წერილები ციხიდან

tbv

 

„ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ რედაქციაში უამრავი წერილი მოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, სადაც პატიმრები სხვადასხვა სახის პრობლემაზე საუბრობენ. ამჯერად წერილები რუსთავის #6 და ბათუმის #3 დახურული ტიპის დაწესებულებებიდან მივიღეთ. ზოგი საპატიმროში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე წერს, ზოგი სამედიცინო სახის პრობლემებზე ჩივის და შესაბამისი ორგანოებიდან ყურადღების მიპყრობას გაზეთის მეშვეობით ცდილობს.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ფრაგმენტებს პატიმართა წერილებიდან, რომლებიც წერილობით ადასტურებენ, რომ მათი ვინაობა შეგვიძლია, გაზეთის ფურცლებიდან გავამჟღავნოთ.

 

სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულება

 

არსენ ლებანიძე:

_ 6 თვის წინ მაღალჩინოსნები დანაშაულში ვამხილე. ეს არ მოეწონათ და ყველანაირად ცდილობენ, შემიქმნან პირობა, რომ გავჩერდე. დეპარტამენტის მაღალ თანამდებობაზე მყოფმა პირმა ვერ ამიყოლია მასთან თანამშრომლობაში, რომლის სანაცვლოდაც ზონაში გადაყვანას მპირდებოდა. რა თქმა უნდა, „ნასედკობაზე“ უარი ვთქვი, ამიტომ დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადავყავარ, ნარკოტიკიც ჩამიდეს, აღარ ვლაპარაკობ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შემოტევებზე, რომელსაც თითქმის შევეჩვიე. ყოველდღიურად მიწყობენ პროვოკაციებს და არ მიგზავნიან განცხადებებს გენერალურ ინსპექციაში, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო სტრუქტურებში და სხვ. რასაც ვწერ, ამ ყველაფრის დადასტურება ფაქტებით შემიძლია. ამ წერილის მიზანი ის არის, რომ გამოაქვეყნოთ გაზეთში, ხალხი იყოს ინფორმირებული, რომ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ არის ჰარმონიული ცხოვრება. იქნებ, ეს გაიგონ შესაბამისმა დაწესებულებებმაც და დაფიქრდნენ ამ საკითხზე.

 

ბადრი სვანიშვილი:

_ 10 წელია, სასჯელს ვიხდი დახურული ტიპის დაწესებულებაში. წინა ხელისუფლების პირობებში ვარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. დაავადებული ვარ უამრავი ავადმყოფობით, მათ შორის, ტუბერკულოზით. არ მაქცევენ სათანადო ყურადღებას. ამის თაობაზე უამრავჯერ მივწერე სამედიცინო დეპარტამენტის უფროს თამთა დემურიშვილს, მაგრამ, საბოლოოდ, დავასკვენი, რომ მას განზრახული აქვს ჩემი სიცოცხლის ხელყოფა, რაზედაც ვუჩივივარ მთავარ პროკურატურაში, სახალხო დამცველთან, სასჯელაღსრულების გენინსპექციაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, იუსტიციის მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, მაგრამ ჩემს საჩივრებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დაწესებულების მთავარი ექიმი გახლავთ მაკა გრიგალაშვილი, რომელიც დემურიშვილთან არის დაახლოებული. ივნისში გრიგალაშვილმა სამედიცინო ნაწილისთვის განკუთვნილ ოთახში გამიყვანა და მითხრა, რომ დემურიშვილი მისი ახლობელია, ახლახან ესაუბრა და აინტერესებს, რა მიზეზით ვუჩივივარ? მიზეზები ავუხსენი, გრიგალაშვილმა კი დამცინავი ტონით მითხრა, _ წერე და იკითხეო. ცდილობდა, პროვოკაციაზე წამოვეგე, მაგრამ არ ავყევი. მას შემდეგ არანაირ სამედიცინო მომსახურებას აღარ მიწევენ, შეგნებულად მიგვიანებენ ფსიქოტროპული მედიკამენტების მოცემას. თხოვნით მოგმართავთ დახმარებისთვის.

 

სასჯელაღსრულების ბათუმის #3 დაწესებულება

 

ფრიდონ ჯობავა, რევაზ მუხაშავრია, ლევან ქაჯაია, მიხეილ კონცელიძე:

