ცოტნე ზურაბიანი ბიძინას კარისკენ და გულისკენ მიმავალ გზაზე….

axdd

სანამ კრიტიკული სტატიის გამოქვეყნებას დავაპირებდი, იქამდე, რამდენიმე დღით ადრე, მობილური ტელეფონის საშუალებით ცოტნე ზურაბიანს დავუკავშირდი, რომელიც სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე. მითხრა, რომ ქუთაისში იმყოფებოდა და მეორე დღისთვის შეძლებდა ჩემთან შეხვედრას. შეხვედრა ჩავინიშნე, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ცოტნე არ შემეხმიანა. ჩემ მიერ მიწერილი ტექსტების საპასუხოდ, მართალია, იგი მესამე დღეს გამომეხმაურა, მაგრამ მასალაზე მუშაობას უკვე ვეღარ ვასწრებდი, ამიტომ ამ სტატიას ავტობიოგრტაფიული სტილით დავწერ. შესაბამისად, ხელისუფლების მხარდამჭერებისგან, ან პირადად ცოტნეს წრიდან, პრეტენზიები იმის შესახებ, რომ მასზე ცალმხრივად მოვამზადეთ მასალა, არ მიიღება.

 

***

დროა, თხრობა დავიწყოთ ჩვენი გმირის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღიდან: მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გამართული ღონისძიება იმერეთის რეგიონში წარდგენილი კანდიდატების ქება-დიდებით დაასრულა, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ცოტნე ზურაბიანი, ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში იმავე წუთებში ჩაერთო. მცირე შესავლის შემდეგ ტელეწამყვანმა კონკრეტული კითხვები დასვა:

_ ბატონო ცოტნე, რატომ გადაწყვიტეთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ მოსულიყავით პოლიტიკაში? რატომ შეჩერდა არჩევანი თქვენზე?

ცოტნეს პასუხი იყო:

„მე, ჯერ კიდევ, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე გახლდით კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულის თავმჯდომარე და ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიზანმიმართული და შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო იმდენად, რამდენადაც სააკაშვილის რეჟიმი ყველა მიმართულებით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ, 2012 წელს მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

ამ პასუხის პირველ წინადადებაშიც, ფაქტობრივად, პირველმა ტყუილმა გაიჟღერა _ ცოტნე ზურაბიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდის ლიდერობისთვის იბრძოდა, თუმცა ახალგაზრდული გუნდის ერთპიროვნული მმართველი იგი არასდროს ყოფილა. მას კოალიციის ახალგაზრდული გუნდის შიგნით მხარს უჭერდა შოთა აფხაიძის ძმა _ გიორგი აფხაიძე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირების შედეგად ცნობილი აქტივისტი _ გიორგი ფარესიშვილი. ორი-სამი კაცის მხარდაჭერით გადიდგულებული ზურაბიანი აქტიურად ცდილობდა მაია ფანჯიკიძის გულის მოგებას, მაშინ როცა ამ ქალბატონს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ებარა, ჯერ კიდევ, ოპოზიციურ „ოცნებაში“. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა _ პრაგმატული ზურაბიანისთვის ამჟამად არც ფარესიშვილია აქტუალური და არც _ მაია ფანჯიკიძე, ვინაიდან ხელისუფლების მიერ ერთობ ეპატაჟურად გაწირული ადამიანები მას პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მოუტანენ.

ცენტრალური ხაზიდან არ გადავალ და თემებს თანმიმდევრულად განვავრცობ:

იმავე ახალგაზრდულ გუნდში ზურაბიანი თავგამოდებით იბრძოდა ფაცაციას წინააღმდეგ. მაშინ ფაცაციას ბევრად მაღალი ნდობის ხარისხი ჰქონდა სამოქალაქო აქტივისტებში, ვიდრე დღეს. 2011-2012 წლებში დავითს იმედისმომცემ პოლიტიკოსად მოიაზრებდნენ, ზურაბიანს კი მხოლოდ ვიწრო წრეებში იცნობდნენ, ვინაიდან ის იმ პერიოდში საქართველოში, პრაქტიკულად, არ იმყოფებოდა. პირადი ურთიერთობები, მით უფრო, ქართულ პოლიტიკაში, მოგეხსენებათ, ყოველთვის გადამწყვეტი იყო. თუ ოპოზიციურ წრეებში ამ ორ პიროვნებას შორის არჩევანის გაკეთება გახდებოდა აუცილებელი, არც მიშა მესხი, არც ლევან ჩიტაძე და არც სხვა წინა ხაზზე მებრძოლი ახალგაზრდები ფაცაციას გვერდზე არ გაწევდნენ. კარგად მახსოვს, ზურაბიანის უახლოესი მეგობარი მურმან პატარაიაც კი ძალიან ფრთხილად ლავირებდა მასსა და ფაცაციას შორის, ისე რომ არც მწვადს წვავდა და არც შამფურს. ანუ ცოტნეს ღიად მხარს არავინ დაუჭერდა, რადგან ფაცაციასთან ურთიერთობის გაფუჭებას ყველა ერიდებოდა. ოპონენტის წინააღმდეგ შავ პიარს ცოტნე ვერ ააგორებდა, საამისო რესურსები რომ არ ჰქონოდა და ამას კარგად ხვდებოდა. ამიტომ კულუარული ბრძოლა ძალიან ფრთხილად წამოიწყო. აქ საინტერესოა ერთი გარემოება _ კულუარულ ომს არ ჰყოლია ცალსახა გამარჯვებული, მიუხედავად იმისა, რომ ფაცაციამ საბოლოოდ თავისი გაიტანა და „ოცნების“ ახალგაზრდულის ლიდერად გამოაცხადა თავი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2011 წლის შემოდგომაზე ქართულ პოლიტიკაში ახლად გამოჩენილ მილიარდერს იმედის თვალით შეჰყურებდა საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი. შესაბამისად, გამონაკლისს არც ახალგაზრდა აქტივისტები წარმოვადგენდით. სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების წევრები შუშის სასახლეში იმავე წლის დეკემბერში მიგვიწვიეს _ დაახლოებით 60-70 ადამიანი. ამ შეხვედრის დეტალების შესახებ, რომელიც დიდი ბატალიების მიზეზი გახდა, არაერთ სტატიაში ვისაუბრე. ცოტნე ზურაბიანს მაშინ ამ ინტრიგებში მონაწილეობა არ მიუღია. მიზეზი მარტივად ასახსნელია _ იგი საქართველოში არ ცხოვრობდა. რა წამსაც ივანიშვილს პოლიტიკური მადა აღეძრა, მან დროის დაკარგვა არ ისურვა და თვითმფრინავის პირველ რეისზე ბილეთიც შეიძინა. ცოტნეს აქაური სიტუაციისთვის ფეხი უნდა აეწყო, მისთვის თითოეული ადამიანი ძვირფასი იყო ბიძინას კარისკენ და გულისკენ მიმავალ გზაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მას ზაქარია ქუცნაშვილი მფარველობდა… მაგრამ ეს ბევრსაც არაფერს ნიშნავდა. მოგეხსენებათ, იმ დროისთვის ოლიგარქის მთავარ რუპორს ოპოზიციონერი ადვოკატი და უფლებადამცველი, ეკა ბესელია წარმოადგენდა, თუმცა კოალიციის პრიმადონასთან მისასვლელი გზები დავით ფაცაციასა და ლევან ჩიტაძეს ჩაეხერგათ. მოკლედ, ჩვენი გმირი სამშობლოს დაუბრუნდა, მის მსგავსად საქართველოში დაბრუნდა აქტივისტი მიშა მესხი, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, სააკაშვილის მიერ გაფარჩაკებულ ოპოზიციურ პარტიებს ჩამოსცილდა, ვინაიდან მათ მხარდამხარ ბრძოლით რეალური პერსპექტივა ვერ დაინახა. მესხის დასახვედრად ცოტნე თავისი ავტომობილით თბილისის აეროპორტში მოვიდა. მას გიორგი აფხაიძე ახლდა. მე, დავით ფაცაცია, ლევან ჩიტაძე და ოჯახის წევრები, რამდენიმე მეგობართან ერთად, უკვე აეროპორტის ჰოლში ვიდექით, იგი კი ჩვენგან დემონსტრაციულად, განცალკევებით იდგა საერთო მეგობრის მოლოდინში. იმავე საღამოს მესხის სახლში სუფრაც გაიშალა, სადაც სუფრის თამადობაზე დავითსა და ცოტნეს შორის არჩევანი უნდა გაკეთებულიყო, თამადობა ცოტნემ შეითავსა.

