გიორგი გიუაშვილი: „ქრონიკა+“-ის გამოსვლის მეორე დღეს, თავს დამესხა გედი ფოფხაძის ძმა!”

b1

გასულ კვირას ბორჯომში საკრებულოს „ლეიბორისტ“ წევრს, გიორგი გიუაშვილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს უსიამოვნო ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა გაზეთ „ქრონიკა+“-ში გიორგი გიუაშვილის ინტერვიუს გამოქვეყნებას, სადაც ის ბორჯომის დეპუტატობის ამჟამინდელ კანდიდატსა და მოქმედ დეპუტატ გედი ფოფხაძეზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობდა.

როგორც თავად გიუაშვილი აცხადებს, თავდამსხმელები საკრებულოს მოქმედი წევრები იყვნენ, რომელთაც მას და თანმხლებ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გიუაშვილი ამ ინციდენტს ანგარიშსწორებას მიაწერს და ამბობს, რომ ასე გაზეთში გამოქვეყნებული წერილის გამო მოექცნენ.

 

გიორგი გიუაშვილი:

_ ეს დანაშაული 10 აგვისტოს, ოთხშაბათს, საღამოს 7-8 საათზე  მოხდა. „ქრონიკა+“-ის იმ ნომრის გამოსვლის მეორე დღეს, რომელშიც ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ვისაუბრე ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის _ გედი ფოფხაძის მიერ განვლილ გზაზე, მის „დამსახურებებზე“ ბორჯომში და იმ სიბინძურეებზე, რასაც ის ბორჯომში წლების განმავლობაში შენიღბული აკეთებდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის მანტიით. ამ სტატიამ მას ნიღაბი ჩამოაძრო ბევრ საკითხში, რადგან მასში სრული სიმართლე ეწერა. ჩემზე თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სწორედ ეს სტატია, თუმცა იმ დღეს ბორჯომში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ჩამოვიდა და ჩვენი პარტიული აგიტაცია ბორჯომიდან მის გასვლას დაემთხვა.

ჩვენი ავტომანქანიდან მეგაფონით აგიტაციას რომ ვეწეოდით, პრემიერ-მინისტრის კოლონას შევეჩეხეთ. როგორც ჩანს, ჩვენმა დროშამ და სკანდირებამ მათი ყურადღება მიიქცია. გეტყვით, რას ვსკანდირებდი: „არ მისცეთ „ოცნებას“ ხმა!“ „გედევან ფოფხაძეს არ მისცეთ ხმა, რადგან მან მოგვატყუა, გადაგვაგდო, არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა!“ „გამეფებულია კორუფცია, ნეპოტიზმი, უმუშევრობა, გაუფასურებულია ლარი, შეწყვეტილია სოციალური დახმარებები, 4 წელი თავზე დაიმხეს ქვეყანა, გამგეობის ხელფასები გაზარდეს, ესენი ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, ხალხი არჩევნებზე ახსენდებათ“ და ა. შ. კვირიკაშვილის კოლონის ჩავლის დროსაც ამას ვიძახდი და მერეც შემოვიარე ქალაქის თითქმის ყველა ნაწილი. გადავადგილდებოდი მხოლოდ ერთი ავტომანქანით და ვიყავით ორი ადამიანი _ მე და მძღოლი. ეს პიროვნება მე დავიქირავე, თუმცა ჩვენი მხარდამჭერია. ის გედისადმი ნეგატიური განწყობით წამოვიდა ჩემთან ერთად აქციაზე. მითხრა, _ რომც არ გადამიხადო, მაინც წამოვალ, ოღონდ ეგ მატყუარა დეპუტატად აღარ იყოს ბორჯომშიო. ისიც, თავის დროზე, „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და „ნაციონალებმა“ უმოწყალოდ სცემეს, მაისური თავზე დაახიეს, მაგრამ ახლა „ოცნების“  გაგონებაც აღარ უნდა, ისე გაუტყდა გული. მან რეალურად დაინახა მათი სახე.

გადაადგილებების დროს მანქანით დაგვდევდა და გვითვალთვალებდა  ბორჯომის სუს-ის უფროსი, გურამ ჩადუნელი. სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ვერავინ გაიგებდა, რომელ უბანში იმყოფებოდა კონკრეტულ დროს ჩვენი ავტომანქანა და ვერ დაგვესხმებოდნენ სხვანაირად თავს ფოფხაძე და მისი „შანტრაბა“. ფიზიკურად ვერ მოგვძებნიდნენ, სად ვიმყოფებოდით.

ვაშლოვნიდან არდაგელის დასახლებაში გადავუხვიეთ. ავტომანქანიდან თავი გაყოფილი მქონდა და ვსკანდირებდი, როდესაც მეხის დაცემასავით, უცებ, ატყდა მანქანების ხმაური, ყვირილი, ლანძღვა და ერთ ამბავი.

_ რას ნიშნავს, ფოფხაძის „შანტრაბა“? კონკრეტულად ვინ დაგესხათ თავს?

_ სამი ავტომანქანით იყვნენ, თეთრი „ნივა“ იყო ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურის, ასევე გახლდათ ბესო ფოფხაძის კუთვნილებაში არსებული ლურჯი „მერსედესი“ და კიდევ ერთი ავტომანქანა. ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან, თორის ქუჩაზე, კორპუსების წინ მოგვაქციეს ალყაში. აივნებზეც და ეზოშიც ხალხი იდგა და ყველამ დაინახა, იქ რაც ხდებოდა. მანქანებიდან 8-9 ადამიანი გადმოხტა და მძღოლს სახეში დაარტყა, _ როგორ გაბედე და გამოჰყევი გიორგისო?!

კონკრეტულად თავს დამესხა გედი ფოფხაძის ძმა ბესიკ ფოფხაძე. ის ხელმძღვანელობდა ამ კამპანიას. ალბათ, გედის დავალებით მოვიდნენ, ან არ ვიცი, ვინ დაავალა; ასევე იყო საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, ერთ-ერთი ააიპ-ის ხელმძღვანელი ზურაბ კაჭკაჭიშვილი, საკრებულოს წევრი ლევან ბლიაძე, თუ არ ვცდები, ივანე შაუტაშვილიც იქ იყო, ასევე ჰყავდათ მძღოლები და მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, ფიზიკურად მეც შემეხნენ, დავკარგე თანხა, რომელიც ჯიბეში მედო _ 102 ლარი, დამიმტვრიეს მობილური ტელეფონი. ავტომანქანის კარის გაღება და გადმოსვლა არ გვაცადეს, მაშინვე დაგვიშინეს. ჩვენს ფიზიკურ დაპირისპირებაში ყველა მონაწილეობდა. ისინი ყვიროდნენ, _ რას ლაპარაკობ, რას წერ, აზრზე თუ ხარო?! როგორც ჩანს, სიმართლემ ძალიან გაამწარათ. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო. არ მიველოდი ასეთ რამეს და სათანადოდ ვერ დავხვდი, დავიბენი. ამის შემდეგ უფრო მომზადებული ვიქნები ასეთი თავდასხმებისთვის და თავსაც დავიცავ, რადგან, ალბათ, მსგავს ქმედებებს გააგრძელებენ, რადგან არ ვაპირებ გაჩერებას და უკან დახევას. ხედავენ, რომ ხელისუფლება ეცლებათ, კბილებით უკავიათ და ყველაფერზე წავლენ, გედი რომ გაიყვანონ. არც ძალადობას მოერიდებიან და არც _ გაყალბებას, რადგან ხედავენ, რომ ხალხს არ უნდა მისი კვლავ არჩევა.

იმდენი ადამიანი მხვდება და მიცხადებს მხარდაჭერას, ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ღიად ამისი დაფიქსირების ეშინიათ. არ უნდათ, სამსახურების დაკარგვა, მაგრამ არც გედის გამარჯვება უნდათ.

_ საჩივარი შეიტანეთ პოლიციაში?

