როგორი იქნება კატა-კურდღლის წელიწადი და რა უნდა გავითვალისწინოთ?

გიორგი საკარული

აღმოსავლური ასტროლოგიით 2023 წლის მმართველი იქნება კურდღელი (აღმოსავლური ასტროლოგიის ზოგიერთ მიმდინარეობაში კურდღლის ნაცვლად კატის სიმბოლო გვხვდება). ჩინური კალენდრის მიხედვით წყლის ლურჯი კურდღლის წელი 2023 წლის 22 იანვარს 00:45-ზე დადგება.
ჩინეთში კატას ენერგიისა და ხანგრძლივი სიცოცხლის, შინაგანი და სულიერი ძალების მაკავშირებელ სიმბოლოდ მიიჩნევენ; კურდღელი კი მაგიურ ცხოველად ჰყავთ წარმოდგენილი. ის არის ოჯახის, ბავშვებისა და შემოქმედების სიმბოლო. კურდღლის წელს ბედნიერება მოაქვს ცოლქმრულ ცხოვრებაში. კატის წელს უფრო ვიეტნამში აღნიშნავენ.

კურდღელს უყვარს იმ წესების დარღვევა, რაც საზოგადოებაშია მიღებული. სურს, ისე იყოს, როგორც მოეპრიანება. მას თავისი წესები აქვს. კატაც თავის ჭკუაზე მცხოვრები ცხოველია. მას ახასიათებს მაგიურობა, არის ფანტაზიებისა და ძილის მოყვარული. მიჩნეულია ადამიანური დაავადებების განმკურნებლად. ამასთან, ცრურწმენების გამო შავი ფერის კატას გაურბიან. 2023 წელს დაბადებულ ადამიანს განსაკუთრებულად ექნება განვითარებული ინტუიცია.
2023 წელი მოგვიტანს მშვიდობას და ჰარმონიულობას. ბობოქარი და აქტიური ვეფხვის წლის შემდეგ სამყარო დაწყნარდება. ადამიანებს მოუნდებათ ფსიქოლოგიური განახლება, დასვენება რუტინისგან. გახშირდება ოჯახური და ნათესაური შეკრებები. საუკეთესო წელია ქორწინებისა და შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.

თუ რა ელოდება 2023 წელს 12 ზოდიაქოს ნიშანს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ამის შესახებ „ქრონიკა+“-ში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი უფრო დაწვრილებით მოგვიყვება:

_ კატა-კურდღლის წელიწადი მოდის. ზოგს ჰგონია, რომ 2023 წელი მხოლოდ კურდღლის წელია, ზოგს კი _ კატის. ჩინეთში უფრო გავრცელებულია კურდღელი, ხოლო აღმოსავლეთის დანარჩენ ქვეყნებში პატივს სცემენ კატას. კატა-კურდღლის წელიწადი არის ლურჯი ფერის. რაც შეეხება 12 ზოდიაქოს ნიშანსა და მათ პერსპექტივებს, საუბარი დავიწყოთ პირველი ზოდიაქოს ნიშნით:

ვერძი _ ერთ-ერთი ფავორიტია და გეტყვით, რატომ: იუპიტერის გამარჯვების მმართველი პლანეტა იქნება ვერძში, ყოველ შემთხვევაში, ნახევარი წელი მაინც, მერე ისევ ვერძში გადადის აღმავალი კარმული კვანძი, კოსმიური მისიის მაჩვენებელი, და ჩათვალეთ, რომ ამ ნიშანს მთელი წელი აქვს ძალიან კარგი პერსპექტივები. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოხვდება და საგრძნობლად აიმაღლებს ავტორიტეტს წლის განმავლობაში, ასევე წლის მეორე ნახევარში, რაც ხელს შეუწყობს ახალ ბიზნესპროექტებში ჩართვას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ფინანსური შესაძლებლობების კიდევ მეტად გაღვივებას, ამიტომ ფინანსურად გაცილებით კარგად და მდგრადად იგრძნობს თავს, რაც მისცემს საშუალებას, რომ ეს ფინანსები ჩადოს ახალ კაპიტალდაბანდებასა და ახალი იდეების რეალიზაციაში.
ყევლა წელიწადს აქვს რაღაც წყალქვეშა დინება, რომელიც აუცილებლად ითხოვს ყურადღებას. სასიყვარულო პარტნიორული პერიოდი იქნება ნეგატიური. ვერძებო, იყავით ფრთხილად შვილებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი, ჯიუტი და პირდაპირი. ვერძების ახალგაზრდა თაობას ვთხოვ, ძალიან ფრთხილად იყავით სასიყვარულო პარტნიორებთან, შეიძლება გადაეყაროთ ისეთ პარტნიორს, რომელიც ჯერ მოგხიბლავთ და მერე ჯვარს გაცვამთ. ასევე ვერძები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ლატარიებისა და აზარტული თამაშების მიმართ. აქ შეიძლება სერიოზული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდეთ. ეს ის წყალქვეშა დინებებია, რომელმაც შეიძლება მთელი წლის დადებითი მცდელობები წყალში ჩაგიყაროთ.

კურო _ იგი ერთ-ერთი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანია, განსაკუთრებით მაისიდან, როცა უკვე გამარჯვების მმართველი პლანეტა გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში, შესაბამისად, კუროს ექნება კარგი პერიოდი.
_ რა ხდება მაისიდან კუროების ცხოვრებაში?
_ მაისამდეც არ არის ცუდი პერიოდი, ოღონდ ერთი რამ გავითვალისწინოთ: მაისამდე ენას კბილი უნდა დავაჭიროთ. პროექტები იქნება ეს თუ სხვა საქმიანი ამბები, არასდროს წინასწარ არაფერი უნდა თქვათ. ჯერ ნაბიჯი უნდა გადადგათ და მერე თქვათ. მაისამდე კუროებისთვის იქნება კოსმიური გამოცდა. კუროებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ფარულ მტრებსა და ინტრიგნებს არ სძინავთ. მთლიანობაში, ცუდი პერიოდი არ ექნებათ, მაგრამ ერთ რამეს აღვნიშნავ: აპრილის პირველი ნახევარი კუროებმა ცოტა ფრთხილად უნდა გაიარონ, რადგან ენერგოტონუსი აქვთ ყველაზე დაბალი. გაცივების საფრთხე, ინფექციური დაავადებებისა და სხვადასხვა პრობლემის წარმოშობის ალბათობა უფრო მაღალია. სხვათა შორის, მაისიდან დაიწყება მსოფლიო მასშტაბით სერიოზული ცვლილებები საბანკო-საფინანსო სექტორში, რაც ძალიან სასიკეთო და კარგი იქნება.

ტყუპები _ 2023 წელს ტყუპებს ეძლევათ კარგი შანსები. ეს იქნება ახალი საქმის დაწყება, ახალ ბინაში გადასვლა, რაც შეიძლება მეტი სიახლე და მათი დანერგვა. მატულობს ახალი ნაცნობების წრე, მაქსიმალური კონტაქტია საჭირო წლის პირველ ნახევარში ინტერნეტთან, საიდანაც მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, შეიძლება გაიცნონ ძალიან საინტერესო ადამიანები, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ ერთობლივ, პარტნიორულ თანამშრომლობას. მაგრამ წლის მეორე ნახევარში ტყუპებსაც იგივე ელის, რაც წლის პირველ ნახევარში _ კუროებს. ენაზე კბილის დაჭერაა საჭირო, რაც ტყუპებსაც ძალიან უჭირთ. ამიტომ ჯერ ნაბიჯი გადადგით წლის მეორე ნახევარში და მერე გათქვით. წყალქვეშა დინება, რასაკვირველია, ტყუპებსაც აქვთ _ არასწორი ინფორმაციების ალბათობა ძალიან მაღალია. ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ, არავის უნდა ენდონ, თუ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ, აუცილებლად ყველა პუნქტის წაკითხვის შემდეგ. მეტი ტაქტი და თავდაჭერა მართებთ დებთან, ძმებთან და მეზობლებთან მიმართებით. სხვა მხრივ, ტყუპებისთვის გაცილებით უკეთესია 2023 წელი, ვიდრე იყო 2022.

კირჩხიბი _ მათთვის ძალიან საინტერესო ცვლილებები იქნება. კირჩხიბის ზონაში იმყოფება შავი მთვარე, ე. წ. მაცდუნებელი ძალა. ცდუნების ტენდენცია მაღალი აქვს ამ ნიშანს. 2023 წელს ის გამოვა კირჩხიბიდან და აქედან გამომდინარე კირჩხიბი განთავისუფლდება ბევრი მაცდუნებელი ელემენტისგან, შეიძლება ითქვას, რომ ამოისუნთქავს. კარგი პერიოდი ეწყება მას კარიერული განვითარებისთვის, შეიძლება შესთავაზონ ახალი თანამდებობა, ახალი სამსახური, როგორც უფროსი ან ლიდერი შეიძლება ახლებურად გაიფურჩქნოს. სხვათა შორის, თუ ზოგიერთი კირჩხიბი აპირებს პოლიტიკურ სფეროში მოღვაწეობას, ამ კუთხითაც ძალიან კარგი იქნება მათთვის 2023 წელი. წლის მეორე ნახევარი კირჩხიბს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს _ იგი იგრძნობს, რომ განთავისუფლდა რაღაც მარწუხებისგან, გახდება უფრო დამოუკიდებელი, თავისუფლად მოქმედი. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ახალი ნაცნობობისთვის, მეგობრობისთვის, სპონტანურობისთვის, იმპროვიზაციისთვის, ახალი საქმის დასაწყებად… მაგრამ წყალქვეშა დინებაში ფულის შესახებ ნეგატიური ველი აქვს: არასწორი კაპიტალდაბანდების ან ინვესტიციების შედეგად შეიძლება ფინანსური ზარალის წინაშე აღმოჩნდეს, ამიტომ ასჯერ უნდა გაზომოს და ერთხელ გაჭრას. ამ პრინციპით უნდა იმოქმედოს, სანამ ფულს რამეში დააბანდებს. უნდა მოერიდოს ძვირადღირებულ საყიდლებს, თუ არ აქვს კარგად მოფიქრებული, რა უნდა. ზედმეტად ვიღაცისთვის სესხის გაცემის დროს კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად დამბრუნებელია ის ადამიანი ვალის, ვისზედაც გასცემს თანხას. სხვა მხრივ წელიწადი უდავოდ კარგია.

ლომი _ ახლა კი რაც შეეხება იმპერატორთა ნიშან ლომს! ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან კარგი და საინტერესო პერიოდი ექნება მოგზაურობის კუთხით _ გაიცნობს საინტერესო ადამიანებს. სხვათა შორის, ზოგიერთი ლომი შეიძლება უცხოეთში აღმოჩნდეს, მაგალითად, სტაჟირებაზე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლის თვალსაზრისით. ექნება ერთობლივი თანამშრომლობა უცხოელებთან, ამიტომ ლომებმა ორიენტაცია აუცილებლად უნდა აიღონ უცხოეთზე. ამ მხრივ უცხო ენების ათვისება მათთვის მნიშვნელოვანია, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება. წლის მეორე ნახევარი ხელს შეუწყობს პროფესიონალურ განვითარებას, ანუ შეიძლება ლომები დაინიშნონ სერიოზულ თანამდებობაზე, პოლიტიკაშიც საკამოდ წონადი შეიძლება გახდეს ეს ნიშანი, მისი რეპუტაცია და ავტორიტეტი რადიკალურად მოიმატებს. ოღონდ ჩემი თხოვნაა, ლომებო, წყალქვეშა დინება განსაკუთრებული გაქვთ 2023-ში.
_ რატომ?
_ შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა, კირჩხიბიდან გადმოდის ლომის ზოდიაქოში, ამიტომ ლომებს ექნებათ არნახული ცდუნებები ზღვარგადასული სიამოვნების მიმართ. განსაკუთრებული ლტოლვა გაუჩნდებათ კაზინოებისადმი, დროსტარებისადმი, საქმეების გადადებისა და მერე ერთად კეთებისადმი. მოიმატებს მათში ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები, სხვისი მართვის სურვილი, სიზარმაცის ელემენტები. პირად ურთიერთობებში, ისევე როგორც ვერძებს, ასევე ლომებს, მართებთ ყურადღება. ლომი არის სიყვარულისა და მშობლის სიმბოლო. ძალიან ტაქტიანები და დიპლომატიურები უნდა იყვნენ სასიყვარულო პარტნიორებთან და შვილებთან მიმართებით. სათანადო ყურადღება უნდა დაუთმონ მათ. ზედმეტი აზარტი, კაზინოები და სხვა რამ რაც შეიძლება შორს 2023 წლისგან!

ქალწული _ ქალწულებისთვის საკამოდ კარგი წელიწადია. შეიძლება მიიღონ ისეთი საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ეძებდნენ. ქალწულსაც აუცილებლად სჭირდება საიდუმლოს დაცვა წლის პირველ ნახევარში, მაგრამ, ამავდროულად, გავითვალისწინოთ ისიც, რომ წლის მეორე ნახევარი ქალწულისთვისაც აუცილებლად კარგია უცხოეთთან ურთიერთობის კუთხით: სტაჟრების, პროფესიონალური განვითარების თვალსაზრისით, ერთობლივი თანამშრომლური პარტნიორობის კუთხით. კარგი წელი ექნება ლიდერობის მხრივაც… მაგრამ წყალქვეშა დინება ქალწულს ფარულ მტრებში აქვს და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. ჭორები, ინტრიგები, ზურგსუკან ჩურჩული, ქილიკი მრავლად იქნება. ზოგიერთმა მეგობარმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ან უღალატოს. ამ მხრივ უნდა იყვნენ ყურადღებით და ფრთხილად. ასევე ქალწულებმაც უნდა შეძლონ საიდუმლოს შენახვა.

სასწორი _ სასწორების შემთხვევაში მათ კარგი შესაძლებლობების პერიოდები აქვთ. მაგალითად, სასწორი, შესაძლოა, წელს დაქორწინდეს, რომანტიკული ურთიერთობები გააბას, გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭი და უნარები, შედევრიც კი შეიძლება შექმნას, ლიტერატურაში იქნება ეს, თეატრსა თუ სხვა. ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესო და კარგი პერიოდი ელით. მისი საფირმო შტრიხები მშვიდობიანობაა, დიპლომატიის გზით ნებისმიერი რთული საკითხის გადაჭრა შეეძლებათ. ამასთან, წლის მეორე ნახევარი მისგანაც ითხოვს საიდუმლოდ მოქმედებას, არ გათქვას ინფორმაცია. როგორც ფსიქოლოგები, სასწორები ასევე ძალიან კარგად წარმოაჩენენ თავიანთ მონაცემებს, მაგრამ აქაც არის წყალქვეშა დინება _ მათაც აქვთ პრობლემა მეგობრებთან. შეიძლება გაიცნონ ახალი მეგობრები, რომლებიც ჯერ ლამაზად შემოვლენ ურთიერთობაში, მერე კი აღმოჩნდებიან ფრიად საეჭვო და მატყუარები. წლის მეორე ნახევარში სასწორებისთვის გაიზრდება განსაკუთრებული ლტლოვა სიახლეებისა და თავისუფლებისადმი. ამიტომ უნდა იყვნენ ყურადღებით, _ თავისუფლება საჭიროა, მაგრამ გადამეტებული ლტოლვა, მით უმეტეს, დაქორწინებული სასწორებისთვის, შეიძლება გაღიზიანების მიზეზი გახდეს მათსა და მათ პარტნიორებს შორის. ყველა სიახლე არ იქნება სასიკეთო, ამიტომ უნდა გადაამოწმონ და პრაგმატულად იაზროვნონ. კარგად უნდა განსაზღვრონ, თუ რამდენად რეალურია იდეა, რამდენად მიწაზე დგანან.

მორიელი _ რაც შეეხება მორიელს, ამ ნიშნისთვის საინტერესო პერიოდია, რადგან შეუძლია გააუმჯობესოს ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელ პირებთან, რაც ხელს შეუწყობს მის წინსვლას. გაუმჯობესდება მისი ჯანმრთელობის მდგომრეობაც, თუ რაიმე ჰქონდა ქრონიკული ან სხვა რამ, _ მკურნალობის კუთხით საუკეთესო წელიწადია. წლის მეორე ნახევარი მისთვის კარგი აღმოჩნდება პირადი და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, შეიძლება დაამყაროს ახალი, საქმიანი ბიზნესკონტაქტები, შეიძლება ახალი სასიყვარული პარტნიორი გაიჩინოს, შემოქმედებითად აქტიურად იმუშაოს, მაგრამ აქაც წყალქვეშა დინებაში უნდა იყოს ცოტა ტაქტიანი და თავდაჭერილი, განსაკუთრებით ბიზნესპარტნიორებთან.