იმ დღიდან უკვე ნათელი იყო, რომ ფაცაციასთან მას მხოლოდ კონკურენციის დაუძლეველი სურვილი აკავშირებდა. მალე შუშის სასახლეში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ზურაბიანმა, რომელიც ივანიშვილს მოპირდაპირე მხარეს იჯდა, ორატორული ხელოვნება ქება-დიდების ტექნიკას შეუხამა და თავისი გამოსვლა ასე დაიწყო: სანამ აქ მოვიდოდი, ტაქსით ვიმგზავრე, მძღოლმა მკითხა, _ სად მიგეჩქარებაო? ვუპასუხე, _ ბატონ ბიძინასთან-მეთქი. ჰოდა, ასე მითხრა, _ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რომ სასახლეა ავლაბარში, იქ გადმოსულიყოს მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები კაციო. და თან ფონისკენ მიიხედა, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციის გუმბათი მოჩანდა… პრინციპში, ძნელია იმის ფაქტად მტკიცება, ეს ტექსტი მისი ფანტაზიის ნაყოფია, თუ ასეთ დიალოგს ნამდვილად ჰქონდა ადგილი? ჩემგან 3-4 მეტრში მჯდარ ივანიშვილს გაეღიმა. გაიცინეს მრგვალი მაგიდის ირგვლივ მსხდომმა ახალგაზრდებმაც, რომელთა დიდ ნაწილს მაშინ ჩემს თანამოაზრედ მივიჩნევდი. ამ დღის შემდეგ ორ პიროვნებას შორის იატაკქვეშა ბრძოლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. ის სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაზე მეტად, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯანსაღი კონკურენციით იყო დაკავებული. ერთ-ორ რადიკალურ აქციაზე ცოტნე ზურაბიანი მართლაც იყო გასული, თუმცა, რადიკალებთან მეგობრობის პარალელურად, ზომიერებას ინარჩუნებდა. მისი ეს თვისება ერთდოულად პლუსადაც შეგვიძლია განვიხილოთ და მინუსადაც, რადგანაც ზომიერება ზოგჯერ მკვეთრი მანევრების შესრულებისას ხელს უშლიდა. კრიტიკულ მომენტებში ხისტი გადაწყვეტილებების მიღება, რისკზე წასვლა მისი ხელწერა ნამდვილად არ გახლავთ. რაციონალიზმის მანტიაში გახვეული ცოტნე არავის ახსოვს თანაგუნდელების დასაცავი ხისტი ტექსტებით. მეტიც: 2012 წლის ივნისში ქუთაისში დაკავებული მიშა მესხი დაგმო.

„პალიტრის“ ეთერში ზურაბიანის სტუმრობის ამსახველი სტენოგრამა ჩვენს გაზეთში მეორედ ქვეყნდება:

(2012 წლის 20 ივნისი. გადაცემა „პროვოკატორი“): „თქვენმა წევრებმა ჩემთვის გაუგებარი განცხადებები გააკეთეს, რის გამოც ისინი დაკავებულები არიან, გარიცხეთ, ხომ, მგონი? აქვე: ეს არის თქვენი გვერდში დგომაო? _ წერენ კომენტარებში. ჟურნალისტის გვერდზე მჯდარმა ცოტნემ ისეთი „გვერდით“ დგომა გამოავლინა, რომ ფანატიკოს „ნაცებსაც“ კი შეშურდებოდათ _ რესპონდენტმა არც აცია, არც აცხელა და ორი წინადადების გამო, ამომრჩევლების მოსყიდვის ბრალდებით, გეგუთის ციხეში გამომწყვდეული მეგობრის პროცესს, ცოტნე ასე გამოეხმაურა: ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მათი განცხადებები არანაირ კავშირში არ გახლდათ „ქართულ ოცნებასთან“. ეს იყო ძალიან არაკომპეტენტური და უსაფუძვლო განცხადებები. არ ვიცი, ეს მათ თავიანთი ინიციატივით მოუვიდათ? ის, რაც მათ გააკეთეს, ეს იყო უპასუხისმგებლობა“, _ ითქვა გადაცემა „პროვოკატორში“, დაახლოებით, 4 წლის წინათ. აქვე დავაკონკრეტებ, რომ აღნიშნული კითხვა-პასუხი არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ან დანაწევრებული. ეს ეპიზოდი სტენოგრაფიული სიზუსტით გადმოგეცით, რომ არაფერი ვთქვათ სვანური ფესვებით მოტრაბახე ზურაბიანის მამაკაცურ შეგნებაზე და ადამიანურ ფასეულობებზე. პიროვნული ფაქტორების მიღმა გავაანალიზოთ მისი ეს პასუხი და პარალელი გავავლოთ დღევანდელობასთან. ნებისმიერი პარტიის ნებისმიერი ახალგაზრდული მოძრაობა იმ პარტიის ცენტრალურ ხაზს აგრძელებს ახალ თაობაში, რომელსაც წარმოადგენს. ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა მთავარი მესიჯები მარტივად და თანამედროვე ენით უნდა მიაწოდონ თანატოლებს. ვინაიდან სატელევიზიო ჩართვისას ამ მასალის გმირმა თავად აღნიშნა, ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი ვიყავიო, ისმის მთავარი კითხვა, _ რატომ არ დაიცვა თანამებრძოლი გუნდის შიგნით ლიდერმა, მით უფრო, რომ დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარი იყო? ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც ტექსტი _ გმირობას ყველას ვერ მოვთხოვთ, _ გამამართლებელ არგუმენტად გამოგვადგეს, რადგანაც ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვას თანაგუნდელი და არ დაგმოს ის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ეს პოლიტიკის, როგორც საზოგადოებრივ საწყისებზე არსებული მეცნიერებისა და ცხოვრების, ანა-ბანაა. ვთქვათ, ამ ანა-ბანას საზღვარგარეთ განათლებამიღებული ცოტნე არ იცნობდა, ან იცნობდა და არ აღიარებდა! ვთქვათ, რომ არ ეყო გამბედაობა და მაშინ ვერ აღუდგა დედა-პარტიის ნებას! მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სააკაშვილის სისტემის დანაშაულზე გაესვა ხაზი იმავე ეთერში და მიშა მესხი არ დაეგმო? რასაკვირველია, შეიძლებოდა. ეს ეპიზოდი, პირადად ჩემთვის, ზურაბიანის ბიოგრაფიის ლაკმუსის ქაღალდად დარჩება, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს ის ცხოვრებაში და როგორ ელასტიურადაც არ უნდა იცეკვოს მან აწ უკვე „ქართული ოცნების“ მიერვე რეაბილიტირებული მიშა მესხის ქორწილში. ამ თემას აქ ამოვწურავ და მისი ბიოგრაფიის სხვა ეპიზოდებზეც გადავალ.

ზურაბიანი არც ღია ომებით გამოირჩეოდა და არც მკვეთრი განცხადებებით. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე არასდროს ყოფილა, თუმცა იმავე ობიექტურობიდან გამომდინარე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ძალიან ხიბლავს ფარული კონფრონტაციები, სადაც წინა ხაზზე სხვებს აგზავნის, სხვების ენით საუბრობს, თავად კი შედეგებს მდუმარედ ელოდება. ჩვენი ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ზურაბიანი 2009 წლიდან ძალიან უფრთხოდა, თურმე, აქტივისტ მელორ ვაჩნაძეს. მელორი სააკაშვილის ხელისუფლებას იმ დროისთვის არცთუ მცირე ჯგუფით ებრძოდა. ზურაბიანის გვერდით მურმან პატარაია და ძმები ჩანსქელიანები იდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მომწოდებელმა ჩვენგან ანონიმურობის გარანტია ითხოვა, დეტალების მოყოლისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი აქციის დროს მელორმა ცოტნე თავის ადგილზე მოსვა, რის შემდეგაც მასთან შეხვედრას ერიდებოდაო. მეორე წყაროს ინფორმაციით, მიზეზი მათ შორის ვითარების დაძაბვისა ყოფილა ის, რომ ერთ-ერთ აქციაზე ცოტნე ზურაბიანს გადაუწყვეტია, რომ საკმაოდ ცნობილი პოლიტპატიმრის სურათი არ გამოეტანა. ვაჩნაძის დაპატიმრების შემდეგ ჩვენი გმირის მეტოქეების სიის სათავეში დავით ფაცაცია გამოჩნდა. სიმართლე სიმართლეა _ სანამ ფაცაცია მეჭიაურის გზას დაადგებოდა, იქამდე მასაც დიდი რესურსი ჰქონდა. უფინანსებდნენ ორგანიზაციას, ოფისებს, მის აქტივობებს ყოველთვის აშუქებდნენ როგორც ოპოზიციური არხები, ასევე ცენტრალური ტელევიზიები, რომლებიც გვერდს ვერ უვლიდნენ „რატომ?“-ის პროტესტს.

ზურაბიანი კი იმ წლებში მხოლოდ სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით გვახსენებდა თავს. მისი პოზიცია ერთობ კომფორტული იყო. უცხოეთში მას სააკაშვილის ზონდერები ვერ გადასწვდებოდნენ, პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მერაბიშვილის ხალხი ვერ დააკავებდა. ისიც პოსტავდა და პოსტავდა. ევროპაზე გამახსენდა: წლების წინათ იქამდე, სანამ მილიარდერი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, ზურაბიანის სამეგობროს მხრიდან შემოთავაზება მივიღე _ ცოტნეს $500- ად მიჰყავს ხალხი სემინარებზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, შენ თუ გინდა, $700 დაადეო. მე არ ვიცი, რა პროგრამაზე იყო საუბარი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ არ დავინტერესებულვარ ჩემთვის გაურკვეველ „პრაისებზე“ საუბრით. ბებერი კონტინენტიდან პერიოდულად დაბრუნებული ზურაბიანის კომერციულ საქმიანობაზე, პირადად ჩემთვის, არც ისე ბევრია ცნობილი, ისევე როგორც მის პოლიტიკურ ორთაბრძოლებზე. ერთ-ერთი ასეთი ორთაბრძოლა, რაც გადმოცემით ვიცი, ეხება „თესეუს“ შიგნით არსებულ კონფლიქტებს ყოფილი ხელისუფლების დასაყრდენთან _ გიორგი ავალიანთან, რომლის ხულიგნურ ქმედებებზეც წლებია, საუბრობენ. ავალიანმა რომ ცოდნის ტაძარში ქუჩის ბირჟის „ესთეტიკა“ შეიტანა, ეს არახალია. მაშინ ზურაბიანს ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მისი უშუალო მითითებით მიაყენეს. ზურაბიანი „თესეუდან“ წავიდა, უკან დაბრუნებული კი ხანაც სამების ახალგაზრდულ ცენტრს სტუმრობდა, ხანაც _ „ილიაუნს“. ის არც მემარჯვენე იდეებით გამოირჩეოდა და არც ლიბერალური ფასეულობები აწუხებდა.

მისი პოლიტიკური პლატფორმებისა თუ გემოვნების შესახებ კონკრეტულად რამის თქმა გამიჭირდება.

მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იდეოლოგიას, როცა ტელეკამერებთან ერთად პოლიტიკური პერსპექტივა ჩნდებოდა. 2010 წლისთვის იგი უკვე პაატა ბურჭულაძის გულის მოგებასაც ცდილობდა. მახსოვს, როგორ ამაყად პოზირებდა ზურაბიანი თბილისის ცენტრში (შარდენზე) „იავნანას“ ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი საოპერო მომღერლის გვერდით, მაგრამ ამ დღის ამსახველ ფოტოებს ამჟამად ვერსად წააწყდებით ჩვენი გმირის ფეისბუკ გვერდზე. ალბათ, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ბატონი პაატა, რომ მასთან მოწყობილმა ფოტოსესიამ აქტუალობა დაიბრუნოს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ზურაბიანი, მურმან პატარაია, დიანა ლიპარტელიანი და „თესეუს“ სხვა ოპოზიციონერი (თუ ყოფილი) სტუდენტები ფონდ „იავანანას“ ეხმარებოდნენ. იქამდე არსებული წყენების მიუხედავად, ისინი მაშინ ერთად ჩაერთვნენ ბურჭულაძის საქველმოქმედო აქციაში. სანამ ჩვენი კოლეგა დიანა ლიპარტელიანი მედიის წარმომადგენელი გახდებოდა (ამჟამად გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტი), სტუდენტური ცხოვრების მიღმა სამოქალაქო აქტივობებითაც გამოირჩეოდა. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიანის გარემოცვა ლიპარტელიანის ინიციატივებს აფერხებდა და თავისად ასაღებდა. ასე მაგალითად, დიანას მიერ დაორგანიზებული ღონისძიებები პატარაიამ და მისმა მარჯვენა ხელმა თავისად გაასაღეს; ინტერნეტ საიტის პრეზენტაციაზე კი კადრები გაუშვეს, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონის მიერ გამართულ ღონისძიებას ასახავდა. რეალური ორგანიზატორი სტუმრის სტატაუსით დაპატიჟეს. ლიპარტელიანთან დაკავშირებით არსებობს მეორე ეპიზოდიც: წყაროს ინფორმაციით, ამ ჯგუფმა ახალგაზრდები მოტყუებით მიიყვანა იუსტიციის სახლში. ცოტნემ სხვისი ორგანიზაციის მითვისება გადაწყვიტა. ახალგაზრდები ჩანაფიქრს მიუხვდნენ და ჩამოსცილდნენ. იყო სხვა ისტორიებიც. ასეთი ისტორიების ფონზე კი მარიფათიან ზურაბიანს ყველგან გამოჩენა სურდა. იმ პერიოდში გამოითქვა ვერსიები იმის შესახებ, რომ ბურჭულაძე ოპოზიციაში მიდისო. ჰოდა, ზურაბიანმაც არ დააყოვნა და ბურჭულაძის გვერდით დაფიქსირდა, ხანაც _ ოპერაში, ხანაც _ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ღია ცის ქვეშ. მისი განცხადებების თუ პროტესტის შესახებ მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცოდა. შესაბამისად, ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისი ბიოგრაფია სატელევიზიო კადრებით გაემრავალფეროვნებინა. მახსოვს, რა ამბავი მოჰყვა ტროტუარებზე თოვლის გადაპენტვის გაშუქებას. დარწმუნებული ვარ, მკითხველები დაიბნევით, ამიტომ ამ ეპიზოდსაც დეტალურად გავშლი:

ვინაიდან 2012 წელს მკაცრმა ზამთარმა დედაქალაქის მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა, ახლად დაფრთიანებულმა „მეოცნებეებმა“ გადაწყვიტეს, თავი გამოეჩინათ და ქაფჩებით ხელში იქვე, ცენტრალური ოფისიდან, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე გასულიყვნენ, რათა თოვლიანი ქუჩები გაეწმინდათ (დაახლოებით 100-200 მეტრის სიგრძის მონაკვეთი). კამერების წასვლისთანავე, 10-15 წუთში, აქტივისტები ოფისში ამოტრიალდნენ. ეს იყო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდის პირველი აქცია, სადაც ცოტნე ზურაბიანს შემდეგი როლი ეკისრებოდა _ აქციამდე ერთი კვირით ადრე მან დაიწყო ბრძოლა იმისთვის რომ, კამერების წინ მოხვედრილიყო. ე. წ. სპიკერებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც ინტერვიუ უნდა მიეცა, მაია ფანჯიკიძესთან ათანხმებდნენ. ჩვენმა გმირმა მოლაპარაკებები მოლაპარაკებებზე გამართა, რათა ტელეკომპანია „მაესტროს“ და „პალიტრას“ სწორედ მისთვის ჩამოერთმიათ კომენტარი.

მთავარი იყო კამერები, მთავარი იყო გარეგნული ფორმა და არა შინაარსი.

2012 წლის შემდეგ, როცა მოკლე კომენტარების ჩამორიგებით ბედნიერმა მოგვიანებით 20.30-ის ეთერში გადაინაცვლა, საზოგადოებას დიდად ვერ დაამახსოვრა თავი. მისი სატელევიზიო ჩართვებიდან მე პირადად ერთ რამეში მარტივად დავრწმუნდი _ ხელისუფლების პროპაგანდისტს სტატუსი არ აქვს _ მთავრობის აგიტატორი აგიტატორია. დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ, როცა მურმან დუმბაძე ხელისუფლებას გაემიჯნა, ამ თემას ტელეკომპანია „ჯიდიესიც“ გამოეხმაურა. თანაწამყვანმა და 20.30-ის ექსპერტმა მურმან დუმბაძე, ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და პარტიულ ღალატში დაადანაშაულა. ეს სიუჟეტი ჟანრის კლასიკაა _ სააკაშვილის პროგანდის გაგრძელება, ოდნავ მოდერნიზებული ფორმებით.

_ რატომ გახდა მურმან დუმბაძე „თავისუფალი თაობისგან“ დასაცავი და მიმართა თუ არა მან სამართალდამცველებს? _ იკითხა ანალიტიკური ტოქშოუს მთავარმა სახემ. _ მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკოსების ქმედებები, რომლებმაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და გარკვეულ დონეზე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგეს. საქმე ის გახლავთ, რომ კონკრეტულად ბატონი მურმან დუმბაძე, ჯერ კიდევ, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში მიისწრაფოდა ძალაუფლებისა და გავლენების მოსაპოვებლად. სწორედ ამიტომ იგი „ქართული ოცნების“ რიგებიდან დაითხოვეს. დღეს კი კონსულტაციები და სინქრონული თანამშრომლობა გააგრძელა ძალებთან, რომლებმაც უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრები გადააყენეს და შემდგომ გარკვეული პროვოკაციები დაგეგმეს აჭარაში. შევუდგეთ ანალიზს. ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარედ პირადად ვირჩევ ზურაბიანს. მე მას მინდა, ვკითხო: ცოტნე, როდის მერე გახდა მურმან დუმბაძე ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწე? მას შემდეგ ხომ არა, რაც ივანიშვილის გუნდს გაემიჯნა?! შემდეგ რომ ამბობ, _ ბატონი დუმბაძე, ჯერ კიდევ, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში მიისწრაფოდა ძალაუფლებისა და გავლენების მოსაპოვებლადო, მინიმუმ, უხერხულია, მით უფრო შენგან. მე ამ პოლიტიკოსის ვერც პრესსამსახურად გამოვდგები და ვერც ადვოკატად, უბრალოდ, მშრალ ფაქტს აღვნიშნავ: როცა შენ ევროპის წამყვანი ქალაქების ხედებით ტკბებოდი, დუბმაძე რადიკალურ პოლიტიკურ ბრძოლაში იყო შესული წინა ხელისუფლებასთან. როცა იგი 26 მაისის ღამეს კინოთეატრ „რუსთაველის“ ფოიეში დააკავეს, შენი პროტესტის ხმა არავის გვესმოდა. ჰოდა, თუ დღეს შენ ამბიცია გაქვს, წარმოდგენილი იყო პარლამენტში, რატომ არ ექნებოდა ასეთი მისწრაფებები, ვთქვათ, მურმან დუმბაძეს? თუ მიპასუხებ, რომ ძალაუფლება არ გიზიდავს, კიდევ ერთხელ გკითხავ, _ რა უნარები გაქვს ასეთი, რის გამოც ფიქრობ, რომ პარლამენტში უნდა მოხვდე? იმუშავე სადმე სოფლის სკოლაში პედაგოგად და შეასწავლე ბავშვებს, ვთქვათ, უცხო ენა? იმუშავე შენსავე რაიონში რიგით თანამდებობაზე? რატომ ფიქრობ, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მაინცდამაინც შენ უნდა იყო წარმოდგენილი? აი, იმ წინადადებაზე კი, ცოტა არ იყოს, გამეღიმა, სადაც ამბობ, _ დუმბაძე ენმ-სთან სინქრონში მოქმედებსო.

როგორც ვატყობ, თუ არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს დასჭირდა, შენნაირი კადრების საშუალებით ბევრ რამეს იკადრებს, მათ შორის, დუმბაძისგან მტრის ხატის შექმნასაც 30-იანი წლების სტილში. აქვე მივუბრუნდეთ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, _ რატომ გახდა მურმან დუმბაძე „თავისუფალი თაობისგან“ დასაცავი და მიმართა თუ არა მან სამართალდამცველებს? 20.30-ის წევრმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ყველაფერზე ისაუბრე ამ თემის გარდა. მე, როგორც რიგითმა მაყურებელმა, ვერ გავიგე, ვინ ემუქრებოდა დუმბაძეს, თავის დროზე? მივიდნენ თუ არა სამართალდამცველები მასთან დროულად და მოახდინეს თუ არა შესაბამისი რეაგირება? სამაგიეროდ, გავიგე, რას ნიშნავს „საოცნებო“ სიმართლე.

***

„ჯიდიესთან“ თანამშრომლობამ არც ისე დიდხანს გასტანა. ცოტნე ზურაბიანის ძირითადი მისწრაფებები „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უკავშირდება“, სადაც ის ბავშვთა განვითარების ფონდის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი გახლდათ. ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო _ გავრცელებული ინფორმაციებით, ზურაბიანმა ამ თანამდებობაზე მრავალი პროექტისთვის განკუთვნილი თანხა არამიზნობრივად გახარჯა, რასაც არაერთი წყარო ჰყვება „ქრონიკა+“-თან. იქამადე, სანამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფეხს მოიკიდებდა, ჩვენი გმირი, თურმე, ოპოზიციონერ აქტივისტებს სამსახურის დაწყების იმედად იზიდავდა. ეს მაშინ იყო, როცა ახალგაზრდებს მიშას წინააღმდეგ გამოსვლა ეშინოდათ, შემდეგ უკვე, როცა წყალტუბოელი ბიჭის პოზიციები გამყარდა, ვიღას ახსოვდა უმუშევარი თანაგუნდელები?

ამ მასალის წერის პერიოდში არაერთ წყაროს შევეხმიანეთ, ჩვენი ერთ-ერთი ინფორმატორი (რომელიც, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია) ამტკიცებს, რომ რკინიგზაში მიმდინარე ბატალიების გამო ცაგურია ძალიან გადაღლილა და სადმე კომფორტულ სამსახურში ნდომებია გადაბარგება. წყაროს მტკიცებით, ცაგურიას ზურაბიანის პოსტისთვის დაუდგამს თვალი, რისთვისაც უფროსი მეგობარი, დავით მაღრაძეც შეუწუხებია. თუმცა რკინიგზაში მიმდინარე ერთობ არაპოეტური პროცესებიდან თავისი უმცროსი მეგობარი ცნობილ პოეტს ვერ გამოუხსნია, იმის მიუხედავად, რომ ცოტნე აღნიშნულ თანამდებობას კარგა ხანია, გამოემშვიდობა, ისევე როგორც ძველ თანაგუნდელებს. ეს ხომ „ოცნების“ მმართველობის სტილია? _ ღალატი, მიტოვება და უპრინციპობა.

უპრინციპობაზე კი ერთი ისტორია გამახსენდა, რომლის მოწმეც თავად გახლდით: აქტივისტ შოთა აფხაიძის ძმამ, გიორგი აფხაიძემ, თავის დროზე, მისი პატიმარი ძმის ბექგრაუნდით საჯარო აქტივობები დაიწყო, თუმცა ერთ ხანს იგი დავით ფაცაციას მიეტმასნა და თავისი ინიციატივით გადაწყვიტა, გაეჭორა კაცი, რომელთანაც წინა დღეებში შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა. ზურაბიანისა და მისი დების შესახებ აფხაიძის მონაჭორს დღეს უკვე სუს-ის უფროსის მოადგილე მაშინ ჩუმად ისმენდა. ამ დიალოგის შემსწრე პირადად ვიყავი და შესაბამისად ვწერ იმას, რაც ჩემი ყურით მოვისმინე: აფხაიძემ ცოტნე ზურაბიანი ენმ-ს აგენტად გამოაცხადა, ხოლო მისი დები _ შაშკინის მიერ ოპოზიციაში ჩანერგილებად: „აბა, საიდან დადის ეს ცოტნე ევროპაში? ის ბიჭები, რომლებიც მიშას ებრძოდნენ, ციხეში არიან ჩემი ძმის მსგავსად. ჩვენ კიდევ როდის დაგვიჭერენ, არ ვიცით“, _ თქვა ხმამაღლა გაბრაზებულ ტონალობაში აფხაიძემ. ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორ გადახედა გოგაშვილმა დიტო სამხარაძეს და როგორ ჰკითხა, _ რა ვქნათო? _ შესასწავლია საქმეო, _ იმან უპასუხა. გამიჭირდება იმის თქმა, რა შეისწავლეს მას მერე, რამდენად ენდნენ აფხაიძის ინფორმაციას, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი: გიორგი აფხაიძე თითქოს საქართველოდან აორთქლდა. იგი დღესდღეობით საბერძნეთში ცხოვრობს, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც სოციალური ქსელებით აქტიურობს, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როცა ფაქტებს ვიხსენებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, აფხაიძემ ცოტნესთან მეგობრობა გააგრძელა, ცოტნე კი გოგაშვილსა და დიტო სამხარაძეს დაუახლოვდა… პარტიული საჭიროებიდან გამომდინარე. მკითხველი, ალბათ, იკითხავს, _ სად არის ამ სტატიის მთავარი გმირის დანაშაული აქ, თუ სხვა ტალახს ესროდაო? შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ზურაბიანს ინფორმაცია ჰქონდა (სხვა წყაროებისგანაც), რომ აფხაიძე მას ასეთი ფორმით ლანძღავდა. თუმცა გამბედაობა არ ეყო და საკითხი არ გაარკვია, არც სამხარაძესთან და არც გოგაშვილთან, რომლებმაც აფხაიძეს დახმარება აღუთქვეს.

***

მართალია, მე და ცოტნე ზურაბიანი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ არც მტრობა გვქონია. მასზე ბევრად მეტის მოყოლა შემიძლია, ვიდრე ამ სტატიაში გიამბეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მასალის მომზადების მიზანი ვინმეს პერსონალური გაშავება არ არის. უბრალოდ, ამომრჩევლებმა მინდა იცოდნენ, რომ 8 ოქტომბერს მათ შეიძლება, შემოხაზონ ადამიანი, რომელსაც რისკებზე წასვლის ეშინია, რომელსაც არ უყვარს მკვეთრი განცხადებები! შემოდგომაზე წყალტუბოელებმა შეიძლება, შემოხაზონ ადამიანი, რომელიც ვერ იცავს არათუ მეგობრებს, არამედ საკუთარ თავსაც! კარსმომდგარ არჩევნებზე წყალტუბოელებმა შეიძლება, მათ წარმომადგენლად პარლამენტში წარგზავნონ კაცი, რომლის იურიდიული თუ უფლებადამცველი საქმიანობის შესახებ 20.30-ის სტუდიის გარდა არსად სმენიათ! შეიძლება, პარლამენტში მოხვდეს კაცი, რომელსაც არ გააჩნია იდეოლოგია და რომლის მეცნიერული ნაშრომები არავის უნახავს!

 

                                                                                                                  ზაზა სვანაძე