მამუკა ნოზაძე: ,,სტურუამ გაბედა და წერილი დატოვა!”

m1

ადვოკატი მამუკა ნოზაძე მოსამართლეთა და პოლიციელთა შეხმატკბილებულ დარღვევებზე საუბრობს და მათ ტანდემს ამხელს.

 

მამუკა ნოზაძე:

_ მოსამართლეთა გადაწყვეტილებები რიგითმა ადამიანმა რომ ნახოს, ისიც მიხვდება, რომ ისინი ერთმანეთის ასლია და მასში მხოლოდ სახელი, გვარი და ფაქტობრივი გარემოებებია შეცვლილი. ამ სისტემაში საერთაშორისო ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებითაც პრობლემაა, რადგან ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნილები არიან. წინათ ბევრი მოსამართლისთვის არ იყო ცნობილი და მისაღები საერთაშორისო, ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, იქაური საერთაშორისო ნორმები. საქმე ის არის, რომ საერთაშიროსო ნორმებსა და შეთანხმებებს უპირატესი ძალა აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუმცა მოსამართლეები კონსტიტუციასაც არ იყენებდნენ გადაწყვეტილებების მიღებისას. ბოლო პერიოდში კი ყველაფერი უკიდურესობამდეა შეცვლილი. ახლა უთითებენ კონვენციებსა და ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ზოგჯერ ეს მითითებული გადაწყვეტილებები აცდენილია დავის საგანს. ამის გამო ფრიად კომიკური სიტუაციები იქმნება.

ტრენინგებზე მოსამართლეები კონკრეტულ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ჩაიწერენ და ყველა გადაწყვეტილებაში ამას უთითებენ. არ დაგიდევენ, ეს გადაწყვეტილება არის თუ არა შესაბამისობაში კონკრეტულ სარჩელთან? 20-25-გვერდიან გადაწყვეტილებებში ტყუილი ლაპარაკია და მოსამართლის სამართლებრივი ნააზრევი მასში არ ჩანს.

_ კონკრეტული ფაქტების დასახელება შეგიძლიათ?

_ ამგვარი სიტუაცია იქმნება როგორც მხოლოდ ადმინისტრაციული სარჩელების წერის დროს, ასევე სამოქალაქო საქმეების დროსაც. სამოქალაქო დავებში, ადმინისტრაციულისგან განსხვავებით, მოსამართლე პირდაპირ ამბობს უარს დავის განხილვასა და მის წარმოებაში მიღებაზე, სადაც ყველა კონვენციას უთითებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი კოპალიანისა და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის საქმეები, კარგა ხანია, საქილიკოდ იქცა. ისინი მოკლედ კი არ წერენ, რატომ არ მიიღო წარმოებაში სარჩელი, რა შეცდომა ჰქონდა სარჩელის ავტორს, რა დოკუმენტი ვერ წარადგინა, ან ვერ მიუთითა, არამედ ჩამოთვლილია ყველა კონვენცია, მათ შორის, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული. რაც კი მსოფლიოში კონვენცია არსებობს და რატიფიცირებულია, ზოგადად ყველას უთითებენ. ეს მარაზმი და აბსურდია. არადა, ამდენი ლაი-ლაი სულაც არ არის საჭირო და საკმარისია, რომ მხარეს ლაკონიურად, ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე მიუთითო, თუ რატომ არ მიიღო მოსამართლემ სარჩელი.

ევროკონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზრუნველყოფს, მოიცავს იმასაც, რომ მხარისათვის მართლმსაჯულება და სამართალწარმოება გასაგები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სულაც არ არის საჭირო კალკირება და ყველა საერთაშიროსო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ჩადება. ეს პრობლებაა.

იყო ასეთი საქმე: მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ეს პიროვნება ციხეში არასათანადო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა და საქართველოს სასამართლოებმა მისი მეუღლის სარჩელი დააკმაყოფილეს _ ერთ-ერთ სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. პარალელურად, ევროპული სასამართლოს განხილვის შემდეგ მის საქმეზე მორიგება გაფორმდა და საქართველოს მთავრობამ კომპენსაცია გადაუხადა. რამდენიმე კვირის წინათ იხილებოდა დენის ყვარელაშვილის საქმე, რომელიც ციხეში მოკლეს, ასევე არასათანადო მკურნალობის შედეგად. ევროსასამართლოში ამ საქმეზე საქართველოს მთავრობამ ცალმხრივი დეკლარაცია გაგზავნა და ამ საქმის საჩივარი საქმეთა სიიდან ამოირიცხა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა და ყვარელაშვილის ოჯახს უთხრა, _ კომპენსაცია არ გეკუთვნით, რადგან უკვე მიიღეთო. ამ დროს სულ სხვა რამ განიხილა ევროსასამართლომ და ქართულ სასამართლოში სხვა დავის საგანი განიხილებოდა. ანალოგიური მოხდა შალვა დოლიძესთან დაკავშირებითაც. იგი მის შვილთან, ვლადი დოლიძესთან ერთად დაიჭირეს და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება თავად უწევდა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ნებისმიერ დაპატიმრებულ პირს უმკურნალოს და მასზე ნებისმიერი ხარჯი გაიღოს. დოლიძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო სახელმწიფოსთან მორიგების. მას სურდა, ევროსასამართლოს არსებითი განხილვა ჩაეტარებინა და გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობის დეკლარაცია გაიზიარა, სადაც საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ დოლიძის მიმართ ევროკონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები დაირღვა. პარალელურად დოლიძემ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა ქვითრები, რომელიც მის მიერ რეალურად გაწეულ ხარჯებს ადასტურებდა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, რადგან ევროსასამართლოს განჩინებით მისი უფლებები საქართველოს მთავრობამ აღიარა. მოსამართლემ იგივე მოტივით, რა მოტივიც დენის ყვარელაშვილის საქმეზე, აბსურდი დაწერა, რომ თითქოს, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა, არ შეიძლებოდა დამატებითი გადაწყვეტილებების გამოტანა. ეს მაშინ, როცა ევროსასამართლოში სულ სხვა დავის საგანზე იყო საუბარი და აქ სხვა რამეზე გახლდათ დავა. ევროსასამართლოს სარჩელი არ შეეხებოდა კონკრეტული ზიანის ანაზღაურებას.

სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით რომ მიმართოს, ამქვეყნად არავის უშლიან, მაგრამ მოსამართლემ თავი აარიდა ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან არ უნდოდა, პრეცედენტის დამშვები თავად გამხდარიყო, მერე სხვა მოსარჩელეებს საკუთარი უფლებების დასაცავად რომ არ მიემართათ სასამართლოსთვის. ასეთი არაკომპეტენტური მოსამართლეები გვყავს, რომლებიც ელემენტარულსაც კი ვერ იგებენ.

_ ე. ი. ევროსასამართლოს ვინც მიმართავს, მას ეზღუდება ქართული თემიდის გამოყენება?

_ რა თქმა უნდა, ყველა ინსტანციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოს პირმა ევროპის სასამართლოს. თუ კონკრეტულად ევროსასამართლო ადგენს რაიმე მუხლის დარღვევას, ეს არ უშლის პირს, რომ მის მიმართ მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის ცალკე იდავოს ეროვნულ სასამართლოში, რისი პრეცედენტებიც არსებობს. შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეზე საქართველოს მთავრობას ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს სასამართლოშიც იდავეს გირგვლიანის ოჯახს წევრებმა და თითოეულ ბრალდებულს ცალკე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ცხადია, სამართლიანი არ იქნებოდა, ქართულ სასამართლოებს მათთვის რომ ეთქვა, უკვე მოგეცათ კომპენსაცია და სასამართლოსთვის მომართვის უფლება არ გაქვთო. ეს არის უკანონობა და ასეთი რამ არ მომხდარა სააკაშვილის რეჟიმის დროსაც. ახლა კი ინგა კვაჭანტირაძემ, რომელიც რობოტივით იჯდა პროცესზე და ხელთ ჰქონდა ყველა პრეცედენტი თუ პრაქტიკა, მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, პოლიციელები როგორ თვითნებობენ. დაახლოებით ერთი წლის წინათ პოლიციელების მკვლელობის საქმეზე ლამის კატასტროფა მოხდა ქვეყანაში და რეპრესიები დაიწყეს. საუბრობდნენ პოლიციელების უფლებების კიდევ უფრო გაზრდაზე. თუმცა გაცილებით ხშირია ფაქტები, როცა მოქალაქეებს პოლიციელები ჩაგრავენ. ბოლო ფაქტი კი ნამდვილად საშინელება იყო: 20 წლის ახალგაზრდამ წერილი დაწერა, თუ როგორ აიძულებდნენ პოლიციელები „ნასედკობას“ და მასზე როგორ ახორციელებდნენ ზეწოლას. ამის ჩამდენი კონკრეტული პირებიც დაასახელა და თავი მოიკლა. ყველა ვერ უძლებს ასეთ ზეწოლას, რის შედეგადაც, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ნასედკების“ ტყუილი ინფორმაციებით იკერება საქმეები. ამ გზით უსწორდებიან პოლიციელთათვის არასასურველ პირებს. ხშირად პოლიციელები საკუთარ სამსახურებრივ მდგომარეობას საზოგადოების დევნისთვის იყენებენ. სტურუამ გაბედა, წერილი დატოვა და საზოგადოებაში განგაშის ზარები დაარისხა, რათა გამოფხილდნენ და სხვა დროს პოლიციელებმა არ გაბედონ ადამიანების შანტაჟი. სამწუხაროდ, ასე მუშაობს პოლიციის განყოფილებები და შს სამინისტრო. როცა ასეთი საჩივრებით პირი სასამართლოში მიდის, მოსამართლე მას ეუბნება, პოლიციელი საჯარო მოხელეა, რომლის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებაო. ვერ ნახავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებს, სადაც პოლიციელების ჩვენება არ იყოს გაზიარებული და მოწმეთა ჩვენებებს იზიარებდნენ.

_ ასეთი ფაქტები გაქვთ?

_ დიახ: დომენტი ფანჩულიძის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, როგორ განახორციელა პოლიციელმა გივი ბჟალავამ მისი უკანონო დევნა. პარადოქსია, რომ ფანჩულიძე წლების მანძილზე თავად მუშაობდა პოლიციაში და მაღალი ჩინის წარმომადგენელი იყო. იმის გამო, რომ ფანჩულიძე პოლიციელ ბჟალავას არ მოეწონა, მის მიმართ სამართალდარღვევის უკანონო ოქმი შეადგინა იმის საფუძველზე, რომ ყოფილმა პოლიციელმა თითქოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გათვალისწინებული ნორმა დაარღვია და საქმე სასამართლოში გადაგზავნა. მოსამართლე გიორგი ტყავაძემ ობიექტურად არ შეისწავლა საქმე და გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, თითქოს ფანჩულიძემ აღიარა სამართალდარღვევა, გამოიტანა მისი დაჯარიმების გადაწყვეტილება. ეს მაშინ, როცა სასამართლო სხდომაზე დომენტი ფანჩულიძე მიუთითებდა, რომ მისი მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და ის იყო დაინტერესებული პოლიციელის უკანონო ქმედების მსხვერპლი. ფანჩულიძემ სიმართლე ვერ იპოვა და დღემდე იბრძვის სამართლიანობის მისაღწევად.

ფიქციაა მთავარ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტი, რომელმაც სისხლის სამართლის პროცესში ჩადენილი დანაშაულებები უნდა გამოიძიოს. ფანჩულიძემ ამ დეპარტამენტსაც მიმართა და ვითარება აუხსნა, მაგრამ დეპარტამენტიდან მეტად პარადოქსული და კომიკური პასუხი მიიღო: თქვენ მიმართ სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტლება, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა და ვერ შევეხებითო.

ადამიანებს, რომელთაც ჩამორთმეული ჰქონდათ მანქანები და სხვა ქონებები, რამდენიმეს მანქანა დაუბრუნდა.  გოდერძი ფანჩულიძის მსგავს ადამიანებს კი, რომელთა საქმეებიც არ შედის სახელმწიფო ინტერესებში, შესაძლებლობას უსპობენ, რომ მათი უფლებებიც დაცული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, უამრავი ადამიანის უფლება კვლავ დარღვეულია.

გარდაცვილილი სტურუას საქმე კი მაგალითია იმისა, კვლავ როგორ თვითნებობს პოლიცია და ამაზე თვალს როგორ ხუჭავს ხელისუფლება, საზოგადოების ხმა კი რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ასეთ კანონდამრღვევ პოლიციელებს აწინაურებენ. გიორგი ბჟალავაც დააწინაურეს.

_ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს საზოგადოება აცხადებდა, რომ ჩვენი სახელმწიფო პოლიციური იყო და ეს არ მოგვწონდა, ახლაც იგივე შეიძლება ითქვას?

_ მაშინ უფრო მეტად რთული სიტუაცია იყო ამ მხრივ, თუმცა არც ახლაა უკეთესი. ახლა პოლიციელები აქციებზე არ გამოდიან და ხელისუფალის სახელს არ ყვირიან. გვახსოვს სისხლიანი 26 მაისი, როცა პოლიციელები სამმართველოს წინ იდგნენ და მიშა, მიშას გაიძახოდნენ. ვინც ამას აკეთებდა, თითქმის ყველა კვლავ სისტემაში მუშაობს და ბევრი დააწინაურეს. უსაფრთხოების სამსახური ახლაც იგივეს აკეთებს, რასაც მაშინ კუდი აკეთებდა და ვხედავთ პარტიების წარდგენილ კანდიდატებზე ზეწოლას და გადაბირებას. არსებითად რა იცვლება, ერთსა და იმავე საქმეს ლიბერალურად განახორციელებენ თუ მკაცრად? ეს კატასტროფის მანიშნებელია.

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი