„არც ოსები და არც აფხაზები ქართველების მტრები არ არიან“

ირინა მაკარიძე

ექიმი და აქტიური მოქალაქე, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც გარკვეული პერიოდი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხეში გაატარა, აცხადებს, რომ როგორც მას დაუდგა გვერდით საზოგადოება და დაეხმარა განთავისუფლებაში, ასე უნდა დაეხმაროს სხვებსაც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რას მიიჩნევს ქვეყნის მთავარ პრობლემად და რა გზებს ხედავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობის აღსადგენად? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი:

_ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოებრიობის შეგნება არ გაგვაჩნია. გვინდა, რომ ჩვენ ნაცვლად საქვეყნო საქმე ვიღაც ბელადმა გააკეთოს, რაც, სამწუხაროდ, ბოლო 100 წელია, გრძელდება. ხან ბოლშევიკები იყვნენ ჩვენი ბელადები, მერე ზვიადი გავიხადეთ ბელადად, შემდეგ ედიკა, მერე მიშა და ბიძინა. ახლა თუ კიდევ ვიღაც ბელადს ველოდებით, ეს ქვეყანა აღარ იქნება, რუსეთი გადაგვყლაპავს კიდევაც ყოველგვარი წვალების გარეშე.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაშია პრობლემა?
_ რა თქმა უნდა, ვიდრე ჩვენ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ პიროვნებას და არა მის პროგრამას და ვიდრე არ დავიწყებთ იმ პროგრამის შესრულების მოთხოვნას, მანამ ასე ვიქნებით. სამწუხაროდ, არცერთმა მთავრობამ (ზოგს დრო არ მისცეს) არ ან ვერ შეასრულა დანაპირები. როგორც ვხედავთ, პოპულისტური მესიჯები უფრო მუშაობს, ვიდრე რეალური დაპირებები. ალბათ, მთავრობებსაც ურჩევნიათ ჰყავდეთ ისეთი ამომრჩეველი, რომელიც არის ეკონომიკურად გაჭირვებული და განათლების მხრივაც პრობლემა აქვს, რადგან განათლებული და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ადამიანის მართვა ძალიან ძნელია.
_ თუ ხედავთ პოლიტიკურ სპექტრში ისეთ ძალას, რომელიც თქვენს შეხედულებებთან ახლოს არის?
_ სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ასეთ ძალას. დღესდღეობით არის ისეთივე სიტუაცია, როგორც 2012 წელს. მაშინ იყო „ყველა მიშას წინააღმდეგ“, დღეს, ალბათ, იქნება „ყველა ბიძინას წინააღმდეგ“. შემდეგ, ალბათ, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, პარტიას, რომელსაც 10 ხმა აქვს და პარტიას, რომელსაც 1 ხმა აქვს, ორივეს ერთნაირად მოუნდება ქვეყნის ბიუჯეტის შეჭმა. სამწუხაროდ, ეს კარგა ხანი კიდევ იქნება. ერთმანეთში ვერ მოილაპარაკებენ და ერთმანეთს „ჩაუშვებენ“. ალბათ, მოსალოდნელი იქნება, მომავალში, ყოველ წელს თუ არა, ორ წელიწადში ერთხელ, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე პარტია ისევ ძალაუფლების უზურპაცია არ მოახდენს.
_ რას იტყვით ამ ისტორიულ მომენტზე, რომელსაც ახლა გადის საქართველო ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით?
_ სწორად ადარებენ ხოლმე ბიბლიურ ამბავს: მოსემ ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი ატარა, რომ ორი თაობა მაინც გამოცვლილიყო და შემდეგ უკვე სხვა გარემოებაში გაზრდილი ერით მიეღწია სასურველი მიზნისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32 წელი უკვე გასულია, უკრაინის ომმა ეს ტემპი უფრო დააჩქარა, ერთ თვე, ალბათ, ერთ წელიწადს უდრის, ამიტომაც მოსალოდნელია, წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც მოხდეს ეს გარდატეხა. ჩვენი ადგილი არის ევროპაში! საქართველო დღემდე რომ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ევროპისა და აშშ-ის დამსახურებაა. მათი გვერდით დგომით, ასე თუ ისე, გაგვაქვს თავი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად თვითონ არასწორ ნაბიჯებს ვდგამთ, ვვნებთ ჩვენს ქვეყანასა და საკუთარ თავსაც.
_ რას იტყვით ხელისუფლების ქმედებებზე, მის რიტორიკაზე? ეს აახლოებს საქართველოს ევროპასთან თუ პირიქით, ამ შანსს უკარგავს?
_ უნდათ, რომ საქართველო წაიყვანონ რუსეთისკენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ მთავრობა მიდის ამ მიმართულებით. საქართველოს მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ეწინააღმდეგება ამას. სამწუხაროდ, საქართველოს მსოფლიოში წარმოადგენს ხელისუფლება, ის წარმართავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. თუნდაც ის ფაქტი, რომ არცერთ შეხვედრაზე არ ურთიერთობენ უკრაინელებთან, პრეზიდენტი იქნება ეს თუ მინისტრები, როდესაც რიგი არის მათთან შეხვედრაზე, ჩვენები მაქსიმალურად იზოლირებულები არიან, სწორედ ასეთი ქმედება აჩვენებს მათ დამოკიდებულებას. საშუალება რომ ჰქონდეთ, ალბათ, უარესსაც იზამდნენ.
_ თქვენი აზრით, რა მიზეზი აქვს ამას და რა ლოგიკა დევს აგრესორის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნის დადანაშაულებაში, რომ მან ომი ვერ აიცილა?
_ ესეც პროპაგანდის ნაწილია, მიდის თამაში ხალხზე _ „აბა, ომი გინდათ?“ ომი ყველაზე ნაკლებად უნდათ უკრაინელებს. ერთი წელია, ომში არიან, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ხალხი მიიჩნევს, რომ თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოს და იბრძვის კიდეც ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს კიდეც. ალბათ, ყველა შეგნებული ადამიანი მსოფლიოში და განვითარებული ქვეყანა მხარში უდგას უკრაინას. ჩვენ მხარში კი არა, გვერდითაც არ ვუდგებით.
_ როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს მთლიანობის აღდგენას? რამდენად არსებობს შანსი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგის?
_ აფხაზებთან მიმართებით ვერ გეტყვით, არ ვიცი. ოსებთან ძალიან თავისუფლად შეიძლება ამ ურთიერთობის აღდგენა. ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების 80%-ს ქართული გენი აქვს, ისევე როგორც მიმდებარედ, გორის რეგიონსა თუ ქარელის სოფლებში 80% შერეული ოჯახია. ოსი და ქართველი ერთმანეთში არის შერეული. ამდენად, მიმაჩნია, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, ოღონდ ამისთვის ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი. თუ ჩვენი მთავრობა სწორ პოლიტიკას წარმართავს და ეკონომიკური წინსვლა გვექნება, ეს შექმნის გარკვეულ მოტივაციას მათთვის. ოღონდ მხედველობაში არ მაქვს ამ ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან გადმოქაჩული ფულით მიღწეული „ეკონომიკური წარმატება“,ეკონომიკის რეალურ ზრდაზე ვსაუბრობ. ძალიან ძნელია ილაპარაკო ეკონომიკურ წინსვლაზე, როდესაც 3-მილიონ-ნახევრიან ქვეყანაში მილიონ ადამიანამდე გვყავს გაჭირვებული, 230 ათასამდე ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და სახელმწიფო ეხმარება. ამ დროს 330 ათასი სახელმწიფო მოხელე გყავს, იქ უკვე ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, ჩემი და თქვენი საშემოსავლოდან გადახდილი ფულით ინარჩუნებენ ძალაუფლებას. რეალურად, ეს ეკონომიკური ზრდა არ არის, 100 ათასი რუსი რომ ჩამოვიდა და ჩემოდნით ჩამოიტანა ფული, იმიტომ რომ გადარიცხვებს ვერ აკეთებს რუსეთიდან. ღმერთმა არ ქნას და არ აღმოჩნდეს, რომ სანქცირებული საქონლის ტრანზიტში ვიყოთ გარეული, მაშინ უკვე ნამდვილად ღირსი ვიქნებით სანქცირების.
_ სამაჩაბლოში, როგორც ვიცით, რუსეთის სამხედრო ბაზებია და მოსახლეობაც ფინანსურად მასზეა დამოკიდებული. როგორია იქ მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობა?
_ ჩაკეტილია ეს მხარე. ზამთარში როკის გვირაბი დაკეტილია, სერპანტინია ძალიან ცუდი, მოძრაობა არ არის. მე რომ იქ ვიყავი და მათვალიერებინებდნენ ადგილებს, საერთოდ ერთი ახალი სახურავი ვერ ვნახე. ახალი აშენებული იქ არის მხოლოდ რუსული სამხედრო ბაზები, დანარჩენი, არც ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი არ ჰქონდა გამოცვლილი. მიყრუებულია სოფლები. ოსებს იყენებენ ჩვენ დასაშინებლად. იქ მცხოვრები ქართველები, ისევე როგორც ოსები, არიან რუსების მძევლები. არ გეგონოთ, რომ ისინი კარგად არიან.
