სასამართლოზე ატირებული ექიმები _ გარემოს დაცვის სამინისტრომ კლინიკების დაჯარიმება დაიწყო?!

13933092_10209261289504684_698583897_n

1996 წელს საქართველო „ბაზელის კონვენციას“ შეუერთდა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი პირობა გახლდათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. აღნიშნული კონვენციის თანახმად, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტ-ექსპორტი უნდა დარეგულირებულიყო შიდა კანონმდებლობით საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეფარდებით. „ბაზელის კონვენციას“ თან ერთვის შესაბამისი ჩამონათვალი, რომელიც ახასიათებს, თუ რა არის ეს სახიფათო ნარჩენები და, შესაბამისად, არსებობს კოდები, რომლითაც უნდა ისაზღვრებოდეს, რა საფრთხის მატარებელია ესა თუ ის ნივთიერება.

2013 წელს, როდესაც საქართველოში პროამერიკული ვექტორი ევროპისკენ გადმოიხარა, კიდევ უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი, ვინაიდან ევროპული სივრცე პირდაპირ შესაბამისობაშია „ბაზელის კონვენციასთან“. კერძოდ, საქართველოში დაიწყო მავნე ნივთიერებების კოდების ისეთი დიფერენციაცია, რომელიც „ბაზელის კონვენციაშია“ გაწერილი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს გახლავთ ძალიან რთული ეკონომიკური ნორმა.

როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ე. წ. დონეებად დაყოფა დაიწყო, ამას მოჰყვა მთელი რიგი დაპირისპირებები „არამიანცის“ ტერიტორიაზე განთავსებულ საავადმყოფოებს შორის. როდესაც „ქრონიკა+“-მა იქ მიმდინარე მოვლენების გაშუქება დაიწყო, დაპირისპირება უფრო მაღალ _ სახელისუფლებო დონეზე გადავიდა და მასში ჩაერთო სამი უწყება: ჯანდაცვის სამინისტრო (კლინიკები), მერია (სასწრაფო დახმარების საქალაქო სამსახური) და გარემოს დაცვის სამინისტრო. ალბათ, იკითხავთ: კი მაგრამ, ჯანდაცვის სამინისტრო რა შუაშიაო? არადა, სწორედ მან შეიძლება ჯანდაცვის რეფორმა თავდაყირა დააყენოს. მაგალითად, როდესაც სასწრაფო დახმარების უფროსს პრეტენზია წაუყენეს, რომ მისი სამსახურის მანქანებს ავადმყოფები არალიცენზირებულ კლინიკაში (კონკრეტულ სეგმენტში) მიჰყავდა, გაირკვა, რომ კლინიკას კომპიუტერული ტომოგრამის დადგმის ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტრომ მისცა, მაშინ როცა… ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არ იყო გაცემული ლიცენზია.

 

ნესტან მანჯგალაძე _ კლინიკა „გულის“ მენეჯერი:

_ გარემოს დაცვის სამინისტრომ თბილისის აბსოლუტურად ყველა კლინიკა დაავალდებულა, რომ მათგან სპეციალური მენეჯერები _ „გარემოს დამცველები“ დაენიშნათ.

_ მათგან დანიშვნა რას ნიშნავს, სამინისტროს კადრი?

_ არა, საქართველოში არსებულმა თითოეულმა კლინიკამ გარემოს დაცვის სამინისტროს 500 ლარი უნდა გადაუხადოს და კლინიკის მიერ არჩეული პირი სამინისტროში გაივლის ტრენინგებს, სადაც იგი „ბაზელის კონვენციის“ კოდებს შეისწავლის. შემდეგ ეს თავის კლინიკაში უნდა დანერგოს ნარჩენების გატანისა და უსაფრთხოების საკითხებში.

_ დავიბენი… „ბაზელის კონვენციას“ საქართველო 20 წელია, რაც მიერთებულია და ნარჩენების გატანაც ხომ აქამდე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ რეგულირდება?

_ დიახ. ჩვენ ხელშეკრულება დავდეთ „ექსპრეს-დიაგოსტიკასთან“, ყოველთვიურად 150 ლარს ვუხდით და მათ სწორედ „ბაზელის კონვენციის“ კოდებით გათვალისწინებული ნარჩენები გააქვთ _ შპრიცები და ა. შ. ამ შპს-ს, თავის მხრივ, ლიცენზია აქვს გარემოს დაცვის სამინიტროსგან აღებული. ამით არ კმაყოფილდებიან და ბრძანება დაუშვეს კოდების შესახებ, რომ ნარჩენები ამჯერად უკვე ახალმა მმართველმა უნდა გააკონტროლოს. 32-გვერდიანი კოდებია, გარემოს დაცვამ თავისი ახალი შპს-ები შექმნა.

_ ცოტა დაწვრილებით მომიყევით. რა მოხდა თქვენს შემთხვევაში?

_ 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ახალი ბრძანება გამოვიდა და საქართველოს ყველა კლინიკას 2016 წლის პირველ თებერვლამდე ვადა მიეცა. ამ ბრძანების მიხედვით, კლინიკებს უნდა დაენიშნათ „გარემოს მმართველი“, რომელსაც ტრენინგი უნდა გაევლო გარემოს დაცვის სამინისტროში. ეს მოთხოვნა გარემოს დაცვამ ეკონომიკის სამინისტოში გადააგზავნა, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ის კლინიკები და დაწესებულებები, რომელთაც ეკუთვნით, ან არ ეკუთვნით ნარჩენების გატანა. ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრეს, რომ შემოსავლების სამსახურის საიტ რს.გე-ზე დაედოთ. მოხდა ისე, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დააგვიანა შეტყობინების გადაგზავნა რს.გე-ზე და თებერვლის შემდეგ გამოქვეყნდა. ამ დროს ოქმის ჩაბარების ვადად მითითებული იყო პირველი თებერვალი. თბილისში 120-მდე კლინიკაა და მათი უმეტესობა სრულ ვაკუუმში იყო, არაფერი იცოდა. როდესაც გავხსენი და ვნახე, უკვე 3 თებერვალი იყო. ისედაც ვერ ვეტეოდით დროში. გარემოს დაცვის სამინისტროში წავედი, რომ გამერკვია, „ნარჩენების მმართველს“ რისი უფლებები ჰქონდა და რა უნდა შეესრულებინა? მანამდე ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე ვეძებე და ვერაფერი ვნახე. ცხელ ხაზზეც დავრეკე და არავინ არაფერი იცოდა. მოკლედ, გარემოს დაცვის სამინისტროში მესამე სართულზე ავედი (იქ სხედან ამ დეპარტამენტის თანამშრომლები) და მეკითხებიან, _ რატომ მოხვედითო და თუ დანიშნეთ მმართველიო? ვუპასუხე, რომ „გარემოს დამცველს“ თავისი უფლებები აქვს და ჯერ ამიხსენით, რას ითვალისწინებს, რომ გეგმის შედგენა ვასწავლოთ ახალ მმართველს-მეთქი? მიპასუხეს, რომ ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ, ეს გეგმა მუშავდება, თუ როგორ უნდა შეადგინოთ კლინიკებმა ნარჩენების გატანის სქემა. ამას, მოგვიანებით, გამზადებული სახით შეგატყობინებთო. ეს იყო 25 მაისი.

_ მმართველი წარადგინეთ?

_ ჩვენ პირველ თებერვლამდე უნდა წარგვედგინა, მაგრამ ვინაიდან არ ვიცოდით, ვიფიქრეთ, რომ ამ მოთხოვნებს გეგმასთან ერთად წარვადგენდით. ასეც ვუთხარი სამინისტროს თანამშრომელს, _ თუ ის არ იცით, რა უნდა წარგვედგინა, მაშინ დედლაინი პირველ თებერვლამდე რატომ დაგვიწესეთ-მეთქი? სანაცვლოდ მივიღე პასუხი, რომ ახალ მმართველს უნდა გაევლო ტრენინგები, სადაც 500 ლარი(!!!) იქნებოდა გადასახდელი და ამის შემდეგ უკვე ის შეადგენს გეგმასო. _ მე არ მაქვს იმდენი საშუალება, 500 ლარი გადავიხადო-მეთქი.

_ ანუ ნარჩენების მართვის საკითხებში თქვენ აპირებდით მმართველის ფუნქციის აღებას?

_ დიახ. კლინიკამ ასე გადაწყვიტა. ინგლისური საიტი მიმითითეს, საიდანაც მთელი კონვენცია გადმოვთარგმნე, თვენახევარი ვიწვალე და ფორმა გავაკეთე. როცა ეს ფორმა გარემოს დაცვის სამინისტროში მივიტანე, მითხრეს, რისთვის გჭირდებოდათ ეს კონვენციაო? შემდეგ მე-6 სართულზე ამიშვეს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვინაიდან ჩემი ოქმი არ მიიღეს, დავწერე განცხადება, რომ არ დავეჯარიმებინე. ისიც გავარკვიე, რომ ყველას ეს ბედი ეწეოდა, ვინც სამინისტროში იმ 500-ლარიან ტრენინგებს არ გაივლიდა. ამის შემდეგ ოფიციალური წერილი მომდის, რომ დადანაშულებულები ვართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტში, მოგვიყენეს რაღაცა მუხლები და აღიძრა საქმე. ანუ გარემოს დაცვის სამინისტრომ დაგვაჯარიმა 200 ლარით.  ისევ სამინისტროში წავედი და ვეუბნები (სულ სხვადასხვა ხალხი მხვდებოდა), _ მე ხომ წერილები ჩაგაბარეთ, სასამართლოზე რაზე გადაგვეცით-მეთქი? _ კი ბატონო, მაგრამ ელექტრონულად უნდა აგეტვირთაო. _ ეს ელექტრონული ბაზა არსებობს-მეთქი? _ არაო. _ აბა, რას გვთხოვთ, სად უნდა ავტვირთოთ-მეთქი? ეს ყველაფერი სასამართლოში გავარკვიოთო.

_ რაღაც ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს გვიყვებით. საინტერესოა, გარემოს დაცვის სამინისტრო რას გვეტყვის?

_ 500 ლარი უნდა გადაგვეხადა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, ცალკე ფულს მაგათ მიერ ლიცენზირებულ შპს-ს ვუხდით. 27 ივნისს ხდება ეს ამბავი. ჩამოვრეკე მთელი თბილისის კლინიკებში და კაციშვილმა არაფერი იცოდა. „არამიანცის“ კლინიკებს მე გავაგებინე, ეპიდემიოლოგებმა არაფერი იცოდნენ.

_ სასამართლზოე რა მოხდა?

_ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ სასამართლოში, ამიტომ გარემოს დაცვის სამინისტრომ ე. წ. მინდობილობის ფორმა მომცა და სასამართლოზე წავედი. მოსამართლე მეუბნება, _ მინდობილობა არ არის სწორად დაწერილიო. ამ დროს გარემოს დაცვაში მომცეს ფორმა. ავუხსენი ეს მოსამართლეს, მაგრამ მეუბნება, რომ მაშინ მე დაუსწრებელს გაგიფორმებთ გარემოს დაცვის სამინისტროს სასარგებლოდო. ანუ ვითომ აქ არ ხარო. მე ვუთხარი, _ მაშინ გადავიტანოთ-მეთქი. _ არა, მე შვებულებაში მივდივარო. იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენეს, რომ ამ ხნის ქალმა ტირილი დავიწყე.

_ ადვოკატი რატომ არ წაიყვანეთ?

_ ადმინისტრაციულ საკითხს ეხებოდა. ახლა, უკვე ავიყვანეთ ადვოკატი და საქმე მას მივეცით. აქ 200 ლარის გადახდა-არ გადახდაზე არ არის საუბარი, პრინციპის ამბავია. როცა დარბაზიდან გამოვედი, სხვა კლინიკების მენეჯერები იდგნენ რიგში.

_ სხვა კლინიკებიც დააჯარიმეს?

_ რას ლაპარაკობთ! მე მგონი, კლინიკა არ დარჩენია გარემოს დაცვის სამინისტროს, სასამართლოში რომ არ ჰქონდეს საქმე.

 

„ქრონიკა+“ გარემოს დაცვის სამინისტროს, კერძოდ, ქეთი  ნაცვლიშვილს დაუკავშირდა:

_ პირველად მესმის ეს ამბავი, თუმცა გაგირკვევთ ყველაფერს.

_ კოდების შერჩევასთან დაკავშირებით მართლა უნდა გადაიხადონ კლინიკებმა ტრენინგში 500 ლარი?

_ დიახ, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო, ნებაყოფლობითია. თუ მათ ნარჩენების უსაფრთხოების საკითხი თავის თავზე აიღეს და ეს პასუხისმგებლობა იტვირთეს, მაშინ, კი ბატონო, შეასრულონ, არავინ ავალდებულებს.

_ კლინიკებიდან ნარჩენები სხვა შპს-ებს გააქვთ, რომელთაც, როგორც კლინიკის მენეჯერები ამბობენ, გარემოს დაცვასთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

_ ეჭვი მეპარება, რომ ეს სიმართლეს შეეფერებოდეს, თუმცა ყველაფერს დაგიდგენთ.

 

                                                                                 გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

                                                                                                                თამარ როსტიაშვილი