თამარ ფხოველიშვილი: ,,მინდა, შვილებთან დაბრუნება ვითხოვო…“

b6y

გასულ კვირას პრემიერმა კვირიკაშვილმა კახეთში დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. დაანონსების მიუხედავად, დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლისძმა ლექსო თამაზაშვილი ვერ გახდა. მართალია, თამაზაშვილმა ოფიციალურად გვითხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაიწუნა, პარლამენტში არ დამანახოთო (სხვათა შორის, 2012 წელს ლექსო თამაზაშვილმა მშობლიურ რაიონში არჩევნები ზაზა კედელაშვილთან წააგო). რაც შეეხება კახეთის მოქმედ გუბერნატორს, ამავე წყაროს ინფორმაციით, ის პირადად პრემიერმა კვირიკაშვილმა დაიბარა. იმასაც ამბობენ, რომ ირაკლი შიოლაშვილმა მოქმედ პრემიერს თამაზაშვილების კლანის შესახებ ყველა კომპრომატი უკვე გადასცა და ამიტომაც დაიმსახურა დედოფლისწყაროს მაჟორიტარობა.

კახელების კლანის კორუფციულ სქემებზე „ქრონიკა+“-ში არაერთი მასალა გამოქვეყნდა. ბოლო სკანდალი წყალმომარაგების კომპანიაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. არჩილ ცაბუტაშვილისა და ზვიად ჯანყარაშვილის კორუფციულ სქემას მთავარი ბუღალტერი, თამარ ფხოველიშვილი შეეწირა. ის მეუღლესთან ერთად პატიმრობაშია, მისი მცირეწლოვანი შვილები კი მოხუცი ბებიის ამარა არიან მიტოვებულები.

„ქრონიკა+“-მა საპყრობილიდან თამარ ფხოველიშვილის წერილი მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ეს არის არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ ადამიანური ტრაგედიაც…

 

მოგესალმებით, ქალბატონო ელისო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გულისხმიერებისათვის, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინეთ. თქვენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები მოინახულეთ და მზაობა გამოთქვით იმ დახმარებისთვის, რაც, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად გვჭირდება.

წყალმომარაგების საქმე არაერთხელ გასაჯაროვდა ტელევიზიით, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა „P.S“-ში და გადაცემა „არჩევანში“, სადაც მე თავად მქონდა სატელეფონო ჩართვები, თუმცა საეთერო დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე სრულყოფილად ყველა იმ საკითხზე საუბარი, რომელიც, ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია. არც იმას დაგიმალავთ, გაუსაძლისი შინაგანი შიშით ვარ შეპყრობილი. მეშინია, ჩემმა ბრძოლამ და სიმართლის ყვირილმა ტრაგედიის მსხვერპლი არ გახადოს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი, მაგრამ მე ბრძოლა უკვე დავიწყე და უკან დახევას, იგივე ცაბუტაშვილისგან და სხვა „კეთილმოსურნე“ ადამიანებისგან, მათთვის ხელსაყრელი ინტერპრეტაცია მიეცემა.

ახლა, შეძლებისდაგვარად, შევეცდები, წერილობით გადმოგცეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პროკურატურამ უაზრობად და გამოძიებისთვს არაფრის მომცემად მიიჩნია, თუმცა ჩემი და ჩემი ადვოკატების აზრით, სწორედ ამ საკითხების გათვალისწინებით და ობიექტური გამოძიების პირობებში მარტივად დამტკიცდებოდა ის, რომ ცაბუტაშვილმა კორუფციული სქემის არსებობის შესახებ იცოდა, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულ საქმეში სწორედ იგი იყო ორგანიზატორიც, ხელშემწყობიც, მფარველიც და თანხის უდიდესი ნაწილის მიმთვისებელიც.

მინდა, „აჭარაბეთის“ საკითხით დავიწყო, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ დაადგინა, მხოლოდ და მხოლოდ, ფხოველიშვილის აზარტულობა, სინამდვილეში კი ჩემი მხრიდან ეს „აზარტულობა“ ემსახურებოდა, ისევ და ისევ, ცაბუტაშვილის დავალების შესრულებას, ამ გზით ხდებოდა თანხის გადატანა სხვადასხვა მომხმარებელზე, რომელიც ბოლოს ერთი კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშზე იყრიდა თავს და ცაბუტაშვილს გადაეცემოდა. ჩემი ვარაუდით, ეს თავმოყრილი თანხა ავტომატურად გადადიოდა ვიღაცის სახელზე გახსნილ ანგარიშზე და ცაბუტაშვილი ამას მოიხმარდა ბანკის პლასტიკური ბარათით. ვინაიდან მე არ ვიცოდი ამ მომხმარებლის ვინაობა, პროკურატურამ სწორედ ამიტომ დაადგინა, რომ ჩემი მხრიდან ეს იყო სიცრუე და სინამდვილეში ამით ჩემი „აზარტულობა“ საბოლოოდ გამოარკვია. თუმცა პროკურატურამ არაფრად მიიჩნია ის, რომ „აჭარაბეთიდან“ მიღებული ინფორმაციით ჩემს იუზერთან, ანუ ჩემთან ნათამაშევი ჰქონდა, დაახლოებით, 800 მომხმარებელს, მაგრამ ეს 800 მომხმარებელი, სინამდვილეში, 8-10-კაციანი ჯგუფი იყო, რომელსაც 100 მომხმარებელი ჰყავდა დარეგისტრირებული არარსებულ პირად ნომრებზე. აქვე, ამ 8-10-კაციანი ჯგუფის წევრებიდან, ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყველანი მოწმის სტატუსით დაიკითხნენ და როგორც გამომძიებელთან მიცემულ ჩვენებაში, ასევე სასამართლო პროცესზე გამოსვლისას დაზეპირებულივით გაიძახოდნენ ერთსა და იმავე ტექსტს. იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთმა მოწმემ აღნიშნა, თურმე, პირადად ჩემთვის 100 000 ლარი მოუგია. ჩემი ადვოკატების დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ შეძლო მან კონკრეტულად ფხოველიშვილისგან მოგებული თანხის დათვლა, უპასუხა, რომ მას ეს თანხა პროკურატურამ დათვლილი მიაწოდა. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას ამის დათვლის საშუალებას მისცემდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩემი დაკავების დღეს, 19.02.2015-ში, როდესაც მე თითქმის ათი საათის განმავლობაში ვაძლევდი ჩვენებას, არ დასმულა არანაირი შეკითხვა „აჭარაბეთში“ გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით, თუმცა მათ წინ ედოთ ჩემი საბანკო ამონაწერი, სადაც თანხების მოძრაობა ჩანდა. რატომღაც, გამოძიებამ, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ ჩემთვის ეკითხა, ვიყავი თუ არა აზარტული მოთამაშე, პირდაპირ მოიძია 8-10-კაციანი ჯგუფის ვინაობა და მისი წევრები დაკითხა, თითოეულ მათგანს დაუსვეს შეკითხვა, _ იცნობდნენ თუ არა არჩილ ცაბუტაშვილს? საინტერესოა, რატომ გაუჩნდა გამოძიებას ასეთი შეკითხვა, როცა ჩემგან მათთვის ცნობილი არ იყო, რომ ეს თამაში ცაბუტაშვილზე თანხების გადაცემის გამო ხდებოდა მისივე დავალებით. ამის თაობაზე მე შეკიხთვა დამისვეს მაისში, ან ივნისში და მას შემდეგ, რაც მე რეალობა ავხსენი, მითხრეს, რომ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად სჯობდა, პირდაპირ მეღიარებინა და დამეწერა, რომ მე აზარტული მოთამაშე ვიყავი.

აქვე დავძენ, რომ გამოძიების პერიოდში (19.02.15-17.07.15) 6 თუ 7 ჩვენება მივეცი და თითოეულს ესწრებოდა ჩემი იმჟამინდელი ადვოკატი, სულიკო ტიტვიძე, რომლის აყვანაც ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ზაზა ჯამასპიშვილმა შემომთავაზა, რადგან იგი ამ ადვოკატს ენდობოდა და საპროცესო გარიგების გაფორმების 100%-იანი იმედი მისცა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადვოკატმა, ჩემი დაცვის ნაცვლად, ანტიკორუფციულისა და პროკურატურის დავალება შეასრულა და გამოძიების ხუთთვიან პერიოდში ჩემი საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა და სიჩუმე მოახერხა, რაც საპროცესო გარიგების ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. იგი მარწმუნებდა, რომ აფიშირება და გახმაურება გააღიზიანებდა პროკურატურას და საპროცესოსთან დაკავშირებით მიცემულ პირობას დაარღვევდა. ხუთი თვის მერე კი ურცხვად გამომიცხადა, რომ მხოლოდ ჩემი ბრალეულობა გამოიკვეთა და საპროცესო აღარ გაგიფორმდებაო. მეტიც: ახალი მუხლი (194-ე) დაამატეს, რომელიც მართლა არანაირ შემხებლობაში არ არის საქმესთან.

თქვენ იცით, რომ ცაბუტაშვილის „პროკრედიტბანკის“ ამონაწერი გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც მან ბრენდულ მაღაზიებში 125 000 აშშ დოლარი დახარჯა, თუმცა ეს ამონაწერი საქმის მასალებშიც იყო. უბრალოდ, პროკურატურამ საჭიროდ არ მიიჩნია გამოერკვია, საიდან ჰქონდა ცაბუტაშვილს ამხელა თანხა ერთი წლის განმავლობაში კანონიერი შემოსავალი (პრემია, ხელფასი), რაც „ლიბერთი ბანკის“ ამონაწერში ჩანს. აქვე ჩანს, რომ კანონიერი თანხის ხარჯვა ცალკე მიმდინარეობს და არანაირი კავშირი არ აქვს ბრენდებში დახარჯულ 125 000 დოლართან. გარდა ამისა, ცაბუტაშვილის მამის „კონსტანტა ბანკის“ ანგარიშზე ფიქსირდება 263 000 ლარის მოძრაობა. ამ თანხებზე ცაბუტაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესები აქვს, რომლებიც დეკლარაციაში არ აუსახავს. სამწუხაროდ, არც ეს გახდა პროკურატურისთვის საინტერესო თემა.

თქვენი ყურადღება მინდა, კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით გავამახვილო: გამოძიების პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი ცაბუტაშვილისა და ფინანსური დირექტორის, კახაბერ სოლოლაშვილის ბრალეულობის გამოკვეთას. სწორედ ამის გამო გამომძიებელს ვუამბე და ჩვენებაც მივეცი წყალმომარაგების კომპანიაში არსებული თანხის მითვისების სხვა ფაქტზე, რომლის თანახმად, იმერეთის რეგიონში ერთ-ერთმა თანამშრომელმა 7000 თუ 8000 ლარი მიითვისა. დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა რამდენიმე თვეში გაიგეს, რომ თანამშრომელი, რომელმაც თანხა მიითვისა, კომერციულ საკითხებში მოადგილის, გიორგი კობერიძის დაქვემდებარებაში იყო. ცაბუტაშვილისა და კობერიძის გადაწყვეტილებით მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა. მათ  საჭიროდ არ მიიჩნიეს ამ საკითხზე საქმის აღძვრა, უბრალოდ, ეს პიროვნება სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის მიერ დაბრუნებული თანხა ვიღაცის პირად ინტერესებს მოხმარდა, რადგან ოფიციალურად ეს თანხა ბუღალტერიაში არ შემოსულა. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, დაბრუნებული ფული ცაბუტაშვილის თუ კობერიძის ინტერესებს მოხმარდა, თუმცა დარწმუნებით გეტყვით იმას, რომ არც გამოძიება და არც პროკურატურა ამ საკითხით არ დაინტერესებულა. ალბათ, 7-8-ათასიანი კორუფცია არ ღირს მათთვის დროის კარგვად. რაც მთავარია, გიორგი კობერიძე, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდა, 2015 წლის მარტში აღნიშნული თანამდებობიდან ჩემი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განთავისუფლდა, ხოლო რამდენიმე თვის წინათ იგი წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორად დანიშნეს. ჩვენი პროკურატურისთვის და მთავრობისთვის 7-8 ათასი ლარის მითვისება დაწინაურებისთვის საჭირო საფუძველია.

ძალიან საინტერესოა ERP-ის საკითხიც. ERP არის მაღალი დონის პროგრამა, რომლის დანერგვის შემთხვევაში მთელი კომპანია ინტეგრირებულად იმუშავებდა და არაკანონიერი ქმედებების რისკი ნულამდე დავიდოდა. 2012 წლის დეკემბერში, როცა ცაბუტაშვილი თავისი გუნდით, მათ შორის, მეც, წყალმომარაგებაში სამუშაოდ მივედით, სწორედ ამ პროგრამის დანერგვა იწყებოდა. სამუშაოს ასრულებდა „დელტა სისტემსი“. ფინანსურმა დირექტორმა კახაბერ სოლოლაშვილმა ცაბუტაშვილს აცნობა, რომ ERP იყო საკმაოდ გამჭვირვალე პროგრამა ამიტომ 2013 წლის იანვარში კომპანია „დელტა სისტემსს“ უარი ეთქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ფაქტობრივად, შეგნებულად შეაჩერეს ERP-ის დანერგვა და 85 ათასი ლარი, რომელიც კომპანია „დელტა სისტემსმა“ უკვე გაწეული მომსახურებისთვის მიიღო, არათუ არამიზნობრივად დაიხარჯა, არამედ პირდაპირ წყალში გადაიყარა. „დელტა სისტემსის“ შესრულებული მომსახურების 1800-გვერდიან დოკუმენტში დეტალურად იყო გაწერილი, თუ როგორ იქმნებოდა ERP წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურაზე, რა ხედვა და შესაძლებლობა იქმნებოდა თითოეული დეპარტამენტისთვის, რა გამჭვირვალობა და კონტროლის მექანიზმები ჩაერთვებოდა და ა. შ. ამ საკითხზე ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომპანია „დელტა სისტემსის“ ის თანამშრომლები დაკითხა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული წყალმომარაგების კომპანიისთვის პროგრამის შემუშავებაში, აგრეთვე, კომპანიის დირექტორიც. ყველას ჩვენებაში მითითებულია, რომ აღნიშნული პროგრამა იყო საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე და თითქმის ნულამდე შეამცირებდა უკანონო ქმედებების რისკებს, თუმცა იგივე ადამიანებმა სასამართლო პროცესზე ასე დადებითად აღარ ისაუბრეს თავისსავე პროგრამაზე და განაცხადეს, რომ ERP-ს დანერგვის შედეგიანობაზე ვერაფერს ვიტყვით, ვინაიდან ეს არ განხორციელებულაო. ლოგიკურად ისმის კითხვა, _ რატომ ისაუბრეს ამ ადამიანებმა სასამართლო პროცესზე  განსხვავებულად? პასუხი ერთადერთია, რომ მათი საუბრის შინაარსის შეცვლა პროკურატურის სურვილი იყო. ფაქტია ისიც, რომ დაკითხვასთან ერთად, პროკურატურა თავად უნდა გასცნობოდა კომპანიის 1800-გვერდიან დოკუმენტს და თავად უნდა გამოეტანა დასკვნა მის შესაძლებლობებზე, მაგრამ პროკურატურა ასე რომ მოქცეულიყო, მაშინ პირდაპირ უნდა დაედანაშაულებინა არჩილ  ცაბუტაშვილი 85 000 ლარის გაფლანგვაში. ამასთან ერთად, გაჩნდებოდა კორუფციულ სქემაში მისი დიდი როლის ეჭვიც, რაც ბრალდების მხარეს არ აწყობდა.

ამ საკითხების გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებსაც აღმოაჩენთ, თუ თავად გაეცნობით ჩემი საქმის მასალებს. ასეთი არაობიექტური გამოძიება ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ცაბუტაშვილს მფარველობენ მისი მეგობარი ზვიად ჯანყარაშვილი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. თუ ჩვენ ობიექტურად მივიჩნევთ პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომ 2 მილიონზე მეტი ლარი მარტო მე მივითვისე, ბ-ნი ცაბუტაშვილი და ბ-ნი სოლოლაშვილი, მინიმუმ, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა გასამართლდნენ. თუმცა ბრალდებას აქაც თავისი არგუმენტი აქვს, რომ გადარიცხვების დიდი რაოდენობის გამო შეუძლებელი იყო ჩემი სრულყოფილი კონტროლი. მე კი პროკურატურის უგუნურ არგუმენტებზე კვლავ მიჩნდება კითხვა, _ თუნდაც გადარიცხვების შერჩევითობით კონტროლის პირობებში რა გარანტია მქონდა, რომ უკანონო გადარიცხვას ვერ აღმოაჩენდნენ?

დაბოლოს, ისევ და ისევ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი მდგომარეობის ასე გულთან ახლოს მიტანისთვის! დარწმუნებული ვარ, თქვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველი ვითომ გამოძიების რეალურ ფაქტებს გაეცნობა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ ოთხი შვილის დედას ხელები შეაწმინდეს.

მე არ ვამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ და არა მხოლოდ კანონის წინაშე, ასჯერ უფრო მეტად საკუთარი შვილების წინაშე. თავის დროზე, კორუფციულ სქემაში გარევამდე, უნდა მეფიქრა, რომ ოთხი შვილის დედა ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ მილიონპროცენტიანი გარანტიები მქონდა მფარველობაზე, მაინც არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. ჩემი ოჯახი არ მდგარა ყოფითი პრობლემების წინაშე და წყალმომარაგების კომპანიიდან წამოსვლა არ იყო ჩემთვის შიშის საფუძველი, რომ უსამსახუროდ დავრჩებოდი. საბედნიეროდ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ფინანსების სფეროში ყოველთვის მაძლევდა სამსახურების არჩევის საშუალებას. 1992 წლიდან მუდმივად ვმუშაობდი საკმაოდ დიდ და ძლიერ კომპანიებში, სადაც ანაზღაურებაც შესაბამისი მქონდა, ასევე ბიზნესით იყო დაკავებული ჩემი მეუღლეც და აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ მქონდა საქმე ისე, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ჩამედინა. ასეთი შემთხვევის გამო რომ გადამედგა ეს ნაბიჯი, ჩემს თავს ოდნავ მაინც მოვუძებნიდი გამართლებას და, ალბათ, ასე აღარ გამტანჯავდა და გამანადგურებდა დანაშაულის შეგრძნება. დღეს კი ვცდილობ, რომ ყველას ავუხსნა არა ჩემი უდანაშაულობა, არამედ ის, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი ვარ. და თუ მთავარი დამნაშავე გარეთ ურცხვად დააბიჯებს, მაშინ მეც არ შემაწუხებდა სინდისი, რომ დახმარება და შვილებთან დაბრუნება ვითხოვო. შვილებთან, რომლებიც არასრულწლოვნები არიან და 64 წლის პენსიონერი ბებიის ამარა დარჩნენ. ყველაზე დიდი საფიქრალი კი ჩემი 13 წლის სანდროა, რომელსაც ოთხი წლის წინათ ერთი თირკმლის ამოკვეთა დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივ კონტროლს საჭიროებს, რაც, შეიძლება, ასაკიან ბებიას გამორჩეს და სანდროს მეორე თირკმელზეც დაეწყოს სერიოზული პრობლემები.

დიდი მადლობა თქვენ და შენდობას ვითხოვ.

 

                                                                                  პატივისცემით, თამარ ფხოველიშვილი.