ნინო ბურჯანაძე: „ჩვენი მოქმედებებით ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნას ვუხანგრძლივებთ“

შორენა მარსაგიშვილი

„ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, მიიჩნევს, რომ ოპოზიციის საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ვერ შეცვლის. ბურჯანაძის აზრით, შედეგის მიღწევა თუ სურთ, ოპოზიციონერებმა ტაქტიკის შცვლასა და გაერთიანებაზე უნდა იფიქრონ. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების დიდი იმედი არ აქვს და სხვებსაც ურჩევს, რომ სანქციებზე არ ააწყონ პოლიტიკური გეგმები.

რატომ არ ღირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ლოდინი? რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია? რა მიზანს ისახავს „ოცნების“ მიერ არჩეული რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა? რატომ არ დაუფასებს მათ რუსეთი მონურ ერთგულებას? ვისი დავალებით აღიზიანებენ დასავლეთს? რა შედეგს მოიტანს ოპოზიციის გაერთიანება? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ნინო ბურჯანაძე ესაუბრება:

_ ქალბატონო ნინო, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები თითქოს გაჩერდა. ოპოზიცია, ერთი შეხედვით, რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა.
_ ოპოზიციონერები რაღაცას ცდილობენ, რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, საკმარისი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, საქართველო ნორმალური ქვეყანა რომ ყოფილიყო, _ სადაც შესაძლებელია ხელისუფლებასთან ჯანსაღი ოპონირება, სადაც კანონპროექტებს მოამზადებ და წარადგენ საკანონმდებლო ორგანოში, ჯანსაღად იმსჯელებ და კამათის შედეგად საერთო გადაწყვეტილებას მიიღებ.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ნორმალური ვითარება არ არის. „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან ელემენტარულ საკითხებზეც კი არ თანამშრომლობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციის არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას არ მიიღებს. ოპოზიციის ინიციატივის მიღებას ვინ ჩივის, იმასაც არ ასრულებენ, რისი შესრულების პირობა თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადეს, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდან.
ხელისუფლება თავისი დანაპირების შესრულებაზე ისე ამბობს უარს, რომ თვალსაც კი არ ახამხამებს. ამ ვითარებაში სტანდარტული მეთოდები, რომელიც დასავლეთის განვითარებულ დემოკრატიაში მოქმედებს, საქართველოში ნამდვილად არ არის საკმარისი. ოპოზიცია ამ სტანდარტული მეთოდებით ცდილობს რაღაცის შეცვლას, რაც, სამწუხაროდ, შედეგს არ მოიტანს.
მე მხოლოდ ეს პრეტენზია მაქვს ჩვენს ოპოზიციასთან. მათ უნდა გაითავისონ, რომ საქართველოში სხვა სიტუაციაა. ვიმეორებ: ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, საპარლამენტო ოპონირება, ჯანსაღი კრიტიკა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე იმას, რომ ნორმალური ქვეყანა გვქონდეს. შესაბამისად, ბრძოლის მეთოდებიც უნდა იყოს არაორდინალური, განსხვავებული _
იმ მეთოდებით, რომლითაც დღეს ოპოზიცია იბრძვის, ბიძინა ივანიშვილი მშვენივრად იხანგრძლივებს მმართველობას. ყველაფერი ისე მიდის, როგორც მას სურს. ივანიშვილს საერთოდ არ აწუხებს, ვინ რას იტყვის ქვეყნის შიგნით.
_ მას არც ის ადარდებს, რას იტყვიან ქვეყნის გარეთ. იქაც ბევრი აკრიტიკებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ამით არაფერი იცვლება.
_ ივანიშვილს არც ის ადარდებს, რას იტყვიან მასზე დასავლეთში. შესაბამისად, რაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, არაფერი გამოვა. თუ არ შეიცვალა მოქმედების სტილი, მაინც ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით წავა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
საქართველოში არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. 2024 წლამდე არ მოხდება არანაირი კონსტიტუციური ცვლილებები, არანაირი ცვლილებები არ შევა საარჩევნო კანონმდებლობაში. დღეს არსებული სისტემით და საარჩევნო კომისიით მივალთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ბიძინა ივანიშვილი ისევ იმ მეთოდებით ჩაატარებს არჩევნებს, რა მეთოდებითაც აქამდე ატარებდა.
2024 წლისთვის ოპოზიცია იქნება კიდევ უფრო დასუსტებული და ფრაგმენტული. გაერთიანებას, ჯერჯერობით, პირი არ უჩანს. გაერთიანების გარეშე ნამდვილად ვერაფერს შევძლებთ. ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმდენ პროცენტს, რამდენიც მას სურს და, დიდი ალბათობით, მომავალ პარლამენტში ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
„ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მაგრამ მიიღებს იმაზე ნაკლებ ხმას, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო. საუკეთესო შემთხვევაში კიდევ ერთი პარტია შეიძლება მოხვდეს პარლამენტში. პარლამენტში ის პარტია მოხვდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მეტ-ნაკლებად არ შეუქმნის პრობლემებს. ყველა დანარჩენი პარტია, მათ შორის, ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია, საარჩევნო ბარიერს უბრალოდ ვერ გადალახავს, რადგან ამის რესურსი და შესაძლებლობა უბრალოდ არ იარსებებს. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიცია სუსტად იყოს წარმოდგენილი.
_ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს თავისი ჩანაფიქრის განხორციელება? თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ის მეთოდები არ ჭრის, რითაც ოპოზიცია იბრძვის. რა მეთოდებია, თქვენი აზრით, ეფექტიანი? რა მეთოდებით შეიძლება ივანიშვილის დამარცხება?
_ ძალიან მარტივია ეფექტიან მეთოდებზე გადასვლა. ჩვენ რამე ახალის მოგონება, ასტროფიზიკა და ბირთვული ფიზიკა ნამდვილად არ გვჭირდება. წარმატებას სჭირდება ერთიანობის ფორმულა. როცა მოწინააღმდეგე არის ძალიან ძლიერი, აქვს განუსაზღვრელი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, ამას ყოველთვის წინ უნდა აღუდგეს ერთიანი ძალა.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, თუ ოპოზიციის ის ნაწილი არ აკეთებს საკმარისს, მაშინ შენ გააკეთეო. ეს ადვილი სათქმელია, მაგრამ შედეგს არ მოიტანს. დამოუკიდებლად ამას ვერცერთი პარტია ვერ გააკეთებს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ როდესაც ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე იბრძოდნენ, ხელისუფლებასთან ყოველთვის მარცხდებოდნენ.
როდესაც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებას ახერხებდნენ, შედეგი დგებოდა. გაერთიანებამ შედეგი მოიტანა 2003 წელს, 2012 წელს. შედეგიანი იყო ერთობლივი ბრძოლა 2020 წლის არჩევნებამდე. მაშინ ჩვენ ყყველანი ერთად ვისხედით შალვა ნათელაშვილის ოფისში. მიუხედავად იმისა, რომ იქ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანები იყვნენ, ჩვენ მაშინ მივაღწიეთ 8 მარტის შეთანხმებას, რომელმაც, პრაქტიკულად, გახსნა კარი.
_ ბოლომდე ამ შეთანხმებამაც ვერ იმუშავა.
_ ვერ იმუშავა იმიტომ, რომ გაჩნდა კოვიდი, დაიწყო პანდემია და ამ პანდემიამ გადაარჩინა „ქართული ოცნება“. 8 მარტის შეთანხმებით „ქართული ოცნების“ დასასრული უკვე დაწყებული იყო. ასე რომ, ბრძოლის ფორმულა არის ძალიან მარტივი _ ერთიანობა. ერთიანობას ყოველთვის მოაქვს შედეგი
_ გაერთიანება ადვილი არ იქნება. ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებსაც ერთმანეთის მიუღებლობა აქვთ.
_ ეს არის სპეკულაციები ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან. გაიძახიან, რომ ეს მომწონს და ის _ არა, ამათთან როგორ გავერთიანდეთო?! შეიძლება, ეს გულწრფელი პოზიცია იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო აკვიატებას ჰგავს. ეს ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. ვინც არ მოგწონს, იმასთან ნუ გაერთიანდები არჩევნების დროს, ნუ შექმნი მასთან კოალიციას, მასთან ერთად ნუ ჩაატარებ საარჩევნო კამპანიას, ამას არავინ დაგაძალებს, მაგრამ შენ თუ ერთიანი ხარ იმ მოთხოვნაში, რომ გსურს ხელისუფლების შეცვლა, მაშინ უნდა გააკეთო ის, რაც არის გასაკეთებელი.
გასაკეთებელია ერთიანი სქემა, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სრულიად ოპოზიცია ერთიანად დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას. ჩვენ ერთიანი ფრონტით უნდა ვებრძოლოთ „ქართულ ოცნებას“, ამ შემთხვევაში მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდებს ვგულისხმობ.
_ ქუჩის აქციებსაც ითვალისწინებს ეს მეთოდები?
_ ცხადია, ქუჩის აქციებიც უნდა გაიმართოს. არსებობს კიდევ პროტესტის სხვა ფორმები, რომელიც კონსტიტუციით არის დაშვებული. მხოლოდ ერთიანი ბრძოლა მოიტანს შედეგს. სხვა შემთხვევაში დაჯდება ის სცენარი 2024 წელს, რომელზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრე. მაშინ უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა იმას, ვინ საუბრობდა გაერთიანების აუცილებლობაზე და ვინ _ არა.
ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანა ინგრევა, ქვეყანა ღატაკდება, რუსეთის უკანა ეზოდ გადაიქცა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილს ჩვენი მოქმედებებით ვუხანგრძლივებთ ხელისუფლებაში ყოფნას. ძალიან გულისტკივილით ვამბობ ამას, მაგრამ თუ არაფერი შევცვალეთ, 2024 წელს ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და ამჯერად პარლამენტში უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
გასულ კვირას ერთ-ერთ გადაცემაში ვმონაწილეობდი, სადაც ვსაუბრობდი იმაზე, რომ ოპოზიციამ ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოს. ქვემოთ ასეთი ტიტრი იყო: ოპოზიციის ოპოზიციის ოპოზიცია.
_ მიიჩნევთ თავს ოპოზიციის ოპოზიციის ოპოზიციად?
_ ამ შეფასებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. არანაირი ოპოზიციის ოპოზიცია მე არ ვარ. მე ვარ ოპოზიცია, მათი ნაწილი. ვიზიარებ ყველა პასუხისმგებლობას წარმატებაზეც და შეცდომაზეც, იმისდა მიუხედავად, რამდენი წვლილი მაქვს ამ შეცდომებში. მე ვარ ოპოზიციის გულშემატკივარი და არ შეიძლება არ ვთქვა სიმართლე. მით უმეტეს, რომ ვიცი, ამ მეთოდებით რა შედეგებს მივიღებთ. ხმამაღლა ამ თემებზე ნამდვილად არ ვილაპარაკებდი, მხოლოდ კულუარებში საუბარი რომ ყოფილიყო საკმარისი. სამწუხაროდ, ხმამაღლა მიწევს ყველაფრის თქმა.
_ ამ თემაზე ოპოზიციასთან კულუარებში გისაუბრიათ? უთხარით მათ, რომ მეთოდების შეცვლა აუცილებელია?
_ ამ თვეების განმავლობაში არაერთხელ შევხვდი ოპოზიციის წარმომადგენლებს, ზოგს ერთი ერთზე, ზოგჯერ ჯგუფებს. ვხვდებოდი საზოგადოებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებსაც. მათთან ვამბობდი იგივეს, რაზედაც ახლა თქვენთან ვსაუბრობ. პირად საუბრებში ყველა მეთანხმება, რომ გაერთიანება არის ერთადერთი სწორი ფორმულა. გაერთიანება ვერ შედგა. ვინაიდან კულუარულმა საუბრებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, იძულებული ვარ, ამის შესახებ ხმამაღლა ვილაპარაკო. იქნებ, ხამამაღლა თქმამ უფრო წაახალისოს ეს პროცესი.
_ ოპოზიციის გაერთიანებას ისიც ხომ არ უშლის ხელს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ელოდებიან? ოპოზიციის ნაწილს დიდი იმედი აქვს, რომ ივანიშვილს დასავლეთი სანქციებს დაუწესებს და ეს მის წინააღმდეგ ბრძოლას გაამარტივებს.
_ უკაცრავად და სხვის იმედად ყოფნა ცოტა უხერხულია. ზრდასრული ადამიანები ვართ და არა ბავშვები, რომ მუდმივად სხვის იმედად ვიყოთ. დასავლეთსა და მთელ მსოფლიოში ახლა უმძიმესი ვითარებაა. მძიმე ვითარებაა ჩვენს რეგიონშიც. გვაქვს ურთულესი პრობლემები. ყველამ საქართველოსთვის მოიცალოს, ამის მოთხოვნა ჯერ ერთი გულუბრყვილობაა. ჩვენთვის, ფაქტობრივად, არავის სცალია და მეორეც, ჩვენი მხრიდან ამის მოთხოვნა ულამაზო იქნება. ჯერჯერობით ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის და არც უახლოეს მომავალში იქნება, ამიტომ სანქციების ლოდინი, უბრალოდ, არასწორია.
კიდევ ერთსაც გეტყვით: ჩვენი დასავლელი მეგობრები ერთ მშვენიერ დღეს პირდაპირ გვეტყვიან, _ როდემდე შეიძლება ჩვენს იმედად იყოთ? გააკეთეთ რაღაც და მერე ჩვენც მოგეხმარებით! ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. სანქციების ლოდინი, როგორც უკვე ვთქვი, არასწორია.
_ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს დასავლურ ძალას უწოდებს, ამ დროს კი ამ პარტიიდან ვითომ წამოსულები ღიად ლანძღავენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. თქვენ პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნეოდით, მაგრამ არასდროს გაგიკრიტიკებიათ სტრატეგიული პარტნიორები. „ქართული ოცნება“ რატომ იქცევა ასე?
_ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მე მივიჩნეოდი პრორუს პოლიტიკოსად, სინამდვილეში კი არასდროს ვყოფილვარ პრორუსი. ჩემი პრორუსულობა იყო თითიდან გამოწვილი და მაშინდელი ხელისუფლების შავი პიარის შედეგი. ვერავინ დაამტკიცებს, რომ მე ერთი პრორუსული განცხადება მაინც გავაკეთე იმიტომ, რომ ასეთი განცხადება არასდროს გამიკეთებია. იმას ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია. პრობლემები რომ მოაგვარო, ლაპარაკია საჭირო. ეს პრორუსულობა არაა, ამას მხოლოდ საქართველოში მიიჩნევენ პრორუსობად და ეს ჩვენს დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს.
დღეს მოგეხსენებათ, რა უმძიმესი ვითარებაა მსოფლიოში, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ამას დასავლეთი კატეგორიულად გმობს, რუსეთს დაუწესა მკაცრი სანქციები, მაგრამ მას მაინც ელაპარაკებიან. როცა დიალოგი არ არის, მაშინ არის ის, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ.
რაც შეეხება ანტიდასავლურ ისტერიას, მე პოლიტიკოსი ვარ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ასეთ განცხადებებს არასდროს გავაკეთებდი და არც გავაკეთებ. სრულიად ნათელია, თუ რისთვის წამოვიდა ეს ოთხეული „ქართული ოცნებიდან“. უფრო პატიოსანი იქნებოდა, რომ ღიად ეთქვათ, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ეს არის ჩვეულებრივი თამაში, ვითომ ისინი გამოვიდნენ, ანტიდასავლურები არიან და „ქართული ოცნება“ მათ პოზიციას არ იზიარებს. ჩვენ ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ერთი გუნდია, ერთი კალმიდან გამოდის ყველაფერი, რაც დასავლეთის შესახებ იწერება.
რასაც დღეს „ქართული ოცნება“ დასავლეთთან მიმართებით აკეთებს, ეს არის მავნებლობა. არც დასავლეთში არიან ბავშვები და ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
_ რის მიღწევას ცდილობენ ამით? საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაფუჭება, წესით, ვერ უნდა შეძლონ. ხალხის განწყობა დასავლეთის მიმართ დადებითია.
_ გარკვეული დონით საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უკვე გაფუჭდა. ის, რომ მოსახლეობის განწყობა სხვაა და „ქართული ოცნების“ _ სხვა, ეს ერთია, მაგრამ როცა ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც იქცევა, ამას თავისი შედეგები ყველა შემთხვევაში მოყვება. შედეგი მოყვა კიდევაც და ამას რეალურად ვხედავთ.
