონმდებლო დონეზე საკითხის დაყენება, რომ ამ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით რამე საკანონმდებლო აქტი გამოიცეს, რაც მათ გაუადვილებს თავიანთი რეალური წარმომავლობის დადგენას? აქ ხომ არ არის საქმე უბრალოდ წარმომავლობის დადგენასთან, შეიძლება მათ ჰქონდეთ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის მოგვარებაც მხოლოდ ბიოლოგიური მშობლების ან ახლობლების მეშვეობით არის შესაძლებელი.

_ ჯერ არა, ჩვენ სექტემბრიდან ვაპირებთ აქციების დაწყებას. ეს, რა თქმა უნდა, იქნება მშვიდობიანი აქციები, დედებისა და შვილების აქცია, რომლებიც მოითხოვენ რაღაც გარკვეული ცვლილების შეტანას კანონმდებლობაში. ალბათ იყო საჭირო გადამწყვეტი მომენტის არსებობა, რომელიც ამჟამად გვაქვს.

_ ახლა მინდა გკითხო შსს-ს ინიციტივაზე, _ როგორც ვიცი, მათ თავად დაგიბარეს და გამოხატეს დაინტერესება ამ საქმეებით. რას ელი აქედან და რამ უბიძგა ამდენი წლის შემდეგ სამართალდამცველ უწყებებს, აღნიშნული საქმეებით დაინტერესებულიყვნენ?

_ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას უკვე ორი წელია ვითხოვთ და აქამდე, სამწუხაროდ, არ დაგვკავშირებიან, თუმცა ალბათ უფრო იმიტომ, რომ არ გვქონდა საკმარისი ფაქტები. დედებმა იმშობიარეს, დედებს შვილები მოპარეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვადასტურებდით, რადგანაც ეს დედები არ არიან გატარებული მშობიარეებად, ეს ქალები ვერ ამტკიცებდნენ იმას, რომ ბავშვი გააჩინეს და ბავშვები ვერ ადასტურებდნენ იმას, რომ აყვანილები არიან. მე ახლა ვერ დავადასტურებ იმას, რომ აყვანილი ვარ, იმიტომ რომ პირდაპირ აღმზრდელ მშობლებზე ვარ გაფორმებული. მაშინ უნდა მოვითხოვო მათი ეგსჰუმაცია, გავაკეთო დნმ-ის ანალიზები. მოკლედ, ძალიან ბევრი რამეა საჭირო იმისთვის, რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე, რომ არ ვარ აღმზრდელი მშობლების ბიოლოგიური შვილი. აი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. როგორც კი გამოჩნდა რამდნეიმე ქეისი თავისი ფაქტებით, თავისი დადასტურებული დნმ-ის ანალიზებით, ამის შემდეგ დაგვიკავშირდა შსს.

_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ქეისებზეა საუბარი?

_ ორი ქეისია: პირველი არის ბიჭი, რომელიც 2003 წელს გააშვილეს კანადაში, მას დაბადების მოწმობა აქვს, ასევე გაატანეს ამერიკაში მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, ორივე მშობლის. ეს ბავშვი როგორც კი სრულწლოვანი გახდა, მისი აღმზრდელი მამა დაგვიკავშირდა და გვთხოვა მშობლების მოძებნა. ვინაიდან გვქონდა მათი პირადობები „ცესკოზე“, უმარტივესად მოვძებნეთ ეს ადამიანები და შემდგომში დავუკავშირდით მათ. ძალინ მძიმედ მიიღეს ეს ყველაფერი, გვიმტკიცებდნენ, რომ ისინი არ იყვნენ ამ ბავშვის ბიოლოგიური მშობლები, თუმცა ჩვენ ამის არ გვჯეროდა, რადგან გვეგონა, ბავშვი გაყიდეს. ახლა უარესს ამბობს, როგორც ხდება გაყიდვის შემთხვევაში, თუმცა გაიკეთეს დნმ-ის ანალიზი და პასუხი მოვიდა უარყოფითი, ანუ ეს ბავშვი იმ ოჯახის წევრი ნამდვილად არ არის და ეს ნიშნავს იმას, რომ ის გაყალბებული საბუთებით გაიყვანეს საქართველოდან და მშობლების გრაფაში ჩაუწერეს ის ადამიანები, რომლებიც მისი მშობლები არ არიან. ამ ქეისით დაინტერესდნენ შსს-ს თანამშრომლები, იმიტომ რომ უკვე გვქონდა ეს ფაქტები. არის ასევე მეორე ქეისი, რომელიც ეხება ბერძენ ბიჭს, რომელიც 2004 წელს დაიბადა, შემდგომ ერთი წელი ცხოვრობდა ე. წ. ძიძასთან, მან გამოგვიგზავნა დაბადების მოწმობა, სადაც ფიქსირდება დედაც და მამაც, მაგრამ არც დედას და არც მამას არ აქვთ პირადი ნომერი მითითებული და არ ფიქსირდება ასევე მათი მამის სახელი. ეს ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს, რომლებიც არ იძებნებიან ამ ეტაპზე არსებული დოკუმენტაციის მიხედვით. არ მინდა გამომრჩეს, არის ასევე მესამე ქეისი, ეს გახლავთ ნინი მოხევიშვილის საქმე, რომელიც რუსთავის სამშობიაროდან გააშვილეს. ამ შემთხვევაშიც ბიოლოგიურ მშობლებად არიან გაფორმებულები მისი აღმზრდელი მშობლები. ნინი იყო ჩვილი, როდესაც ის რუსთავის ტრასაზე 1000 დოლარის სანაცვლოდ გაყიდა მეან-გინეკოლოგმა ალექსანდრე ბარავკოვმა და ამის მოწმეები არსებობენ დღემდე. რამდენადაც ვიცი, საქმე უკვე ძიებაშია.

(ნინი მოხევიშვილის საქმეზე „ქრონიკა+“-მა რამდენიმე თვის წინ დაწერა, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა ვითარებაში გაასხვისეს ნინი, _ რედ.).

_ რა შედეგებს ელოდები და თუ იცი ასევე სხვა ქვყნების ქეისები, რაც მოგცემს საშუალებას, გარკვეული სახის ვარაუდები გქონდეს?

_ სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მეგონა, რომ ამ ქეისებს აიღებდნენ, არ ვიყავი დადებითად განწყობილი იმიტომ, რომ ყველა ეს საქმე არის ხანდაზმული. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, არის ესპანეთის ძალიან ცნობილი ფაქტი, რომელიც შეეხება 1997 წელს, _ სასულიერო პირებმა გახსნეს დოკუმენტაციები და არქივები, თუმცა ვერავის დაკავება ვერ მოხერხდა ამ საქმეებზე, რადგან თითქმის ყველა გარდაცვლილი იყო უკვე. ჩვენს შემთხვევაში, რადგანაც საზოგადოებრივი ინტერესი არის დიდი, მგონია, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი პასუხები დააკმაყოფილოს. არც მე და არც რომელიმე დედა არ ითხოვს ვინმეს დაკავებას, გვინდა უბრალოდ პასუხები, თუ ეს ბავშვები არიან მართლაც გარდაცვლილები, გვითხრან, რატომ არ გაკეთდა შესაბამისი ცნობები და თუ არიან ცოცხლები, სად წავიდნენ და ვისზე გასხვისდნენ ისინი?

_ ახლა ახსენეთ ესპანეთის ამბავი და ის, რომ სასულიერო პირებმა გახსნეს საქმე. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? არის თუ არა დაინტერესება სასულიერო პირების მხრიდან აღნიშნული საქმეებით, რადგანაც სრულიად შესაძლებელია, რომ საქმე გვქონდეს ინცესტთან და სისხლის აღრევასთან ასეთი გაურკვეველი შემთხვევების დროს, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მიუღებელია არა მარტო სარწმუნოებისთვის, არამედ ბიოლოგიურად და სამედიცინო თვალსაზრისითაც.

_ არავინ შემხმიანებია, თავად ვეცადე დაკავშირებას ერთ-ერთ სასულიერო პირთან, თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, მან უარი მითხრა და არანაირი სახის თანადგომა არ ყოფილა.

_ საკმაოდ ბევრ საქმეს შეეხე უკვე გადაცემით, მოამზადე არაერთი სიუჟეტი. რა შედეგები დაიდო და რამდენი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ბიოლოგიურმა დედებმა და შვილებმა იპოვეს ერთმანეთი?

_ ჩვენ რაც ოფიციალურად ვიცით დადასტურებულად, ვინც ამ ორი წლის განამვლობაში ვიპოვეთ ჯგუფის მეშვეობით, არის ხუთას ოჯახზე მეტი, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, რომლებმაც თავად იპოვეს სხვადასხვა გზით? ზოგმა ტესტის დახმარებით, ანუ, შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით ხუთას ოჯახზე მეტი გვყავს ნაპოვნი. შედეგებს რაც შეეხება, არის შემთხვევები, როდესაც საკმაოდ მძიმეა, უმეტესობა არის მოპარული და ამ ბავშვების პოვნა წარმოუდგენელია გენეტიკური ტესტის გარეშე.

_ გენეტიკურ ტესტს რომ შევეხოთ, როდესაც გაიკეთებენ ამ ტესტს, სად ნახულობენ შედეგებს? სად არის ეს ბაზა და საქართველოს თუ აქვს მონაცემთა ბაზები?

_ საქართველოში არ არსებობს გენეტიკური ბაზა. თუ შენ არ გაქვს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, შენი მონაცემი არ ფიქსირდება არსად. საბედნიეროდ, ამერიკაში არსებობს ასეთი გენეტიკური ბაზა, სადაც უბრალოდ გზავნი შენს ნერწყვს და იქ შენი მონაცემი ინახება 500 წლის განმავლობაში და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ბაზის ნახვა. შენმა ნებისმიერი სახის ნათესავმა მსოფლიო მასშტაბით რომ გაიკეთოს გენეტიკური ტესტი, სულ რომ 30-40 წელი იყოს გასული, ავტომატურად მოდის შეტყობინება, რომ შენმა ნათესავმა გაიკეთა ეს ტესტი, იხატება გენეალოგიური ხე, რომელიც გიჩვენებს, თუ როგორი ტიპის ნათესავია ის შენთვის. ახლა აქ ჩნდება კითხვა, რომ შეიძლება ჩემს შვილს არ ჰქონდეს გაკეთებული ან ჩემს მშობელს არ ჰქონდეს გაკეთებული და ვერ მიპოვოს. დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ რომ გაიკეთებ ამ ტესტს და შენი მონაცემები დაფიქსირდება და როდესაც დაიწყებენ შენს ძებნას, ნახავენ, რომ შენ ხარ მისი მშობელი, შვილი ან ა. შ. ყოველთვის ვთხოვ ხოლმე ადამიანებს, განსაკუთრებით ვინც არის ამერიკაში, გაიკეთეთ ეს გენეტიკური ტესტი, იმიტომ რომ თქვენ რომ გაიკეთებთ ამ ტესტს, შეიძლება ვინმე თქვენი შორეული ნათესავი ან სულაც ძალიან ახლობელი იყოს სამშობიაროდან გაშვილებული, ის ეძებდეს და მოხდეს გარკვეული აღმოჩენა.

_ თუ შეგიძლია გვითხრა მაგალითი, როდესაც ამ ტესტის დახმარებით იპოვეს ერთმანეთი?

_ იყო ასეთი შემთხვევა: ერთი გოგო, რომელიც ოფიციალურად არის გაშვილებული გერმანიაში და მეორე, რომელიც გაშვილებულია ამერიკაში, ერთი კი არის თბილისში, რომელიც არ არის გაშვილებული და იზრდება მშობლებთან. ამერიკაში მყოფმა გაიკეთა ეს ტესტი, რადგანაც აინტერესებდა თავისი წარმომავლობა, მაგრამ არავინ ამოუვიდა ნათესავი. ორი წლის მერე (წელს) გაიკეთა გერმანიაში მცხოვრებმა გოგომ, მაგრამ მან არ იცოდა, რომ გაშვილებული იყო, უბრალოდ მეუღლემ აჩუქა ეს ტესტი, მოდი, გავიკეთოთ ანალიზიო, გაიკეთეს და ამ გოგოს ამოუვიდა თავისი და, რომელიც გაშვილებული იყო ამერიკაში, რაც მისთვის სრული შოკი იყო. როგორც აცხადებს, სულ მქონდა ეჭვიო, მაგრამ ასე დარწმუნებით არაფერი ვიცოდიო. ამის შემდგომ ამერიკაში მყოფმა დამ მოუყვა, თუ ვისგან იყო გაშვილებული, დაუკავშირდენენ თავის ნათესავებს, შემდეგ ჩვენ მოვიძიეთ აქ მცხოვრები, რომელსაც გამოუგზავნეს მათ ეს გენეტიკური ტესტი, გაიკეთა და ასე აღმოაჩინეს დებმა ერთმანეთი.

_ რას იტყვი ამ გადაცემისა და შენი გუნდის როლის შესახებ ამ ყველაფეში?

_ ეს გადაცემა ხომ უბრალოდ გადაცემა არ არის, ეს არის უდიდესი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს მშობლებისა და შვილების მოძიებაში, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ აქვთ ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ წავიდნენ ერთი რეგიონიდან მეორეში, წავიდნენ სამშობიაროში, გამოითხოვონ თავისი საბუთები, გაესაუბრონ ექიმს. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეს გადაცემა, თუმცა ამ დროისთვის, ფინანსური კრიზისის გამო, შეჩერებული ვართ.

მასალის მომზადების პროცესში „ქრონიკა+“-ს თბილისის მეოთხე სამშობიაროდან გაყიდული ნინო ასლამაზიშვილი გამოეხამურა, რომელიც უკვე 15 წელია, თავის ბიოლოგიურ მშობლებსა და ნათესავებს უშედეგოდ ეძებს. ნინო გვიყვება, რომ მისი ბოლო იმედი ახლა გენეტიკური ტესტის მონაცემებია, რომელიც მან მსოფლიო ბაზაში უკვე გადააგზავნა და ყოველი ახალი დღე მისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლის მოლოდინით იწყება. ის ამჟამად ქალაქ თბილისში ცხოვრობს:

„სავარაუდო დაბადების წელი, რაც მიწერია დაბადების მოწმობაში, არის 1993 წლის 22 აპრილი, მაგრამ ეს არის ტყუილი. სავარაუდოდ, ვარ 1994-წლიანი, რადგანაც როდესაც აცრების ბარათი ვიპოვე, ე. წ. ბცჟ-ს პირველი აცრა დათარიღებულია 1994 წლის სექტემბრის თვით. ჩემები მეუბნებიან, რომ მათ არაფერი ახსოვთ, ხოლო გარშემომყოფი ადამიანები სხვადახვა ინფორმაციას მაწვდიდნენ: ზოგი ამბობდა, რომ გაყიდული ვიყავი, ზოგიც ამბობდა, რომ დამტოვეს, ზოგმაც მითხრა, მოპარული ხარო. ამის შემდგომ გავიკეთე გენეტიკური ტესტი, სადაც ამომივიდა 56% კავკასია, 18% სლავი და დანარჩენი კიდევ შერეული გენეალოგია. ვარკვევ ამ ყველაფერს უკვე 15 წელია, თუმცა ძალიან რთულია ეს პროცესი. თავდაპირველი დაბადების მოწმობა არ არსებობს და რომელიც არის, იქ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებად გაფორმებულები არიან ჩემი აღმზრდელი მშობლები. ასეთ წრეზე დავდივარ, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და ვარ კეთილსინდისიერი ადამიანის იმედად, რომელიც გამოჩნდება ოდესმე და მეტყვის, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ. ჯგუფში ერთ-ერთი ცნობილი გაშვილებული გოგონა ვარ და არ არსებობს არცერთი ხერხი, რომელიც არ მიცდია ჩემი ბიოლოგიური მშობლების საძებრად, თუმცა ამ ეტაპზე სიახლე არაფერია. ველოდები, იქნებ, მსოფლიო ბაზაში ერთ დღეს ვინმემ გაიკეთოს ეს ტესტი და მეც ვიპოვო ჩემი ნათესავები ან ბიოლოგიური მშობლები“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს ასლამაზიშვილი.

აღნიშნული ისტორიიდან თუკი ვინმეს გეცნობათ რამე, დაგვიკავშირდით, მცირედი ინფორმაციაც კი შესაძლებელია, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს.

„ქრონიკა+“ გაშვილებული ბავშვების საქმეებს თვალყურს ადევნებს და კონკრეტული შედეგების არსებობის შემთხვევაში ყველა სიახლეს გაცნობებთ.