ვალერი გრიგალაშვილის პასუხი ოპონენტებს

grigalashvili

 

2018 წლის 07 ივლისს გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა ჩემ მიერ მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი განცხადება, რომელშიც მხილებული იყო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებში. საპასუხოდ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით დაიძრა ცილისწამების, ბილწსიტყვაობისა და მონაჭორის ნიაღვარი, _ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ორი ნომრის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ თემას მიეძღვნა. „ასავალ-დასავალი“ ჩემთან მიმართებით გაზეთი იყო თუ საქართველოს ჭორების გავრცელების ბიურო, ძნელი გასარკვევია. ჩემი აზრით, თეა წულუკიანმა ჩვენს უშიშროებას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, ჟურნალისტად წოდებული ასავალ-დასავლელი ჯაბა ხუ-ბუა დაიბარა. ამ უკანასკნელმა მიიღო რა შესაბამისი ინსტრუქციები, არა მხოლოდ თვითონ შეთხზა წერილი, არამედ ორგანიზება გაუწია იმ პირებისთვის ინტერვიუს ჩამორთმევას, რომლებიც, თავის დროზე, ჩემზე განაწყენებულნი იყვნენ.

მაგალითად, ყოფილი პროკურორი თემურ ონიანი, ჩემი ქალაქის პროკურორობის პირველივე დღეებიდან, დააქვეითეს და რაიონის პროკურატურაში გადაიყვანეს, დანარჩენი  რესპონდენტი _ ბასილ მკალავიშვილი და სხვები, კონკრეტული დანაშაულისთვის დააპატიმრეს. ბუნებრივია, ისინი კარგად არ მოიხსენიებდნენ თავის პროკურორს. რაც ჯაბა ხუ-ბუამ იკადრა, „ამას არც ერთი სინდის-ნამუსისაგან დაცლილი კაცი არ იკადრებდა“. ისე წარმოაჩინა, თითქოს სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ მასზე ინტერვიუ მივეცი. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რაც სულხანი გარდაიცვალა, არანაირი ინტერვიუ არავისთვის მიმიცია და ვინც ამას ავრცელებს, ელემენტარულად, უნამუსოა. 2004 და 2013 წლებში ამ თემაზე ჩემი ინტერვიუდან ამონარიდები გაავრცელეს საინფორმაციო საშუალებებმა, რასთანაც მე არანაირი შემხებლობა არ მქონია. ჯაბა ხუ-ბუას ნაძირალობა და ამორალურობა სწორედ ის არის, რასაც მე მაბრალებს, თვითონ სჩადის მსგავს არაკაცურ საქციელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია, ეს არაკაცი მაინც არ ეშვება და მასზე იმ მონაჭორს ავრცელებს, რაზედაც ნოდარ გრიგალაშვილმა, თავის დროზე, პასუხი გასცა და კარგადაც მიჭირხვნა ეგ არაკაცი. ახლა გარდაცვლილზე იმ იმედით წერს, რომ არავინ გასცემს პასუხს. რასაც „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუ-ბუა კადრულობს, ეს ვირთხობა კი არა, პირდაპირ ის არის, რასაც მისი გვარის ორი ასო აღნიშნავს: ჯაბა ხუ… ბუა _ არ უნდა იკადრო უკადრებელი.

სოციალურ ქსელში „რეპორტიორმა“ ერთი სვანი ქალბატონის წერილი გაავრცელა, რომელიც შემდეგი წინადადებით იწყებოდა: „ეგ დაკავებული რომ არ არის, ერის ტრაგედიაა“. შემდეგ მოდიოდა ლანძღვა და ცილისწამება. ეს ქალბატონი, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს, ეტყობა, ან შეურაცხადია, ან ამ წერილისთვის ისეთი სერიოზული თანხა გადაუხადეს, თავი მოიგიჟიანა და ამიტომ იკადრა ასეთი უცენზურო სიტყვები. ეს სიტყვები მისთვისვეა შეურაცხმყოფელი, ვინაიდან ქალბატონები ასეთი ლექსიკით არ საუბრობენ.

ამ უზრდელმა სვანმა ქალმა და თორნიკე მოლაშვილმა, თავიანთ ინტერვიუში, ერთი და იგივე აზრი გამოთქვეს საბითუმო ბაზრის ყოფილ დირექტორ დავით ჯიბღაშვილთან დაკავშირებით, თანაც, ისევ მონაჭორი და ცილისწამება და იმ საქმეზე, რომელიც მართლა საამაყოა ჩემთვის. იმ პერიოდში ჩვენ ელექტროენერგიის სფეროში არსებულ დანაშაულებრივ ფაქტებს ვიძიებდით. ვარკვევდით, თუ რატომ არ იყო „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველოში ელექტროენერგია?.. როგორ მოხდა, რომ რევოლუციის შემდეგ, მას მერე, რაც ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქვეყანა განათდა და ჩაბნელებული საქართველო წარსულს ჩაბარდა?.. გამოძიება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა, პასუხისგებაში მიეცა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის თითქმის ყველა დირექტორი. ბოლოს დავით ჯიბღაშვილი დააპატიმრეს, ამ საქმეზე მთავრდებოდა რევიზიის აქტი, რის მიხედვითაც, მას, 3 წლის მანძილზე, სხვადასხვა მაქინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის, 150 მილიონი ლარის მითვისება უდასტურდებოდა. მიუხედავად საქმის ასეთი გარემოებისა, მოსამართლემ დავით ჯიბღაშვილს საპატიმრო ვადა არ გაუგრძელა. მალე თბილისის პროკურორის პოსტი დავტოვე და ზუსტად 10 დღეში ამ საქმეზე გამოძიების წარმოება შეწყდა. საქმის შეწყვეტის დადგენილებაში ჩაიწერა აშკარა ტყუილი, თითქოს ბრალდებულმა სრულად დაფარა დავალიანება. სახელმწიფო ბიუჯეტში მას არც ერთი თეთრი არ შეუტანია. ვისი დავალიანება დაფარა, ან რატომ შეწყვიტეს საქმე, ეს კარგად ეცოდინება ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ამჟამინდელი საქმიანობაც სასამართლოსა და პროკურატურისთვის თავისი ყოფილი მეგობრების _ სააკაშვილისა და ადეიშვილის _ საწინააღმდეგო ჩვენებების მიცემაა. ჯიბღაშვილის საქმეზე მან მართლაც დააკავა ვინმე აფციაური. რა უქნა დაკავებულს საკუთარ კაბინეტში, ეს მართლაც უნდა გაარკვიოს პროკურორმა. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ როდესაც ოქრუაშვილი დააკავეს, ჩხრეკის შედეგად მას ოქროს საბანკო ბარათი აღმოაჩნდა, რომელიც ჯიბღაშვილის სახელზე იყო გაცემული, თუმცა იმ პერიოდის გამოძიება ამ ფაქტით არ დაინტერესებულა. აცხონოს ღმერთმა სულხანი, მართლა ვიზიარებ და ვწუხვარ, რომ გარდაიცვალა. ის თავს იცავდა და ამიტომ ავრცელებდა სხვაზე არასწორ ინფორმაციას, მაგრამ თორნიკე რატომ აკეთებს ამას, ვერ ვხვდები?.. კანონის თუ არა, ღმერთის მაინც ხომ უნდა ეშინოდეს? მე ბევრად მეტ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ.

მრავალი ინტერვიუდან და  ცილისმწამებლური პუპლიკაციიდან ამჯერად შევეხები მხოლოდ ერთს _ ანაფორაში გამოწყობილი ბასილ მკალავიშვილის ინტერვიუს, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილზეა აგებული. ვრცლად მიმოვიხილავ მკალავიშვილის ბიოგრაფიას და საქმიანობას:

2003 წლის დასაწყისიდან დავინიშნე ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. სხვა მრავალ საქმესთან ერთად საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება ბასილ მკალავიშვილისა და მისი მიმდევრების მიერ სხვადასხვა რელიგიურ სექტის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულის ფაქტებზე. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს მრავალი სექტის წარმომადგენელი მოაწყდა. ისინი გაჭირვებულ მოსახლეობასთან აგიტაციას აწარმოებდნენ, ხალხს თითქმის სახლებში უვარდებოდნენ. გარკვეული გასამრჯელოს გადახდით, ან საჩუქრების გადაცემით იოლად შედიოდნენ კონტაქტში მოსახლეობასთან, რის შემდგომ მათგან მართლმადიდებლობის უარყოფას ითხოვდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა „იეღოველების სექტა~. ამ სექტას განსაკუთრებით მრავალი დამცველი ჰყავდა როგორც ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში.

„იეღოვას მოწმეების“ სექტა დააარსა ამერიკელმა კაპიტალისტმა, ჩარლზ ტეიზ რასელმა XIX საუკუნის 80-იან წლებში. სექტა თავისი ხასიათით განსაკუთრებით მავნებლურია პატარა სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან კრძალავს სახელმწიფოს სიმბოლიკის: ჰიმნის, დროშისა და სხვა ატრიბუტიკის პატივისცემას, სახელმწიფო დღესასწაულების ზეიმში მონაწილეობას, სამხედრო სამსახურს, სისხლის გადასხმას და სხვ. ჩარლზ რასელმა ბიბლიის უკეთ გასაგებად თავისი მოძღვრების ძირითადი დებულებები ჩამოაყალიბა შვიდ ტომში. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, რომ ბიბლია არ წაეკითხათ და ეხელმძღვანელათ მხოლოდ მისი მოძღვრება-განმარტებით. 1931 წლიდან, კოლუმბიის ყრილობის შემდეგ, სექტის წევრებმა „იეღოვას მოწმეთა საზოგადოება“ დაირქვეს. ამ პერიოდიდან იწყება მათ სექტაში ხალხის მასობრივად გადაბირება, მათი აზროვნების შეცვლა. „იეღოვას მოწმეთა“ რიგების სწრაფად გაზრდის მიზნით ახალგაზრდები მიჰყავდათ ამერიკაში, სადაც ისინი ყოველწლიურად ამთავრებდნენ „გალაადის სკოლას“. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდები გვევლინებოდნენ, როგორც „იეღოვას მოწმეთა“ პროფესიონალი მქადაგებლები. მათი მთავარი ოფისი _ „საგუშაგო კოშკის“ შენობა _ ამჟამადაც მდებარეობს ნიუ-იორკში, ბრუკლინში.

მიუხედავად იმისა, რომ „იეღოვას მოწმეების“ პროფესიონალი მქადაგებლები აქტიურად მოქმედებდნენ, თავდაპირველად მათმა მოღვაწეობამ შედეგი ვერ გამოიღო. მრავალი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლობის რწმენით გამსჭვალული ხალხი უარს ამბობდა თავსმოხვეულ რწმენაზე. „იეღოვას“ მქადაგებლებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მაშველად მოევლინა ბასილ მკალავიშვილი.

ბასილ მკალავიშვილს, სავარაუდოდ, თვით „იეღოველები“ და, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთ-ერთი არასამთავობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა ასევე იეღოველი იყო, აწვდიდა ინფორმაციას მათი შესაძლო თავშეყრის თაობაზე. ბ. მკალავიშვილი, თავის მრევლთან ერთად, თავს ესხმოდა იეღოველებს, ხისგან დამზადებული ჯვრებით უსწორდებოდა მათ, ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდა იეღოვურ ლიტერატურას, მაგრამ ამ ქმედებებს ყოველთვის ახორციელებდა ტელევიზიების თანდასწრებით. ბ. მკალავიშვილს ან თვითონ მიჰყავდა ჟურნალისტები შემთხვევის ადგილზე, ან წინასწარ ატყობინებდა ტელევიზიის მესვეურებს, თუ როდის და რა ადგილას მივიდოდა იეღოველების დასარბევად. ჟურნალისტების დაუსწრებლად არც ერთხელ არ ჩაუდენია მკალავიშვილს ასეთი „კეთილი“ თუ „ბოროტი“ დანაშაული.

ბ. მკალავიშვილისა და მისი მრევლის მიერ იეღოველთა დარბევის ფაქტზე გადაღებულ სიუჟეტებს გადასცემდა არა მხოლოდ საქართველოში არსებული ტელევიზიები, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტელევიზიის პირველ სიუჟეტად გადიოდა. საქართველოში მყოფი მცირერიცხოვანი იეღოვური სექტის დასახმარებლად მთელი მსოფლიოს იეღოველები დაირაზმნენ. წამოვიდა ძალიან დიდი დაფინანსება. ფინანსდებოდა როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. იზრდებოდა იეღოვური სექტის რიგები. იზრდებოდა მკალავიშვილის, როგორც „პატრიოტის“ ავტორიტეტი. ზარალს განიცდიდა მხოლოდ ქართული მართლმადიდებლობა და ქართული სახელმწიფო. ბ. მკალავიშვილის ქმედებების წყალობით ამერიკასა და ევროპაში საქართველო წარმოჩინდა, როგორც სახელმწიფო, სადაც სხვა რელიგიური მრწამსის გამო ადამიანები იდევნებოდნენ. ქვეყანას, სადაც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა რელიგია გვერდიგვერდ არსებობდა და მათი თანაარსებობის პერიოდში არასოდეს ყოფილა რაიმე სერიოზული დაპირისპირება, რელიგიურ ექსტრემიზმში სდებდნენ ბრალს. ბასილ მკალავიშვილის დასჯას მოითხოვდნენ როგორც ქვეყანაში არსებული იეღოვური მრწამსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე იმ პერიოდის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც.

მოვიძიეთ ბ. მკალავიშვილის მიმართ იმ პერიოდისთვის სამართალდამცველ ორგანოებში არსებული ოპერატიული ინფორმაცია და გაირკვა, რომ „არშაკოვიჩი“, ანუ ბასილ მკალავიშვილი, საბჭოთა სახელმწიფოს ბოლო პერიოდში თბილისის კონიაკის ქარხანაში მუშაობდა. სამუშაოს დამთავრების შემდგომ სახლში მიმავალი ბასილი ქარხნის უსაფრთხოების სამსახურმა შეამოწმა და მას აღმოაჩნდა ტანზე შემოკრული კონიაკის რამდენიმე ბოთლი. გამოიკვეთა დანაშაული, რაც იმ პერიოდში კვალიფიცირდებოდა, როგორც სახელმწიფო ქონების ფარული დატაცება. უსაფრთხოების სამსახურმა მილიცია გამოიძახა, რაც დღევანდელი პოლიციის იდენტური სიტყვაა და მათ დაკავებული გადასცა ნივთმტკიცებებთან ერთად. მკალავიშვილი არ მიცემულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ვინაიდან მილიციასთან გააფორმა, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, „საპროცესო შეთანხმება“. თუმცა ამას მაშინ სულ სხვა დასახელება ჰქონდა. პოლიციისგან მკალავიშვილი სხვა საკავშირო უწყებამ გადაიბირა. მაშინ, როდესაც გარდაუვალი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლა, მოსკოვის უშიშროების სამსახურმა თავისი აგენტის საქართველოს ეკლესიაში ჩანერგვა მოისურვა ერთადერთი დავალებით _ განხეთქილება შეეტანა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ორ ურთიერთდაპირისპირებულ, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ მხარედ გადაქცევის მიზნით. საბოლოო მიზანი კი, ეკლესიის დასუსტებით, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე პრობლემების შექმნა იყო. ბასილ მკალავიშვილმა თავისი „მეგობრების“ დახმარებით ერთ-ერთ სოფელში პატარა ზომის ეკლესია ააშენა და მის გასახსნელად საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელი მიიწვია. ვინაიდან იმ პერიოდში ეკლესიები არ შენდებოდა, მადლიერების ნიშნად პატრიარქმა იქვე აკურთხა ეკლესიაც და ბასილიც. იმ დღიდან ბასილ მკალავიშვილი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გახდა. ბასილ მკალავიშვილის ანტიქართული საქმიანობა მალე გამჟღავნდა და 1995 წელს საქართველოს ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ის საქართველოს ეკლესიიდან განკვეთეს. სინოდის გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ თუ ბასილ მკალავიშვილი კიდევ გააგრძელებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ძირგამომთხრელ საქმიანობას, მას გადასცემდნენ ანათემას. ბ. მკალავიშვილმა არ გაიხადა ანაფორა და დღემდე არ ასრულებს სინოდის გადაწყვეტილებას. მან გლდანში ააშენა ეკლესია და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უგულებელყოფით, ეწევა რელიგიურ საქმიანობას. თვითმარქვია და მატყუარა ადამიანი სხვას აშინებს ანათემაზე გადაცემით.

ბ. მკალავიშვილის მიმართ მისაღები იყო სამართლებრივი გადაწყეტილება. საქმე შევისწავლე და აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, არ იყო დადგენილი მრავალი საკითხი. გამოძიებას ბ. მკალავიშვილის პიროვნებაც კი არ ჰყავდა შესწავლილი, არ იყო გარკვეული, როდის და რის გამო განკვეთეს ეს უკანასკნელი ქართული ეკლესიიდან და სხვა საკითხები. ამ საქმის გამომძიებელმა ჯაოშვილმა წარმომიდგინა ბრალდების ფაბულა და განმარტა, რომ ბრალდება მკალავიშვილს ვერ წარუდგინა, ვინაიდან ის არ ცხადდებოდა ქალაქის პროკურატურაში. ბრალდების ფაბულის სათაურში კი ეწერა, რომ ის იყო დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მაგრამ შინაარსით ჰგავდა დოკუმენტს, რომელიც იქმნება პირისთვის სახელმწიფოს მიერ რაიმე სახის მედლის, ან ორდენის გადაცემისას. ბრალდების ფაბულა, დაახლოებით, ასეთი შინაარსის გახლდათ: „საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მომრავლდა სხვადასხვა სექტა, რომლებიც ასუსტებდნენ მართლმადიდებლობას. ძველად ქართველები მართლმადიდებლობის მტრებს ხმლით ებრძოდნენ. ბ. მკალავიშვილმა ასევე გადაწყვიტა მართლმადიდებლობის მტრების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ვინაიდან ის სამღვდელო პირი იყო, ბრძოლის იარაღად გამოიყენა ხისგან დამზადებული ჯვარი. ის გაუძღვა თავის მრევლს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა მართლმადიდებლობის მტრებს, იეღოველებს. ასეთი პათოსით გრძელდებოდა დადგენილება.

გამომძიებელთან ერთად ვიმყოფებოდი გლდანში, სადაც თავისივე აშენებულ ეკლესიაში ვინახულე ბ. მკალავიშვილი. გამომძიებელმა დაინახა რა ანაფორაში ჩაცმული მკალავიშვილი, მივარდა მას და დიდხანს ემთხვეოდა ხელზე. ბ. მკალავიშვილს ვთხოვე, რომ პროკურატურაში მოსულიყო, სადაც დაიკითხებოდა. ამასთან, შევპირდი, რომ თუ არ მოგვატყუებდა და გამოცხადდებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით მას აუცილებლად შევუფარდებდით არასაპატიმრო სასჯელს. მკალავიშვილი შეგვპირდა, რომ მითითებულ დროს პროკურატურაში მოვიდოდა, რის შესახებაც შესაბამისი ოქმი შევადგინეთ და წამოვედით. გზაში გამომძიებელს ვუთხარი, _ ბასილს ხელზე რომ ემთხვიე, ის ხომ აღარ არის მღვდელი, ეკლესიიდან განკვეთილია, ე. ი. შენ ჩვეულებრივ მოქალაქეს ემთხვიე. ეს იგივეა, პოლიციელს სამსახურიდან რომ გააგდებენ და ის ისევ პოლიციელის ფორმით დადიოდეს, რეალურად ხომ არ ჩაითვლება ის პოლიციელად-მეთქი? გამომძიებელმა გულწრფელად მითხრა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბასილი განკვეთილი იყო თუ არა ეკლესიიდან, ვინაიდან მას ანაფორა ეცვა, მისი წარმოდგენით ის მღვდელი იყო და მღვდელს ბრალს ვერ წაუყენებდა. მთხოვა, ამ საქმის გამოძიებიდან ჩამომეცილებინა. გამომძიებლის თხოვნა დასაბუთებულად მივიჩნიე და საქმის გამოძიებას ჩამოვაცილე.

