27-პუნქტიანი ბრალდება თბილისის მერს

x3

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა _ თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, დავით ნარმანიას ორწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აბესაძე იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც ნარმანიას არჩევის შემდეგ წარმოიქმნა.

 

დავით ნარმანია 2 წლისაა:

1. ფაცი-ფუცი;

2. საზამთროს გამყიდველისთვის ქრთამად გამორთმეული 300 ლარი;

3. ჯიხურის გამყიდველთან „წილში ჩაჯდომა“;

4. დასაქმების სანაცვლოდ აღებული 3000 ევრო ქრთამი;

5. სოციალურად დაუცველი რაიონის პროკურორისთვის ჩარიცხული 5000 ლარი;

6. ქონების გაყიდვის, მშენებლობის ნებართვის აღების, მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხების მოგვარების სანაცვლოდ მერიის არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ პირდაპირ სამუშაო კაბინეტებში აღებული ასეულობით ათასი ლარის ქრთამი;

7. თვითნებურად გადათხრილი გზები;

8. რესტორანში უდოკუმენტოდ დახარჯული 60 000 ლარი;

9. თოვლის ბაბუა საჩუქრების გარეშე;

10. „ფუტკრის პროდუქტების“ ჯიხურის საზეიმო გახსნა თბილისის მთავრობის მონაწილეობით და მეორე დღეს გამქრალი „ქარხანა“;

11. ფაქტობრივად უსასყიდლოდ გასხვისებული ბოტანიკური ბაღისა და მიმდებარე სარეკრეაციო ტერიტორიები;

12. პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული ბაგა-ბაღებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ასეულობით კვალიფიციური თანამშრომელი;

13. „მარგიშვილის“ ცენტრში გაფლანგული ასეულობით ათასი ლარი, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას უნდა მოხმარებოდა;

14. მილიონი გამხმარი ხე;

15. „პანორამა თბილისი“ _ უპრინციპობას შეწირული ქალაქის ისტორიული ცენტრი;

16. უფასო სასადილოში დარიგებული გაფუჭებული ქათმები;

17. ახლად დაგებული, უკვე გაფუჭებული გზები;

18. დასაქმებული არაკვალიფიციური ნათესავები;

19. შრომითი ხელშეკრულებით მერის პიარისთვის აყვანილი 2 თანამშრომლისთვის ყოველთვიურად გადახდილი 11 000 ლარი;

20. კომუნალური ვაუჩერის გარეშე დატოვებული ასიათასობით სოციალურად გაჭირვებული თბილისელი;

21. უტენდეროდ დახარჯული (გაფლანგული) ასეულობით მილიონი ლარი;

22. მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება (ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი) _ მოწვეული 48 მერი და არც ერთი ჩამოსული სტუმრად;

23. თბილისის ბიუჯეტით მოსყიდული პროკურატურის მოწმეები (ტარიელ ხიზანეიშვილი და სხვები);

24. ორი წლის განმავლობაში დახარჯული 1.5 მილიარდ ლარზე მეტი და ათასობით მოუგვარებელი პრობლემა თბილისის ქუჩებში;

25. ივანიშვილისთვის უარგუმენტოდ გაუქმებული 100 000 000 ინვესტიციის ვალდებულება ვაკეში, „ქართუ ჯგუფის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე;

26. სუს-ის პირდაპირი მმართველობა მერიაში;

27. საკუთარი უსუსურობის, არაკვალიფიციურობის, არსებული სისტემური კორუფციის გამო მოუგვარებელი პრობლემების მუდმივად სხვებზე გადაბრალება.

ეს „ქართული ოცნებისა“ და თბილისელებისგან დამალული თბილისის მერის, დავით ნარმანიას ორწლიანი მუშაობის მოკლე ანოტაციაა.

აი, რატომ არათუ არ გვარდება ელემენტარული პრობლემებიც კი, არამედ ემატება ახალი თავსატეხი თბილისელებს.

სამწუხაროდ, ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ მხოლოდ პირად ოცნებებს და ახირებებს ისრულებს, _ აცხადებს აბესაძე.

 

„ქრონიკა+“ ირაკლი აბესაძეს ესაუბრება:

_ ბუნებრივია, ეს სია ამომწურავი არ არის. აქ უცბად ჩამოწერილია კორუფციის, თვითნებობისა და მავნებლობის ის ყველაზე მკაფიო მაგალითები, რაც დავით ნარმანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქში ეს ორი წელი აკეთეს, თორემ ამ გასული წლების განმავლობაში თბილისში გაცილებით მეტი გაფუჭდა. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ხელში სამომავლოდაც სასიკეთოდ არაფრის იმედი არ შეიძლება გვქონდეს. საუბარია ფაქტებზე, როდესაც თანხები არასწორი მიმართულებით იხარჯება და საქმე არ კეთდება. კონკრეტული პრობლემების მოგვარების მიმართულებით არაფერი იცვლება. მსგავსი გამოწვევები ძალიან ბევრია, რასაც საშველი არ ადგას.

_ ამ პრობლემების მიზეზს, საფუძველს სად ხედავთ?

_ ზოგადად, „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილში, „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნებში, თუ საით მიჰყავს ეს სახელმწიფო და ქვეყანა. ნათელია, რომ ადამიანები თანამდებობებზე იცვლებიან, იქ ხვდებიან გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანები, ხვდებიან აბსოლუტურად გამოუცდელი და განათლების არმქონე ადამიანებიც, მაგრამ ყველა ერთნაირად ეფლობა იმ ჭაობში, რასაც „ქართული ოცნების“ დღვანდელი მმართველობა ჰქვია.

გადაჭარბებული სიტყვები არ არის _ ეს ჭაობი არის კორუფცია, ფუფუნებაზე ზრუნვა და პირადი სარგებლის მიღება მხოლოდ ბიუჯეტიდან; ეს ჭაობი არაფრის კეთება და უპასუხისმგებლობაა; ეს ჭაობი ყოველთვის ყველა პრობლემის პოლიტიკურ ოპონენტებზე, თავისუფალ მედიაზე, საზოგადოებაზე გადაბრალებაა.

ლარის კურსი იმიტომ დაეცა, რომ ადამიანებმა დოლარი შეისყიდესო, _ ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა.

ანუ ისინი ყველა პრობლემას გაურბიან. შეიძლება ხელისუფლებამ მთელი ოთხი წლის განმავლობაში არაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღოს? და ყველაფერში პასუხი გაქვს, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტის ბრალია, მედიის, ტელევიზიის მიერ გამუქებულია, ეს არის საზოგადოების ბრალი და ა. შ.

ეს ზუსტად ის ჭაობია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. ამ სიტუაციაში საზოგადოებას უკეთესობის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე ეს მიდგომა და მმართველობის სტილი შევცვალოთ.

ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლების, შევარდნაძისდროინდელი საქართველო, როდესაც ვერაფერს გააკეთებდი, ელემენტარულად, პირადობის მოწმობას ვერ აიღებდი, თუ ქრთამს არ გადაიხდიდი. და ზუსტად ერთ წელიწადში, ალბათ, 2004 წლის ბოლოსკენ, ჩვენ გვახსოვს საქართველო, როდესაც უკვე არაფერში ქრთამის გადახდა არ გიწევდა.

აქ ზუსტადაც საუბარი იმაზეა, რომ თუ ქვეყანას მართავს კვალიფიციური პოლიტიკური ორგანიზაცია, ქვეყნის ხელმძღვანელობის მიდგომა საქმის კეთება, შენებაა (არა კორუფციას, არა ნეპოტიზმს და ა. შ.). შესაბამისად, კვალიფიციური ადამიანების შემოკრება ხდება, საქმის კეთება იწყება.

ეს ყველაფერი უცებ გადამდებია ყველასთვის, მათ შორის, ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც შევარდნაძის დროს მუშაობდნენ (შეიძლება არაკეთილსინდისიერადაც), დარჩნენ სამსახურებში ჩვენი ხელისუფლების დროს, მაგრამ ისინი ისევე კეთილსინდისიერად მუშაობდნენ, როგორც ხელმძღვანელობა მუშაობდა.

ახლა ის უკუღმართობა უკან ბრუნდება. მერიის სტრუქტურა ავიღოთ: ადამიანები, რომლებიც ჩვენს დროსაც მუშაობდნენ (ამათი მიყვანილია თუ სხვაა, ამას მნიშვნელობა არ აქვს), როცა ხედავენ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეგუება კორუფციას, თავად ჩართულია მასში, გამგებლის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე ქრთამს იღებს, ამით უკვე ნელ-ნელა მთელი სისტემა იხრწნება. და ეს ყველგან გადამდებია, როგორც კარგი, ისევე ცუდი მაგალითი.

ეს რეალობა გაგრძელდება, თუ ყველაფერი 8 ოქტომბერს არ შეიცვალა, და ეს აუცილებლად მოხდება. მხოლოდ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ადამიანებმა კვლავ იგრძნონ, თუნდაც ქუჩაში საქმის კეთება რას ნიშნავს; რას ნიშნავს ხელისუფლება, რომელიც მათი კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს და, ელემენტარულად, იგრძნონ, რომ მათი ცხოვრება წინ მიდის და არა უკან.

ავიღოთ ამ კონტექსტში ნებისმიერი სოციოლოგიური ორგანიზაციის კვლევა, გინდათ აშშ-ს რესპუბლიკური თუ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევები: 60 და 80% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს რეალურად კატასტროფული ვითარებაა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ვინც არ უნდა იყოს სათავეში. ეს კატასტროფული მაჩვენებელია, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“. ეს ჩვენი დღევანდელობის ობიექტური სურათია.

მე, მაგალითად, კამპანიას ვაწარმოებ კრწანისის რაიონში. იქ ვერც ერთ ადამიანს ვერ შვხვდი, რომელიც დაიწყებდა მტკიცებას, რომ „ქართული ოცნება“ კარგია და საქმეს აკეთებსო. ასეთი ხელისუფლების პირობებში სანამ ცვლილება არ იქნება, ეს პრობლემების ჩამონათვალი რაც გავაკეთე (და თბილისის მერია გამონაკლისი არ იქნება), უსასრულოდ გაგრძელდება.

_ ამ სიტუაციაში გამოსავალი მხოლოდ არჩევნებშია?

_ დიახ, სხვა გამოსავალი არ არის. ვიმეორებ, ოთხი წლის განმავლობაში მინისტრებიც იცვლებოდნენ, მერიაში სამსახურის უფროსები, პრემიერ-მინისტრები, გუბერნატორები იცვლებოდნენ, ყველანაირი ადამიანი მოდიოდა თანამდებობაზე, ახალგაზრდა, გამოცდილი, ასაკიანი, განათლებული, გაუნათლებელი, კვალიფიციურ-არაკვალიფიციურიც, მაგრამ რეალურად ამით არაფერი იცვლებოდა. ყველა, ვინც კი „ქართული ოცნების“ გვერდით დადგა, იმ საერთო ფერხულში ჩაება, რასაც კორუფცია და არაფრის კეთება ჰქვია.

ამიტომ თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ. ამ ხელისუფლების სახლში გაშვება ერთადერთი გზაა, რომ ქვეყანაში საქმის კეთება გაგრძელდეს.

_ რამდენად საჭირო იყო ამ ეტაპზე ადგილობრივი თითმმართველობის, თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების ჩატარება?

_ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ეშინია, რადგან თბილისში ამ ტიპის კენჭისყრას აუცილებლად წააგებენ. დავით ნარმანიას მმართველობა,  სამწუხაროდ, კიდევ ერთი წელი გაგრძელდება (მიუხედავად ცენტრალური ხელისუფლების შეცვლისა). თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერშია.

ეს სერიოზული მუხრუჭი იქნება ქალაქის განვითარებისთვის ამ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ვერაფერს ვიზამთ, თუ თავად ნარმანია არ მიიღებს, ან მას არ მიაღებინებენ გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს თანამდებობიდან, ან საკრებულოში არ მოხდება მისი იმპიჩმენტი.

ასევე არ გამოვრიცხოთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ალბათ, საკრებულოს წევრებსაც შესაძლებელია მიდგომები შეეცვალოთ. ასე რომ, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.

რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა მერის ხელმძღვანელობით რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

_ კრწანისში შეხვედრებისას რა პრობლემებზე საუბრობს მოსახლეობა და თქვენ რას სთავაზობთ მას?

_ მთავარი პრობლემა დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში არის უპატრონობა. ადამიანები ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკონომიკური და სხვა პრობლემების პირისპირ მარტო არიან. ისინი ხელისუფლების არსებობას, უბრალოდ, ვერ გრძნობენ.

რაც შეეხება ჩვენს დაპირებას, ვართ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც სრული საარჩევნო პროგრამა გამოვაქვეყნეთ.

თქვენ უყურებთ სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც არათუ სამოქმედო პროგრამა არ გამოუქვეყნებია, დღემდე კანდიდატებიც კი არ დაუსახელებია ქვეყნის დედაქალაქში, რადგან, უბრალოდ, არ აქვთ არანაირი შეთავაზება და ხედვა იმ პრობლემებიდან გამოსასვლელად, რომლებსაც ისინი ელემენტარულად არც აღიარებენ. და თუ პრობლემის არსებობას არ აღიარებ, მისი გამოსწორების გზაზე ვერც იმუშავებ.

ამიტომ ჩვენ რასაც ვპირდებით, ეს არის მეტი სამუშაო ადგილი, გადასახადების შემცირება და თითქმის ერთი მილიარდი ლარის კერძო ბიზნესში დატოვება, ეს სწორედ გადასახადების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს. ეს არის ბიზნესისთვის თავისუფალი და დაცული გარემოს შექმნა, პენსიების გაზრდა, ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის გაფართოება, რომ მედიკამენტების ღირებულება ანაზღაურდებოდეს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში. ადამიანებს ამ მძიმე ტვირთის საკუთარი ბიუჯეტით აწევა არ უნდა სჭირდებოდეთ.

ჩვენი პროგრამა ყველა მიმართულებით დამუშავებული და გამოქვეყნებულია: განათლების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო… მზად ვართ, რომ ამ თემებზე პოლიტიკურ პარტიებთან რეალური დისკუსია გვქონდეს, რათა საზოგადოებამ უკეთესად დაინახოს ჩვენი უპირატესობა.

_ რა დონის მხარდაჭერას ელოდებით 8 ოქტომბერს?

_ ხაზს ვუსვამ, ჩვენ თბილისშიც და მთელ საქართველოშიც ყველა კანდიდატი წარვადგინეთ და საარჩევნო პროგრამა გამოვაქვეყნეთ. მთელი პარტია კარდაკარ დავდივართ, თითოეულ ოჯახს ცალ-ცალკე ვხვდებით, ჩვენ საარჩევნო პროგრამას ვაცნობთ.

ერთი რამ ცალსახაა, რომ ხელისუფლების მხრდაჭერა მინიმუმამდე არის დასული, მათ მიერ ხელისუფლების შენარჩუნება, უბრალოდ, გამორიცხულია.

მოსახლეობა ჩვენ დაგვიჭერს მხარს და რა პროცენტს მივიღებთ, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიურ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ. რამდენად შევძლებთ, მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ და დავანახვოთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიური პრობლემები მოვუგვაროთ.

ყველას კარგად ახსოვს 2002 წლის და 2012 წლის საქართველო. ამიტომ დარწმუნებული ვართ, ძლიერი მხარდაჭერა გვექნება.

 

                                                                                                                  გელა მამულაშვილი