„ეს გამარჯვების პირველი ეტაპია“

თამარ სანაძე

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის ინიციატივა მიიღო, რასაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოყვა _ როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე სხვადასხვა სფეროში ცნობილი ადამიანების მხრიდან.

7-9 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი, დააკავეს ათეულობით ახალგაზრდა, თუმცა პროტესტი არ ჩამცხრალა.
საპროტესტო აქციებს დაერთო ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდამჭერი განცხადებები აქციის მონაწილეების მიმართ.
მასშტაბურ პროტესტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი:
„როდესაც საუბარია იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის გვერდით მთელ მსოფლიოში, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით, რაც გულისხმობს თავისუფლად შეკრებას, მშვიდობიან პროტესტს, გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობს თავიანთი უნივერსალური უფლებით.
როდესაც საუბარია ამ კანონპროექტზე, ეს კითხვა უკვე საქართველოს ხელისუფლებისთვის არის. ჩვენ ამ საკითხზე შეხედულება ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით და გამოვხატეთ როგორც ათწლეულების განმავლობაში პარტნიორებმა, რომელიც დაეხმარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ფაზაში დემოკრატიის, ეკონომიკის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების კონსოლიდაციაში.
ჩვენ გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, როდესაც შევძლებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას. მთელ მსოფლიოში არიან ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ამ შეშფოთებას ევროკავშირიდან, გაეროდან. თუმცა ყველაზე მეტად ეს არის ხმები თავად საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ ძლიერი პროტესტი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ აქტორებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლეგიტიმურად არიან შეშფოთებულები ამ კანონებით, რომ ის ხელს შეუშლის და შეაფერხებს მათ შესაძლებლობას, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით“, _ განაცხადა ნედ პრაისმა.
პროტესტმა და უშიშარმა ბრძოლამ შედეგი ამოიღო. დეპუტატებმა კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ საზოგადოების უმწვავესი რეაქციისა და დემონსტრაციების შემდეგ, მისი გაწვევა გადაწყვიტეს და 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდეს. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც.

საპროტესტო აქციებზე, უმწვავეს ბრძოლასა და ამ ბრძოლის შედეგებზე გაზეთ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მუმლაძემ. ის აქციაზე მძიმედ დაშავდა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია:

_ ბატონო გიორგი, თქვენ საპროტესტო აქციაზე დაშავდით. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მძიმე დაზიანებები მიიღეთ, მათ შორის, დამწვრობაც. როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
_ ახლა შედარებით უკეთ ვარ. აქციებზე მივიღე პირველი ხარისხის დამწვრობა. დავშავდი, როდესაც დაიწყეს წიწაკის სპრეის გამოყენება და დაკავებები. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გაუშვეს წიწაკის სპრეი. ამის შედეგად მივიღე დამწვრობა. ისინი ძალადობდნენ ჩვენზე, აქციის მონაწილეებზე, ისროდნენ საგნებსაც, გვისწორდებოდნენ ფიზიკურად დაკავებისას და გონებაც დავკარგე, _ მომახრჩვეს დაკავებისას, ამის კადრებიც არის. ბოლო მომენტში პოლიციამ ძალა გამოიყენა და ასეთ ვითარებაში დამაკავეს. ამ დროს სხვადასხვა დაზიანება მივიღე, თუმცა ახლა უკეთესად ვარ.
_ ვისაუბროთ პროტესტზე ფართო ჭრილში: დასრულდა ბრძოლის ერთი ეტაპი, როდესას პროტესტის ამ დღეებს აჯამებთ, რას ფიქრობთ? რა მოხდა, რა შედეგი დაიდო?
_ პირველ რიგში, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი დაიმსხვრა. მეორე: ხალხს, ახალგაზრდებს და ყველას დაუბრუნდათ რწმენა, რომ თუკი ისინი იბრძოლებენ, გამოუვათ ყველაფერი. მათ შორის სურათი შეიცვალა ბრძოლის ფორმასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ესმის მხოლოდ ძალის ენა. როდესაც ისინი ძალადობენ, შენ არ უნდა გაიქცე. პირიქით, წინ უნდა დაუდგე, ეს არის შენი კონსტიტუციური უფლება, შენ უნდა იბრძოლო შენი უფლებებისთვის.
როდესაც საკუთარ უფლებებს იცავ, ისე როგორც საჭიროა, მაშინვე იწყებენ უკან დახევას.
ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს ესმის მხოლოდ ქუჩის ენა, მას ესმის მხოლოდ პროტესტის ენა და ვნახეთ კიდეც, რომ 48 საათიც არ იყო გასული საროტესტო აქციების დაწყებიდან და თავისივე „პრინციპული პოზიცია“ როგორ უარყვეს. ყველამ ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცნენ „ქართული ოცნების“ ეს მონები. ეს რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.
ჩვენ, ქართველმა ხალმა, ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ისეთი დიდი ღირებულებებისკენ სვლა, როგორიცაა ევროპული გზა. ვიფიქროთ, საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ევროპული არჩევანისთვის ბრრძოლის ნაწილში ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის, რუსული რეჟიმი, რომელიც ახლა გვმართავს.
ეს არის საეტაპო გამარჯვება, პირველი ეტაპი. საბოლოო გამარჯვება კი იქნება ამ ხელისუფლების შეცვლა. ეს არის მთავარი გასაღები, რომ შესრულდეს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დადგენილი. მისი ზედმიწევნით შესრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ჯერ კანდიდატის სტატუსს და შემდეგ წავალთ ევროკავშირისკენ. პირველ ეტაპზე ამ ბრძოლამ მოიტანა ის, რომ რწმენა გამყარდა. ხალხმა ბრძოლის მეთოდები დაინახა, ყველამ დაინახა, რომ სამშობლოსთვის წინააღმდეგობასა და ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ გამარჯვება გაფორმდება მაშინ, როდესაც ეს რუსული რეჟმი საქართველოს სრულად ჩამოშორდება და ის მონები, რომლებიც ასრულებენ კრემლის დავალებებს, საბოლოოდ მოშორდებიან პოლიტიკურ პროცესებს.
_ რუსეთი ის საკითხია, რომელიც აერთიანებს ყველას და რომლის წინააღმდეგაც ირაზმება დიდი თუ პატარა. როგორ ფიქრობთ, ხალხისთვის რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს აქციების მიღმა?
_ საბოლოო ჯამში, როცა საბრძოლველია ქვეყნისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ყველა უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში. ადამიანებმა თანასწორობა უნდა შეიგრძნონ, პოლიტიკოსები კი რიგით მოქალაქეებს გვერდით დაუდგნენ, ყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით. ახლა არის ბრძოლის მომენტი, რომლის დროსაც ბრძოლის მაგალითი უნდა აჩვენონ პოლიტიკოსებმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ადამიანები გულწრფელად გამოვიდნენ, ისინი ჩაგრულის მხარეს დადგნენ, დაინახეს სპეცრაზმის საქციელი, როგორ იყენებდა ძალას იგი დემონსტრანტების მიმართ და ადამიანები გამწარდნენ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, იმიტომ რომ ჩაგვრას ვერ იტანს ჩვენი ხალხი, _ როდესაც საკუთარ ხალხს სცემ და ძალადობ ეს ვეღარ აიტანა ხალხმა. ამიტომ, საბოლოოდ, ბუნებრივად მიდის საკითხი იქითკენ, რომ პოლიტიკოსებმა მეტად უნდა იკონტაქტონ ხალხთან, მეტი უნდა მოუსმინონ და ხალხსაც მეტად დააინტერესებს ისინი და ნდობაც გაუჩნდება. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთობლივად ისეთი პლატფორმა, ისეთი საჯარო დღის წესრიგი, რომელიც ევროინტეგრაციის გზას დააჩქარებს. სახელმწიფოსთვის ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც გენერლები, ისე რიგითები ამ ბრძოლაში. არავინ ვინმეს უფროსი არ არის, ყველა უნდა ჩაერთოს როცესებში. სამშობლოსთვის ერთიანი ბრძოლა გამოიღებს შედეგს.
_ პოლიტიკურ პარტიებზეც ვისაუბროთ: ძალიან დიდი ხანია, პრობლემებია მათი ნდობის მხრივ. აქციებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ გახდნენ წამყვანები ამ პროცესების კუთხით. როგორ ფიქრობთ, ახლა მიეცა ახალი შესაძლებლობა ოპოზიციას, რომ გამოასწოროს მდგომარეობა და აღიდგინოს, მოიპოვოს ნდობა და დაამყაროს კონტაქტი საზოგადოებასთან?
_ არის საკითხები, როდესაც პარტიებს არ სჭირდებათ ვინმესთვის დაძახება. პარტიებს გვაქვს პრობლემები, ბუნებრივია. ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს იმით, რომ პარტიებმა მეტი უნდა ვიმუშავოთ ხალხთან, მეტი ღიაობაა საჭირო და სანდოობის მეტი ელემენტია საჭირო. ეს ელემენტები ყველგან უნდა გაჩნდეს და როცა ასეთი პრობლემები მოგვარდება, ხალხი ჩვენ დაგვიდგება გვერდით, ჩვენი ნდობა ექნება და ერთიანობა გაჩნდება ყველგან, სადაც ბრძოლა იქნება საჭირო, სადაც ქვეყნის ინტერესების დაცვა გახდება აუცილებელი და სადაც იქნება რუსეთის დამარცხების რეალური შანსი.
ეს პროცესები ერთი ეტაპია და დიდწილად ჩვენ ამით უნდა ვისწავლოთ რაღაცები, ამან გვაჩვენა ყველა პოლიტიკოსს, რომ გარკვეულ საკითხებზე უფრო მეტია სამუშაო. ბუნებრივია, ის პოლიტიკოსები, რომლებიც იქ იდგნენ და მათთან ერთად იბრძოდნენ ამ ხალხისთვის, უკვე მოკავშირეები არიან, ყველა აქ ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამბავია.
საბრძოლველი იყო და ერთად ვიბრძოდით ყველა, პოლიტიკოსებიც და მოქალაქეებიც ერთად იდგნენ, ყველა ერთად იდგა, როცა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს, გადაეფარნენ ჭავლს, ერთად ვიყავით.
_ როგორ ფიქრობთ, ეს არის იმ ტიპის გამარჯვება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი წელში გატეხა?
_ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტის შემდეგ როგორ წარვმართავთ როცესებს. ვფიქრობ, ეს ათვლის წერტილია. კრიზისი ცალსახაა, მორალურად ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი უკვე ყველამ დაინახა, რომ აშკარა რუსები არიან, მათ საქმეს აკეთებენ. ახლა ძალიან ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული.
ამ ბრძოლების შედეგს ველოდები და ეს იქნება ხელისუფლების შეცვლა, კოალიციური ხელისუფლების მოსვლა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება ორიენტირებული ქვეყნის ევროინტეგრაციასა და საქართველოს განვითარებაზე.