ბ. მკალავიშვილმა არ შეასრულა მოცემული სიტყვა და მითითებულ დროს პროკურატურაში არ გამოცხადდა. ამ პერიოდისთვის პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის უფროსი გახლდათ კარგი პროფესიონალი, პოლიციის პოლკოვნიკი, თემურ მღებრიშვილი, რომელსაც ბ. მკალავიშვილის პროკურატურაში წარმოდგენა სიტყვიერად დაევალა. მიცემული დავალებიდან საათნახევარში ბ. მკალავიშვილი პროკურატურაში მოიყვანეს. თ. მღებრიშვილისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, თუ როგორ დაგეგმა და ასე მოკლე ხანში შეასრულა დავალება:

თ. მღებრიშვილმა ბ. მკალავიშვილის პროკურატურაში წარმოდგენის უზრუნველსაყოფად გამოყო სპეცრაზმის ოთხი თანამშრომელი. მათგან თითოეულს მკაცრად განუსაზღვრა, ოპერაციის დროს ვის როგორ უნდა ემოქმედა. გლდანის ეკლესიასთან მისვლის შემდგომ მძღოლი მანქანაში უნდა დარჩენილიყო და არ გამოერთო დაქოქილი ავტომობილი. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი სპეცრაზმელი შევიდოდა ეკლესიაში. ისინი არ მიიქცევდნენ მრევლის ყურადღებას, შეერეოდნენ მრევლს და შეუმჩნევლად მიუახლოვდებოდნენ ბასილს. ორი მათგანი ანაფორის ქვეშ შეუძვრებოდა მკალავიშვილს, ერთი აწევდა მარცხენა ფეხიდან, მეორე კი მარჯვენა ფეხიდან. ანაფორის ქვეშ მყოფ ორ სპეცრაზმელს გზის მიმართულებას უჩვენებდა მესამე სპეცრაზმელი, რომლის ფეხებიც ანაფორიდან გამოჩნდებოდა. ის მათ წარუძღვებოდა ავტომანქანამდე. მღებრიშვილის მიერ დაგეგმილი ოპერაცია ბრწყინვალედ შეასრულეს პოლიციის მუშაკებმა. წირვის დროს ბ. მკალავიშვილი უეცრად ჯერ ამაღლდა, შემდეგ კი მთელი სისწრაფით გაიქცა ეკლესიის გასასვლელისკენ. სანამ მრევლი გაერკეოდა, თუ რა მოხდა რეალურად, ბ. მკალავიშვილი ქ. თბილისის პროკურატურის შენობაში მოიყვანეს.

ბ. მკალავიშვილი იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით დაიკითხა, რომლებზედაც ცალ-ცალკე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. მას ხელწერილი ჩამოვართვით და გავუშვით. მან ამჯერადაც არ შეასრულა სიტყვა და პროკურატურაში არ გამოცხადდა, რის გამოც მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება, ასევე გამოცხადდა ძებნა.

ბ. მკალავიშვილის ძებნის გამოცხადებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. შეიცვალა ხელისუფლება. გენერალურ პროკურორად ირაკლი ოქრუაშვილი მუშაობდა. 2004 წლის 11 მარტს, დაახლოებით 15 საათზე, ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვიმყოფებოდი სამძიმარზე. ჩვენს უფროს მეგობარს, ყოფილ პროკურორს, დედა გარდაეცვალა და მისამძიმრების შემდგომ ცოტა ხნით მის სახლთან, ლესელიძის ქუჩაზე შევჩერდით. ამ დროს მობილური ტელეფონით ირაკლი ოქრუაშვილი დამიკავშირდა. ის ძალიან აღშფოთებული იყო. ძებნაში მყოფი ბ. მკალავიშვილი, რომელიც საბერძნეთში იყო წასული, არა მხოლოდ ჩამოსულა საქართველოში, სახალხო დამცველის ოფისთან პრესკონფერენციაც ჩაუტარებია. ი. ოქრუაშვილმა დამავალა, სასწრაფოდ მივსულიყავი სახალხო დამცველის ოფისთან და პირადად დამეპატიმრებინა ძებნილი. ძებნილის დაკავება ქალაქის პროკურორის კი არა, პოლიციელის, კერძოდ, ძებნის ინსპექტორის სამსახურებრივ მოვალეობას შეადგენდა. არ შევკამათებივარ ზემდგომ პროკურორს, დაუყოვნებლივ მივედი სახალხო დამცველის ოფისთან, მაგრამ ბ. მკალავიშვილს ვერ მივუსწარი. ადგილზე მყოფმა პოლიციის მუშაკემბა მითხრეს, რომ დაახლოებით 15 წუთი გავიდა, რაც ბასილმა პრესკონფერენცია დაამთავრა და თავის მრევლთან ერთად ავტომანქანებით ტერიტორია დატოვაო.

მობილური ტელეფონით დავუკავშირდი იმ პერიოდში ქ. თბილისის პოლიციის უფროსს, ლევან მაისურაძეს და ვუსაყვედურე, რატომ აძლევდა ქალაქის ცენტრში ძებნილ პირებს პრესკონფერენციის ჩატარების უფლებას. ლევანმა მითხრა, რომ პრესკონფერენციის მსვლელობისას, სახალხო დამცველის ოფისის ეზოსთან, პოლიციის საკმაოდ სერიოზულ ძალებს მოუყარა თავი, მათ შეეძლოთ ანაფორაში ჩაცმული ბასილის დაკავება, მაგრამ მინისტრ ბარამიძესთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, ხელი არ შეეშალათ მისთვის. იმ მომენტში ბასილის დაპატიმრება „ბასილისტებთან“, ანუ ბასილის მიმდევრებთან დაპირისპირებას გამოიწვევდა. შესაძლოა, მრავალი მათგანი დაშავებულიყო და სხეულის დაზიანებები მიეღო. პოლიციის ხელმძღვანელობა მოერიდა ერთი ძებნილის დაკავების გამო მრავალი მოქალაქის უფლებების შელახვასა და მათ ცემა-ტყეპას. მაისურაძემ ასევე მომახსენა, რომ იმ წუთებში ბასილი თავის აშენებულ ეკლესიაში შევიდა. მისი მრევლის ნახევარი გადაცმული პოლიციელებისგან შედგებოდა. გარე პერიმეტრს ფორმაში ჩაცმული პოლიციელები აკონტროლებდნენ. მაისურაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც „ბასილისტები“ დაიშლებოდნენ, ან ყურადღებას მოადუნებდნენ, ძველი მეთოდით მოხდებოდა ბასილის მოტაცება-დაპატიმრება. ყოველივე ზემოაღნიშნული გენერალურ პროკურორს მოვახსენე და ჩემი მხრივ ისიც დავამატე, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ოთხმა პოლიციელმა საათნახევარში მოიტაცა ბასილი და ამჟამად, ვინაიდან პოლიციელები მრავლად არიან, უფრო ნაკლებ დროში შეძლებდნენ მის უხმაუროდ დაკავებას. ირაკლი ოქრუაშვილი ცოტა ხანი დაფიქრდა და შემდეგ კატეგორიული ხმით მომმართა: „მე დღეს დავინახე, თუ როგორ შეგიძლიათ ძებნილის დაკავება. მოხსენით პოლიცია გლდანის ეკლესიიდან. მკალავიშვილის დაკავების საკითხი თქვენ აღარ გეხებათ. მე ჩავატარებ დაკავების ოპერაციას და დაგანახვებთ, თუ როგორ უნდა გემოქმედათ!“

ლევან მაისურაძეს გენერალური პროკურორის ბრძანება გადავეცი. გლდანის ეკლესია დაუყოვნებლივ დატოვეს ფორმიანმა და უფორმო პოლიციელებმა. სამსახურში მისვლის შემდეგ კაბინეტში შემოვიდა სამმართველოს შეშფოთებული უფროსი. მას აინტერესებდა, ქალაქის პოლიციის დახმარების გარეშე გენერალურ პროკურორს როგორ უნდა ჩაეტარებინა ოპერაცია? მე დავამშვიდე ქალაქის პოლიციის შეფი და ვუთხარი, რომ ოქრუაშვილს ასეთი ოპერაციის ჩატარების გამოცდილება ჰქონდა. მისი შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს მთელმა საქართველომ იხილა, თუ როგორ მარჯვედ შეუვარდა გუბერნატორი კაცი ბორდელში ახალგაზრდა ქალ-ვაჟს და ხელი შეუშალა მათ უძველესი საქმიანობის განხორციელებაში. მთავარია, დიდ შარს არ გადაგვკიდოსო, _ ჩაილაპარაკა პოლიციის უფროსმა.

მეორე დღეს, დილიდან, ტელევიზიით გადაიცემოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის შოკისმომგვრელი კადრები. ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილმა, პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, განაცხადა, თითქოს დარბევის დროს ის სახლში იყო და შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ამ ოპერაციის ხელმძღვანელი რომც არ ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის ადგილზე, როგორც დანაშაულის ორგანიზატორი, უპირველესად უნდა ეგო პასუხი კანონის წინაშე.

ძალადობა, რომელიც გლდანის ეკლესიის დარბევის დროს „ოქრუაშვილმა და მისმა რაზმმა“ ჩაიდინეს, არა მხოლოდ გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან, არამედ კრიმინალია. დანაშაულის დამგეგმავი პირის მიზანს არ წარმოადგენდა მხოლოდ ძებნაში მყოფი მკალავიშვილის დაკავება, კანონი კი ასეთი ძალადობის მიმართ უძლური იყო, ვინაიდან ძალადობის ორგანიზატორი საქართველოს გენერალურ პროკურორად მუშაობდა. ბასილ მკალავიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ პრეტენზიები ჰქონდეს მისი დაკავების დროს გადამეტებული ძალის გამოყენებასთან, სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიები აქვს ჩემ მიმართ,  ავრცელებს ტყუილსა და მონაჭორს, უნამუსოდ იგონებს ისეთ ფაქტებს, რაც არ მომხდარა.

ბასილ მკალავიშვილის, თემურ ონიანის, ლიპარტელიანის, ხუ-ბუას, ასევე საპატიმრო დაწესებულებაგამოვლილ პირთა ინტერვიუს ინსპირატორი თეა წულუკიანია. ამიტომ აჯობებს, სამომავლოდ, ინტერვიუს ინსპირატორს გავცე პასუხი და არა უშუალოდ მონაჭორისა და სიბილწის შემთხზველსა და გამავრცელებელს. 2016 წლის 8 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში თეა წულუკიანის მიმართ იმიტომ შევიტანე განცხადება, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ქალბატონის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული, არანაირი ილუზია არ გამაჩნია, რომ წულუკიანს, ამ ეტაპზე, რომელიმე პროკურორი გაუბედავს გამოკითხვას. საქართველოს პროკურატურის ისტორიაში არის ერთი ანალოგიური მაგალითი: 1993 წელს აფხაზეთის ომში დამარცხების მიზეზების დასადგენად საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი, ალექსანდრე შუშანაშვილი, დასაკითხად კაბინეტში მიადგა მთავარსარდალს, სახელმწიფოს მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს. როცა შევარდნაძემ პროკურორის სტუმრობის მიზეზი გაიგო, გაბრაზდა და ის საერთოდ არ მიიღო. პროკურატურაში დაბრუნებულ ბატონ ალექსანდრეს თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანება დახვდა. წულუკიანის დაკითხვის მცდელობის შემთხვევაში იგივე ბედი ელის პროკურორს, თუმცა, პოლიტიკური ნების არსებობისას, სამომავლოდ, ეს გარდაუვალი იქნება.

 

ვალერი გრიგალაშვილი

 

,,ქრონიკა+“  მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ვალერი გრიგალაშვილის მიერ დასახელებულ პიროვნებებთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას ტელეფონი (574 830 9…) გამორთული ჰქონდა, ამიტომ შეტყობინებაც დავუტოვეთ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მისი პირადი ნომრიდან (599 73 51 … ) სხვამ გვიპასუხა, მეგობრად გაგვეცნო, მოისმინა, თუ რა თემაზე გვსურდა ოქრუაშვილის ჩაწერა და დაგვაიმედა, რომ სურვილის შემთხვევაში, ბატონი ირაკლი თავად დაგვიკავშირდებოდა. რა თქმა უნდა, პირობა არ შესრულდა. ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანს შეტყობინება ,,ფეისბუქშიდავუტოვეთ და პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღიაასევე ვერ მივაკვლიეთ ბასილ მკალავიშვილს.

თუ ამ წერილის შემდეგ  მხარეებს  სურვილი გაუჩნდებათ,  ვალერი გრიგალაშვილის ბრალდებებს უპასუხონ, ,,ქრონიკა+“ მათ მომდევნო ნომერში პოზიციის დაფიქსირების საშუალებას მისცემს.