ფერეიდანში რუსეთზე ერთ სიტყვას ამბობენ და გასაგებად: „რუსეთი ყარს!“

მაკა მოსიაშვილი

ქართველებმა მე-17 საუკუნეს „შავი დრო“ უწოდეს. ამაზეა ნათქვამი:

„შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა, იგივ მხნე, იგივ მღერალი, მებრძოლი შავის ბედისა“.

ვინ არიან ფერეიდნელი ქართველნი?!

ისინი დიდი მოყვარენი არიან თავის მიწისა და ენისა.

მთელი აღმოსავლეთის პოლიტიკა XVII საუკუნეში იმით დაგვირგვინდა, რომ ქართლი და კახეთი სპარსეთმა დაიპყრო, კახელნი სპარსეთში გადაასახლა. ამას მეთაურობას უწევდა შაჰ-აბასი. ბებია აბასისა შალიკაშვილის ქალი ყოფილა. შვილიშვილის გადაწყვეტილება ბებიამ დასწყევლა, როცა ის საქართველოს ასაკლებად წამოვიდა. კახეთიდან აყრილი ქართველები სპარსეთში ზოგი მაზანდარას დაასახლა, ზოგი ხოროსანს, ზოგიც _ ფერეიდანს. მაზანდარასა და ხოროსანში ასეულობით ქართული ოჯახი მძიმე კლიმატის გამო ამოწყდა, ფერეიდანში კი გადარჩნენ. ფერეიდანს ჩრდილოეთით მთა ესაზღვრება კახეთის ცივ გომბორივით, ამ მთას იქაურები ნასკლინტარს ეძახიან,  _ ბევრი ჩიტია და სკლინტავსო. სამხრეთით კი კავკასიონივით ლამაზი დათოვლილი მთაგრეხილია. ამ მთას ისინი შუშპარათი მოიხსენიებენ. ძველ ქართულში შუშპარა მოცეკვავეს ნიშნავდა და ლამაზი და მოცეკვავე მთააო.

ფერეიდანი ირანის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენს. საქართველოდან იგი დაშორებულია ორი ათასი კილომეტრით, თეირანიდან _ 600, ხოლო სპარსეთის ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანიდან _ 80-100 კილომეტრით. სპარსელების გარდა, აქ ცხოვრობენ სომხები, თურქები და ირანული მოდგმის მომთაბარე ტომები: ბახტიარები, ლურები და ქურთები. მათ მეზობლად მთის კალთებზე სახლობენ ქართველები. ქართველებმა უბნები გვარებად დაყვეს და უცხოს დღემდე არ ასახლებენ იქ.

ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 12 000-მდეა. იმ 14 სოფლიდან, რომელშიც ქართველები ცხოვრობენ, ზოგიერთს დღემდე შერჩენია ქართული სახელი: ნინოწმინდა, მარტყოფი, თელავი, რუისპირი, აკურა,  ვაშლოვანი და სხვ. ქართველთა დასახლების ცენტრია ზემო მარტყოფი, სადაც 3000 სულამდე ქართველი ცხოვრობს და ქართულად მეტყველებს. კარგადაა დაცული ქართული ენა.

ფერეიდანში მთავარი საფიცარი დედა ენაა.

ფერეიდნელები ლაპარაკისას ასე ამბობენ: წავიდის-ყე, მოვიდის-ყე და რა გინდა-ყე, _ ეს უფრო ქიზიყური კილოა, თუმცა თუ მათი სოფლების სახლებს გავიგებთ, მივხვდებით რომ ისინი კახეთის ყველა მხრიდან არიან აყრილები და გადასახლებულები.

ასეთი გამოთქმაა ფერეიდანში: თუ ცისარტყელის ქვეშ გაივლი, აუცილებლად საქართველოში მოხვდები.

ალბათ ყველა ქართველი უნდა ჩავიდეს ფერეიდანში, ნახოს 400 წლის წინანდელი საქართველოს სული დღემდე როგორი უკვდავი, მყარი და ამაყია.

სპარსეთში ასეთი ანდაზა არსებობს, _ გურჯი თუ ხიდზე შეგხვდა, ხიდიდან გადახტიო…

ალბათ ეს ანდაზაა ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეინარჩუნეს ამაყად ფერეიდნელმა ქართველებმა ქართველობა.

როცა საქართველოში პრორუსი ჯგუფები აპელირებენ, ქართველობას გვართმევენო, ალბათ, მათ არც უნახავთ, როგორია უცხო ქვეყანაში 3000 კილომეტრის იქით შენარჩუნებული პატარა კახეთი ფერეიდანში.

ჩემი ავტობუსი ფერეიდნის სოფელ მარტყოფის ცენტრში გაჩერდა. ავტობუსიდან ჩასულს პირველი, რაც თვალში მეცა, ერთი მაღაზიის მინაზე მიკრული წარწერა იყო: იყიდება მინდრული თაფლი. მინდრული თაფლი ჩვენთან კახეთში სოფლებშიღა მოიხსენიება, რაც სუფთასა და ნატურალურს ნიშნავს.

გზაზე მიმავლს არავინ მესალმებოდა სპარსულად, იქაც გამარჯობა იციან…

_ ჩვენებურ ხარ? _ მეკითხება მაღაზია „მერცხალის“ გამყიდველი, _ კი, თქვენებური ვარ, ვპასუხობ ამაყად… ბოლოს და ბოლოს, თეირანის ქასანისა და ისპაჰანის შემდეგ ჩემებთან მოვხვდი…

ქართული კერძებზე ვიწყებ საუბარს და უცებ ბებია მახსენდება, როცა მათ პასუხს ვიგებ:

_ შაჭამანს ვჭამთ ჩვუენ კურკისას (ალუბლის ან შინდის). კახეთში დავიწყებას მიცემული ზამთის საკვები აქ ისევ არსებობს.

_ ეზოჩი ვაზიცა მაქ ყე, სახლი რომ მოვთხარე პაპაჩემის ქუევრები ამოვიდა, _ მიყვება ფერეიდნელი დავითაშვილი… 

გზას ვაგრძელებთ და უკვე ბევრნი ვართ ქართველები, თან მოგვყვებიან და გვიყვებიან იქაურ ამბებს. ერთ-ერთი სასაუზმედან გამოგვძახეს, _ ჩეი დავლიოთ… ყველა ერთად შევდივართ და ფერეიდნელი თემო ჩაისთან ერთად სულიკოს სიმღერას იწყებს, ყველა ვმღერივართ, აქაურებიც და იქაურებიც, ვმღერით და თან ვტირით…

თემო ერთხელ არის ნამყოფი საქართველოში, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ამბობს, რომ უკვე ნახა ის, რისი ნახვაც ყველა ფერეიდნელის ოცნებაა…

„საქართველოდან რომ მოვდიოდი, ჩემს მეგობარს ვუთხარი, _ თუ გინდა დღეს მოვკვდე, მე ხომ საქართველო უკვე ვნახე“. რთულია, ასეთ სულისკვეთებას უსმინო და ემოციებს გაუძლო…

ფერეიდანში სამ ქართველს აღმერთებენ: ილია მეორეს, რომელსაც მუსლიმი ქართველები წმინდა ილიას ეძახიან, ენათმეცნიერ ტარიელ ფუტკარაძეს და მიშა სააკაშვილს.

_ მიშა ერთადერთი იყო, ვინც 400 წლის მანძილზე საქართველოდან ჩამოგვაკითხა, _ გვიყვებიან ფერეიდნელები და ჩვენგან იგებენ, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. დავითაშვილები და გუგინაშვილები ერთიანი ხმით გვაბარებენ:

„მიშას უთხარით, მარტო საქართველოსი არ არის მისი სული, ჩვენც გვჭირდება, შეწყვიტე, მიშა, შიშილობა! გახსოვდეს, რომ აქ ჩვენც გელოდებით… რთულია გითხრათ, პრინციპს გადადიო, მაგრამ ერთხელ ჩვენი თხოვნაც უნდა ისმინო. ჩვენი მეცნიერის, ტარიელ ფუტკარაძის სიკვდილი ვერ მოგვინელებია, ჩვენი პატრონი დაგვეკარგა საქართველოდან, მიშა, ჩვენს იმედს ნუ მოკლავ, გამაგრდი!

მამუკა და თემო ფერეიდანში ქართული ანსამბლის მომღერლები არიან:

„ჩონგური გვაქ, სალამურიღა დაგვრჩა 2 ცალი, იქნება და საქართველოდან ვინმემ რამდენიმე ჩამოგვიტანოთ. ნუ მოგვაკვლევინებთ სალამურს ფერეიდანში. აქ ბავშვები იხვეწებიან სწავლას და არ გვაქ მაგდენი… მუსიკისა და ცეკვის მასწავლებელი გვჭირდება ქართველი. იქნება და ვინმე ჩამოვიდეს, სახლსაც მივცემთ, საჭმელსაც, ფულსაც ჩვენ გადავუხდით, ოღონდაც ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა გვასწავლოს.  ჩვენ ქართული დედა ენა შევინახეთ, ახლა საქართველოს დახმარება გვჭირდება, რომ სიმღერა და ცეკვა შევინახოთ, გადავარჩნიოთ“.

ფერეიდანში მდიდარი ქართველები არ არსებობენ, ფერეიდანში 400 წელია, ქართველს ქართველი არ მოუკლავს. ფერეიდანი ის საქართველოა, რომელზეც ჩვენ ზღაპრად ვყვებით.

ფერეიდანში რუსეთზე ერთ სიტყვას ამბობენ და გასაგებად:

„რუსეთი ყარს!“

სამი წლის წინ ამირანი, შაჰანი და ისმაილი ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ. ისინი 32 დღის  განმავლობაში სწორედ იმ გზაზე მოდიოდნენ, სადაც 400 წლის წინათ მათმა წინაპრებმა საქართველოდან გადასახლების დროს გაიარეს. ახლა ფერეიდნის ქართველების მთავარი ოცნება ამ გზის გამოვლა და სამშობლო საქართველოში დაბრუნებაა.