_ ბათუმის #3 დაწესებულებაში არაადამიანურად გვექცევიან. ე. წ. ვანდალურ საკანში მოხვედრის შემთხვევაში პატიმარს არაადამიანურ პირობებში უწევს ყოფნა. იქ არ არის მაგიდა, საწოლი, ჭამა უწევს იატაკზე, სადაც ლეიბი აგდია და რაც მთავარია, არ არის ჰაერი. რატომ სვამენ კარცერში პატიმრებს, მიზეზსაც არ ასახელებენ. თუ იკითხავ, პატიმრების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. როდესაც საკნიდან საკანში გადავყავართ, ჩვენს ტელევიზორს გვართმევენ და საწყობში მიაქვთ. შემდეგ ჩამორთმეულ ტელევიზორს რომ ვითხოვთ, უარს გვეუბნებიან. ადმინისტრაციის პასუხია, რომ ახალი ტელევიზორი ვიყიდოთ. საიდან უნდა ჰქონდეს პატიმარს ამდენი საშუალება, რომ საკნის გამოცვლის დროს ახალ-ახალი ტელევიზორი იყიდოს? მინისტრმა კახიშვილმა აქაური ვითარების შესახებ 10% მაინც რომ იცოდეს, წერილებზე ისეთ პასუხებს არ დაგვიბრუნებდა, როგორსაც ვიღებთ. პატიმრები რომ ვართ, ამიტომ უნდა მოგვექცნენ არაადამიანურად? პატრონი არ გვყავს, გვიშველეთ და დაგვეხმარეთ, ჩვენს თავს უბედურება ხდება. მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოაქვეყნოთ მასალა ჩვენი ვითარების შესახებ, თუ რა მდგომარეობაში გვიწევს სასჯელის მოხდა.

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს:

_ მსჯავრდადებული ბ.ს.-ს პრეტენზია სამედიცინო სერვისის მიღებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბ.ს., ისევე როგორც ყველა მსჯავრდადებული, სრულად არის უზრუნველყოფილი ყველა სათანადო  სამედიცინო მომსახურებით. ბ.ს. არაერთხელ იქნა კონსულტირებული სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მიერ. კერძოდ, მას გაეწია უროლოგის, ნევროლოგის, ფსიქიატრის, ფტიზიატრისა და ასევე მულტიდისციპლინური ჯგუფის მრავალჯერადი კონსულტაციები. გარდა ამისა, მსჯავრდადებულს სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. მათ შორის, გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, საშარდე სისტემის ექოსკოპია, წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპია და სეკრეტის გამოკვლევა. ასევე გავლილი აქვს ექიმ-სპეციალისტების მიერ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის არაერთი კურსი. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდადებული ბ.ს. #6 განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან #19 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს და სწორედ ამ მიზეზით იგი პერიოდულად  უარს აცხადებს მკურნალობის კურსის გაგრძელებაზე, დამოუკიდებლად წყვეტს როგორც მედიკამენტების მიღებას, ასევე, უარს აცხადებს სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციის მიღებაზე, რომელიც მედპერსონალის მიერ შედგენილი ოქმით არის დადასტურებული და მას თავად მსჯავრდადებული აწერს ხელს. რაც შეეხება მსჯავრდადებულის მოთხოვნას სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის შესაბამისი სამსახური, მსჯავრდადებულის უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, დაწესებულების შეცვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

მსჯავრდადებულ ა.ლ.-ს საჩივრის საფუძველზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდადებულის საჩივარში ნარკოტიკული ნივთიერება ნახსენები არ არის. გარდა ამისა, მსჯავრდადებული წერილში მიუთითებს, რომ ციხის ადმინისტრაცია მის წერილებს მითითებულ ადრესატებთან არ აგზავნის, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება.  მსჯავრდადებულ ა.ლ.-ს 24.02.2016 წლიდან 70 წერილი აქვს გაგზავნილი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე  არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების სახელზე. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის (1 წერილი), პრეზიდენტის (7 წერილი),  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (13 წერილი), სახალხო დამცველის (6 წერილი), არასამთავრობო ორგანიზაციების (9 წერილი), სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (8 წერილი), ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის (1 წერილი) მისამართით და სხვ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ უსაფრთხო ოთახში ის პატიმრები თავსდებიან, რომლებიც სამართლებრივი რეჟიმისა და დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევებით გამოირჩევიან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხო ოთახი გამოიყენება არა დასჯის, არამედ იმ კონკრეტული და სხვა მსჯავრდადებულების უსაფრთხოების მიზნით. რაც შეეხება წერილის ავტორებს, მსჯავრდადებულები მ.კ. და ლ.ქ. ე. წ. ანტივანდალურ საკანში სასჯელის მოხდის პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილან მოთავსებულნი. შესაბამისად, მათი პრეტენზია უსაფუძვლოა. ცნობისთვის: უსაფრთხო ოთახი აღჭურვილია უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. ყველა დისციპლინური დასჯა კანონის სრული დაცვით ხორციელდება, რათა გატარდეს პრევენციული ზომები იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სამართლებრივი რეჟიმისა და წესრიგის დარღვევებით გამოირჩევიან, ან მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ. რაც შეეხება ტელევიზორებს, პატიმარს, რომელიც ერთი საკნიდან სხვა საკანში გადადის, საკუთარი ტელევიზორიც შეუფერხებლად გადააქვს მისივე სურვილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორი დაწესებულების საწყობში ინახება, პატიმარმა უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგალითად, ტელევიზორის საფასურის გადახდის ჩეკი, ან ტელევიზორის ე. წ. პასპორტი და დაუბრკოლებლად მიიღებს აღნიშნულ ნივთს.

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი