რატომ არ ადგენს ხელისუფლება გარემოვაჭრეებისთვის განსაზღვრულ წესებს?!

z1

 

გარევაჭრობა დღემდე ყველა ხელისუფლების თავსატეხად რჩება. ტროტუარებსა თუ მეტროს შესასვლელში სახელდახელოდ მოწყობილი სავაჭრო დახლები და ფარდულები გამვლელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამას ემატება დანაგვიანებული ქუჩები, ანტისანიტარია და ქალაქის დამახინჯებული იერსახე. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა და სიღატაკეა, გარემოვაჭრეობის აკრძალვა ათეულობით ათას ადამიანს ულუკმაპუროდ ტოვებს.

 

„ქრონიკა+“-ს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება:

_ სამწუხაროდ, ერთ-ერთ დაუცველ ფენას, გარემოვაჭრეებს, ხელისუფლება ისევ ემუქრება. დაუცველობა კი ნიშნავს იმას, რომ თუ მათ მოერევიან, შემდგომში სხვა ჯგუფის წარმომადგენლებსაც ასევე მოეპყრობიან. საქმე ეხება, ერთი მხრივ, ბიზნესის მონოპოლიზაციის მცდელობას გარემოვაჭრეთა სიცოცხლის ხარჯზე, ხოლო, მეორე მხრივ, საკმაოდ არასასიამოვნოდ დასანახი რეალობის ფონად გამოყენებას, რომელიც გარევაჭრობას ახლავს. თუმცა ეს ფორმები არ არის გამოწვეული გარემოვაჭრეთა არაორგანიზებულობით, არამედ იმით, რომ სახელმწიფომ ამ სფეროში გარკვეული წესების დადგენა შეგნებულად არ ისურვა. როდესაც გარევაჭრობა არ რეგულირდება, ვიზუალური თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს და შემდგომ სახელმწიფო ადვილად იღებს გადაწყვეტილებას ამ ადგილებიდან მათ გასაძევებლად. ეს საჭიროება ჩნდება ყველა ხელისუფლების დროს. გვახსოვს 2010 წელი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებთან დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა, რადგან მათი ძირითადი მიზანი საკუთარი ბიზნესის წარმოება იყო ამ ადამიანების ოჯახების განადგურების ხარჯზე. გახსოვთ, რომ ჯიხურების ქსელი გააკეთეს, რომელიც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ადამიანებს ეკუთვნოდა. ამ ქსელის განვითრებას კი გარემოვაჭრეები ხელს უშლიდნენ და უნდოდათ, ეს ადამიანები ჩაენაცვლებინათ. ამ დროს, საქართველოს მასშტაბით, 5-დან 10 ათასამდე ოჯახი არსებობს მხოლოდ გარევაჭრობის ხარჯზე, მათ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სოციალური გარანტიებით და ამ გზით ირჩენენ თავს. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ვიბძროლეთ, ამის გამო ფიზიკურადაც დავზარალდი.

გარევაჭრობა მთელ მსოფლიოში არსებობს, მას დადგენილი წესები და ფორმები აქვს, რომელიც ხშირად მიმზიდველიც კი არის. სპეციალურად მოვიძიე და ფოტოკოლექციაც კი შევქმენი დაწყებული სკანდინავიიდან, დასრულებული „თეთრი სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა სამართლებივი ფორმით ხორციელდება გარევაჭრობა. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ჩარჩოების დადგენა არ ისურვა, ჩვენი მომზადებული პროექტი არც მაშინ მიიღო და არც _ ახლა. ხელისუფლებამ დღემდე სტიქიური სახით შეინარჩუნა გარევაჭრობა, ამით მოვაჭრეთა გული მოიგო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათაც გაეხსნათ მადა და გადაწყვიტეს, სააკაშვილის ხელისუფლების არ იყოს, გარემოვაჭრეთა შიმშილობისთვის გაწირვის ხარჯზე ბიზნესის წარმოება. ამაზე მეტყველებს მერიის წარმომადეგენლთა და ნარმანიას განცხადებები, რომ თურმე გარევაჭრობა რეგულირდება, მაგრამ ამ რეგულირებაში იგულისმება მათი იძულებით გადაყვანა ბაზრობებზე. ვის ხელშია ბაზრობები და მსხვილი სავაჭრო ობიექტები? გასაგებია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისა და თავად ხელისუფლების წარმომადგენლების. რადგან ბაზრობებზე გადასახადები ძალიან მაღალია და მცირე საქონლით მოვაჭრეები ვერ იხდიან, არც შედიან.

_ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი?

_ მაგალითები მინდა მოგიყვანოთ, რომელიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. ხელისუფლება აცხადებდა, რომ გარევაჭრობა უნდა გაუქმდეს და ამ ადამიანებს სთავაზობდნენ ბაზრობებზე გადაყვანას, მაგრამ ყოველგვარი შეთავაზების გარეშე. პირველი თავდასხმა განხორციელდა „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მერე ტურისტებისთვის განკუთვნილი საქონლით მოვაჭრეებსაც კი შეუტიეს იმ დროს, როცა ეს მთელ მსოფლიოში გარევაჭრობის სახით ხორციელდება. რიყის ტერიტორიიდან განდევნეს ყველა მოვაჭრე და განუცხადეს, რომ იქ მათი ადგილი არ იყო და ამ ადამიანებს ტურისტებთან შეხება არ უნდა ჰქონოდათ, მათ ნაცვლად კი ვაჭრობა უნდა დაეწყო გაურკვეველი კომპანიის წარმომადგენლებს. როგორც ვიცი, ეს კომპანია ჯერ არ შესულა ამ სივრცეში, მაგრამ მოასუფთავეს და რიყის პარკის სახით ადგილს ამზადებენ. თუ საშუალება მიეცათ, შესაძლებელია, ქუჩის ვაჭრობის სეგმენტიც მალე აღმოჩნდეს ოლიგარქიული სახელისუფლებო ბიზნესწრეების მართვის ქვეშ, მათ შორის, ტურისტული. ეს არ არის ცალკეული ფაქტები, მაგრამ გამოიკეთა, რომ გარემოვაჭრეები ხელს უშლიან ხელისუფლებას საკუთარი კორუფციული ინტერესების განხორციელებისთვის. მმართველ ძალას ურჩევნია, რომ კომერციული საქმიანობის აბსოლუტურად ყველა სეგმენტი მათ ხელში იყოს და ცდილობს, ხალხს საბოლოო ლუკმაც ხელიდან გამოგლიჯოს. იგივე წერეზე ვტრიალებთ.

რაც შეეხება რეგულაციებს, ჩვენი მიდგომა სხვანაირია: ყოვლად დაუშვებელია გარევაჭრობასთან და ნებიმისერ წვრილ საქმიანობასთან ბრძოლა, თუნდაც მის ადგილზე ინვესტორის შემოყვანა. გარევაჭრობისას უნდა დადგინდეს კონკრეტული წესები და დარეგულირდეს მისი დაცვა-ზედამხედველობა, სახელმწიფოს მეტი არაფერი ესაქმება ამ სფეროში. ყოვლად დაუშვებელია გარევაჭრობის გამსხვილება.

გარევაჭრობა არ არის ველურობა, კანონის ფარგლებში მისაღწევია ცივილიზებული საქმიანობა, რომელიც ბევრ ადამიანს, მათ შორის, მომხმარებელს ძალიან აწყობს იმიტომ, რომ რაც მეტია გამყიდველი, მით დაბალია პროდუქციის ფასი და მაღალია ხარისხი, მაგრამ ეს არ აწყობთ ოლიგარქიული ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩემს კანონპროექტში გათვალისწინებულია 3 ძირითადი მიმართულება, რომელიც გარკვეულ წესებს გულისხმობს სანიტარიული თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ვიზუალური მხარის დაწესებას თვითმმართველობის მხრიდან, დახლების იერსახეს, რომელიც შეიძლება თვითმმართველობის კონკრეტულ სტანდარტს განესაზღვრა, ასევე დადგენილი იყო სივრცითი განაწილება. კანონპროექტი ადგენდა იმ წესებს, რომელიც უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, გარემოვაჭრეთა სასიცოცხლო საშუალებას, მეორე მხრივ, მათ არ შეეშალათ ხელი სხვა ადამიანებისთვის გადაადგილებაში და მოწესრიგებული ყოფილიყო სანიტარიული მხარე. ერთადერთი საკამათო საკითხი იყო, ხომ არ მოაქცევდა გარემოვაჭრეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ბაზრობებთან და მაღაზიებთან მიმართებით? ესეც გავითვალისწინეთ და მასში ჩადებული იყო გარკვეული შეზღუდვები: გარევაჭრობის კატეგორიაში უნდა ყოფილიყო მცირე საქონელი და შესაძლებელი იყო დარეგულირებულიყო დახლის მოცულობით.

_ რა ბედი ეწია პარლამენტში ამ კანონპროექტს?

_ წინა ხელისუფლების პერიოდში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კანონპროექტი ვერ დაიწუნა, რადგან მართლაც მაღალი ხარისხის იყო, მაგრამ ისინი არ მიიჩნევდნენ საჭიროდ, ეს საკითხი კანონის დონეზე მოგვარებულიყო. მათი აზრით, მერიას ან რაიონის გამგეობას თვითონ უნდა გადაეწყვიტა. რადგან პარლამენტმა უარი გვითხრა, თბილისის საკრებულოში განხილვასაც კი ვერ მივაღწიეთ. აქციებიც გავმართეთ, ხელმოწერებიც შევაგროვეთ, მაგრამ ამაოდ. მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოვახერხე, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ჩემი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოისმინა, პირველი მოსმენით მოიწონა და შემდგომ ეს საკითხი გია ჟორჟოლიანს დაევალა, რომელთანაც რამდენიმე საქმიანი შეხვედრა მქონდა, კანონპროექტი დავამუშავეთ, მეორე მოსმენაზე უნდა გასულიყო, თუმცა უსასრულოდ გაიწელა და პარლამენტმა, რომელმაც ყველაფრისთვის მოიცალა, მათ შორის, ბუსუსებიანი პრეზერვატივებისთვის, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის ვერ მოიცალა. ეს არის 10 000-მდე ოჯახის საარსებო წყარო! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება, რადგან თუ გარევაჭრობა დარეგულირდება და არ აიკრძალება, ამ შემთხვევაში მათ აღარ დარჩებათ საშუალება, რომ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ იბრძოლონ და საკუთარი ბიზნესი მათი მოშთობის ხარჯზე აკეთონ.

 

„ქრონიკა+“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაუკავშირდა:

ზურაბ ტყემელაძე _ კომიტეტის თავმჯდომარე:

_ დიახ, გიდასტურებთ, რომ ჩვენს კომიტეტში შემოსულია კანონპროექტი გარევაჭრობის შესახებ. ამ საკითხზე გია ჟორჟოლიანი მუშაობდა, რომელიც ჩვენი კომიტეტის წევრი იყო და მას დაუსვით კითხვები. ის მუშაობდა და მის ნაცვლად ხომ არ ვილაპარაკებ?!

 

პაატა კვიჟინაძე _ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

_ ამ კანონპროექტის შესახებ არაფერი ვიცი. საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ და ახლა იქ ვიმყოფები. პარლამენტი სექტემბერში გააგრძელებს მუშაობას და მერე ვნახავ.

 

თეიმურაზ მაისურაძე:

_ ჩვენს კომიტეტში პირადად მე ეს კანონპროექტი არ მინახავს. ზოგადად, გარევაჭრობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ცივილიზებული სახით ეს მთელ მსოფლიოში არსებობს და არ იქნება ურიგო, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული წესებით. აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ცივილიზებულ ქვეყნებში გარევაჭრობა დაშვებულია და თუ ჩვენ ამის პრეტენზია გვაქვს, საქართველოშიც უნდა იყოს დაშვებული. თუ ვიღაცის ბიზნესინტერესები იკვეთება და მათ არ სურთ, ეს სხვა თემაა. ყველა ქვეყანაში ცივილიზებული გარევაჭრობა მიღებულია და ყველგან მუშაობს, ასე რომ, ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის.

 

გოგი თოფაძე:

_ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გარევაჭრობის საკითხი ცივილიზებული ფორმებით არის მოგვარებული. ის არც გერმანიაშია აკრძალული, არც საფრანგეთში და არც სხვა ქვეყანაში, ჩვენც ცოტა ცივილიზებული მეთოდებით უნდა გავაკეთოთ, მოვაწყოთ, კონტროლი უნდა ჩავატაროთ და ა. შ. ისედაც ხალხი დიდი პრობლემის წინაშე დგას, დაუსაქმებელია და არ მიმაჩნია სწორად, რომ გარევაჭრობა გაუქმდეს. ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერ იმ პირობით, რომ დაევალოს მოვაჭრეს ან მერიის შესაბამის სამსახურს, ნორმალური სახე მიეცეს, არ იყოს ანტისანიტარია და გარეგნული ფორმებიც მოწესრიგდეს.

„ქრონიკა+“-ის სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხეს კომიტეტის წევრებმა: გია ჟოჟოლიანმა, ზურაბ აბაშიძემ, ლევან ბეჟაშვილმა, მიხეილ მაჭავარიანმა და გელა სამხარაულმა.

„ქრონიკა+“ თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, დიდი ხანია საკრებულოში გარევაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ უმსჯელიათ და ამ ეტაპზე არც რაიმე განსახილველი წინადადებაა შესული.

 

                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი