დავით ჭალიძე: „პოლიციელები, რომლებმაც 2011 წელს მცემეს, „ოცნების“ პერიოდში უფრო დაწინაურდნენ“

თამარ ოქრუაშვილი

2011 წელს გორის პოლიციის ინსპეტორ-გამომძიებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და საქმეც აღუძრეს, _ 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. როგორც დავით ჭალიძე „ქრონიკა+“-სთან ამბობს, ყველაფერი კრიმინალების დაკავებას მოყვა. ყოფილი პოლიციელი ასევე ყოფილ მეგობრებსა და კოლეგებს თითქმის ათი წელია, უჩივის, თუმცა საქმის ძიება არათუ დასრულდა, არამედ სამართალდამცველები, რომლებსაც კონკრეტულად ჭალიძე ასახელებს მის საქმეში, ხელისუფლების შეცლის შემდეგ საკუთარ თანამდებობებზე დარჩნენ. მეტიც: ზოგიერთი მათგანი „ოცნების“ პირობებში დაწინაურდა და დღემდე სამართალდამცველ სტრუქტურაში მაღალ თანამდებობას იკავებს.

„2011 წელს დავაკავე კრიმინალები. აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელის ახლობლები იყვნენ. ამის შემდეგ კოლეგები დამიპირისპირდნენ და ცდილობდნენ, პროვოკაციაზე წამოვეგე. სამსახურში ყველა პირობა მექმნებოდა იმისთვის, რომ უწყება დამეტოვებინა. მოგვიანებით, დამაკავეს და გამჩხრიკეს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო. საინტერესო ისაა, რომ საქმეში და დაკითხვის ოქმებში ის პოლიცილები ფიგურირებენ, რომლებიც იმ დროს საერთოდ არ ყოფილან შემთხვევის ადგილზე. მოკლედ, ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს, თითქოს მე მათ ვაგინე და შეურაცხყოფა მივაყენე. დამაკავეს, _ დროებითი მოთავსების იზოლატორში 60 დღე ვიყავი. ადმინისტრაციული პატიმრობა ამ ვადით არავის შეფარდებია“, _ ყვება ჭალიძე „ქრონიკა+“-სთან.

ყოფილმა სამართალდამცველმა იზოლატორის დატოვების შემდეგ სარჩელი შეიტანა. იგი იმ პოლიცილების დასჯას ითხოვდა, რომლებიც მას უსამართლოდ დევნიდნენ და ინციდენტის დროს სცემეს. ჭალიძემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა იმ პერიოდში მისი კოლეგების მფარველებმა, რასაკვირველია, საქმე თაროზე შემოდეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჭალიძეს იმედი გაუჩნდა, რომ სამართალს იპოვიდა. მან ამჯერად საოლქო პროკურატურას მიმართა სარჩელით, ასევე მიმართა სახალხო დამცველის აპარატსაც, რომლის წარმომადგენელმაც ჭალიძის საქმის შესახებ 2020 წელს კიდევ ერთხელ მიმართა პროკურატურას, თუმცა მოვლენები იმაზე უცნაურად განვითარდა, ვიდრე ჭალიძე წარმოიდგენდა _ „სამართლიანობის აღდგენის“ ეგიდით მოსულმა ხელისუფლებამ არათუ პასუხი აგებინა სამართალდამცვებს, არამედ მათ ძიების პროცესში უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს. ჭალიძე მიიჩნევს, რომ მის ყოფილ კოლეგებს უშუალოდ მინისტრი გომელაური მფარველობს. აქ ერთი საინტერესო ფაქტიც არის: ამ პოლიციელთაგან ერთ-ერთს გომელაურმა უმწიკვლო სამსახურისთვის მადლობაც გადაუხადა:

„თუ გომელაურს არ ექნება კეთილი ნება, არავის შეეხებიან, ისინი ისევ საკუთარ თანამდებობებზე რჩებიან. რამდნჯერმე მივმართე პროკურატურას, პასუხი ერთი და იგივე _ „მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა“… თუმცა დანაშაულის ნიშნები სახეზეა. მაქვს ვიდეო მტკიცებულებებიც, თუ როგორ გააყალბეს დაკითხვის ოქმები, როგორ დამესხნენ თავს, სასაცილო ისაა, რომ საქმეში იმ ხალხის ჩვენებებია, რომლებიც ინციდენტის დროს სულ არ იყვნენ იქ.

სახალხო დამცველის მიწერით 2020 წელს ახლიდან დაიწყო გამოძიება. პროკურატურა ამბობს, ვკითხავ ხალხს და ვატარებ მოქმედებებსო. თუნდაც ამ პროცესის დროს უფლებამოსილება მაინც უნდა შეჩერებოდათ მათ“, _ ამბობს ჭალიძე.

საქმეში, დაახლოებით, ათამდე პოლიციელი ფიგურირებს, მათგან ყველა ამჟამადაც სამართალდამცველ უწყებაში მუშაობს, ძირითადი ნაწილი კი მაღალ თანამდებობასაც ინარჩუნებს. ერთ-ერთ მათგანს სხვა საქმეზე მკვლელობის დაფარვაც ედებოდა ბრალად, ამიტომ როგორც ჭალიძე ამბობს, იგი დროებით გაათავისუფლეს, შემდეგ კი კვლავ აღდგა პენიტენციურ დაწესებულებაში წამყვან პოზიციაზე. ჭალიძე იმ პოლიციელების გვარებს ასახელებს, რომლებიც დღესაც განაგრძობენ მუშაობას და მის საქმეში ფიგურირებენ:

„რომელ უფლებამოსილებაზეა საუბარი?! ერთი პოლიციის უფროსია, სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმედ გამოჰყავდათ, პირადი ჩხრეკა არც ჩამიტარეს. არც დაკავების დროს და არც დაკავებამდე მინახავს. მაქვს ვიდეოჩანაწერებიც, ამას გარდა, ქალაქის სამმართველოდან ჰყავდათ ამოყვანილი ჯფუფები და არცერთი მათგანი დაკავების ოქმებში არ ფიგურირებს.

დაკავებაში ვინც მონაწილეობდა და ოქმი შეადგინა _ გიორგი ბაკლარული, საპატრულოში მუშაობს გორში; მამუკა ტერტერაშვილი, რომელიც დეტექტივის თანაშემწე იყო, ამჟამად კრიმინალურ პოლიციაში მუშაობს; ზურაბ ტერტერაშვილი საერთოდ არ მინახავს გარდა იმ მომენტისა, როდესაც სპეცრაზმს გადავყავდი. ის იყო განყოფილების უფროსის მოადგილე და მკვლელობაც დამალა, დროებით გაათავისუფლეს, რადგან სიუჟეტიც გავიდა ამ თემაზე და სამ თვეში პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ- ერთი ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს; ასევე ბექა ბერიანიძე, ისიც გამომძიებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩემს დაკავებაში მონაწილე რომა მამუჩიშვილი, რომელიც ამჟამად ატენის პოლიციის უფროსია. როცა დაკავებული ვიყავი, წიხლი ჩამარტყა. დავასახელებ ასევე აჩიკო ახალკაცს, რომელიც ამათ დროს იყო დაწინაურებული; ასევე ზურაბ გვარამაძეს, რომელსაც გომელაურმა მადლობა გადაუხადა უმწიკვლო სამსახურისთვის; ასევე მაშინდელი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა იმ დანაშაულში. ის დააწინაურეს. რუსთავის ციხის უფროსი იყო“, _ აცხადებს ჭალიძე.

რაც შეეხება პროკურატურას, პროცესის გაჭიანურების შემდეგ ჭალიძეს აცნობეს, რომ საქმეს შეეხო ხანდაზმულობა.

დავით ჭალიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა.

იურისტი ალექსანდრე მერებაშვილი ქრონოლოგიურდ ყვება „ქრონიკა+“-სთან მომხდარის დეტალებს, უფლებადამცველის თქმით, ჭალიძეს „ოცნების“ გვერდით დადგომის სანაცვლოდ სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდნენ, თუმცა ესეც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა:

„2001 წლის გაზაფხულზე დააკავეს რამდენიმე კრიმინალი, რომლებიც აღმოჩნდნენ მაშინდელ სამართალდამცველებთან დაახლოებული პირები. დავით ჭალიძე ამბობს, რომ წლების მანძილზე გადაეკიდნენ, ერთ-ერთ რესტორანში სცემეს, მისი საქმე კი ამ ეტაპზე ხანდაზმულობის გამო შეწყვიტეს. ეუბნებოდნენ, რომ „ოცნებას“ დასდგომოდა გვერდით და მის საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, მაგრამ ცხადია, როგორც მთელ რიგ შემთხვევებში, ეს ასე არ მომხდარა“, _ განაცხადა ლექსო მერებაშვილმა.

ყოფილი პოლიციელი სხვადასხვა ინსტანციაში დღემდე განაგრძობს სიარულს და სიმართლის დადგენას ცდილობს. ის ასევე ითხოვს უწყებაში დაბრუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ, რომელიც წინა ხელისუფლებას პოლიციური რეჟიმის გამო ხშრად აკრიტიკებს, სწორედ იმ პოლიციელების მხრებზე დგას, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში კრიმინალებადაც კი მოიხსენიებს.

„ქართული ოცნების“ სამართალს, გარდა ჭალიძისა, იმ პერიოდში დაზარალებული ბევრი ყოფილი სამართალდამცველი ელოდება.

ოკუპაცია

დავით ქაცარავა: „ქართველი მებრძოლის სიცოცხლე საფრთხეშია! მამუკა ჩხიკვაძე რუსებმა შავ სიაში შეიყვანეს“

ოკუპანტების ციხეში მყოფი ქართველები და ახალი საფრთხე, _ რას გეგმავენ რუსები?!

ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიის ციხეში რჩება ყოფილი ძალოვანი,  მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ ზემო ნიქოზიდან, 10 დეკემბერს გაიტაცეს. არ ვრცელდება არანაირი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მამუკა ჩხიკვაძე რუსებმა შავ სიაში შეიყვანეს და მის მსგავსს ადამიანებზე ოს სეპარატისტებს, პირდაპირი გაგებით, ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა „ქრონიკა+“-სთან ვრცლად საუბრობს იმ საფრთხეზე, რაც შეიძლება მოხდეს ჩხიკვაძის შემთხვევაში. ქაცარავა არჩილ ტატუნაშვილის მძიმე მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ჩხიკვაძე სასტიკადაა ნაცემი. მის არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ მიუხედავად მოწოდებისა, სეპარატისტები არ ავრცელებენ ვიდეოჩანაწერს, სადაც ვიზუალურად გამოჩნდება ცოცხალი და ჯანმრთელი ჩხიკვაძე:

„მამუკა ჩხიკვაძე არის ყოფილი სამხედრო. მისნაირი ადამიანები ოკუპანტებისთვის განსაკუთრებული ინტერესის სამიზნეები არიან. ის რუსულმა რეჟიმმა შავ სიაში შეიყვანა. ჩვენ ვცდილობდით, ჩვენი არხებით მოგვეპოვებინა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. სანდო წყარომ მოგვცა ინფორმაცია, რომ ის არის ნაცემი. ეს თუ ასე არაა, რეჟიმმა გააკეთოს ვიდეოჩანაწერი და გვაჩვენოს. თავის დროზე, მაია ოთინაშვილის შემთხვევაში, ასე გაკეთდა. ახლა არ გვაძლევენ ჩანაწერს და უფრო გვიღრმავდება რწმენა იმისა, რომ მამუკა ჩხიკვაძე არის სასტიკად ნაცემი. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ ყველა საინფორმაციო არხი გადაკეტილია და ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ამის შესახებ ხელისუფლებასაც კი არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია. სიტუაცია არის ძალიან მძიმე და რთული. ეს არ არის ტიპური გატაცება, ეს არის ყოფილი ჯარისკაცი. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება არჩილ ტატუნაშვილის სახით, რომელიც ბოლოს საკონტროლო გასროლით მოკლეს და ძალიან შეშინებულები ვართ, რომ ეს ბედი არ გაიზიაროს მამუკა ჩხიკვაძემაც“, _ ამბობს ქაცარავა „ქრონიკა+“-სთან.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ აღნიშნულ საკითხზე ევროსასამართლოს მიმართავს, რათა დაუყოვნებლივ მიიღონ საქმე წარმოებაში:

„ჩვენ გავამზადეთ სარჩელი სტრასბურგისთვის. ეს მუხლი იმსახურებს მყისიერ განხილვას. მიიღებენ წარმოებაში და დადებენ დასკვნას. ჩვენ გვექნება ბრძოლის დამატებითი ბერკეტი. ზუსტად სტრასბურგის სასამართლომ გამოტანა განჩინება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, პასუხისმგებელია რუსეთი. ჩვენ პრეტენზიები რუსეთს უნდა წავუყენოთ და არა _ მარიონეტებს. ამის უამრავი ბერკეტი არსებობს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ჩუმად არის. მათ რაც გააკეთეს, მივიდნენ ოჯახთან და სთხოვეს, ორი დღე დაგვაცადეთ და აქციები არ მოაწყოთო. მათთვის მთავარია, რუსეთი არ გაღიზიანდეს“, _ ამბობს ქაცარავა.

ანალოგიური მდგომარეობაა აფხაზეთის ციხეში მყოფი ირაკლი ბებუას მისამართით, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან „მძიმე შედეგები“ და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის.

სასამართლომ, რომელსაც დენის აშუბა თავმჯდომარეობდა, დამნაშავედ ცნო ბებუა და ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობის შესაბამისად გამოიტანა განაჩენი, რომელსაც, როგორც ბებუას ადვოკატმა, აპოლონ გადელიამ განაცხადა, არ გაასაჩივრებენ. თვითონ ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ორ ბრალდებაში, საბრძოლო მასალის შენახვა კი მას არ უღიარებია. ქაცარავას ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი მის ოჯახს აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„ირაკლი ბებუას საქმეზეც არანაირი პროგრესი არ გვაქვს. უნდა გააქტიურდეს მისი ოჯახიც. ხელისუფლება ამ საქმეებიდან ახერხებს აქცენტების გადატანას სხვა საკითხებზე. მისი ჯანმრთელობა არ არის დამაკმაყოფილებელი და ჩვენ მუდამ საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ მანაც არ გაიზიაროს გენადი ბესტაევის ბედი“, _ ამბობს ქაცარავა.

რაც შეეხება გენადი ბესტაევს, იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მისი მკურნლობის ხარჯების ძიება „ანტისაოკუპაციო მოძრაობას“ უწევს, რადგან გორის გამგეობამ მის დაფინანსებაზე უარი განაცხადა, სახელმწიფო დაზღვევა კი ამოწურულია.

გენადი ბესტაევი 16 ნოემბერს გადმოიყვანეს ცხინვალიდან თბილისში. იგი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში დააწვინეს პატიმრობაში ინსულტის მიღებისა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნის შემდეგ. ბესტაევი ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.

იგი საოკუპაციო ძალებმა საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბესტაევი 53 წლისაა და დაკავებამდე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა.

ქართველ უფლებადამცველთა ნაწილის განცხადებით, ბესტაევის შემთხვევაში, სახელმწიფომ სათანადოდ ვერ შეძლო მისი უფლებების დაცვა.

„ბესტაევს სახელმწიფო დაზღვევა ამოეწურა, გუშინ მე და ვაჟა გაფრინდაშვილმა შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში თანხის მთხოვნით განცხადება, რადგან გორმა უარი თქვა. მედი გვაქვს, რომ ჯანდაცვა დააფინანსებს. ხელისუფლების მხრიდან არავინ დაინტერესებულა გენადი ბესტაევის ბედით, ფაქტობრივად, არავის შეუმჩნევია ეს ადამიანი. მომაკვდავი რომ გადმოგვიგდეს აქეთ, მხოლოდ მაგ დღეს გაახსენდათ, მას შემდეგ არავის მოუკითხავს“, _ ამბობს ქაცარავა.

გატაცებების ფონზე კი ქართული პოლიცია კონფლიქტისპირა რეგიონებში თითქმის არ პატრულირებს, თუ მოხდა გამონაკლისი შემთხვევა და გააქტიურდნენ, ისევ საკუთარი მოსახლეობის მისამართით. ადგილობრივები საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ უსაფრთხოების დაცვას, კონფლიქტისპირა რეგიონებში კი ქართული საგუშაგოებიც არ არსებობს:

„სამწუხაროდ, კონფლიქტისპირა სოფლებში დაცულობის შეგრძნება ნულოვანია, ზოგადი სიტუაცია არის ისეთი, რომ ამ ადამიანებს არანაირი განცდა არ აქვთ დაცულობის. იმ ოთხი რეგიონიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, მხოლოდ ერთ რეგიონში დგას პოლიცია და ისიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პოლიცია გადააქციეს სოფლებში შემავალი მოქალაქეების მაკონტროლებელ ორგანოდ. მათი პატრულირება, ამას თუ შეიძლება პატრულირება დაერქვას, არის არადამაკმაყოფილებელი. დანარჩენ სამ რაიონზე ფიზიკურად არ დგანან, თუ არ ჩავთვლით პერევის პოსტს. რაც შეეხება ზემო იმერეთის დანარჩენ ლოკაციებს, იქ ვერცერთ პოლიციელს ვერ ნახავთ, რაჭაში კი სრული კატასტროფაა _ უზარმაზარი შიშის ზონებია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ შედის, ასევე მცხეთა-მთიანეთში, სადაც მხოლოდ ახალგორის გამშვებ პუნქტთან არის პოლიცია. სიტუაცია კატასტროფულია, მოსახლეობა დაშინებულია, გატაცებები არ წყდება. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებების პროექტს, რომელიც ბორდერიზაციის პროცესსაც გააკონტროლებდა, მაგრამ ამაზე არის მტკიცე უარი, რადგან ხელისუფლება ოკუპანტებს კომფორტის ზონას უნარჩუნებს. ცოტა ხნის წინ ჩვენ ჭურვიც აღმოვაჩინეთ სამეგრელოს მიმართულებით. ამის შესახებ ძალოვან სტრუქტურებს შევატყობინეთ, მაგრამ ხალხი მაინც უყურადღებოდაა დარჩენილი“, _ ამბობს ქაცარავა.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი ოკუპანტის ახალ გეგმაზე საუბრობს, მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი ტერიტორიების მითვისება. ქაცარავამ მედიისთვის გასულ კვირას ვიდეო მტკიცებულებებიც წარადგინა, მანამდე კი ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ისთვის აღნიშნა: „საოკუპაციო რეჟიმს აქვს ახალი გეგმა, ოკუპანტები გეგმავენ ჩვენი ტერიტორიის 200 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას, ეს ტერიტორია არცერთი ლოგიკით არ შეიძლება განიხილებოდეს 2008 წლის ომის შედეგად წაღებულ ტერიტორიად, ეს არის ეფემერული დეკრეტი, რომლის რუკაც კი არ არსებობდა და ახლა შექმნეს ოკუპანტებმა. სწორედ ამის მიხედვით გეგმავენ უზარმაზარი დამატებითი ტერიტორიის წაღებას რაჭით დაწყებული, თუსოს ხეობით დამთავრებული. იმ რუკის დიდი ნაწილი გვაქვს მოპოვებული, რომელიც ოკუპანტებს აქვთ. ამის განხორციელება გარკვეულ მონაკვეთებზე დაწყებულია. მე ადრე აღვნიშნე ჩორჩანის ტერიტორიაზე, მაგრამ ამას ყურადღება არც ხელისუფლებამ მიაქცია არც მედიამ. ჩვენ გვაქვს ვიდეო მტკიცებულებები“, _ აღნიშნა ქაცარავამ.

მდგომარეობა კონფლიქტისპირა რეგიონებში უმძიმესია. ქვეყანა ახალი საფრთხეების წინაშე დგას. მოსახლეობა დაუცველია, პოლიცია უმოქმედო და პოლარიზებული, გატაცებულ ქართველებს კი ოკუპირებული ტერიტორიების ციხეებში საფრთხე ემუქრებათ. ხელისუფლება დუმს და, როგორც ჩანს, მოძველებულ მეთოდს ეფექტიანად იყენებს: … „დათვს ბაბაია დაუძახე“.

პოლიტიკა

ზურაბ ნადირაძე: „სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ მოვლენებს უკეთესობისკენ შეცვლის“

„100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ პროცესი ისევ პოლარიზდება“