დასავლეთში არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ პროდასავლური ორიენტაციისაა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ პროქართული ხელისუფლება არ გვყავს. „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რუსეთი არ გააბრაზოს და არ გააღიზიანოს. არასოდეს არავის გაღიზინების მომხრე არ ვარ. ხელოვნურად არც რუსეთი უნდა გააღიზიანო და არც _ დასავლეთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეშინებული პოზიცია გქონდეს და შენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავდე.
გახსოვთ, როცა საოკუპაციო ხაზს პერმანენტულად წევდნენ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, ამაზე ხმაური ატყდა და ხელისუფლებამ ასეთი განცხადება გაკეთდა, _ ჩვენ პროვოკაციას არ წამოვეგებით და სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას განვახორციელებთო. ერთი საპროტესტო განცხადებაც კი არ გაკეთებულა მათგან.
რას ითმენ სტრატეგიულად, შენი ქვეყნის ტერიტორია რომ პატარავდება? აბა, ბიძინა ივანიშვილს დაუპატარავოს მისი ეზო ვინმემ, მეზობელმა ღობე გადაუწიოს, სტრატეგიულ მოთმინებას თუ გამოიჩენს! ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია! არ გააღიზიანო, პროვოკაცია არ მოაწყო, _ ეს სწორია, მაგრამ არ უპასუხო და არ მოითხოვო ის, რაც შენ გეკუთვნის, ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკაა. პრინციპული განსხვავებაა ფრთხილ პოზიციას, არგაღიზიანების, პროვოკაციების არაყოლისა და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის.
_ რუსეთის არგაღიზინება შესაძლოა, სწორი პოლიტიკაა, მაგრამ დასავლეთის გაღიზიანება რატომ უნდათ? რისი მიღწევა სურთ? არ ადარდებთ, რა რეაქცია ექნება ამაზე დასავლეთს?
_ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იციან, რომ დასავლეთი მათ პრობლემებს არ შეუქმნის. მათთვის დასავლეთის წინაშე არსებული ვალდებულებები სრულებით არაფერს ნიშნავს. ვის წინაშეც აქვთ ვალდებულებები, იმათ ემსახურებიან. ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან აქვს ვალდებულებები. ის აკეთებს იმას, რაც რუსეთს მოეწონება. თუ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, მაშინ ერთიანი ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ ხელისუფლების წინააღმდეგ.
_ თქვენ დიდი ხანია ხართ პოლიტიკაში და ბევრი რამე გინახავთ, შესაბამისად, არც პროგნოზების გაკეთება გიჭირთ. არსებული სუტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები?
_ სამწუხაროდ, უახლოეს რეალობას ძალიან მძიმედ ვხედავ. ამ ხელისუფლების პირობებში და იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც ისინი ატარებენ, არაფერი კარგი ვქეყანას არ ელოდება. კარგს არც „ქართული ოცნება“ უნდა ელოდოს.
_ „ქართულ ოცნებას“ რა ემუქრება?
_ რუსეთის მიმართ მონური დამოკიდებულება ქართული ოცნებისთვის“ კარგად არ დასრულდება.
_ რატომ ფიქრობთ, რომ მონური დამოკიდებულება „ქართული ოცნებისთვის“ კარგად არ დასრულდება?
_ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ რუსეთი ამ მონურ დამოკიდებულებას არ დაუფასებს. თუ ჰგონიათ, რომ დაუფასდებათ ცდებიან. მტერი თუ მოყვარე შენ უნდა გაფასებდეს, პატივს გცემდეს. მონა და ვასალი არავის უყვარს. მონასა და ვასალს იყენებენ და შემდეგ იშორებენ.
ახლა ძალიან ბევრი რამეა ოპოზიციაზე დამოკიდებული. იმ მეთოდებით ბრძოლამ, რასაც აქამდე იყენებდნენ, შედეგი არ მოიტანა, საჭიროა ახალ მეთოდებზე გადასვლა. საუკეთესო გამოსავალი გაერთიანებაა. ერთიანობა თუ არ იქნება, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნას გავუხანგრძლივებთ.