ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების სამხედრო-პოლიტიკური შედეგები პუტინისეული რუსეთის დასრულებას უკავშირდება

არჩილ იაკობაშვილი _ ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (cdu) წევრი, ჰესენის მხარის საგარეო-პოლიტიკური მრჩეველი

_ რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებით არ დაკმაყოფილდა _ ამის ნაცვლად მიზნად დაისახა მთელი უკრაინის ანექსია, კიევის აღება და „რეჟიმის შეცვლა“ და დღემდე ამ მიზნების განხორციელებას ცდილობს?_ რუსეთის მიზანია უკრაინის მნიშვნელოვნად დაპატარავება, უკრაინის სრულად ჩახსნა შავი ზღვისგან, რაც აღმოსავლეთისა და სამხრეთის სრულად რუსეთის ფედერაციაში მიტაცებით არის შესაძლებელი; ხოლო ამ მიზნების მისაღწევად უკრაინის მოქმედი კანონიერი ხელისუფლების შეცვლა, რასაც პუტინი და ლავროვი უტიფრად „რეჟიმის შეცვლას“ უწოდებენ, მხოლოდ საშუალებას წარმოადგენს.ჯერ კიდევ 14 თებერვალს რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორი საათის განმავლობაში განიხილავდნენ უკრაინის დაყოფის გეგმას, რამაც გამოაფხიზლა დასავლეთი, რომ რუსეთი უფრო მასშტაბური ომისთვის ემზადებოდა, ვიდრე მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება იყო. ვინმეს სჯერა, რომ რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მსგავსს საინფორმაციო პროპაგანდას კრემლის გარეშე განახორციელებდა?

21 თებერვალს ე. წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომლის ტრანსლაციის ანალოგი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ყურადსაღები იყო ლავროვის ფრაზა „გარკვეული ტერიტორიები უკრაინას არ სჭირდება და ჩვენ უკეთ ვიცით ამის შესახებ“, _ რაც დასავლეთისთვის შეიცავდა განმეორებით მესიჯს, რომ „რუსეთი არ ხუმრობს“.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატების დონეზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რუსეთთან, არამედ საგარეო დაზვერვის სამსახურები ადგილებზე მუშაობდნენ (მაგალითად: ამერიკული CIA-ს ვიცე-შეფმა 22 თებერვალს დატოვა მოსკოვი, გერმანული BND-ს შეფმა 25 თებერვალს დატოვა კიევი, ხოლო ინგლისური DIS-ს შეფი დღემდე ვარშავაშია), მივდივართ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ფართომასშტაბიანი ომისთვის რუსეთის მზადების შესახებ გასულ თვეში ბევრმა მტკიცებულებამ მოიყარა თავი.

_ რუსეთში უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი პუტინი, რომელიც საბოლოოდ პასუხისმგებელია ომის დაწყებაზე, _ ასეთია დასავლეთის აზრი. უკავშირდება რუსეთის დამპყრობლური ქმედებები მხოლოდ უკრაინისადმი ინტერესს, თუ პუტინს დასავლეთთან კონფრონტაცია აქვს დღის წესრიგში?

_ დასავლეთი სამართლიანად უწოდებს „პუტინის ომს“ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მაგრამ უკრაინის ტერიტორია წარმოადგენს ყველაზე მთავარ არეალს დასავლეთის შანტაჟისთვის, რის გამოც უკრაინისადმი ინტერესი და დასავლეთთან კონფრონტაცია აბსოლუტურად თავსებადი კომპონენტებია რუსეთის გეოპოლიტიკაში. 

ჩემი აზრით, სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს, რომელმაც პუტინს უბიძგეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ ომის დაწყების სასარგებლოდ:

პირველი მიზეზი გამომდინარეობს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების პირადი მიზნისგან, რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მორგებით, რომელიც 2019 წელს განხორციელდა, და აღარაფერი უშლის ხელს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, პუტინს უკვე 2022 წელს სურს პირობებისა და სურათის შექმნა იმისთვის, რომ 2024 წლიდან ხელისუფლებაში მისი დარჩენა ეფუძნება გუნდურ გადაწყვეტილებას, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს რუსეთის საზოგადოების უმრავლესობით. სხვათა შორის, ამ მიზანთან თავსებადია უკრაინასთან ომის გრძელვადიანობა, 2024 წლამდეც კი.

მეორე მიზეზი, ჩემი აზრით, უკავშირდება 2018-2021 წლებში დასავლეთის ქვეყნებში მომხდარ სამთავრობო ცვლილებებს (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ისა, იტალიისა და ბოლოს გერმანიის არჩევნების შედეგები), რომლებზეც, წინა წლებისგან 2010-2018 განსხვავებით, მან გავლენა ვეღარ მოახდინა. შესაბამისად, უკრაინასთან ომის დაწყება მას სჭირდებოდა დასავლეთთან კონფრონტაციის ახალი ეტაპისთვის.

მესამე მიზეზი უნდა გამომდინარეობდეს ლოგიკური მოლოდინისგან, რომ ივნისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი დადებითად გადაწყდეს. უკრაინამ, სადაც უკვე მესამედ მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, დემოკრატიის იმ მინიმალურ დონეს მიაღწია, რომელიც ობიექტურ საფუძველს აძლევს ალიანსს, გარკვეული პირობებით უკრაინის ალიანსში გაწევრიანება განიხილოს, რასაც პუტინი წითელ ხაზად განიხილავს დასავლეთთან ურთიერთობებში.

დემოკრატიის კრიტერიუმით დღეს უკრაინა დაახლოებით იმ დონეზეა, როგორც 2003-2004 წლებში იყო ლატვია, რის საფუძველზეც ნატომ ლატვია თავის რიგებში მიიწვია. უკრაინაში ტარდება ადგილობრივი არჩევნები და 2015 წლიდან ევროსაბჭო ხაზს უსვამს თვითმმართველობის გაძლიერებას, პარლამენტი მრავალპარტიულია და პოლიტიკური სივრცე ისეა გაჯერებული, რომ მოსახლეობისთვის მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა ოპოზიციაში მოიძებნება. ასეთ დინამიკას რუსეთი უკრაინისგან არ ელოდა ყირიმის ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის ფონზე და ამიტომ მისი დასჯა გადაწყვიტა.           

_ რამდენად დააგვიანა დასვლეთმა, და განსაკუთრებით გერმანიამ, რომელიც ე. წ. „რუსეთის გამგებად“ ითვლებოდა ნატოში, რომ ჩანასახშივე გაეჩერებინა რუსეთი ასეთი ნაბიჯების გადადგმისკენ? 

_ ფაქტია, რომ არ გაამართლა „რუსეთის გამგების“ როლმა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ნატოს წევრმა გერმანიამ მოირგო საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუნდაც ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით.

რეგიონული მნიშნველობის მიუხედავად, ზოგადად, მცდარია იმის აღქმა, რომ „მერსედესის“, „პორშესა“ და „ბოშის“ მწარმოებელ ერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მსოფლიო გეოპოლიტიკური ამბიცია. თანამედროვე გერმანია წარმოადგენს პლანეტის მტკაველს, რომელიც თავისი 350 ათასი კვადრატული კილომეტრით თითქმის იმის ნახევარია, რაც იყო მის მიერვე წამოწყებულ მეორე მსოფლიო ომამდე, მესამედი _ პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდისა და მეოთხედი „ვენის კონგრესამდე“ არსებული „გერმანული ერების რომის საღვთო კავშირის“.

რეგიონულ-ევროპული გავლენა არ არის საკმარისი, ხოლო მსოფლიო გეოპოლიტიკური ამბიციის გარეშე რუსეთთან სუბსიდარულ პრინციპებზე ურთიერთობის აგების მოლოდინი იყო ილუზორული.

მიუხედავად კურსის ცვლილებისა, რომელიც გასულ კვირას გერმანიის მოქმედმა მთავრობამ დააანონსა, გერმანიას ჯერ კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება საკუთარი მცდარი ნაბიჯების გადასაფასებლად და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად _ ჩემი შეფასებით, ალბათ, 10 წელი მაინც.      

_ როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დასავლეთთან დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან გაცემული დაპირების დარღვევას. მართლაც, გადააგდო თუ არა ნატომ რუსეთი ან არ შეასრულა გაცემული დაპირება, რის გამოც რუსეთი იძულებული გახდა, თავისი გადასახედიდან წასულიყო უკიდურეს ნაბიჯებზე?

_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ რუსეთთან ნატომ 1992 წელს გააფორმა შეთანხმება „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (ე. წ. PFP), ხოლო 1997 წელს პარიზის „აქტი ურთიერთთანამშრომლობის საფუძვლების შესახებ.“ შესაბამისად, 2007 წლამდე ნატო და რუსეთი პარტნიორებად მიიჩნევდნენ ერთმანეთს, სანამ პუტინმა მუენხენის კონფერენციაზე ცნობილი გამოსვლით წყალში არ ჩაყარა მანამდე მიღწეული საკმაოდ კრიტიკული და დაუბალანსებელი, მაგრამ მაინც ნაყოფიერი თანამშრომლობა, როგორიც იყო მაგალითად ავღანეთის საკითხი, ირანის საკითხი, ჩრდ. კორეის საკითხიც და ა. შ.

1997 წლის აქტით  (Основополагающий Акт Россия — НАТО), პირიქით, რუსეთი ეთანხმება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, თუ რუსეთის საზღვრიდან 2000 კილომეტრის დისტანციაზე ნატო ატომურ ბომბებს არ განალაგებს. აი, მხოლოდ ეს პირობა აქვს ნატოს რუსეთისთვის წერილობით მიცემული, რომელიც არასოდეს დაურღვევია.

სხვა არავითარი წერილობითი შეთანხმება არ არსებობს და მით უფრო საიდუმლო გრიფის ქვეშ, რომლის მიხედვით ნატო აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს ამბობდეს ან მსგავსი დაპირება მიეცეს რუსეთისთვის, როგორც ამას პუტინი და ლავროვი იგონებენ.

4+2 ფორმატში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სსრკ, გფრ, გდრ), რომლითაც 1990 წლის სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმება საფუძვლად უდევს გერმანიის გაერთიანებას, უფრო სწორედ, გდრ-ის სრულად ინკორპორაციას გფრ-ში და შეთანხმების მე-12 მუხლი ითვალისწინებს გაერთიანებული გერმანიის ნატოში დარჩენას. მხოლოდ სიტყვიერად დაჰპირდა ნატო სსრკ-ს, მაგრამ არა რუსეთის ფედერაციას, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებისგან ხელს აიღებდა _ მხოლოდ სიტყვიერად.

მიუხედავად ამისა, 1990-1991 წლებში ბევრი რამ შეიცვალა _ კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მოიპოვეს თავისუფლება, დაიშალა ვარშავის პაქტი და, რაც მთავარია, დაიშალა საბჭოთა კავშირი. შესაბამისად, მომდევნო წლებში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება თავად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა წამოწიეს საკუთარ პრიორიტეტად, რასაც გორბაჩოვისა და შევარდნაძისათვის 1990 წელს მიცემული მხოლოდ სიტყვიერი დაპირება ვეღარ შეაკავებდა.

_ როდის გამოიღებს სანქციები ისეთ შედეგს, რომელიც რუსეთს   შეაჩერებს და უკან დაახევინებს უკრაინიდან?

_ ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების მსგავსი მასშტაბი ბოლოს ირანის წინააღმდეგ გამოიყენა ევროპამ და ამერიკამ, მაგრამ ირანის შემთხვევაშიც კი ასეთი თავბრუდამხვევი სიჩქარით არ მოქმედებდა დასავლეთი და უფრო ეტაპობრივ ღონისძიებებსა და წერტილოვან დარტყმებს იყენებდა.

რუსეთთან მიმართებით მნიშვნელოვანია, იმპორტის ემბარგო დაწესდეს ენერგომატარებლებზე იმისთვის, რომ რუსეთმა გაზისა და ნავთობის გაყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე ვეღარ შეძლოს. რადგან ამ ბაზრებზე მოთხოვნის მხარეს დგანან ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკები, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, დასავლეთიც სიფრთხილით მოეკიდება რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის განულებას, თუმცა განსაკუთრებით ევროპა უკვე ფიქრობს რუსეთის წილის მნიშვნელოვნად შემცირებაზე.

აქედან გამომდინარეობდა გერმანიის სიფრთხილეც იმის თაობაზე, რომ სვიფტიდან სრულად განხორციელებულიყო რუსეთის ჩახსნა, რომლის სანაცვლოდ მოიძებნა კომპრომისული ვარიანტი და სვიფტიდან რუსეთის ყველა ბანკი არ გაითიშა. ჯერ ერთი, სვიფტი საუკეთესო პლატფორმაა ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების მონიტორინგისთვის. გარდა ამისა, სვიფტიდან რუსეთის სრულად გათიშვის შემთხვევაში დასავლეთისთვის გაიზრდება იმის საფრთხე, რომ რუსეთმა დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით ტრანსაქციები განახორციელოს სვიფტის ჩინური კონკურენტის საშუალებით (CIPS – Chinese International Payment System), რომელსაც სრულად აკონტროლებს ჩინეთის სახელმწიფო, ხოლო დასავლეთს და მათ შორის აშშ-ს კონტროლის მექანიზმებზე წვდომა საერთოდ არ გააჩნიათ.

სანქციების სამხედრო-პოლიტიკური ეფექტები დროს მოითხოვს, რომლის ზუსტი პროგნოზი, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რთულია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის ხანგრძლივობაზე. რადგან რუსეთს ბლიტცკრიგი არ გამოუვიდა, დრო უკვე უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, ხოლო ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების სამხედრო-პოლიტიკური შედეგები, დიდი ალბათობით, პუტინისეული რუსეთის დასრულებასთან იქნება დაკავშირებული, რაც არ გამორიცხავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მონაგონი იყოს აღნიშნულის შედეგებთან შედარებით.

_ მოვლეენების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი უახლოეს მომავალში, _ დაკმაყოფილდება დასავლეთი მხოლოდ იარაღის მიწოდებით? აქვს თუ არა კიდევ რაიმე შანსი დიპლომატიას და რაზე იქნება დამოკიდებული, რომ უკრაინის სახელმწიფო გადარჩეს?

_ რა თქმა უნდა, „ერთი წუთით სროლას ერთი წლით მოლაპარაკებები სჯობს“, როგორც ამას ხატოვნად ამბობდა კონრად ადენაუერი. მაგრამ ეს გასროლა უკვე შედგა რუსეთის მიერ, რუსეთ-უკრაინის ომი უკვე შევიდა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებში და გახდა წაუშლელი მოცემულობა. რა სლავურ ან მართლმადიდებლურ ძმობაზეა საერთოდ საუბარი, როცა რუსეთმა კიდევ ერთხელ დაღვარა უკრაინის სისხლი, მაგრამ თავად დაიმატა ჩირქი ხელებზე. შესაბამისად, მხარეებს ხელის ჩამორთმევა, ალბათ, ათწლეულობით გაუჭირდებათ.

ალბათ, ევროპას ექნება სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიცირების მცდელობა, მაგრამ სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი თეთრიჩ სახლის ეზოში დემონსტრაციულად ბრიფინგს არ ჩაატარებს CIA-ს ხელმძღვანელის, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრების გვერდში დგომით, ჩემი აზრით, პუტინისგან საფრთხის განეიტრალებაზე საუბარი ზედმეტია.   

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ უპირველესად თავად უკრაინა შეძლებს თავის დაცვას, რადგან მას დაესხნენ თავს და არა _ პირიქით. დასავლეთი ომში არ ჩაერთვება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ თავის დაცვაში ღირსეულად წარმოაჩინოს საკუთარი თავი.  ოპტიმისტური პროგნოზით, თუ უკრაინა არ დაიღლება თავდაცვით, მას ეს დაუფასდება და, რუსეთის განგრძობადი აგრესიის ფონზე, არ არის გამორიცხული, ჯილდოდ მიმდინარე წლის ივნისში, მადრიდის სამიტზე, ნატომ უკრაინა თავის რიგებში მიიღოს.