_ თუ აცნობიერებენ, რეალურად, რა მოხდა ჩვენ შორის?
_ ვინც აზროვნებს, ალბათ, ხვდება, რომ ეს იყო ხაფანგი ორივე მხარისთვის. მე იქ ვისთანაც მქონდა ურთიერთობები, ერთ-ერთი მიყვებოდა, რომ ამ ომის პერიოდში მამამისი აწამეს ქართველებმა, კინაღამ მოკლეს… ამის მიუხედავად, შემდეგ რუსეთში როდესაც სწავლობდა, ქართველთან ერთად ცხოვრობდა და მასთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, რომ ერთმანეთის გარეშე საჭმელს არ ჭამდნენ. ანუ მიუხედავად მძიმე წარსულისა, შესაძლებელია საერთო ენის გამოძებნა. რუსეთის ჯარიც იქ იმიტომ დგას, რომ ქართველსა და ოსს არ ჰქონდეთ ურთიერთშეხება. იქ საოკუპაციო ხაზს აკონტროლებს მარტო რუსი. ოსებს იქ არ უშვებენ, მათ სპეციალური საშვი სჭირდებათ იმ ზონაში შესასვლელად. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების მონაცემებითაც, დარღვევების 60% მოდის ცხინვალის რეგიონიდან აქეთ გადმოსვლის მცდელობებზე.
_ თქვენ 2019 წელს იყავით გადასული, რის შემდეგაც დაგაკავეს, თუმცა მაინც ბუნდოვანი დარჩა, რას უკავშირდებოდა თქვენი გადასვლა. რას იტყვით ამდენი ხნის შემდეგ, მანამდე გქონდათ შეხება ამ მხარესთან?
_ სანიტარიული ავიაცია იყო საბჭოთა კავშირის დროს და 1987 წელს ვიყავი სამხრეთ ოსეთში გადასული, მას შემდეგ პირველად იყო, როდესაც 2019 წელს შევედი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თუმცა ურთიერთობები მქონდა როგორც ცხინვალში, ასევე ვლადიკავკასში ჩემს პაციენტებთან. როდესაც დამაკავეს, იყვნენ ძალიან გაკვირვებულები. უკვირდათ, რა მინდოდა იქ, ვერ მიხვდნენ, ისევე როგორც, სამწუხაროდ, ვერც აქ მიხვდნენ, რა მინდოდა. იქ, ძირითადად, ტყვედ აჰყავთ რეგიონში მცხოვრებლები, რომლებიც მიწას ამუშავებენ ან ნახირის გადმოსაყვანად გადადიან. იქით შეგნებულად გადასვლის თითქმის არცერთი შემთხვევა მანამდე არ ყოფილა. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია. მიმაჩნდა, ახლაც მიმაჩნია და მომავალშიც მივიჩნევ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა 1991 წლის აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ტერიტორია ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ, ყველა საშუალებით გვაქვს დაცვის უფლება. რა თქმა უნდა, სჯობს, მშვიდობიანად თუ იქნება ეს შესაძლებელი. სხვანაირად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალა არ გაგვაჩნია და მეორეც, ისინი არ არიან ჩვენი მტრები. არც ოსები და არც აფხაზები ქართველების მტრები არ არიან. ჩვენი დაპირისპირება არის რუსეთის იმპერიის მზაკვრული გეგმა, რომელსაც, სამწუხაროდ, აყვნენ როგორც იქით, ასევე აქეთ.
_ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად დაიწყო აზრის გავრცელება, რომ რუსეთთან სწორი, გონივრული პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს?
_ სხვათა შორის, ჩემი მშობლები ისტორიკოსები იყვნენ და ისტორიას კარგად მასწავლიდნენ. ისტორიას არ ახსოვს, რომ რუსეთს მშვიდობიანად დაეთმოს რომელიმე ტერიტორია. რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ჩვენ ვიქნებით გამონაკლისები? რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს იმდენად არ არის პრობლემა, რამდენადაც ის, თუ ვინ ჩამოყვება ამ თვითმფრინავებს. როდესაც არსებობს ოკუპაციის კანონი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ეს კანონები თუ გატარდება სწორად, თვითონ არ ჩამოვლენ აქ. ყველა, ვინც იყო 2008 წელს რუსეთის დუმის დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ცხადია, ისინი საქართველოს მტრები არიან, ასევე სამხედროები, პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, რომლებიც იზიარებენ ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკას.
_ არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისეთივე მუშაობა, ისეთივე ინტერესი ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, როგორიც ეს იყო თუნდაც აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის დასაბრუნებლად?
_ კი, როგორ არ მუშაობს, „ძალიან კარგად მუშაობს“ ეს მთავრობა, ირაკლი ბებუა უკვე მესამე წელია, აფხაზეთის ციხეშია და არაფერი კეთდება მის გამოსაყვანად. ცხინვალის ციხეში კიდევ 6 ქართველი პატიმარია. „ოცნების“ დევიზია: მთავარია, არ გააბრაზონ, არ გააღიზიანონ რუსეთი.
_ სოციალურ ქსელებში მიდის პროპაგანდა, რომ ევროკავშირში შესვლა საბოლოოდ დააკარგვინებს საქართველოს ამ რეგიონებს, ამიტომ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, რას იტყვით ამაზე?
_ არადა, პირიქითაა. საქართველო ევროკავშირთან რომ გაერთიანდება, მაშინ დამყარდება კანონის უზენაესობა ქვეყანაში. ეს კი არის ის საფუძველი, რაზედაც შეიძლება ყველაფერი კარგი დააშენო. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უნდა გვყავდეს ძლიერი მეგობრები, რომელთა მხარდაჭერის იმედი გვექნება. ასე შევძლებთ ამ ტერიტორიების ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაბრუნებას, მით უმეტეს, ახლა სიტუაცია განსხვავებულია. აფხაზეთიც და ოსეთიც იყო რუსეთის დოტაციებზე, ცხინვალის რეგიონი მით უმეტეს, აბსოლუტურად არაფერი იქმნება იქ, არაფერი არ მუშაობს, ყველაფერი შედის ჩრდილოეთ კავკასიიდან. შესულ პროდუქციას კიდევ მეტი გადასახადი ემატება და კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ბრძოლა ცხინვალის რეგიონში მიდის იმაზე, თუ ვინ იქნება თავში და 4 თუ 5 მილიარდი რუბლიდან ვინ უფრო მეტს მოქაფავს.
_ თქვენ აქტიური მოქალაქე ხართ, ხშირად დადიხართ აქციებზე, რა არის თქვენი პოზიცია და თქვენი მოტივაცია?
_ თავს ვალდებულად მივიჩნევ ამ საზოგადოების წინაშე, რადგანაც საზოგადოებამ მე დამიხსნა რუსეთის კლანჭებისგან. ვალში ვარ ამ საზოგადოების წინაშე. მოვალე ვარ, რომ დავეხმარო სხვას, ვიყო სამართლიანობის მხარეს. ეს არის ჩემი პოზიცია და არა ის, რომ მინდა პოლიტიკოსობა. მე რომ შემეძლოს, პოლიციის ყველა იმ სამმართველოს უფროსს, რომელმაც პოლიციელი გაუშვა მიტინგის დასარბევად და სამხრე კამერა არ უმუშავებდა, გავათავისუფლებდი სამსახურიდან, რადგან ეს არის ზუსტაც პოლიციელის დაცვის საშუალება. პოლიციელის აღჭურვილობის ჩამონათვალში არის სამხრე კამერაც, როდესაც ის მიდის თავისი მოვალეობის შესასრულებლად და არ უმუშავებს კამერა, ეს არის დარღვევა. ვხედავთ, რომ ყველა დაკავების შემთხვევაში ვიდეოკამერა გამორთულია. მე რომ მოსამართლე ვიყო, არც ერთ იმ საქმეს არ განვიხილავდი, რომელსაც არ ახლავს დაკავების ვიდეოჩანაწერი.
_ რას იტყვით ოპოზიციაზე, როგორ უნდა შეძლოს შეცვალოს ხელისუფლება? ან უნდა შეცვალოს თუ არა?
_ რა თქმა უნდა, არჩევნებით, რომელიც უნდა ჩატარდეს ყოველგვარი გაყალბების გარეშე. თუ გაიმარჯვებს „ოცნება“ გაყალბების გარეშე, დაველოდები შემდეგ არჩევნებს. არ ვარ ძალადობის მომხრე. ოპოზიციას არ გავაკრიტიკებ, რადგან ეს იქნება „ოცნების“ ხაზის გატარება. მათი გზავნილი ესაა, რომ კი, ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ოპოზიცია უფრო ცუდია. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვაპირებ. კი ამბობენ ჩემზე „ნაციაო“, მაგრამ „ნაცი“ არ ვარ, ნაციხარი _ კი. ახლა თუ ცოტა აქტიური ადამიანი ხარ, სირცხვილიც კი არის, დანაჭერი თუ არ ხარ.