ვის ინტერესებს ემსახურება საგადასახადო ამნისტია?!

uuu

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, საქართველოში ხდება გადასახადის ადმინისტრირების გამარტივება, საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამ კანონმდებლობის დახვეწა, რაც წინგადადგმული ნაბიჯი და მთავრობის წარმატებაა. ამავდროულად, თავს იმითაც იქებენ, რომ საგადასახადო ვალდებულებები ჩამოწერეს (საგადასახადო ამნისტია), რაც, მართლაც პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.

იურისტი, ასოცირებული პროფესორი, მარინა კორძაძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შემთხვევაში არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან ,,საგადასახადო ამნისტიის“ გარეშე დარჩენილი კეთილსინდისიერი გადამხდელები, აღნიშნული შეღავათი კი მხოლოდ არაკეთილსინდისიერებზე განხორციელდება.

 

მარინა კორძაძე:

_ 1997 წლიდან დღემდე საქართველოში რიგით მესამე საგადასახადო კოდექსი მოქმედებს. ბიზნესი და თითოეული გადამხდელი ასეთ ცვლილებებზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებს, რადგან ეს საქმიანობა ხანგრძლივ ეფექტზეა გათვლილი. ბიზნესი წინასწარ დაგეგმვას საჭიროებს, შესაბამისად, უნდა იცოდეს, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში რა ურთიერთობა ექნება მაკონტროლებელთან და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ ურთიერთობის განმსაზღვრელი წესი სტაბილური იქნება. ბიზნესზე ასევე უარყოფითად მოქმედებს დღეს არსებული კანონის ხვალ საპირისპიროდ შეცვლა.

_ გინდათ მითხრათ, რომ საქართველოში სწორედ ასე ხდება და ამით ზარალდებიან ბიზნესმენები?   

_ დღეის მდგომარეობით ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის რეფორმას, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. ამ ცვლილებებით განხორციელდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებებისა და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების, ძირითადი თანხის გადახდის პირობით. ანუ მხოლოდ ძირ თანხას გადაიხდიან და დანარჩენზე პასუხისმგებლობა მოეხსნებათ. საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით; დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან; საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. აქედან მნიშვნელოვანია განვიხილოთ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც რეალურად არის _ უიმედო ვალი. ის მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს, ვინაიდან წლების განმავლობაში აღნიშნული ბიზნეს სუბიექტები ისედაც ვერ იხდიდნენ ამ დაგროვილ დავალიანებას, მისი ჩამოწერით კი ბიუჯეტი არაფერს კარგავს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა   საგადასახადო კოდექსის ცვლილებების (309-ე მუხლის 37-ე ნაწილი) საფუძველზე განხორციელდა, თუმცა ეს მოხდა რიგი გადამხდელების მიმართ.

_ საგადასახადო ამნისტია ვის შეეხო, ანუ „რიგი გადამხდელები“ ვინ არიან? 

_ 2011 წლის 01 იანვრისა და 2013 წლის 01 იანვრის პერიოდებისთვის განსხვავებული პირობები დადგინდა. კერძოდ, 2011 წლის 01 იანვრისთვის არსებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის (სსკ 309-ე მუხლის 37-ე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი) მთავარი მოთხოვნაა, პირს 2011 წლის პირველი იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოსთვის არ უნდა ჰქონდეს წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია-გაანგარიშება. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, თუ პირს 2011 წლის 01 იანვრისთვის აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 000 0000 ლარის ოდენობით, მაგრამ მან წარადგინა 2011 წლის 01 იანვრის შემდგომ, ვთქვათ, 2012 წლის 20 იანვარს, ან 2015 წლის 10 მარტს საგადასახადო დეკლარაცია, სადაც ერთობლივი შემოსავლის თანხა, მაგალითად, 5 ლარია, ასეთ შემთხვევაში მასზე დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ განხორციელდება. ამდენად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა დამოკიდებულია შემდგომი პერიოდების მიხედვით ისეთი დეკლარაციების წარდგენაზე, რომელთაც აქვთ ნულოვანი დეკლარაცია, ან საერთოდ არ აქვთ წარდგენილი დეკლარაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა შეეხო ისეთ პირს, რომელსაც ჰქონდა საგადასახადო დავალიანება, შესაძლებელია შემდგომ პერიოდებში ჰქონდა ბრუნვები, მაგრამ დეკლარაცია არაკეთილსინდისიერად არ წარადგინა. ხოლო პირმა, რომელმაც კეთილსინდისიერად წარადგინა დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, მის მიმართ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა არ განხორციელდა.

