მეეზოვე, რომელიც სხვის 9 შვილს უვლის და ყოველდღე დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს

meez

ის, ვინც დილის ექვს საათზე იმ პარკის სისუფთავეზე ზრუნავს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად სახელდება, ყველა სიკეთესთან ერთად, სხვის 9 შვილს უვლის.

ილია ჩოხელი 5 წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს. მისი წარსული და ბავშვობა ბევრად უფრო მძიმე და რთულად მოსაგონარია, ვიდრე იმათი, ვისაც თავად მფარველობს.

მეეზოვის ცხოვრება, რომელიც თანამედროვე გმირების სიაში შედის, ბავშვთა სახლში დაიწყო. 16 წელი შეუსრულდა თუ არა, თავშესაფრის კარი მისთვის დაიკეტა და მას შემდეგ 2 წლის მანძილზე უსახლკაროდ ცხოვრობდა. სხვადასხვა შავ სამუშაოსაც არ თაკილობდა, ღამეს ხან ღია შენობაში, ხანაც ქუჩაში ათევდა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ისეთ ადამიანებზე უნდა ეზრუნა, რომლებსაც ცხოვრების მის მსგავსად განვითარება ემუქრებოდა. ამ დროის მანძილზე, გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემდეგ, მოძღვარმა იპოვა და როგორც თავად ამბობს, ღვთის გზაზე დააყენა.

ერთ დღეს ახალგაზრდა გოგო ნახა, რომელიც მტკვარში გადახტომას ლამობდა, მიზეზი კი არასასურველი ორსულობა და ოჯახისგან უარყოფა იყო. ილიამ დახმარება შესთავაზა და მის შვილზე ზრუნვა დაიწყო:

„მამაკაცები მშიშრები არიან _ გოგოებს იშორებენ, ოჯახები კი მათ მიღებაზე უარს ამბობს, ესირცხვილებათ, ასეთი სასოწარკვეთილი გოგოები კი თავის მოკვლასაც არ ერიდებიან. სწორედ მარტოხელა დედებს და მათ შვილებს ვეხმარები, რომელთაც იმ ბავშვთა სახლში ემუქრებათ ცხოვრება, სადაც ოდესღაც მე გავიზარდე, მათ 18 წლის შემდეგ კარს მიუკეტავენ და ახალი ცხოვრების დაწყება მოუწევთ. არ მინდა, ამ ბავშვებმა იგივე გადაიტანონ, რაც მე _ ხომ ვიცი, როგორი რთულია ეს?!“

ოჯახზე ზრუნვა ნამდვილად რთულია, მით უფრო, როდესაც ეს 9 ბავშვს და მათ დედებს ეხება. დასუფთავების სამსახურის ხელფასი 660 ლარი, რა თქმა უნდა, არ ჰყოფნით, ამიტომ ილია ეკლესიაშიც მსახურობს, სანთლებს აკეთებს, მშენებლობაში ეხმარება. მეგობრებმა იციან, რისთვის სჭირდება მას ფული, სწორედ ამის გამო ყველა შესაძლო შემთხვევის დროს ეხმიანებიან და დროებით სამსახურს სთავაზობენ, მას კი იქიდან შემოსავალი „თავისი“ ბავშვებისთვის მიაქვს:

„მეგობრებიც მეხმარებიან, განაწილებული გვყავს ბავშვები, ავლაბარში ერთმა პიროვნებამ ოთახი დაგვითმო, ქვემოთ ბავშვები და დედები ცხოვრობენ, სხვენში მე მძინავს, კიდევ ორი მეგობრებთან მყავს, ორისთვის ბინას ვქირაობ, ვცდილობ, ყველაფერი გავუკეთო, რაც სჭირდებათ“.

ილიას ყველაზე პატარა „შვილი“ წლის და სამი თვისაა, ყველაზე უფროსი კი _ 8 წლის. დედებს შორის ყველაზე უფროსი 28 წლისაა. უკვე 16 წელია, ილია სხვის შვილებს უვლის, ამ დროის მანძილზე, როგორც თავად ამბობს, დაახლოებით 23 სარეცხი მანქანა აქვს შეძენილი, რომ დედამ ბავშვებზე სათანადოდ იზრუნოს და ელემენტარული კომფორტი ჰქონდეს. ფინანსურად არა, და პროდუქტებით, ტანსაცმლით, ბავშვის საფენებით, ჰიგიენის ნივთებით, ტექნიკით, საცხოვრებლის ქირის გადახდით ეხმარება:

„ბავშვები რომ წამოიზრდებიან, მათთვის სამსახურის პოვნას ვცდილობ. მინდა, მათაც სრულყოფილად იცხოვრონ. საზოგადოებაში ნდობა ნაკლებია, რადგან როცა თავშესაფარში გაზრდილ, ან უდედმამო ბავშვს ნახავენ, ამბობენ, უპატრონოა და აუცილებლად მოიპარავს, ან საქმეში არ ივარგებსო. განა, არ შეიძლება, ოჯახში გაზრდილი ბავშვი უფრო მეტად ბოროტი იყოს, ვიდრე თავშესაფარში?! საზოგადოებაც მტრულადაა განწყობილი. ამ ბავშვებს კიდევ სიყვარული, სითბო და ერთობა მინდა ვასწავლო“.

ილიას წყალობით ერთ-ერთ დედა-შვილს სოციალური დახმარება დაენიშნა. სოციალური აგენტები ოჯახებში დაჰყავს, რომ პირობები აჩვენოს და იქნებ, რამით დაეხმაროს. მთელი 16 წლის მანძილზე ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოზარდები დაუბინავებია და მერე დაოჯახებულან.

ამბობს, რომ ოცნებად აქვს ერთი სახლი, სადაც ყველა ამ დიდ და „პატარა“ ადამიანს მოუყრის თავს, ერთად იცხოვრებენ, მანამდე ექნებათ თავშესაფარი, სანამ თვითონ არ მოინდომებენ წასვლას: „სახელმწიფოსგან პატარა ბინას ვითხოვ ამ ბავშვებისთვის, მერე გავარემონტებთ, შევლესავთ.  მთავარია, ჭერი და იატაკი ჰქონდეს, არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს და გარემონტებულს. უამრავი კომპანიაა, რომელსაც რაღაცის გაკეთება შეუძლია ამ ბავშვებისთვის. ბავშვთა სახლში ახლა უკეთესი პირობებია, ვიდრე ჩემს დროს იყო, მაგრამ ბავშვებს მშობლები სჭირდებათ, ამ დედებს კიდევ _ ბავშვები. არაერთხელ მივმართე მერიას, მიწის ნაკვეთი მაინც რომ გამოგვიყონ, 300/100 კვ.მ.-ც საკმარისია, სადაც ჩვენით ავაშენებთ თავშესაფარს ამ ბავშვებისთვის, ღამის გასათევი მაინც რომ ჰქონდეთ. იმ ფულით, რასაც ქირაში ვიხდი (200 ლარი ერთ ბინაში, 150 _ მეორეში), უფრო მეტს გავაკეთებდი მათთვის, საჭმელს ერთად გააკეთებდნენ, კომუნალურებს ერთად გადაიხდიდნენ“.

საინტერესოა, სად უნდა ეცხოვრათ ოჯახისგან და ერთ დროს საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებულ ქალებს, ილია რომ არ გამოჩენილიყო?! რა უნდა ეკეთებინათ და რით ერჩინათ თავიანთი თავი და შვილები?!

„ერთ-ერთი ბავშვის მამა ვიპოვე. ბევრი წვალება მომიწია, მაგრამ ვიპოვე და ის ისევ უარზეა. ამბობს, რომ მისი შვილი არაა, ამიტომ დნმ-ის ანალიზის გაკეთება გვინდოდა, რომელიც ათას ლარზე მეტი ჯდება. მერიას მივმართე დასახმარებლად. ამჯერადაც უშედეგოდ. მითხრეს, _ რადგან დედა თბილისში არაა ჩაწერილი და რაიონშია, ამიტომ ვერ დაგეხმარებითო“.

გასული წლის თბილისობაზე ქალაქის მერმა 4 ადამიანი დააჯილდოვა: მესაათე, ტაქსის მძღოლი, მაშველი და მეეზოვე. ეს უკანასკნელი ილია ჩოხელი გახლდათ და მას 4000 ლარი გადასცეს. გამოიცანით, რისთვის გამოიყენა მან ეს თანხა?..

„ყველაფერი, რასაც ვითხოვ, არის ადგილი, მიწის ნაკვეთი, სადაც რამის აშენებას შევძლებთ, ან ფართი, თუნდაც გასარემონტებელი. სულ რომ ლტოლვილებზე და სოციალურად დაუცველებზე ფიქრობენ, იქნებ, იმ ბავშვებზეც იფიქრონ, რომელთა  ჯერარდაწყებული ცხოვრება უკვე ქუჩაში გრძელდება? რატომ არავინ ფიქრობს ამაზე? იმ შენობისაც კი, სადაც მე გავიზარდე და იმ წლების გახსენებაც კი არ მინდა: საჭმელი არ გვქონდა, ერთ მოხარშულ კვერცხს ორი ბავშვი ვიყოფდით, პურს და პასკას გვიწონიდნენ და ნაყინი რა იყო, არ ვიცოდით. ომი გვქონდა ჭამაზე, იმ ინტერნატშიც კი ლტოლვილები შეასახლეს. სისტემაა თვითონ გაუმართავი. რა უნდა ქნას 18 წლის ბავშვმა, როდესაც მას თავშესაფრიდან გამოუშვებენ (ჩემს დროს კიდევ უარესი, 16 წელი იყო)?! მე მხოლოდ ორი წელი ვცხოვრობდი ქუჩაში, ზოგიერთი კი მთელი ცხოვრება ასეა. ეს ბავშვები ვერ იცხოვრებდნენ იმ ინტერნატში? დედ-მამა რომ არ ჰყავთ, მაგის გამო უნდა მოვაშოროთ?

ნუ გამოაგდებთ ამ ბავშვებს 18 წლის მერე! იქ გაიზარდნენ, იქ ჭამდნენ. ხომ შეიძლება, დარჩნენ, სახლი, თავშესაფარი მაინც ექნებათ, იმუშავებენ და ღამეს იქ გაათენებენ. ვინმე მაინც ნახავს და თავისთან ამუშავებს. მაგრამ ნდობა არაა, უპატრონო ბავშვს არ ენდობიან, ეშინიათ.

დღეს, დაახლოებით, 1500 და მეტი ბავშვია ქუჩაში, ვიღაცამ მაინც დაასაქმოს. თავშესაფარში ღამის გასათევი მაინც ექნებათ“.

მერიას მან ორჯერ მიმართა, ორივეჯერ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თხოვნით, რათა საცხოვრებელი აეშენებინა ბავშვებისთვის, თან რამდენიმე სტრატეგიული ობიექტიც მოიძია, სადაც შეიძლებოდა მისი განთავსება, ძირითადად, პერიფერიებში, რომ უფრო მარტივი ყოფილიყო მერიისთვის ამ მიწის ნაკვეთების დათმობა, მაგრამ პირველ ჯერზე წერილობით, ხოლო მეორედ მობილურით უთხრეს უარი. გაუმართავ სისტემაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც საკუთარი გამოცდილებით შეუძლია იმსჯელოს, თუმცა ცნობილი და საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ადამიანი ზრდასრულად ითვლება 18 წლიდან, შესაბამისად, ნებისმიერი თავშესაფრიდან მისი დათხოვნა ზრდასრულად გახდომის შემდეგ ხდება და სახელმწიფოც მასზე მზურველობის ვალდებულებას იხსნის.

თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის სამიზნე ჯგუფს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები წარმოადგენენ. სისტემა საერთაშორისო ხასიათისაა და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ასე. საეჭვოა, რამე შეიცვალოს და სახელმწიფომ ზრდასრულთათვის გამოყოს, ან ააშენოს რაიმე თავშესაფარი, სადაც ამ ადამიანებს ღამის გათენება მაინც შეეძლებათ, კერძო სექტორიდან კი ძალიან იშვიათად ინტერესდებიან.

მიუხედავად რამდენიმე უშედეგო ცდისა, ილია ჩოხელს მაინც იმედი აქვს, რომ ააშენებს, ან გამოუყოფენ სახლს, სადაც იცხოვრებენ ადამიანები, რომლებიც ზრუნვას და თავშესაფარს საჭიროებენ.

„ქრონიკა+“-თან დამშვიდობების შემდეგ ილია კვლავ სხვის 9 შვილზე საზრუნავად გაემართა.

 

                                                                                                           ნინო ტაბაღუა