მშვილდოსანი _ მშვილდოსნისთვის ძალიან საინტერესო წელი იქნება სასიყვარულო პარტნიორული კუთხით. ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ შვილების გაჩენის ფაქტის წინაშე, ახალი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობის წინაშე, ძველი ურთიერთობა შეიძლება უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ; ზოგიერთი მშვილდოსანი შეიძლება გახდეს თანამდებობის პირი, თავის საქმეში ლიდერი, ხელმძღვანელი. მოგებების ალბათობა ექნებათ საკმაოდ მაღალი. წარმატების შანსები რადიკალურად ეზრდებათ. ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგებთან ურთიერთობას გააუმჯობესებენ. რასაკვირველია, წყალქვეშა დინებები მათაც აქვთ და საჭიროა ყურადღება ამ დინებების მიმართ. ეს არის მგზავრობა, მოგზაურობა. ჯირითის სურვილი უძლიერდებათ, რის შედეგადაც შეიძლება ადვილად მოხვდნენ ტრავმულ, ავარიულ სიტუაციებში. უნდა იყონ საჭესთან ფრთხილად. ამასთან, ფრთხილად უნდა იყვნენ ავანტიურისტ უცხოელებთან. მაგალითად, შეიძლება წარუმატებლები იყვნენ ლატარიებთან მიმართებით, ასევე მოტყუვდნენ ფულის საკითხში და აქ ისევ დამნაშავე იქნება უცხოელი. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება უცხოეთიდან მიიღონ, აუცილებლად გადასამოწმებელია, ადვილად არავის უნდა ენდონ და ფრთხილად უნდა იყვნენ მოგზაურობის დროს.

თხის რქა _ ამ ნიშანს კარგი პერიოდი აქვს საკუთარ სამშობლოში. ეს არის ოჯახური სტაბილიზაციის, ურთიერთობის გაფართოების, გაუმჯობესებისა და გაძლიერების პერიოდი. წლის მეორე ნახევარში თქვენ შეიძლება დაქორწინდეთ ან არსებული ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც წლის მეორე ნახევარში შესაძლოა, დაიკავოთ ახალი თანამდებობა. თხის რქებისთვისაც კარგია წლის მეორე ნახევარი აზარტული თამაშებისთვის, ბიზნესსაქმიანობის კუთხით. წარმატების შანსები, როგორც ლიდერს, ძალიან კარგი ექნება, მაგრამ აქაც ერთი პირობით, _ თუ ენას კბილს დააჭერენ. მათ სჭირდებათ საიდუმლოს დაცვა, არ გათქვან წინასწარ ინფორმაცია და მეორე: მაღალი აქვთ ალბათობა იმისა, რომ 2023 წელს გადაეყარონ საეჭვო ინტიმურ პარტნიორებს, რომლებიც ჯერ მოხიბლავენ, შემდეგ კი გააწამებენ. ამიტომ აქაც ახალგაზრდა თქის რქებმა ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

მერწყული _ მერწყულებს უკეთესი წელიწადი ექნებათ, ვიდრე წინა წლები იყო. ორი წლის განმავლობაში მერწყულის ზოდიაქოში იმყოფებოდა სატურნი, ერთ-ერთი ყველაზე დამამუხრუჭებელი პლანეტა, რომელიც ყველანაირად აფერხებდა მათ წინსვლასა და შესაძლებლობებს. 2023 წელს სატურნი გამოდის მერწყულიდან და ათავისუფლებს მას მუხრუჭებისგან. ეს ის პერიოდია, როდესაც მერწყულმა შეიძლება მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიცნოს ახალი ადამიანები, ერთობლივი პროექტი დაიწყოს, ახალ საქმეს დაუდოს სათავე, ახალი ბინა შეიძინოს, ანუ სიახლეების დრო მოდის, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: წლის მეორე ნახევარში უნდა იყოს სამშობლოში, რადგან სამშობლო მერწყულებისთვის ორმაგად წარმატების მომტანი ხდება. პატივი უნდა სცეთ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, საგვარეულოს, თქვენს გენეალოგიას, მეტი ურთიერთობა ნათესავებთან და მერწყული ამოისუნთქავს.

თევზები _ ამ გრძნეულ ნიშანს ძალიან საინტერესო პერიოდი აქვს. თევზებს მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ. შეიძლება ძველი საქმეებიდან მიიღონ მატერიალური დივიდენდები, მათ შორის, წლის პირველ ნახევარში. ეს პერიოდი ხელს უწყობს წლის მეორე ნახევარში საჭირო ინფორმაციის მიღებას, დებთან, ძმებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, ურთიერთობების გაუმჯობესებასა და მათ თანადგომას. ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. შეიძლება პატარ-პატარა პრობლემებმა იჩინოს თავი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კუჭ-ნაწლავს, მოწამვლის ალბათობა მატულობს, ამიტომ მაინც შეამოწმონ საკვების ხარისხი, რომ აქედან არ იჩინოს ყველაფერმა თავი. მეტი ტაქტი მართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. იყავით მეტად დიპლომატიურები, ვიდრე ხისტები. აი, მაშინ გექნებათ წარმატებული წელი.