_ დიახ. ამ ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელმა მეოცნებეებმა მანქანები „ოცნების“ ოფისის წინ გააჩერეს. მეც მოვბრუნდი და კვლავ გავაგრძელე სკანდირება. მაგათი ოფისის წინაც გამოვიარე და მეგაფონში ვიძახე, _ არ მივცემთ გედი ფოფხაძეს უფლებას, კვლავ მოატყუოს ბორჯომის მოსახლეობა-მეთქი! უკვე ფანჯრებთან იდგნენ და იქიდან იყურებოდნენ გაოგნებულები, რადგან ეგონათ, რომ ასეთ რამეს ვეღარ გავბედავდი და შემაშინეს.

პოლიციაში განცხადება დავწერე და მათაც ჩვეულებრივ ჩაატარეს საგამოძიებო პროცედურები, მაგრამ ამ გამოძიების იმედი არ მაქვს. როგორც მე ვიცი, ცემის ფაქტზე საქმე აღძრეს, მაგრამ ხომ შეიძლება, გახსნან კამერები და დაადგინონ, რეალურად რაც მოხდა _ სამსახურებრივი მანქანით იყვნენ მოსულები, ხელს მიშლიდნენ აგიტაციაში ჯგუფური ხულიგნობით, საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა და ა. შ. აქ არ მომხდარა მხოლოდ ერთი დანაშაული, როგორც ამათ უნდათ, რომ გაასაღონ. იმ მუხლით, როგორც ამათ აღძრეს ეს საქმე, კორცხელს არ მოჰყოლია რეაგირება და ამათ ვინ დასჯის?

_ გედი ფოფხაძის ძმამ ტელევიზიით თქვა, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და არა ფიზიკური დაპირისპირება. _ ამიტომაც ვამბობ, რომ თუ ობიექტურად გამოიძეს და თვითმხილველები დაკითხეს, ყველაფერს აეხდება ფარდა. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს და შეხვდნენ იმ ადამიანებს, დაკითხონ. თუ ეს ყველაფერი შერჩათ, არჩევნებზე უარესს უნდა ველოდოთ. აუცილებლად იქნება ძალადობებიც და გაყალბებებიც.      ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდები და ბევრი რამ ნათელია. ცუდი ვითარებაა არჩევნების წინ ბორჯომში, განეიტრალებული ჰყავთ სხვადასხვა ფორმით ყველა პარტია და მხოლოდ ჩვენ ვუწევთ წინააღმდეგობას, ამიტომაც გადავიდნენ ძალადობასა და თავდასხმებზე. უნდათ, რომ  მეც ჩამხსნან ამ კამპანიიდან.

 

გიორგი გიუაშვილის მიერ თავდამსხმელებად გამოცხადებულ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებთან დასაკავშირებლად, მათგან კომენტარის მოსაპოვებლად, „ქრონიკა+“-მა ბორჯომის საკრებულოს აპარატში დარეკა. აღმოჩნდა, რომ იქ პრესსამსახური არ აქვთ და აპარატის უფროსს, ირმა გელაშვილს გაგვასაუბრეს. ქალბატონ ირმას საქმის ვითარება ავუხსენით (თუმცა თავადაც ყველაფერი იცოდა) და ვთხოვეთ, აპარატის სახელით, ან გიუაშვილის მიერ თავდამსხმელებად დასახელებულ პირებს კომენტარი მოეცათ, რა და როგორ მოხდა. ირმა გელაშვილის თქმით, ის კომენტარს ვერ გააკეთებდა. რაც შეეხება აღნიშნულ დეპუტატებთან დაკავშირებას, მან კოორდინატები გამოგვართვა და დახმარებას დაგვპირდა. სამწუხაროდ, საკრებულოს დეპუტატების პირადი ტელეფონის ნომრები არ მოგვცა.

მათ ზარს „ქრონიკა+“ მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა, მაგრამ ამაოდ. იმედია, დეპუტატებს გაზეთთან პრეტენზიები არ ექნებათ, რადგან ქალბატონ ირმასთან ჩვენი საუბრის აუდიოჩანაწერი რედაქციაში ინახება.

 

                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი