გიორგი ჩალაძე: „პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება განაჩენს _ მოკლავენ თუ გადარჩენის საშუალებას მისცემენ?“

ნენე ინჯგია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართული პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ცნობილი გახდა გასულ კვირას მისი ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისგან. ისინი სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ „მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება“. მისივე თქმით, ოღონდ მისი განთავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს, რომ „ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად განთავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი“.

რეალურად, რა გააკეთა ნიკა მელიამ პარტიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად? რაზე მიუთითებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შერბილებული პოზიციები? რა არის მესამე პრეზიდენტის მთავარი გზავნილი დღეს?

„ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ჩალაძეს ესაუბრა:

_ ბატონო გიორგი, ფიქრობთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა?
_ პირველ რიგში, რომ განვსაზღვროთ, რამდენი გააკეთა პარტიამ, უნდა ვიცოდეთ, რისი საშუალება აქვს მას. ჯამურად კი 100 ქულაა. ეს ქულა პარტიის შემთხვევაში რა არის, კაცმა არ იცის, _ ამდენი წლის განმავლობაში პარტია არის წაგებული, დაპირება ბევრია, რომ დავიცავთ ხმებს, რომ ამჟამად არ მივცემთ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს, გაიმარჯვოს ჩვენზე. ჩვენს მომხრეებს უწევთ საკუთარი თავის, ოჯახის გაწირვა იმისთვის, რომ დაძახებულ აქციებზე ჩამოვიდნენ და შემდეგ მშივრები ბრუნდებიან რეგიონებში, ელემენტარული გეგმის გარეშე და მეორე დღეს სასეირნოდაც არავის დაუპატიჟებია, ამიტომ პარტიის მიმართ კმაყოფილებაზე, რა თქმა უნდა, პირადი პოზიცია მაქვს: მგონია, მან საერთოდ არ გააკეთა არაფერი, მაგრამ ეს განსაზღვრება მომდის იქიდან, რომ მე პარტია მახსოვს და ვიცი, როგორი იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გახლდათ ხელისუფლებაში; მახსოვს, როგორი ქმედითი იყო და დღეს ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურები იყვნენ, როგორი შეცვლილები არიან. ძალიან ბევრი კუთხეა დამრგვალებული და დარბილებული პოზიციებით საუბრობენ, რაც ცუდია. პარტია დგას გულმხურვალე, ენთუზიასტ ამომრჩევლებზე და არა სიის მოყვარულებსა და ხელფასის მომთხოვნებზე. ენთუზიასტი მხარდამჭერები დგანან და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თავს სწირავენ. მათ კისერზე გადის ეს ყველაფერი. ერთ-ერთ ეთერში ვთქვი კიდეც, რომ პარტია არ არის სათავო ოფისი, პარტია არ არის სიები და პარტია არ არის ადამიანები, პარტია არის ღირებულებების თანხვედრა. მენეჯმენტმა „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა, რომ სათავისო სურათი დაეხატა და ხშირ შემთხვევაში ამას ექოს ეფექტი აქვს, „ქართული ოცნების“ ნარატივები ექოსავით გაისმის. უცნაური, საზიანო და მოღალატეობრივია, როდესაც ამომრჩეველს ესაუბრები იმ ენით და ტერმინოლოგიით, რომლითაც „ქართული ოცნება“ აპელირებს. ექოს პრინციპი მოქმედებს ზუსტად, როდესაც „ქართული ოცნება“ და საქართველოში რუსეთის სხვა ნაწილაკები „ნაციონალურ მოძრაობას“ „ამკობენ“ და ეს ხმა აისახება, სამწუხაროდ, ენემეს შიგნითაც.
_ რით აიხსნება ეს მოცემულობა, როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისმის „ქართული ოცნებისა“ და საქართველოში რუსეთის სხვა ნაწილაკების ექო?
_ არ ვიცი, ამის შესაფასებლად, ალბათ, მუშაობა გვჭირდება, მაგრამ თავს ვიკავებ ბევრი რამისგან პრეზიდენტისთვის (სააკაშვილი) მიცემული პირობის გამო. წყალს წაუღია ყველანაირი პარტია და წყალს წაუღია ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი (ეს არ არის მხოლოდ მიშაზე) სხვა რამეა და ღირსებაზე მეტი ფასი სხვა რამეს აქვს. ყველა ადამიანი შეუძლია წყალმა წაიღოს, წყალმა წაიღოს ყველაფერი, როცა ჩვენ ვკარგავთ ადამიანობას! ამ შემთხვევაში ზუსტად ეს არის. ჯერ მინდა, რომ გადარჩეს პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩემთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში დღეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, მისი ნაკლები დაზარალებით და ნაკლები ზიანით აქედან გაყვანა. შემდეგ ყველას მოევლება ალბათ. ეს იცით, რისი ბრალია? _ ფულის და იმის, რომ შუბლზე იარლიყმიკრულები დადიან და იყიდებიან! ეს ხდება ყველგან, სამწუხაროდ. პლუს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიდერის ტიპსაც. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ცნობილი უშიშარი, გამბედავი გადაწყვეტილებებით, აქტიური მოქმედებებით, გამოწვევებზე ადეკვატური და დროული რეაგირებით, მათ შორის, არაპოპულარული გადაწყვეტილებებით, რომლებიც ქვეყნისთვის საჭირო იყო, ლიდერის ტიპაჟით, რომელიც სახალხო ლიდერი იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკე თავები არ ჰყოლია, ქარიზმატული ლიდერები ჰყავდა, ვისაც ხალხი მიჰყვებოდა. რომ იტყოდა „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთო და საჭირო იყო 100-200 ათასი ადამიანის გამოყვანა, სანამ არ გაკეთდებოდა საქმე, მანამ ეს ადამიანები იბრძოდნენ. ის ხალხი ხომ არ შეცვლილა, ვინც მხარს გვიჭერდა? შეიცვალა ე. წ. ხელმძღვანელობა, ჩვენი მხარდამჭერები არ შეცვლილან, შეიცვალა ქცევა და რატომ შეიცვალა ქცევა, ეს უკვე ორჯერ ორი ოთხია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია იყო. გარდა ამისა, ახსენეთ, რომ შექმნილი მოცემულობა ფულის ბრალია. ფიქრობთ თუ არა, რომ სწორედ პარტიის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ღირებულებები ფულმა ჩაანაცვლა და ამით მივიღეთ „ქართული ოცნების“ ტიპის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ღირებულებებისგან დაცლილია და რომლის საყრდენიც ფულია?
_ არ ვფიქრობ. კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც გამომრჩა „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას, ეს არის განათლება. „ქართული ოცნება“ შურით კვდებოდა. ეს არ არის კარგი, როცა შენი შურთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო კაშკაშა ვარსკვლავი თავისი განათლებული ჯგუფით, _ საოცნებო ჯგუფი ჰყავდა, ჩვენ ვიზიდავდით და ვასხივებდით ცოდნასა და განათლოებას და ჩვენ ვიზიდავდით მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტდამთავრებულ ადამიანებს. ჩვენ ასეთი ხალხი გვყავდა. ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო ცოდნა, განათლება, საერთაშორისო ურთიეთობები და დღეს, სამწუხაროდ, ამ სავიზიტო ბარათით ვეღარ ვსარგებლობთ, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მგონია თუ არა, რომ ღირებულებები გაყიდეს ფულზე? _ არ მგონია. უფრო პოპულიზმთან ვაქვს საქმე და არა ღირებულებების გაყიდვასთან. ზემოთაც ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სათავო ოფისი, არც სიები, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასეთი ადამიანი _ მევლუდ აბელიანი, რომელიც ჩიტების სახლებს ყიდის. როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა, ეს ადამიანი თავის საქმეს ტოვებდა და ჩამოდიოდა ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რუსთაველზე იდგა, სანამ არ მივიღებდით შედეგს. ასეთ ადამიანებს უწოდო სხვა რამე, გარდა სამადლობელი სიტყვისა, არის ძალიან დიდი უსინდისობა. ეს უსინდისობა უნდა ითქვას, ვინც ჩაიდინა და რატომაც ჩაიდინა. როცა კომპლექსი გაქვს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ვერაღების, ეს სხვას არ უნდა დააბრალო. ეს ეხება დღევანდელი გადაწყვეტილებების მიმღებებს.
_ ეს, პირველ რიგში, ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას?
_ მე შეიძლება ვინმეზე ვიფიქრე, რომ რუხი კარდინალია. სახელისა და გვარის თქმა არ მერიდება, უბრალოდ მერე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ყველაფრის კადრება შეუძლია ადამიანს. ვნახეთ კიდეც, ჩვენს ქვეყანაში ვინ რას კადრულობს. ცუდია, როცა ყველა პარტია გამოვლილი ადამიანები დგანან შენ გვერდით. ეს არ ნიშნავს, რომ მათ შენთან საერთო ღირებულება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ მათი პოზიცია პირად ინტერესზეა დაფუძნებული და არა _ ღირებულებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ყოველთვის იყო ორიენტირებული ქვეყნის ინტერესზე, ღირებულებებზე და სახელმწიფოს განვითარებისთვის მებრძოლი ადამიანების ერთობა გახლდათ. სამწუხაროდ, ეს დღეს ასე აღარ არის. ვისმენთ ბევრ ლაპარაკს და არ ჩანს საქმე. ჩვენი ლოზუნგი იყო საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ეს ლოზუნგი, სამწუხაროდ, ლოზუნგად დარჩა.
_ მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა გააჟღერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან გასვლას გეგმავდა, ამას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პარტიის შიგნით. მაგალითად, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას გზავნილი იყო, რომ ჯერ ოლიგარქიული მმართველობა უნდა დავამთავროთ, შემდეგ მივაქციოთ ყურადღება პოლიტპატიმრებსო. მისი გზავნილების ქვეტექსტი იყო თუ არა ის, რომ პარტიისთვის პრიორიტეტული მიხეილ სააკაშვილის საკითხი აღარ არის?
_ ჩემთვის სიტყვებს ფასი აღარ აქვს. არც მომისმენია და პირველად მესმის თქვენგან. არ ვუყურებ საერთოდ და მასზე არ ვხარჯავ დროს, ჩემს ინტერესს მიღმაა. აბსოლუტურად ინდიფერენტული ვარ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის, როდის იტყვის და სად იტყვის. მისი სიტყვის შემფასებლად არ გამოვდგები, იმიტომ, რომ უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ. მელია ნიცშე არ არის, რომ მასზე ვილაპარაკო ან მასზე ვიფიქრო, არ მაინტერესებს. თუმცა მე დავინახე ერთი რამ: ჯერ გაიძახოდნენ, მიშა სააკაშვილი მოშორდეს, მოშორდესო! უნისონში საუბრობდნენ ქართულ პოლიტელიტაში და როგორც კი განცხადება გაკეთდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას და იქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ დაპირისპირებულია ვინმესთან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაშინვე აღმოჩნდა, რომ თურმე პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან დიდი ფაქტორია და რომლის ჩამოშორებითაც დაიკარგება მხარდამჭერები და პოზიციები, რაც გადაითარგმნება შემდგომ მოგებულ არჩევნებში ან სიებში, ყოველ შემთვევაში, სიებში მაინც, რაც შემოსავალსა და ფულს უდრის. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები _ პრეზიდენტ სააკაშვილთან არ გამოდის. პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო ძლიერი ფიგურა და მან მიიღო გადაწყვეტილება. ამ წუთს ყველაზე მთავარი არის მისი ჯანმრთელობა და სხვა დანარჩენზე არ უნდა ილაპარაკონ. ეს არის სირცხვილი, როცა ვირეშმაკულად ჯერ ეუბნები, რომ გაქრი და ნუ ჩაერევიო, შემდეგ კი ამბობ, რომ მის გარეშე ნულები ვართ, თუ რაღაც მსგავსი. მგონი, დროა, რომ ყველამ აჩვენოს, ვინ არის 0, ვინ არის 1 და ვინ არის 3. კარგია, როცა რეალობაში რაღაც ფაქტებზე ხდება სახელების დარქმევა, მათ შორის, რაოდენობითი მხარდამჭერების განსაზღვრა. კონკრეტიკა ძალიან კარგია. პოლიტიკას უყვარს მკაფიო გზავნილები, პოზიციები და უყვარს ხალხი, ვისაც აქვს განათლება, ინტელექტი და ვისაც აქვს ის ღირებულება, რაც ქვეყანას დასავლურ თემებში დააბრუნებს. სამწუხაროდ, დღეს ეს ასე არ არის, ძალიან ძლიერია ჩრდილოეთისა და ჩრდილოვანი მმართველობა. პრეზიდენტი სააკაშვილი რომ ამბობს, ქართული პოლიტიკით არ ვინტერესდებიო, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, წავედი პოლიტიკიდანო. ბიძინა ივანიშვილის განცხადება წავედი პოლიტიკიდან _ არის ვირეშმაკობა და პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, წავედი პოლიტიკიდან, არის სიტყვა, რომელიც ემსახურება საქმეს. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ევროკომისის 12 რეკომენდაციის შესრულება პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო.
_ უკვე წლებია, მიშა და ბიძინა ქართულ პოლიტიკაში ფაქტორები არიან. თქვენ ახსენეთ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, _ მიუხედავად იმისა, რომ მან წასვლის შესახებ განაცხადა, ის დღემდე რჩება ქართული პოლიტიკის ფაქტორად. გვექნება თუ არა იგივე მოცემულობა მიხეილ სააკაშვილის მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას პერსონალურად ჰყავს ასი ათასობით მხარდამჭერი, შესაბამისად, ეს ხომ არ განაპირობებს იმას, რომ ის მაინც იყოს ქართული პოლიტიკის ფაქტორად?
_ დიდი ხანია, რაც მიხეილ სააკაშვილი ქართულ, აქტიურ პოლიტიკას არ აკეთებს. ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში საერთაშორისო პოლიტიკას აშენებდა. საქართველოში რამე თანამდებობა რომ სდომოდა ან კონკრეტულად ფიზიკურად ჩართულობა, ამის საშუალებები ყოველთვის იყო და არის, მაგრამ მას ამის სურვილი არც აქვს და თან არც საშუალება აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. უნდა მივხვდეთ, რომ ეგოიზმის დრო დამთავრდა. მან შექმნა ქვეყანა, პარტია, განვითარების რელსებზე დააყენა საქართველო, ახალ თაობას მისცა წარმოჩენის საშუალება. დღევანდელი ოპოზიციური პარტიების ლიდერები საიდან მოდიან?! _ არავინ არავის ამადლის ამას. ამიტომ საქმე უნდა გაგრძელდეს. პრეზიდენტმა გააკეთა თავისი საქმე. რა თქმა უნდა, ის მუდმივად, მის სიცოცხლეშიც და შემდეგაც, დარჩება ძალიან დიდ ფაქტორად. ამ ფაქტორის შიში აქვს არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ რუსებსაც ეშინიათ. მათ იციან, რომ სააკაშვილი ძალიან მძიმეწონიანი ფაქტორი იქნება ყოველთვის. ეს არის ადამიანი, რომელიც ამბობს და აკეთებს. მან რა განცხადებაც , ეს არის აქტუალური და დანარჩენი არ აინტერესებს. ჩემი აზრით, არც ილაპარაკებს მეტს იმიტომ, რომ არ სჭირდება სააკაშვილს რამდენჯერმე ერთი და იგივეს გამეორება. , ჩამოვალო და ჩამოვიდა, თქვა, რომ წავალო და წავიდა. 2007 წელს, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გადადგა და არჩევნები როგორ მოიგო, რამხელა სხვაობით, ესეც გვახსოვს. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ხალხის კაცი, რომელსაც მთელი გულით და სულით, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად, ქვეყანა უყვარს და ეს არაერთხელ დაამტკიცა.
_ თქვენ მასთან აქტიური კომუნიკაცია გაქვთ. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ თქვენი თქმით, პარტიამ მისთვის არაფერი გააკეთა და ობიექტური რეალობაც ასეთია, რომ სათანადოდ არ იბრძოლა მისმა შექმნილმა პარტიამ, არის თუ არა იმედგაცრუებული საკუთარი პარტიით?
_ პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან გონიერი კაცია და არ აქვს მოლოდინები, რომელიც არაფერს ეფუძნება. ის არ არის ემოციებით მართული ადამიანი, ის არის საღად მოაზროვნე და ზუსტად იცოდა და იცის, რას უნდა ელოდოს ადამიანებისგან, მათ შორის, ზუსტად იცოდა, რომ ჩამოვიდოდა და დაიჭერდნენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმედგაცრუება მოდის მაშინ, როცა მოლოდინი რეალობას ასცდება. მისი მოლოდინები და მისი რეალობა ერთმანეთს ემთხვევა. მიშა არ არის მორცხვი ადამიანი, მიშა ყოველთვის პირდაპირ ამბობდა სათქმელს, მტკივნეულსაც და მოსაფერებელსაც. ზუსტად იმას იტყვის პირველივე საშუალებაზე, რასაც ფიქრობს და მე რომ რამე ვთქვა, შეიძლება ამით ხელი შევუშალო ან დამატებით შევუქმნა მოლოდინი, რომ სხვანაირად არის. ჩემი შეხედულებით, ის არ არის იმედგაცრუებული იმიტომ, რომ იცის, ვისთან აქვს საქმე და იცის, რას უნდა ელოდოს, ზუსტად ამიტომ არ არის იმედგაცრუებული.
_ საუბრის განმავლობაში არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ?
_ ჯანმრთელობის იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს, რომ „ქართული ოცნების“ სასამართლოც კი თვალს ვერ დახუჭავს. უბრალოდ, უნდა დაიწეროს დასკვნა, რაც შეიძლება მალე, არ უნდა გაიწელოს დასკვნის დაწერის ეტაპი, ხელისუფლების მხრიდან დროულად უნდა გაიცეს ლიცენზია და, შესაბამისად, დროულად უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი ექსპერტები. საჯაროობა არის ადამიანის მეგობარი და ამ დროს სიმართლე ძალიან კარგად ჩანს. ექსპერტების ჩამოსვლა დამოკიდებულია ლიცენზიების აღიარებაზე. ლიცენზიების აღიარება იქნება თუ არა, ჩამოვლენ, ექსპერტიზა დაინიშნება, შემდეგ უნდა განიხილონ. ვერ იპოვით საქართველოში ექიმს, ვინც იტყვის ორ რამეს: რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცუდად არ არის; და რომ მას აქვს დადასტურებული გამოცდილება მსგავსი დაავადებების ერთად მკურნალობის. საქართველოში არ არის სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ერთად მკურნალობის გამოცდილება ჰქონდეს. ცალ-ცალკე, კი ბატონო, მაგრამ კომპლექსურად ურთიერთგამომწვევი დაავადების მკურნალობის საშუალება ჰქონდეს, საქართველოში არ არის. ეს პირველი შემთხვევაა.
_ მოცემულობა გასაგებია, თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველსაც გაუჩნდება, _ იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, პირველ რიგში, „ქართული ოცნებიდან“. რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს მმართველი გუნდი ამას?
_ რთული სათქმელია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის თავში იხარშება. ამაზე გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ივანიშვილია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გადაწყვეტილებას ვინმე სხვა იღებს. სასამართლო არის ყველასთვის სახის შენარჩუნების შესაძლებლობა, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“. სასამართლოზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის მაშველი რგოლი და უნდა გამოიყენოს. იმ აზრისგანაც შორს ვარ, რომ სასმართლო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, სასამართლო ივანიშვილის ჩვეულებრივი კანტორაა.
_ უკვე აღნიშნეთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია გაქვთ. რა არის დღეს მისი მთავარი გზავნილი?
_ ჩემი აზრით, ყველაფერი ითქვა, მისი ჯანმრთელობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ის ელოდება განაჩენს _ მოკლავენ თუ მისცემენ გადარჩენის საშუალებას?