რატომ გადაწყვიტა პროფკავშირების თავმჯდომარემ პარლამენტის დეპუტატობა?

x2

პროფკავშირები აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ერთვება. ისნის რაიონის ვაზისუბნის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს წარადგენენ. მიზანი ადამიანის უფლებების (მათ შორის, შრომითი უფლებები) უფრო ქმედითი დაცვა და ამისთვის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებაა.

„…ვაზისუბნელებო! არჩევნის გაკეთების დროს გახსოვდეთ, თქვენ პირველებს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში შანსი გეძლევათ, ხმა მისცეთ არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკოსთა ჯგუფს, არამედ მუშას.

დიახ, ირაკლი პეტრიაშვილის არჩევით თქვენ აირჩევთ მეშახტეს, მაღაროელს, მეტალურგს, ქიმიკოსს, მასწავლებელს, მძღოლს, ექიმს, მეეზოვეს, ენერგეტიკოსს, ავტოგამმართველს, რკინიგზელს, კავშირგაბმულობის მუშაკს, მშენებელს და ა. შ.

ვაზისუბნელებო, დასაქმებულ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამავე დროს, გარწმუნებთ, რომ ირაკლი პეტრიაშვილის არჩევით ვაზისუბანს ყველაზე ეფექტიანი დეპუტატი ეყოლება.

…ვაზისუბნელები საკუთარ მისიას ჯეროვნად გააცნობიერებენ და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ“, _ აცხადებს სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ევროპის პროფკავშირის პრეზიდენტი, ირაკლი პეტრიაშვილი:

_ ბატონო ირაკლი, რატომ გადაწყვიტეთ თქვენ და პროფკავშირებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა?

_ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა ეს იმიტომ გადაწყვიტა, რომ რიგი საკითხებისა, საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივებისა, რაც დასაქმებულ ადამიანებს სჭირდებათ (პროფკავშირები სწორედ აქედან აყალიბებს თავის პოზიციებს), იქნება ეს საპენსიო რეფორმა თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა, თაროებზე შემოდებულია ხოლმე და პოლიტიკურ ცხოვრებაში საჭირო ასახვას ვერ ჰპოვებს. რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას, თუ რატომ გადავწყვიტე ამ გზით წასვლა, ჩემთვის, ბუნებრივია, დეპუტატობას სხვა ხიბლი არ გააჩნია. ჩემი თანამდებობები საქართველოსა და ევროპაში ბევრად უფრო აღმატებულია.

ერთი მხრივ, დასაქმებულების ხმა პარლამენტში უნდა ისმოდეს და, რეალურად, ეს თემები (რაზედაც წლების განმავლობაში გვიმუშავია და გვიკეთებია) პოლიტიკური ტრიბუნიდან გაჟღერდეს. მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც ამ უბნის მცხოვრებისთვის (აქ ვიზრდებოდი, სკოლაც მანდ დავამთარე და ა. შ.), ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია და მას ვალიც უნდა დავუბრუნოთ.  საუბარია იმ ხალხზე, რომელმაც ჩემში მყარი მენტალიტეტი და მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა, რომელიც მოეწონათ ევროპაში და ამიტომაც ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტი ვარ; მოეწონათ საქართველოში და ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ვარ. ეს ამ ხალხის დამსახურებაა, იმ პროლეტარიატის, რომელთან ერთადაც მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი.

_ ახსენეთ კანონპროექტები, რომელთა გატანაც აუცილებელია. ამ ეტაპზე რომელ სფეროებშია აუცილებელი პროგრესის მიღწევა, რაზე იმუშავებთ?

_ ვფიქრობ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა ქმედით რეაგირებას მოითხოვს. ამ კონტექსტში რომელიმეს განსაკუთრებული ნიშნით გამოყოფა ნამდვილად გამიჭირდება. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს არ გააჩნია სტატუსი და ბიუჯეტის სიკეთეებით ვერ სარგებლობს. ისე, როგორც დაქირავებით დასაქმებული, თვითდასაქმებული ამას ვერ იყენებს. ანუ ის ხალხი, რომელსაც საუშაო ადგილი არც ბიძისთვის, არც მამიდისთვის არ უთხოვია და ასე არ მოუპოვებია, არამედ თვითონ გააკეთა, თვითონ შექმნა სამუშაო ადგილები და ისინი დღემდე საქართველოში უსტატუსოდ არიან დატოვებული. ისინი ვერ იღებენ ბიულეტენის ანაზღაურებას, საპენსიო რეფორმაში ვერ ჩაერთვებიან და ა. შ. ვფიქრობ, მათი ჩრდილიდან გამოყვანა, ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაში ჩართვა მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებული უმუშევრობის პირობებში ნორმები და სტანდარტები დაცული იყოს, რომელთა დაუცველობაც გვაძლევს ასეთ შედეგს: ერთი ადამიანი ნორმას, ანუ 40 საათს კი არ მუშაობს, არამედ 80 საათს და, ამ დროს, მეორე ადამიანი დაუსაქმებელი რჩება. ბუნებრივია, თუ ერთი ადამიანის ნორმა დაცული იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენ საშუალება გვექნება, რომ მეორე ადამიანიც დასაქმებული იყოს და ა. შ. უამრავი ასეთი საკითხია, რომლის მოგვარებაც სჭირდებათ ვაზისუბნელებს და არა მხოლოდ აღნიშნული უბნის მცხოვრებლებს.

_ შრომითი უფლებების სფეროში კიდევ რაზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

_ შრომის კოდექსში ბევრი საკითხი შევცვალეთ. უამრავი მუხლი პირადად ჩემ მიერ დაწერილი და ინიცირებულია მთავრობაში, შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა. დიახ, რაღაცები შეიცვალა და მიუხედავად ამისა, იმის განცდა არ გვაქვს, რომ ეს ხალხზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალურად აისახა. ბუნებრივია, ამ კუთხით საჭიროა კიდევ დამატებითი ცვლილებები შევიდეს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მსურს ვიყო პარლამენტში: უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა იმუშაოს რაღაც ბუსუსებიან პრეზერვატივებზე და მისთ., არამედ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების ელემენტარული უფლებები უნდა იყოს დაცული. პარლამენტარის დრო არა იმის გარკვევაზე უნდა იკარგებოდეს, იქ ჩოხა-ახალუხით უნდა ვიაროთ, თუ დახეული ჯინსით. თუმცა ვეთანხმები ყველა იმ ოპონენტს, ვინც წინააღმდეგია იქ კევის ღეჭვითა და დახეული ჯინსით სიარულის. პარლამენტში დრო იმაზეა დასახარჯი, რომ საქართველოში საკანონმდებლო სივრცე მოწესრიგდეს.

_ როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველმა რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

_ ამომრჩეველმა მხარი იმიტომ უნდა დამიჭიროს, რომ მე არ ვპირდები დიდ პენსიებს, უზარმაზარ მინიმალურ ხელფასებს… რაც გამიკეთებია, უკვე სახეზეა და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, _ ეს საქმე გამიკეთებია ჭიათურლებისთვის, ტყიბულელებისთვის, ზოგადად, დასაქმებული ადამიანებისთვის.კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ თანამდებობას, ე.წ. მაჟორიტარულ დეპუტატობას ჩემთვის რამე სხვა ხიბლი არ გააჩნია, თუ არა სიყვარული ამ უბნისა და, ზოგადად, დასაქმებული ადამიანისა, რომლის ხმაც მინდა, რომ პარლამენტში ისმოდეს. როგორც ერთი თანამდებობა საქართველოში, ასევე ბრიუსელში, ბევრად აღემატება დეპუტატის მანდატს.

_ რას სთავაზობთ ამომრჩეველს, როგორც თქვენს უბანში, ასევე, ზოგადად, პოლიტიკის განსაზღვრაში?

_ ვთავაზობ, რომ ყოველთვის ის საკითხები გაჟღერდება, რომელიც დასაქმებულ ადამიანს აინტერესებს. წინააღმდეგი ვარ იმ აზროვნების დამკვიდრებისა, რომ ბიზნესს უნდა ვკითხოთ, თუ საით წავიდეთ და როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ვკითხოთ დასაქმებულ ადამიანს, რადგან მასზე დგას ეს ქვეყანა და არა ბიზნესზე. ჩვენი ხალხი და ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ განმსაზღვრელი, ქვეყანა საით წავიდეს და როგორ განვითარდეს. ეჭვი მეპარება, ის ოთხი წელიწადი მაინც ეყოს, იმდენად ნულს ქვემოთაა ჩვენთან ადამიანის უფლებები დასული. არსებული რეალური მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. როცა დემოკრატიაზე საუბრობენ, განზოგადებულად დემოკრატია სწორედ ის არის, როცა მოქალაქეებს განცდა აქვთ, რომ ქვეყნის სამართავ საჭეზე, ანუ კანონებზე და ა.შ. ხელი მიუწვდებათ.პარლამენტარის მთავარი ფუნქციაა, რუპორი იყოს თავისი ამომრჩევლებისა.

_ გამოწვევები ახსენეთ და შეუძლებელია არ გკითხოთ, რას აპირებთ ქმედით შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, რომლის ჩამოყალიბებასაც საშველი არ დაადგა?

_ აქცენტია შრომის ინსპექციაზე, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, სოციალური პარტნიორობისა და დიალოგის განვითარებაზე, იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, როდესაც საქართველოს საკითხები ევროპასა და ამერიკაში იხილება, _ ეს გახლავთ კონფლიქტები ფოსტაში, კონფლიქტი პოფკავშირებსა და რკინიგზაში, კონფლიქტი კაზრეთში და ა. შ. აუცილებელია ამ ყველაფრის დარეგულირება. რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური დრო, რომელიც კანონში განსაზღვრულია, მაგრამ ამისთვის მეტი ვერ გაიმეტეს. ბიზნესს იმხელა ლობისტები ჰყავდა, რომ ჩვენ, მხოლოდ ერთმა პროფკავშირებმა მეტი ვერ შევძელით. იქ წერია, რომ განსხვავებული ტარიფით უნდა იხდებოდეს ზეგანაკვეთური შრომა, მაგრამ რამდენი დასაქმებული ადამიანი უნდა მოელაპარაკოს დამსაქმებელს? როცა იქ პროფკავშირი არ არის, წარმოგიდგენიათ, დასაქმებული დამსაქმებელთან ვერტიკალურ ურთიერთობაში შედის და შეუძლებელი ხდება, რომ ის რამეზე მოელაპარაკოს. და ვერასოდეს მოელაპარაკება, რადგან ამ უმუშევრობის პირობებში მას კონტრაქტს დამსაქმებელი უდგენს. მისი ყოფა სწორედ ამ კონტრაქტზეა დამოკიდებული.  ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დასაქმებულმა ადამიანებმა თავიანთი ძალა ბოლომდე უნდა გამოიყენონ, _ ეს არის მათი ერთად ყოფნა. და ამით პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ იმ საკითხების ლობირება მოახდინონ, რაც მათ ინტერესში შედის.

_ თქვენს საარჩევნო უბანში კონკურენტებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

_ მე არ მაქვს დრო, რომ კონკურენტებზე ვისაუბრო. მაქსიმალურად შევთავაზებ ამომრჩეველს, თუ რა გაგვიკეთებია და კიდევ რის გაკეთებას ვაპირებთ. შედარებები თვითონ ამომრჩეველმა გააკეთოს. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ვინ არიან ჩემი კონკურენტები.

_ დაიწყეთ თუ არა კამპანია?

_ ჯერ არ დაგვიწყია, ჩამოყალიბების პროცესშია. როცა ცესკო რეგისტრაციას მოგვცემს (ალბათ, 18-ის შემდეგ), მერე დავიწყებთ აღნიშნულ პროცესს.

_ რა შედეგს ელოდებით 8 ოქტომბრის არჩევნებზე?

_ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და გამარჯვებას ველოდებით. მინიმუმ, მოქალაქეების ცნობიერება უნდა ამაღლდეს არსებულ გამოწვევებზე. ასევე იმ გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, რაც პროფკავშირის ყულაბაშია. ცნობიერება ამაღლდება და, ბუნებრივია, იმ საკითხებს, რომელსაც პროფკავშირი აყენებს, გარანტიას გაძლევთ, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება. ჩვენ ამ ტრიბუნას აქტიურად გამოვიყენებთ, რომ ამომრჩევლების მოთხოვნა კიდევ უფრო მკაცრი გავხადოთ პოლიტიკოსების მიმართ.

 

                                                                                                                       გელა მამულაშვილი