ვაშაძის მოძრაობა ,,გირჩის” სასარგებლოდ თმობს პოზიციებს?!

n1

საქართველოში დაწყებულ შიდაპარტიულ გაუგებრობებს არც ქუთაისი ასცდა. ქალაქში, ჯერჯერობით, ყველაზე რეზონანსული სიახლეა „ახალი საქართველოს“ წევრის, ნატო დანელიას მიერ პარტიის დატოვება. ამის მიზეზი პოლიტიკური გაერთიანების ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც იგი ქუთაისის 47-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ იქნება.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისში არსებული სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“ დირექტორი ნატო დანელია გიორგი ვაშაძის გუნდს შეუერთდა, ივლისში გავრცელდა. მალევე დაანონსდა, რომ შესაძლებელი იყო, იგი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილიყო წარდგენილი. ოფიციალურად კი მისი სახელი და გვარი შიდაპარტიულ პრაიმერში გამარჯვების შემდეგ დასახელდა, რასაც დანელიას მხრიდან საარჩევნო კამპანიის დაწყებაც მოჰყვა.

ნატო დანელიას კანდიდატურაზე უარის თქმა „ახალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების გადაწყვეტილებას მოჰყვა. როგორც გაირკვა, „ვაშაძე-ჯაფარიძე _ ახალი არჩევანის“ კანდიდატი 47-ე საარჩევნო ოლქში ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი ჯულაყიძე იქნება.

 

ნატო დანელია:

_ რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება თქვენთან დაკავშირებით?

_ ადეკვატური და დამარწმუნებელი პასუხი ვერ მივიღე იმ ადამიანისგან, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფებოდა.

ბატონ გიორგის არაერთხელ შევხვდი და ვუთხარი, რომ მინდოდა, მისი დროშის ქვეშ ვყოფილიყავი. გადაწყდა, რომ შიდაპარტიული პრაიმერით მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა გაირკვეოდა, რომელშიც ზაალ ხონელიძესთან ერთად ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ეს ყველა ცენტრალურმა არხმა გააშუქა. რამდენიმე დღის წინათ კი ოფისიდან ღამით მირეკავენ და წარმომადგენელი მეუბნება, რომ ირაკლი ჯულაყიძესა და ჩემ შორის რეიტინგის განსასაზღვრად კვლევებს იწყებენ. ეს კვლევა ფარსია. ამ მონაცემებს არ ვენდობი. ოლქში 400 კაცის გამოკითხვა 2-3 დღის განმავლობაში შეუძლებელია. ასეთ კვლევას, მინიმუმ, 10 კაცი და 4 დღე მაინც სჭირდება.

_ შეხვდით ბატონ გიორგი ვაშაძეს და გაარკვიეთ, რატომ შეიცვალა პოზიცია?

_ რა თქმა უნდა, დამირეკეს და ჩავედი. მთელი შემადგენლობა დამხვდა. გვიანი ღამე იყო, როცა მივედი. პირდაპირი, კაცური საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ თავი მომჭრეს. დავრბოდი, დროშებს ვაფრიალებდი. ეს დამცირება და ღირსების შელახვაა. სიმართლე გითხრათ, თავად გიორგი ძალიან ნერვიულობდა და მეუბნებოდა, რომ გამოსავალს მოვძებნითო. ზუგდიდში კენჭისყრა შემომთავაზეს. რადგანაც დანელია ვარ, ამიტომ ზუგდიდში-მეთქი? „გირჩთან“ ურთიერთობის გამო მოხდა ეს. ფაქტობრივად, რეგიონებში გადანაწილებას ახალი პოლიტიკური ცენტრი უზრუნველყოფს.

_ როგორია თქვენი გეგმები?

_ უკვე დავრეგისტრირდი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ისევ 47-ე ოლქში. აუცილებლად ვაპირებ გამარჯვებას. ჩემი მიზანია, ყველა ის დაპირება შევასრულო, რომელიც უკვე გავაჟღერე.

 

„გირჩის“ წევრი ირაკლი ჯულაყიძე აცხადებს, რომ ის ნატო დანელიას პირადად არ იცნობს და განხორციელებული კვლევის შესახებაც მედიიდან გაიგო. თუმცა საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას იგი არ უარყოფს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ადრეც საუბრობდნენ. მისი თანხმობის მიუხედავად, იყაროს კენჭი, ჯერჯერობით, ოფიციალურად წარდგინება არ მომხდარა. ირაკლი ჯულაყიძე წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კლუბ „თეთნულდის“ დამფუძნებელია. მხარდამჭერთა განცხადებით, იგი გამოირჩევა საუკეთესო პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით.

იქონიებს თუ არა გადაწყვეტილებაზე გავლენას კვლევა და ნამდვილად გახდება თუ არა ჯულაყიძე „ვაშაძე-ჯაფარიძე _ ახალი არჩევანის“ კანდიდატი, ჯერჯერობით, უცნობია. ბლოკში შემავალი პარტიების წარმომადგენლები ოფიციალური განცხადებებისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.

 

თემურ ცამციშვილი _ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“:

_ ჩვენ მაჟორიტარებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ. იქნება თუ არა მათ შორის ჩვენი პარტიის წევრი ირაკლი ჯულაყიძე, ჯერჯერობით, ამის თქმა არ შემიძლია.

 

ზაალ ხონელიძე _ „ახალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია:

_ რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება ნატო დანელიასთან დაკავშირებით?  თქვენ და ის პრაიმერში მონაწილეობდით, მან გაიმარჯვა, კანდიდატად დასახელდა…

_ კანდიდატად არ დასახელებულა. მე და ქალბატონი ნატო დანელია „ახალი საქართველოდან“ კანდიდატობაზე პრეტენდენტები ვიყავით 47-ე ოლქში. ჩვენი წესდება პრაიმერის გამართვას ითვალისწინებს. პრაიმერში მე დავმარცხდი და ქალბატონი ნატო გახდა არა კანდიდატი, არამედ პრეტენდენტი. ბლოკის შექმნის პირობებში დებულებაში რეიტინგული კვლევა იდო, რომ გაგვეგო, ვინ უფრო პოპულარული იყო, _ „გირჩის“ თუ ჩვენი კანდიდატი? კვლევის შედეგებით ირაკლი ჯულაყიძემ უკეთესი შედეგი დადო. ანალოგიური მოხდა გამარჯვების ოლქშიც. კვლევა ბლოკის დაკვეთით განხორციელდა. ჯერჯერობით, ოფიციალურად, ირაკლი ჯულაყიძის კანდიდატურა არ დასახელებულა, მაგრამ ფაქტია, რომ კვლევაში მან გაიმარჯვა.

 

გიორგი ვაშაძისა და მისი აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელის გზები საბოლოოდ გაიყარა. ნატო დანელია დარწმუნებულია, რომ მომხდარი ფაქტი ამომრჩეველს დააფიქრებს და სწორი გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს. იგი დაწყებული საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას უფრო აქტიურად აპირებს. გეგმებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კი ამ დღეებში დაანონსებულ პრესკონფერენციაზე გაგვაცნობს.

 

                                                                                                         ხვიჩა ვაშაყმაძე