რაც შეეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას მეორე (სსკ 309-ე მუხლის 37-ე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი), 2013 წლის 01 იანვრის პერიოდისთვის,  აღნიშნული განისაზღვრა შემდეგნაირად: 2013 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა ჩამოწერას დაექვემდებარა, თუ გადახდილია 2013 წლის პირველი იანვრისთვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება _ გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2013 წლის პირველი იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია-გაანგარიშება, ამ შემთხვევაშიც დავალიანების ჩამოწერის მთავარი პირობა, გარდა დეკლარაციის არწარდგენისა, არის 2013 წლის 01 იანვრისათვის რიცხული ძირითადი გადასახადის დავალიანების გადახდა. ე. ი უნდა ყოფილიყო სრულად დაფარული ძირითადი გადასახადი, დეკლარაცია არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი, აღნიშნული პირობების არსებობის შემდგომ ასეთ პირზე გავრცელდებოდა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

ზემოაღნიშნული განხილვის შედეგად დასკვნა ასეთია: კეთილსინდისიერი გადამხდელი აღმოჩნდა საგადასახადო ორგანოს მხრიდან შეღავათის  (საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის) გარეშე, ხოლო არაკეთილსინდისიერი გადამხდელი _ შეღავათით მოსარგებლე.  საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, სახეზე გვაქვს გადამხდელთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებული მდგომარეობა.

_ როგორ შეიძლება, ეს ხომ არაკეთილსინდისიერებისკენ შეგნებული ბიძგია? რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე? კონკრეტულად ვინმეს მოარგეს ეს კანონიც?

_ საგადასახადო დავალიანება არ ჩამოეწერათ კეთილსინდისიერ გადამხდელებს და ასეთი პირები აღმოჩნდნენ სხვა პირებთან, გადამხდელებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში. შეიძლება ითქვას, განხორციელდა ზოგიერთი გადამხდელის მიმართ დისკრიმინაცია. ამჯერად მათ ვერ დავასახელებ, თუმცა ამის მიხვედრა რთული არ არის. საგადასახადო ამნისტია ძალიან კარგია, თუმცა არ შეიძლება ის მოხდეს ასეთი ფორმით და დაყოფით. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები უნდა ჩამოყალიბებულიყო იმგვარად, რომ არ ყოფილიყო დადგენილი დამოკიდებული პირობა უკვე დაფიქსირებული პერიოდის მიხედვით წარდგენილი დეკლარაციების შესახებ. ასეთი პირობის შედეგად დაცული იქნებოდა ყველა გადამხდელის თანაბარ პირობებში ჩაყენების პრინციპი, თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა. საქართველოს საგადასახადო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ყველა გადამხდელის თანაბარ პირობებში ჩაყენება, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული კეთილსინდისიერი გადამხდელი. საგადასახადო სისტემის მიმართ მხოლოდ ასე ამაღლდება სანდოობა და არა ისე, როგორც ამჯერად მოიქცნენ. საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეფუძნება კონკურენტულ გარემოში საწარმოთა საქმიანობის თანაბარ პირობებს, დაცული უნდა იქნეს. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში საწარმოთა სახელმწიფო დახმარების რეგულირების კონცეფცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: სახელმწიფო დახმარების დასაშვებობა; გამჭვირვალობის დაცვა საწარმოთათვის სახელმწიფო დახმარების გაწევისას; სახელმწიფო დახმარების იმ ცალკეულ სახეობათა დაკანონება, რომლებიც არ არღვევენ კონკურენტულ გარემოს და ა. შ. აქ კი ასეთი ფაქტორები გათვალისწინებული არ არის და ხომ გითხარით, არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს უწესებენ შეღავათებს, კეთილსინდისიერებს კი ჩაგრავენ, რაც არის ნონსენსი. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ასე რატომ მოიქცნენ, თუმცა ფაქტი სახეზეა და ვერსად გავექცევით.

_ იქიდან გამომდინარე, რომ კეთილსინდისიერ გადამხდელებს არ შეეხოთ შეღავათი-ამნისტია, მათ რა ელით?

_ აღნიშნული ცვლილებები ემსახურება საგადასახადო პოლიტიკის ვითომ ლიბერალიზაციას, მაგრამ ცვლილებით გათვალისწინებული შეღავათი შეეხო საერთოდ უმოქმედო გადამხდელებს, რომელთაც ისედაც გაჩერებული ჰქონდათ საქმიანობა. ასეთი იქნება, ალბათ, 15%, ხოლო დანარჩენ 85%-ს ეს არ შეეხო. ცვლილება სპეციალურად არის შენიღბული, ვითომ და რაღაც განხორციელდა. დანარჩენ 85%-ს საგადასახადო დავალიანების გამო საგადასახადო გირავნობა ადევს: იპოთეკა, რომლის შედეგიც ის იქნება, რომ მათ თუ ქონება აქვთ, აუცილებლად გაუყიდიან, თუ არადა, ჰაერში გამოკიდებული უიმედო ვალი იქნება.

ვისაც 50 000 ლარზე მეტი აღიარებული საგადასახადო ვალი აქვს და ვერ ჩამოეწერა, მათ მიმართ ამუშავდება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 5-დან 8 წლამდე. აი, ეს იქნება ამ ყველაფრის შედეგი. რამდენად არის წინგადადგმული ნაბიჯი, საზოგადოებამ განსაზღვროს.

 

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი