რატომ უმძიმებს პროკურატურა ბრალს ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე დაკავებულ ჰაკერს?

monitor-noutbuk-haker-480x270

 

საქართველოში ბოლო დროს გახმაურებული ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობისა თუ მკვლელობის ფაქტი, დღემდე ინტერესის საგანია. გამოძიება საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილია, რასაც ვერ ვიტყვით გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე. ადვოკატი ზურაბ თოდუა ამ საქმესთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს – როგორ გამოაცხადეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა დამნაშავედ ეროსი კიწმარიშვილის ფეისბუქზე შეღწევისა და მისი დაზიანებისთვის. იმ ფაბულისტ, რომლითაც მთავარმა პროკურატურამ აშკარად თავი მოიწონა და საბოლოოდ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება სუიციდის კვალიფიკაციაში გაიყვანა, ცოტა უცნაურად ჟღერს პატიმრობაში ამ პიროვნების დატოვება.

ადვოკატი კლიენტის გვარ-სახელს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს, თუმცა ამ დრომდე გაუხმაურებელი ფაქტის დეტალებზე „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურად საუბრობს.

 

ზურაბ თოდუა:

_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეს განიხილავს საქალაქო სასამართლო. იგი ეხება ჰაკერულ დანაშაულს. ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეა. მის მიმართ ერთ-ერთი დადგენილი დანაშაული უკვე კანონიერ ძალაში შევიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განაჩენით იგი დამნაშავედ ცნეს. განაჩენით მას განესაზღვრა 1500 ლარი ჯარიმა და პირობითი მსჯავრი.

_ იქნებ, დეტალურად მოგვიყვეთ, რა ჩაიდინა?

_ იგი დამნაშავედ ცნეს 2015 წლის 7 იანვარს ჩადენილი დანაშაული გამო. ამ დღეს მან უკანონოდ შეაღწია ეროსი კიწმარიშვილის პირად ფეისბუქზე და დააზიანა ექაუნთი. კიწმარიშვილი გარდაიცვალა 2014 წლის ივლისს, ეს დანაშაული კი ჩადენილია 2015 წლის 7 იანვარს, ანუ 6 თვის შემდეგ. არ დაგიმალავთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მეტად უცნაური პიროვნებაა. კომპიუტერული ტექნიკის ფლობის განსაკუთრებული მონაცემები აქვს. მისი სპეციალობაც ეს არის. გამოძიებითაც დადგინდა, რომ მან ეროსი კიწმარიშვილის სახელითა და გვარით ექაუნთი გაცილებით ადრე შექმნა, ვიდრე კიწმარიშვილი შექმნიდა თავის ექაუნთს, რომელსაც შემდეგ აღარ იყენებდა. საერთოდაც, ის სხვა ცნობილი ადამიანების სახელებსა და გვარებსაც იყენებდა ექაუნთებისთვის, რაც ტექნიკურად ადვილი შესაძლებელია.

_ ამის გაკეთება რომ რთული არ არის გასაგებია, მაგრამ საინტერესო ისაა, რისთვის იყენებდა ასეთ ექაუნთებს?

_ როგორც გითხარით, ექაუნთი კიწმარიშვილის სახელითა და გვარით თავდაპირველად საკუთარი ახირების გამო შექმნა, მერე კი შემთხვევით ნამდვილ ექაუნთზე მოხვდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მას ამ საქმიდან არანაირი მატერიალური გამორჩენა არ მიუღია და კიწმარიშვილის ექაუნთზე არანაირი რეკლამა არ განუთავსებია. ალბათ იცით, რომ ჰაკერები ხშირად იმიტომ აზიანებენ სხვის ექაუნთებს, რომ იქ რეკლამები განათავსონ და აქედან შემოსავალი მიიღონ. ისინი ცნობილი ადამიანების გვერდებს ირჩევენ, რადგან მათ ბევრი ე. წ. მეგობარი ჰყავთ და მათ რეკლამებსაც ბევრი ადამიანი ნახავს.

კიდევ უფრო უკეთ აგიხსნით სიტუაციას: ვთქვათ, ვიღაცას უნდა, თავისი ფოტო ცნობადი იყოს. ამისთვის მსგავს ადამიანებს ფულს უხდიან და ისიც ცნობილი ადამიანების ფეისბუქგვერდებზე, რომელსაც რამდენიმე ათასი მომხმარებელი ჰყავს, ნებართვის გარეშე ათავსებს ფოტოს. ვისაც ფეისბუქზე ბევრი მეგობარი გყავთ, ასეთი ადამიანების ინტერესის სფეროში ჯდება. ამით თითქოს დიდი არაფერი ფუჭდება, მაგრამ დანაშაულია. ასეთი ჰაკერები რეკლამების შემკვეთებისგან გარკვეულ საფასურს იღებენ, მაგრამ კიწმარიშვილის ექაუნთის შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა.

ერთხელაც მას უნდოდა, რომ ეროსი კიწმარიშვილის სახელისა და გვარის ექაუნთი გამოეყენებინა, მაგრამ პაროლი ვერ გაიხსენა. პაროლის გასახსენებლად წვალება დაიწყო და ასე აღმოჩნდა ნამდვილი ეროსი კიწმარიშვილის ექაუნთზე, სადაც მან თავისი აიპის მისამართი დატოვა, რომლითაც მიაგნეს კიდევაც მას. ცუდის ჩადენის განზრახვა რომ ჰქონოდა, ისე კარგად ერკვევა ამ საკითხებში, აიპი მისამართს ხომ არ დატოვებდა? ეს ყველაფერი მან თავისი პირადი კომპიუტერიდან გააკეთა, რაც „კავკასუს ონლაინმაც“ დააფიქსირა. გამოძიებამ ბრალეულობა უკვე დაადგინა და ამის გამო გაასამართლეს.

_ კიწმარიშვილის ექაუნთზე რომ არ შესულიყო და, ვთქვათ, ჩემი ექაუნთი გამოეყენებინა, მაინც გაასამართლებდნენ, თუ ეროსის მკვლელობასთან ამ ფაქტს რამე საერთო აქვს?

_ თუ თქვენს ექაუნთს დააზიანებდა და იჩივლებდით, შეიძლება დაზარალებულად თქვენც ეცანით ჯერ გამოძიებას, მერე სასამართლოს და დაესაჯათ, რადგან ასეთი ქმედება დასჯადია. როდესაც კიწმარიშვილის ოჯახის წევრებმა 7 იანვარს ნახეს, რომ გარდაცვლილის ექაუნთი დაზიანებული იყო, მათ ექაუნთზე შესვლა სცადეს და ვერ შევიდნენ, ამიტომ განაცხადეს პოლიციაში. ეს ადამიანი ძალიან საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა და, როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ ამ საქმეში, ვთქვათ, სპეცსამსახურების ხელი ერია, ან რაღაც მსგავსი ხდებოდა, ამიტომ ატეხეს განგაში. როდესაც გამომძიებელი დაინტერესდა, ნახა, რომ პიროვნება, რომელმაც ეს გააკეთა, „კავკასუს ონლაინში“ იყო დარეგისტრირებული თავისი აიპი მისამართით.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენჯერმე გაახმოვანა ვერსია იმის თაობაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ეს მისი ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და თქვა, რომ ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ. ერთ-ერთ გარემოებად მათ ეს ფაქტიც  დაასახელეს და განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილის ექაუნთის დაზიანება გამოუძიებელიაო. ამ ადამიანს ისინი სპეცსამსახურების წარმომადგენლად სახავენ, რაც ასე არის. ოჯახმა და ბატონი ეროსის ადვოკატებმა ამ საქმის გამოძიება უფრო დეტალურად მოითხოვეს, თუმცა, ერთი პერიოდი, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ ადამიანს არანაირი კავშირი არ აქვს მკვლელობასთან, თუ თვითმკვლელობასთან, მაგრამ, რატომღაც, ხელახლა წამოჭრეს ეს საკითხი. კიწმარიშვილის ოჯახის წევრების მსგავსად, მეც ვერ დავიჯერებ, რომ ბატონმა ეროსიმ სამასი ათასი დოლარის გამო თავი მოიკლა. აქ უფრო სხვა გარემოებები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ ფეისბუქის დამზიანებელზე სპეცსამსახურების აგენტობის დაბრალება, ბუნდოვანების კიდევ უფრო დიდ ბურუსში გახვევა, ნამდვილად არ წაადგება საქმეს და არც რეალობასთან არის ახლოს. ეს დანაშაული ჩაიდინა ერთმა რიგითმა ადამიანმა, რომელსაც ძალიან უყვარს კომპიუტერთან კირკიტი, აქვს ახირებები და კიდევ რამდენი ცნობილი ადამიანის ექაუნთი აქვს შექმნილი, ზუსტად თვითონაც არ იცის. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი ასეთი საქმეა შესული. მომჩივნები არიან მოქმედი თანამდებობის პირები.

_ სხვა პიროვნებების, მათ შორის, თანამდებობის პირების ექაუნთის დაზიანებასაც ედავებიან?

_ ამჯერად მისი ბრალი ის არის, რომ თითქოს ცნობილი ადამიანების ფეისბუქ გვერდებზე ის მათ უნებართვოდ სხვადასხვა სარეკლამო განცხადებას ათავსებდა, საიდანაც შემოსავალს ღებულობდა. თუმცა ასე იყო თუ არა, ამას სასამართლო გაარკვევს. კიწმარიშვილის ექაუნთთან დაკავშირებით განაჩენი ძალაში დადგა და მანაც აღიარა ეს დანაშაული, მაგრამ ახლა მას ეუბნებიან, რომ რადგან სხვა ცნობილი ადამიანების ფეისბუქგვერდებიც დაზიანდა, ისიც შენ ჩაიდინეო, რაც სიცრუეა და ამჯერად ტყუილად აბრალებენ. 5 ადამიანია დაზარალებული. ისინი ჩივიან, რომ მათი ფეისბუქი დაზიანდა და გამოძიება მოითხოვეს. უამრავი არგუმენტი გვაქვს, რომ ბრალდებამ არასწორად წაუყენა ბრალი.

_ მაინც, რა არგუმენტები გაქვთ და ვინ არიან ამჯერად მომჩივნები, იქნებ, გვითხრათ?

_ მისამართები, საიდანაც მათი ფეისბუქგვერდები დაზიანდა, არ ემთხვევა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის აიპი მისამართებს. ეს ქმედება განხორციელებულია სხვადასხვა აიპი მისამართიდან და, აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ მაინცდამაინც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ეს, არასწორია. ამას არკვევს ახლა სასამართლო ექსპერტი, რომელიც სასამართლოზე აუცილებლად დაიკითხება.

ვინ არიან მომჩივნები, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ისინი გამოძიებამ დაზარალებულებად ცნო, ცხადდებიან სასამართლო პროცესებზე და ჩვენებებს აძლევენ. მათზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გამოძიებას უნდა, რომ ყველა საქმე ერთიანად ამ ადამიანს დააბრალოს და ეს საქმეები გახსნილად ჩაეთვალოს. ჯერ ოთხი დაზარალებულის მიერ შესული განცხადების გამო მიმდინარეობდა გამოძიება, ფინიშამდე ვიყავით მისულები, მაგრამ ამასობაში კიდევ ერთმა განაცხადა, ჩემი ფეისბუქიც გატყდაო და ესეც ამას აჰკიდეს. ამ ახალი საქმის გამო, ალბათ, კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელდება გამოძიება და ასე როგორ შეიძლება?

დაზარალებულები პოლიციაში ან პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექაუნთი გაუტეხეს და შსს-ს ჰაკერული დანაშაულების გამოძიების განყოფილებაც მაშინვე ამ ადამიანს მოადგება ხოლმე, თითქოს, საქართველოში სხვა ჰაკერები არ იყვნენ. რადგან კიწმარიშვილის ექაუნთის დაზიანების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ყველაფრის მასზე დაბრალება უადვილდებათ. ეზარებათ მუშაობა და თავის დაღლა, აგერ ჰყავთ ერთი `გვრიტი~, რომელსაც აღნიშნულ დანაშაულზე პირობითი მსჯავრი აქვს, დამნაშავედ არის ცნობილი და ახლა ყველა დანაშაულს მას აბრალებენ. ამ დროს სხვა ჰაკერები თავისუფლად შრომობენ და მსგავსი დანაშაულებები დაუსრულებლად ხდება. მერწმუნეთ, თქვენც რომ შეიტანოთ ხვალ ანალოგიური საჩივარი, თქვენს საქმესაც გახსნილად გამოაცხადებენ.

_ კვლავ კიწმარიშვილის ექაუნთის დაზიანებაზე მინდა გკითხოთ: რატომ არ არის სარწმუნო გარდაცვლილის ოჯახის ვერსია, რომ ჰაკერი სპეცსამსახურის დავალებას ასრულებდა და რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ?  

_ ეს ადამიანი სპეცსამსახურთან ძალიან შორს მდგომია თუნდაც თავისი ვიზუალით, ინტელექტით, გულწრფელობით. უცილებლად ასე იფიქრებთ, თქვენც რომ ნახოთ. თანაც, ასეთ შემთხვევაში რამე უნდა გაეკეთებინა ამ მოქმედებით და ფაქტია, არაფერი გაუკეთებია, ბოროტად არ უსარგებლია კიწმარიშვილის გვერდით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებამაც შეისწავლა და მისი გულწრფელი პასუხები სხვა კითხვებს აღარ ბადებდა.

_ კი მაგრამ, გამოძიება აიპიმისამართებით ნამდვილ დამნაშავეებზე რატომ არ გავიდა? ესეც ხომ მარტივია?

_ კიწმარიშვილის გარდა კიდევ 5 პიროვნების ფეისბუქი ნამდვილად არის დაზიანებული, მაგრამ გამოძიება ვერ ჩასწვდა, ეს ვინ გააკეთა. საკმაოდ მაღალი დონის ექსპერტიზაა ჩასატარებელი იმ საქმეებზე, რათა აღნიშნულ კითხვებს ზუსტი პასუხები გაეცეს, მაგრამ, ჯერჯერობით, საქმეში საექსპერტო დასკვნა დევს, რომელშიც ძალიან ბუნდოვნად არის ყველაფერი აღწერილი. ჩვენ სასამართლოზე შუამდგომლობა დავაყენეთ და მოსამართლემ დააკმაყოფილა. აუცილებლად დაიკითხება ამ საქმის ექსპერტი, რის შემდეგაც, იმედი მაქვს, ბევრი რამე გახდება ცნობილი. ექსპერტმა კითხვებს ზუსტი პასუხები უნდა გასცეს და ვარაუდებით არ უნდა ილაპარაკოს. ასევე, ვარაუდი არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი და ასეთ დროს საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო, ამის შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს.

_ მაგრამ თუ ექსპერტმაც მის საწინააღმდეგოდ ისაუბრა, რა ელის თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს?

_ ეს მუხლი არ არის მაინცდამაინც მაღალი სანქციის მატარებელი და აქ საუბარია ნივთის დაზიანებაზე. შეიძლება პირობითი მსჯავრი იყოს, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სხვისი ჩადენილი დანაშაული მას რატომ უნდა დააბრალონ? თანაც, ასეთი დაბრალებები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ამ პიროვნებაზე. ე. ი. ნამდვილ დამნაშავეებს ამით ხელ-ფეხს უხსნიან? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს: არ ვიცი, ამით რისი დამტკიცება უნდათ, იმისი ხომ არა, რომ მე ერთადერთი  ვარ საქართველოში, რომელსაც ჰაკერობა შეუძლიაო? ეს ადამიანი იმისთვის იბრძვის, რომ რაც მისი გაკეთებული არ არის, ტყუილად არ აჰკიდონ ბრალად.

_ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის გვარსა და სახელს რომ არ გვეუბნებით გასაგებია, მაგრამ, იქნებ, მისი სხვა მონაცემები გვითხრათ _ სადაურია, რა ასაკისაა? 

_ იგი არის 29 წლის თბილისელი კაცი, რომელსაც თავში სულ ფორმულები უტრიალებს. მთვარეზე და მზეზეც კი ციფრებით საუბრობს. სპეციალობით პროგრამისტია და როგორც გითხარით, ძალიან ნიჭიერია. ამ საქმეებზე აუცილებლად უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, რადგანაც საქმეში არ დევს უტყუარი მტკიცებულება. საქმე აკინძეს დაზარალებულთა ჩვენებებით, რომლებიც მხოლოდ ამბობენ, რომ მათი ფეისბუქი დაზიანდა. როცა ეკითხებიან, ვინ დააზიანა, ეს მათ არ იციან. სიმართლე იცის მარტო ექსპერტმა, რომელიც ბუნდოვნად ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე, ექსპერტის დაკითხვის შემდეგ შესაძლებელი იქნება, უტყუარად ვიფიქროთ ამ საქმის მომავალზე.

ჩემი ვარაუდით, მას სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბერში დაკითხავენ, რადგან ახლა არააქტიური სასამართლო პერიოდია და მოსამართლეთა უმრავლესობა შვებულებაშია. ჩვენ შეკითხვები გვაქვს ექსპერტთან და თუ ის სიმართლეს იტყვის, საქმეს ბუნდოვანებას მოაშორებს, თუ არადა, კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ყველაფერს.

 

,,ქრონიკა+” კომენტარისთვის უკავშირდებოდა ზურაბ კიწმარიშვილს, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო. რედაქციის ზარებს არ პასუხობდნენ მთავარ პროკურატურაშიც.

 

                                                                                                                ნელი ვარდიაშვილი