სიაზე ბოდიში – ხაჭაპური რამდენიც გენებოთ!

dxxr

„აპ, აპ, აპ, თუ კაცი ხარ, მაგ არ მიხსენო!“ _ ასეთი რეაქცია აქვთ ტყიბულის რაიონის უმეტეს სოფლებში, თუკი გაკადნიერდები და „ქართულ ოცნებას“ ახსენებ. ობიექტურობისთვის ისიც უნდა დავძინოთ, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ეკეტებათ ჭკუა, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის გინება, რომელმაც ოთხი წლის წინათ აქ დამაჯერებლად გაიმარჯვა, აშკარად ყურშისაცემია.

თერჯოლელებისა და ტყიბულელების იმედგაცრუება, პირველ რიგში, მომატებულ კრიმინალსა და უყურადღებოდ დარჩენილ მაღაროელებს უკავშირდება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მაღაროები და იქ ჯოჯოხეთური შრომით მოპოვებული თანხა ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყაროა, ხოლო მემაღაროეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არაა. „ქრონიკა+“-ის ყოფნა თერჯოლაში, ტყიბულსა და ტყიბულის რაიონის სოფლებში იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ტყიბულელი მეშახტეები უკვე მერამდენედ, ისევ გაიფიცნენ. გაფიცვები არც წინა ხელისუფლების დროს იყო უცხო ხილი, მაგრამ ბოლო დროს იმდენად ხშირია, რომ თითქმის ყველა შეეგუა.

როგორც მაღაროელები და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, არც ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძესთან მათმა ვიზიტმა მოიტანა სასურველი შედეგი, რადგან ჩაფიძეს, ჯერ ერთი, იშვიათად ნახულობენ იმის გამო, რომ მაჟორიტარის ოფისი ტყიბულში თითქმის სულ გამოკეტილია და მეორეც, რამდენჯერაც შეხვედრა მოახერხეს, ჩაფიძე სულ მიანიშნებს, რომ მაღაროები კერძო ბიზნესის ხელშია და მათ ანაზღაურებაზე რეგულაციას ვერ დააწესებს. რასაკვირველია, აქ არის ლოგიკა, მაგრამ უკმაყოფილო მაღაროელებს თავიანთი მინიშნება აქვთ: „ეს კარგად იციან, „ნაციონალებს“ ვერ დავემსგავსებით და კერძო ბიზნესში ვერ ჩავერევითო, ბებიამაგათისამ, შაორის მიდამოებიდან რომ ხე-ტყე გააქვთ, ეგ არ არის კერძო ბიზნესი? კარგად ინაწილებენ ადგილებს, ვინ სად უნდა მოჭრას და რამდენი? აბა, მე შევიდე და ორი ძირი ხე მოვჭრა, იმხელა ჯარიმას მომარჭობენ, ციხე გამიხდება სანატრელი“, _ ამბობს ერთ-ერთი გაფიცულის ძმა, ხოლო შეკითხვაზე, _ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ელისო ჩაფიძეს? მრავალმნიშვნელოვნად იღიმება და ამბობს: „კარგით, რა, ტყიბულში ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი იცის. მოიკითხეთ, ვინ არის და რას აკეთებს დათო ჩაფიძე და თქვენც გაიგებთ…“

„ქრონიკა+“-მა მოიკითხა და გაარკვია, რომ დათო ჩაფიძე ელისო ჩაფიძის ნათესავია. სწორედ მას აბარია ტყიბულის შემოგარენში, მათ შორის, შაორის ტბის ნაწილის ფარგლებში, ხე-ტყის გატანაზე „ზრუნვა“ და პროცესის კონტროლი. პროცესის კონტროლში ის იგულისხმება, რომ მისი ნებართვის გარეშე ზემო იმერეთის ამ ნაწილის ტყეებში მიწაზე ჭიანჭველა კი გაივლის და ცაში ჩიტი კი გაჭაჭანდება, მაგრამ აი, ცულიან-„დრუჟბიანი“ კაცებისა კი რა მოგახსენოთ. რაც მთავარია, გვითხრეს, რომ დათო ჩაფიძეს ყველა სოფელში თავისი მარჯვენა ხელი ჰყავს, რომელთაც ადგილობრივი მასშტაბით ტყის კონტროლი ევალებათ და როგორც საიდუმლოდ გაგვიმხილეს, ამის გარდა, თანასოფლელების პოლიტიკური ორიენტაციაც უნდა იცოდეს, ანუ თუ ვინმე „ქართული ოცნების“ აუგს იტყვის, მაშინვე უნდა შეატყობინოს, ვისაც ჯერ არს. მაგალითად, ერთ სოფელში ერთი ასეთი მარჯვენა ხელი აქამდე იწოდებოდა, როგორც „ფიწალა ვანო“, ხოლო დამატებითი ფუნქციით აღჭურვის შემდეგ ზურგსუკან „ბოზფიწალა ვანო“ შეარქვეს (იდენტიფიცირების თავიდან არიდების მიზნით მეტსახელი შეცვლილია) და მასთან პოლიტიკაზე საუბარს ყველა ერიდება. და რადგან არა მხოლოდ „ბოზფიწალა“ ვანო, არამედ ყველა ჯაშუში გაშიფრულია, ვერ ვიტყვით, რომ ექსპერიმენტი, მაინცდამაინც, წარმატებული აღმოჩნდა.

ცალკე თემაა ელისო ჩაფიძის მშობლიური სოფელი მუხურა. სტატიის ავტორს, ნათესაური კავშირების გამო (თუკი შევთანხმდებით, რომ ცოლის ნათესავიც ნათესავია), ამ სოფელთან ყოველწლიური შეხება აქვს და დარწმუნებით შეიძლება დაიწეროს ადგილობრივთა დამოკიდებულების სახეცვლილებაზე, მოყოლებული 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე. 2012 წელს მუხურის ცენტრში მაღაზია, მრგვალი ბაღი, ყველა დიდი ხე და ბოძი ელისო ჩაფიძის პლაკატებით იყო მოფენილი. ასე განსაჯეთ, მტვერსაც კი წმენდდნენ პერიოდულად, ხოლო ჩაფიძისადმი ირონიული დამოკიდებულება აგრესიით იყო აღქმული. ერთი წლის მერე მტვრის გადაწმენდა შეწყვიტეს, ორი წლის მერე თითქმის ყველა სახლში, ტელევიზორებს ზემოთ, კედლის კალენდართან ერთად გაკრული მომღიმარი ელისოს პლაკატები გააქრეს, სამი წლის მერე პლაკატების ჩამოხევა შუკებში დაიწყეს, წელს კი მუხურაში ერთ პლაკატსაც ვერ ნახავთ, წამლად რომ ეძებოთ. რა თქმა უნდა, ისეთებიც არიან, რომლებიც ელისოს მიმართ კეთილგანწყობას ინარჩუნებენ, მაგრამ, მაგალითად, მისი და თითქმის მთელი მუხურის მასწავლებელი, 97 წლის ნინა ბებო, რომელიც მუხურის სკოლაში გახსნილ უბანში 2012 წელს დილაუთენია გამოცხადდა და დემონსტრაციულად მისცა ხმა თავის ნამოწაფარს, სულაც არ მალავს, რომ იგივეს გაკეთებას არ აპირებს.

თუმცა არც ნინა ბებოს და არც სხვებს, რომელთაც 2012 წელს ჩაფიძე და 41 შემოხაზეს, იგივეს გაკეთება იმ მარტივი მიზეზით აღარ მოუწევთ, რომ თერჯოლა-ტყიბულის ოლქში ელისო ჩაფიძე „ოცნების“ რჩეულთა შორის აღარაა და არც არავინ იცის, არის თუ არა, ვთქვათ, პარტიული სიის ოცეულში.

გამოკეტილი ოფისი ტყიბულში და სოფელში გაიშვიათებული ვიზიტები ერთადერთი არ არის, რის გამოც მუხურელებს ელისო ჩაფიძესთან პრეტენზია აქვთ. სოფლელების აზრი ორადაა გაყოფილი: უმცირესობა ამბობს, რომ ელისომ გზა გააკეთა და მუხურამ ამით ამოისუნთქა, თუმცა უმრავლესობა აზუსტებს, რომ მუხურის გზის პროექტი, ჯერ კიდევ, „ნაციონალი“ მაჟორიტარის, პალიკო კუბლაშვილის დროს არსებობდა. მასვე ეკუთვნის სოფლის გაზიფიკაციის იდეის განხორციელების დაწყება და სწორედ ამის გამო იყო, რომ ელისო ჩაფიძემ, სულ რაღაც, 200 ხმით მოუგო კუბლაშვილს და რომ არა მუხურა, წააგებდა კიდეცო.

გზას რაც შეეხება, წესით, აქამდე კი უნდა ასულიყო მუხურის ცენტრამდე, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილამდე 5 კმ-ში, წყალმეჩხერთან გაიჩაჩხა და გაიჭედა. სად წავიდა ამ გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი მილიონები, ეს ცალკე კვლევის თემაა, მით უმეტეს, მთელი გზა ბეტონის სინკარებითაა დაგებული და, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, შიგადაშიგ სიგანეშიც კარგად „მოტეხა“ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც, როგორც მუხურაში ამბობენ, სავარაუდოდ, სწორედ ჩაფიძის ქმარი ლობირებდა.

მუხურა გამორჩეული სოფელია და იქაურებს იუმორიც გამორჩეული აქვთ. მაგალითად, ერთ ჩასვლაზე, როცა გზად ჩაუვლია, სოფლის ცენტრში კი შეკრებილი თანასოფლელები დაუნახავს, გაუჩერებია და მოუკითხავს, _ როგორ ხართო? ჩაფიძისთვის ერთ იქაურს უთქვამს, _ რა ვიცი, როგორ ვართ, ისე, შენ კი დაგადგება ჯაფა ამ ზაფხულსო. _ რატომო? გაჰკვირვებია  ელისოს. _ რატომ და სიაში არ გსვამენ, მგონი და კი მოგიწევს, ხაჭაპურების ცხობაში გაიწაფო ხელი, გასასინჯად გადმოგვძახე ხოლმე, ამოვალთ, არ დაგზარდებითო. ეს ამბავი ყველას ხუმრობად მიუღია და მუხურელებთან ერთად ელისოს კარგადაც უცინია, მაგრამ ხომ ნათქვამია, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, შიგ რომ სიმართლის მარცვალი არ ერიოსო…

 

                                                                                                     ლაშა ბერულავა