ოპოზიციური პარტიების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს „შერიგების“ პროცესს, ამის მოტივად კი ხშირად მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური ფასი სახელდება. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე, მიიჩნევს, რომ ორივე მხარე უნდა აფასებდეს საკუთარი კომპრომისების რისკებს მოცემულ სიტუაციაში: „რიგი პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ინდივიდუალურად თავად პოლიტიკოსებიც „შერიგების პროცესს“ გაურკვეველი მიზეზების გამო ძალიან რთულად, ხშირად ფილოსოფიურადაც კი ხატავენ. არადა, საქმე მარტივადაა, შერიგების ძირითადი დედააზრი და ხალხის დაკვეთა, ისევე როგორც უცხოელი პარტნიორების _ სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი სასამართლოა. ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები და არ გვექნება სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლო, რასაც ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება, არანაირ შერიგებას, გაღიმებასა და მრგვალ, ოვალურ თუ ოთხკუთხედ მაგიდასთან არაფრისმომცემი დებატებით დროის დაკარგვას აზრი არ აქვს. ორივე მხარემ ჯეროვნად უნდა გააანალიზოს, რაზეა წამომსვლელი ოპონენტი. მე პირადად მეეჭვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი არჩევნების ჩატარების ან სასამართლოს რაიმე სახით საერთაშორისო სტანდარტებით რეფორმირების ნება იქნეს გამოხატული“, _ ამბობს ნადირაძე „ქრონიკა+“-სთან. ნადირაძე წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ ქვეყანას „პოლიტიკური გადატვირთვა“ სჭირდება: „ისიც უნდა ითქვას, რომ სიტყვა „შერიგება“ ქვეყნის გამო გადადგმულ კომპრომისსა და ქმედებას (ქმედებებს) ნიშნავს, რითაც მაინცდამაინც არც წინა ხელისუფლება და დღევანდელი მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩეოდა. პოლიტიკური შეურიგებლობის მაგალითები მრავლად გვაქვს, რა შეცდომაც 2007-2012 წლებში წინა ხელისუფლებამაც დაუშვა, რაც ოპონენტების იგივე პოლიტიკური დევნით და პოლიტიკური ფიგურების ქვეყნიდან იძულებით გადახვეწით გამოიხატა. ამან კი ქვეყანაში 2012 წლიდან ისევ ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელება გამოიწვია და დღეს ისევ თავად ლამობენ იმ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანას, რაც ადრე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არ გააკეთეს და იმ არაცივილიზებულ პროცესებს დაუდეს სათავე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გაორმაგებული ენერგიით იყენებს. ორი აზრი არაა, რომ მომავალი სასიკეთო განვითარებისთვის ქვეყანას პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდება, მაგრამ ვისი ჩართულობით უნდა მოხდეს ეს, რა პირობებით ან რამდენად წარმომადგენლობითი იქნება პროცესი და ა. შ.? _ ესაა საკითხავი. ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკასა და ულტიმატუმებს თუ გავითვალისწინებთ, მეეჭვება, მხარეებმა რაიმე შემრიგებლური კომპრომისი გამონახონ, დრო კი საკმაოდ ცოტაა, ხალხი გაუსაძლისად გაჭირვებულია და ცვლილებების მოლოდინში, ამასობაში, 2024-ის არჩევნებიც კარზე მოგვიკაკუნებს, სადაც თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ პროცესი ისევ პოლარიზდება“, _ ამბობს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი და აქვე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არაა ის ფიგურა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს უკეთესობისკენ შეცვლის. მისი აზრით, მოქმედ პრეზიდენტს საამისოდ არც წონა ეყოფა და არც პოლიტიკური ნება: „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ინსტიტუციურად შეუძლია, ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული დაპირისპირება ნაწილობრივ მაინც მოაგვაროს და სამართლებრივ პროცესებს დაუდოს სათავე, ვფიქრობ, ისეთ პოლიტიკურად არაწონად და პრეზიდენტობის 3 წლის განმავლობაში ყველა აქტუალური პროცესიდან დაშორებულ ფიგურას, როგორიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესის წარმართვისთვის არც ძალა შესწევს და არც შესაბამისი ნება ექნება. იგი ვერ იმოქმედებს პრეზიდენტად მისი მომყვანი „ქართული ოცნებისა“ და არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად“, _ განაცხადა ნადირაძემ. ცნობისთვის: 16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შერიგების ფორმატში ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რომლებიც ამ ეტაპზე აქტიურ პროცესებში ჩართულები არ არიან. შერიგებას რაც შეეხება, ორი რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა ისევ საკუთარ პოზიციაზე რჩება. რა დათმობებზე წავლენ მხარეები, პროგნოზების გაკეთება, ჯერჯერობით, რთულია.