რა კავშირი აქვთ უტენდერო კონტრაქტებთან ღარიბაშვილსა და გომელაურს?!

ba1

ჩვენ ვაგრძელებთ კორუფციის დიდი რისკის შემცველი კონტრაქტების საზოგადოებისთვის ჩვენებას. ვეყრდნობით მხოლოდ პირველად დოკუმენტაციებს (კონტრაქტები, ფირმის რეგისტრაციის დოკუმენტები, მთავრობის განკარგულებები) და სახელმწიფო შესყიდვების კანონსა და საერთაშორისო პრაქტიკას.

სანამ კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდოდით გვინდა, განვიხილოთ ჩვენი სატელევიზიო გამოსვლა „ტვ პირველზე“, სადაც ჩვენსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელ ბატონ მიხეილ კუკავას შორის ტენდერებზე დისკუსია მიმდინარეობდა. მე ვამტკიცებდი და ვამტკიცებ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მალავს, კონტრაქტებს იპარავს და კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას არც ერთი ხელშეკრულება არ აქვს ატვირთული 4 წლის განმავლობაში, რაზედაც ბატონი მიხეილი არ დამეთანხმა. მე მას მატყუარა ვუწოდე და ახლა გთავაზობთ ამის დამადასტურებელ ფოტოს სახელმწიფო შესყიდვების მოდულიდან, რაც გუშინვე ნახა უამრავმა ხალხმა. მოვუწოდებთ ბატონ კუკავას, ეყოს თავმოყვარეობა და საზოგადოებას (მე არა) არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის ბოდიში მოუხადოს.

ჩვენ არასდროს ვატყუებთ ხალხს.

გარდა ამისა, ძალიან უცნაური პოზიცია ეკავა ბატონ კუკავას, თითქოს სისტემა კორუფციისგან განთავისუფლდა და ამ მიმართულებით უკეთესობა შეინიშნება.

ჩვენ საპირისპიროს ვამტკიცებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ელიტარული კორუფცია ჩაანაცვლა სისტემურმა კორუფციამ, რამაც თითქმის ყველა სამინისტროი მოიცვა, შეიქმნა სხვადასხვა კლანი და გავლენიანი დაჯგუფება, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ სახელმწიფო უწყებებზე, მიაღებინონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და მთავრობის განკარგულებებიც კი.

ამის დამადასტურებლად გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი, გახმაურებული კომპანიისა თუ დაჯგუფების მაგალითს.

ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილ-ხუციშვილი, _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შსს-ს მართავდნენ. კერძოდ, ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, ხოლო ზვიად ჯანყარაშვილი გახლდათ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი, ხუციშვილი _ შსს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი შს მინისტრის მოადგილე, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის მოადგილეა. ეს ადამიანები შსს-ს მთელ ფინანსებს განაგებდნენ, რა თქმა უნდა, შესყიდვების გარდა, რადგან აქ თქვენი მონამორჩილი გახლდათ სამმართველოს უფროსი.

ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის პატრონაჟის ქვეშ გაშალა ისევ ფრთები კომპანია შპს „დაგიმ“. ის აქტიურად იყო ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც საეჭვო გარიგებებში და შემდეგ, 2012 წლიდან, სანამ ურთიერთობებს დაალაგებდა, ანუ 2013 წლის შემოდგომამდე, მხოლოდ შსს-ს კონტრაქტებით შემოიფარგლებოდა. რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ის აქტიურად მონაწილეობდა შპს „დაგის“ უტენდეროდ დაკონტრაქტებაში.

ამ ხელშეკრულებებს ცხრილის სახით გთავაზობთ.

ჯამში მხოლოდ აქ წარმოდგენილმა კონტრაქტებმა, დაახლოებით, 37 000 000 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სწორედ „დაგთან“ გაფორმებული კონტრაქტებია დამალული მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის, დაახლოებით, 7 000 000 ლარი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის რემონტზე. ეს კონტრაქტი შპს „დაგს“ მას შემდეგ გაუფორმდა, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა შსს-დან მთავრობის მეთაურად გადაინაცვლა.

განვიხილოთ, თუ რა ვითარებაში ხდებოდა და რა გეოგრაფია აქვს „დაგის“ კონტრაქტებს _ დაწყებული კახეთის რეგიონებიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით და დამთავრებული რუხის სავაჭრო ცენტრით, რომელიც სამეგრელოს საზღვრისპირა ახლო მდებარე სოფელია, დამთავრებული დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციით. აქ ტენდერები არ ჩატარებულა, არ გამოცხადებულა ბაზრის კვლევა (გამონაკლისი თბილისის განვითარების ფონდია, რომელშიც ძალიან დიდი დარღვევებით წარიმართა შესყიდვები). ყველას, უცებ, რატომღაც, „დაგი“ გაახსენდა, დაუძახეს და ხელშეკრულებები გაუფორმეს?!!

ამ კონტრაქტების (დიდ თანხებზე) ასლებს აქვე გთავაზობთ.

რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდს, მან სამარცხვინო (სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებთ) ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის წინასწარი ღირებულება 21 000 000 ლარს შეადგენდა. აქ თბილისის განვითარების ფონდმა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჩუმი თანხმობით, სასწაული გადატრიალება მოახდინა მსოფლიო შესყიდვების ისტორიაში, _ ერთ ე. წ. ტენდერში, გაგიკვირდებათ და, _ ორი გამარჯვებული გამოავლინა! ეს არის კომპანია შპს „დაგი“, რომელსაც ღარიბაშვილი ლობირებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს პრემიერი აღარ არის, გული არ დაწყვიტეს და მაინც მისცეს. მართალია, ნახევარი, მაგრამ მეორე ნახევარი _ შპს „ინ-სის“, რომელსაც უკვე ბატონი გომელაური პატრონობს.

ასე ვთაქვათ, „ძმურად გაიყვეს“.

ისტორია აქ არ მთავრდება. რა თქმა უნდა, ეს ფული არ ეყოთ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დამატებით მიმართეს _ კიდევ 9 მილიონზე ითხოვეს უტენდეროდ ხელშეკრულების გაფორმება. ე. ი. 21-მილიონიანი ღირებულების ობიექტს დავამატოთ 9 მილიონი და ჯამში ქვეყანას დაუჯდა 30 000 000 ლარი! როცა ტენდერის შემთხვევაში, მინიმუმ, 20%, ანუ 6 000 000 ლარი დაიზოგებოდა. აქვე გთავაზობთ, თუ როგორ გადაინაწილა კონტრაქტები ორმა კომპანიამ ერთ ტენდერში!!!

დამკვეთი ააიპ თბილისის განვითარების ფონდი

 

 

 

შპს „ინ-სი“                     შპს „დაგი“

6`891`323                          7`279`011

1`844`590                         2`238`351

1`687`883                         1`000`000

ჯამი= 10 423 796             ჯამი=10 517 362

 

სულ ჯამი=10 423 +10 517 362=20 941 158 ლარი

 

ამას კიდევ დაემატება ზევით ხსენებული 9 მილიონი ლარი, რომელსაც ეს კომპანიები ისევ ძმურად გაიყოფენ და ამის შესახებ აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. თითქოს ყველა კმაყოფილია ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის კლანისა  და ახლად გამოჩეკილი გომელაურის, ქალაქი ახალ, გარემონტებულ უბანს მიიღებს, სადაც როგორც სამუშაოების დაწყებაზე მიიყვანეს კვირიკაშვილი, ისევ გრანდიოზულ გახსნაზე მიიყვანენ, მაგრამ არის ერთი მაგრამ: ბიუჯეტმა დაკარგა, დაახლოებით, 6 000 000 ლარი. ასეთები დაგვიკარგავს?!!

კიდევ ერთი საკითხი გვინდა, გაცნობოთ: შს მინისტრი ბატონი, გიორგი მღებრიშვილი, საინტერესოა, საერთოდ თუ აკვირდება, ერევა, ინტერესდება, რა ხდება მის უწყებაში, კერძოდ, ფინანსებში, შესყიდვებში? ამას, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ თუ ამ სტატიას წაიკითხავს, მიხვდება, რომ ის ყოველდღე, დიახ! _ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოველდღე არღვევს კანონს! კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვების ვებგვერდზე, გამარტივებული შესყიდვების მოდულში ატვირთოს უტენდეროდ დადებული ხელშეკრულებები. ატვირთულია მხოლოდ 5000 ლარამდე ხელშეკრულებები და დანარჩენი არ ჩანს, დამალულია. ეს განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ, კერძოდ, მიხეილ კუკავამ და ჩვენც ვადასტურებთ. უფრო სწორად, მკითხველს მოეხსენება, რომ თქვენი მონამორჩილი, გახლდით ერთი წლის (2013-2014 წწ.) განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების უფროსი და ვაცხადებ, რომ ეს ხელშეკრულებები ჩემს დროს ყველა იტვირთებოდა, ანუ შესყიდვები ტვირთავს, შესყიდვების სააგენტო მალავს იმიტომ, რომ ბევრი საინტერესო კონტრაქტი ამოვარდება. რაც ჩემს იქ მისვლამდე მოასწრეს დაედოთ და მას მერე დადეს, რაც მე „მომაშორეს“ _ ხელ-ფეხი გაეხსნათ. ეს არის ღარიბაშვილის კაბინეტის 180 000-ლარიანი რემონტი, ეს არის ბიგვავას 100 000-ლარიანი საკონსულტაციო მომსახურების კონტრაქტი და ა. შ. მოკლედ, ბატონო მინისტრო, იქნებ, გაასაჯაროოთ, ამას კანონი გავალდებულებთ.

მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ საგრძნობლად გაიზარდა შსს-ს უტენდერო კონტრაქტების რიცხვი, რომელსაც მთავრობის განკარგულებით „აპრავებენ“. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. იქ ჩემი ერთწლიანი მუშაობის პერიოდში არც ერთი უტენდერო კონტრაქტი არ გამიტანია! ახლა კი უამრავი დიდი კონტრაქტი გადის მთავრობის განკარგულებებით.

ვნახოთ, რა შეიცვალა 2015 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ?

მაგალითისთვის მოგიყვანთ იმ ნებართვების ჩამონათვალს, რაც შესყიდვების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე გასცა და შსს-მ ხელშეკრულებები გააფორმა. ეს ხელშეკრულებები, როგორც დანარჩენი ყველა, დამალულია.

მხოლოდ წელს ასეთი გახლავთ 13 ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უკვე წლების განმავლობაში, შსს-თან შეთანხმებით, გულმოდგინედ მალავს.

გთავაზობთ 2 გაცემულ ნებართვას:

 

 

თანხმობა

13.07.2016 19:20

SMP160001925 სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება

შემსყიდველი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიმწოდებელი: 30200000 – კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

48200000 – ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები

თანხა: 1`072`500.00 GEL

თანხმობა

05.07.2016 16:37

SMP160001774 სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება

შემსყიდველი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიმწოდებელი: 30200000 – კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

32400000 – ქსელები

32500000 – სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები

39200000 – ავეჯის აქსესუარები

39100000 – ავეჯი

45300000 – სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

45100000 – სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

45200000 – მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

32300000 – ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

თანხა: 1`500`000.00 GEL

 

როგორც ხედავთ, თანხმობები გასცა სახელმწიფო შესყიდვებმა. არც ერთი მოთხოვნა უტენდერო შესყიდვაზე უარყოფილი არ არის, ანუ მღებრიშვილის უწყება დღემდე აქტიურად იყენებს უტენდერო შესყიდვებს.

აქ თანხმობები გაცემულია 2016 წლის 5 და 27 ივნისს. კანონის მიხედვით, ეს ხელშეკრულებები ნებართვის გაცემიდან 10 დღის ვადაში უნდა აიტვირთოს. არც ერთი ხელშეკრულება არ ატვირთულა. წარმოიდგინეთ, რამდენი ხელშეკრულებაა ამ 4 წლის მანძილზე დამალული 5000 ლარზე ზევით?!!

ვნახოთ, რა სიტუაცია გვაქვს ბატონი გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში? აქ ჩანს მხოლოდ 3 ხელშეკრულება.

რეგისტრაციის თარიღი

09.09.2015 18:49

CMR150158870 გამარტივებული შესყიდვა

შემსყიდველი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი (204584912)

მიმწოდებელი: შპს ლეი ტექ (205075416)

ერთწლიანი ხელშეკრულება (შესრულებული ხელშეკრულება)

30100000 – საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

თანხა: 70.00 GEL

რეგისტრაციის თარიღი

02.09.2015 18:25

CMR150155842 გამარტივებული შესყიდვა

შემსყიდველი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი (204584912)

მიმწოდებელი: შპს ემ-კომპანი (204496651)

ერთწლიანი ხელშეკრულება (შესრულებული ხელშეკრულება)

44400000 – სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

თანხა: 130.00 GEL

რეგისტრაციის თარიღი

21.08.2015 13:32

CMR150151509 გამარტივებული შესყიდვა

შემსყიდველი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი (204584912)

მიმწოდებელი: ზვიად მაისურაძე (01010019549)

ერთწლიანი ხელშეკრულება (შესრულებული ხელშეკრულება)

09100000 – საწვავი

თანხა: 320.00 GEL

3 ჩანაწერი (გვერდი: 1/1)

 

ხოლო თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელშეკრულებები საერთოდ არ ჩანს. იგულისხმება გამარტივებული ხელშეკრულებები.

 

                                                                                                      გიორგი ბაჯელიძე

                                          ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი