მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულთა რაოდენობა 20 000-ით გაიზარდა?!

1453719435_eliava-lia_1

წლის დასაწყისიდან დღემდე მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულთა რაოდენობა 20 000-ით გაიზარდა. ქვეყანაში არსებულმა ფინანსურმა პრობლემებმა და სესხის დამტკიცების გამარტივებულმა პირობებმა ათასობით ადამიანს გაღატაკების საფრთხე შეუქმნა. პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება. სპეციალისტების შეფასებით, ეს უკვე აღარ არის ერთი კონკრეტული სექტორის პრობლემა და საერთო ეროვნულ ნეგატიურ ტენდენციად ყალიბდება.

აღსრულების კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 6 აპრილის მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში 163 835 პირია რეგისტრირებული, 6 იანვრისთვის კი ეს მაჩვენებელი 143 517-ს შეადგენდა, შესაბამისად, 6 თვეში მაჩვენებელი 20 318-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მოვალეთა რეესტრში 2014 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 133 583-ით განისაზღვრებოდა, რაც ქვეყნისთვის საგანგაშო სტატისტიკაა. დიდი ალბათობით, უახლოესი წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს. როგორც ჩანს, საბანკო და საფინანსო სექტორის მიმზიდველი პირობები უამრავი მოქალაქისთვის სატყუარაა, რაც მათ სესხის გაუაზრებლად აღებასა და არარეალური ფულის ხარჯვისკენ აშკარად უბიძგებს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება. საბანკო დარგის ექსპერტები და სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, შეცვალონ მიდგომა და საზოგადოების სწორ ინფორმირებას შეუწყონ ხელი, რაც ადამიანებს რისკის სწორად შეფასების შესაძლებლობას მისცემს. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება უამრავ მოქალაქეს ვალის დაბრუნების პრობლემას უქმნის და გაღარიბებისკენ მიაქანებს. თუმცა ეს არ არის ერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში რეესტრში რეგისტრირებული პირების რაოდენობა იზრდება.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომიკისა და საბანკო სფეროს ექსპერტი _ ლია ელიავა:

_ მოვალეთა რაოდენობის ზრდა გამოწვეულია რამდენიმე მთავარი და ძირითადი მიზეზით: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსი, რომელიც ზრდის მოვალეთა წნეხს; მეორე საკითხია ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც განაპირობებს, რომ მოვალეები ვერ იხდიან თავიანთ საკრედიტო ვალდებულებებს; მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დონის ზრდა უცვლელი შემოსავლების პირობებში, ანუ ადამიანს მეტი ეხარჯება საკუთარი ოჯახის რჩენაზე და მეტი თანხა რჩება ვალდებულებების გასასტუმრებლად; მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საკრედიტო რესურსი საქართველოში არის ძალიან ძვირი, რომელიც მოსახლეობის შემოსავლებთან შეუსაბამოა, რაც იწვევს დისბალანსს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. ეს ოთხი ძირითადი მიზეზია იმისა, რაც საქართველოში მოვალეთა რაოდენობას ზრდის. სანამ ეს საკითხები არ დარეგულირდება, მოვალეთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც გაიზრდება. საქართველოს საფინანსო სექტორში სრული ქაოსია. არც ერთ ქვეყანაში ისე არ არის მიშვებული საფინანსო სექტორი, როგორც საქართველოში! არც ერთ ქვეყანაში საფინანსო სექტორი ისე არ ძარცვავს მოსახლეობას, როგორც საქართველოში! იმისთვის, რომ საქართველო ცივილიზებულ ქვეყანას დაემსგავსოს, აუცილებელია საფინანსო სექტორის ყველა შემადგენელი ნაწილის, _ დაწყებული ბანკებიდან, კერძო მევახშეებით დამთავრებული, _ რეგულირების ქვეშ მოქცევა. ვგულისხმობ, რომ უნდა აიკრძალოს სამევახშეო პროცენტით სესხის გაცემა. ამ ცოტა ხნის წინათ უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ კრედიტორს საპროცენტო განაკვეთი შეუფასა, როგორც უსამართლოდ დიდი და შეუმცირა. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნებულია. ვინაიდან საქართველოში უკვე ინერგება ეს პრაქტიკა, ხელისუფლებამ და, კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა, კეთილი უნდა ინებოს და ჩამოაყალიბოს კრიტერიუმები იმისა, თუ როგორია უსამართლო სამევახშეო საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც არ შეიძლება სესხის გაცემა. ეს უნდა გააკეთოს, პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მთელი საფინანსო სექტორი უნდა მოაქციოს თავისი ზედამხედველობის ქვეშ. ვგულისხმობ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ახლა არ რეგულირდებიან და მარტო ლიცენზირდებიან; ლომბარდებსა და ონლაინ გამსესხებლებს, კერძო მევახშეებსა და თუ კიდევ არსებობს რამე ტიპის გამსესხებელი. ყველა უნდა მოექცეს რეგულირების ქვეშ, ყველას უნდა დაუწესდეს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის გაჭირვებული და გაღატაკებული იქნება, საფინანსო სექტორი კი _ უფრო მოლხენილი და გაბერილი.

 

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი