6 თვეში 12 გარდაცვლილი დედა – საქართველოში ორსულები შიმშილობენ?!

ddx

მაშინ, როდესაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება დიადი რეფორმირების სტადიას გადის (მერე რა, რომ წინაასაარჩევნოდ?) საქართველოში ორსულები შიმშილობენ (ქვემოთ კონკრეტულ ფაქტებსა და ციფრებს მოგიყვანთ), 1 წლამდე ბავშვები კი არასრულფასოვანი კვების გამო იღუპებიან.

„ქრონიკა+“-ს ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჰყავდა რესპონდენტად, რომელმაც პერინატალურ (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ვრცლად ისაუბრა, რომ სამშობიაროებისა და გინეკოლოგიური კლინიკების დონეებად დაყოფა დაიწყო (სულ სამი დონე იქნება), რომელთაც შესაბამისი კლასიფიაცია მიენიჭებათ აღჭურვილობისა და პროფესიონალური სამედიცინო სტაფის მიხედვით. ბუნებრივია, სახელმწიფო სუბსიდირება უმაღლესი (მესამე) დონის კლინიკას მეტი ექნება სხვებთან შედარებით. მიზანი _ დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებაა.

შეამცირებს კი ეს სიკვდილიანობას? რა აძლევს ხელისუფლებას იმის გარანტიას, რომ ხსენებული რეფორმა ამ რიცხვს შეამცირებს? შეისწავლა კი მან სტატისტიკა და გამომწვევი მიზეზები? ის დააპურებს მოშიმშილე ოჯახებსა და მეძუძურ დედებს?

ვინაიდან და რადგანაც, მოქმედ ხელისუფლებას ციფრებით და ფაქტებით უნდა ელაპარაკო, „ქრონიკა+“ კონკრეტულ შემთხვევებზე გადავა.

საქართველოში დაბადებიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხობრივი მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, ასე გამოიყურება:

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე მკვეთრად აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე 6-ს შეადგენს, ხოლო საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობით, 1000 ცოცხლადშობილზე _ 12-ს, ანუ ორჯერ მეტს. გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის (UNIშEF) ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების კვლევამ გამოავლინა, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ფაქტები 1,4-ჯერ აღემატება თბილისში მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების რიცხვს. კონკრეტულ ციფრებს მოვიყვანთ: თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალშობილების გარდაცვალების ალბათობა, რომელთა წონა 1,500 კილოგრამი, ან მასზე ნაკლებია, 1,9-ჯერ მაღალია სამშობიაროდან გაწერამდე პერიოდში და 1,5-ჯერ მაღალია სამშობიაროდან გაწერის შემდგომ პერიოდში.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც UNIშEF-ი ასახელებს ჩვილთა გარდაცვალების მთავარ მიზეზად _ ეს გახლავთ უკიდურესი სიღარიბე და ორსულის პატრონაჟის სისტემა.

„ქრონიკა+“ კიდევ უფრო დაკონკრეტდება და მკითხველს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის კვლევის პასუხებს გააცნობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ახალ მასშტაბურ რეფორმაში, ფაქტობრივად, გათვალისწინებული არ არის.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებიდან იკვეთება, ბავშვთა ჯანდაცვისა და სიკვდილიანობის სფეროში ფიქსირდება სამედიცინო პერსონალის გულგრილობა. გამოიკვეთა, რომ მედიცინის მუშაკები მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციას არ აწვდიან. შესაბამისად, მშობელი არ არის ჩართული შვილის მკურნალობის პროცესში. მეტიც: ხშირად, დღის განმავლობაში, მშობლებს ბავშვის სანახავად დაახლოებით ერთი საათი აქვთ გამოყოფილი, რაც არასაკმარისია იმისთვის, რომ ბავშვის პატრონი ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი მკურნალობის შესახებ.

როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების 23 და 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების 9 შემთხვევა. ცალკე ექსპერტთა „პროფესიული განვითარების საბჭომ“ განიხილა ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების 15 საქმე, რაზედაც პასუხისმგებლობა დაეკისრა 33 ექიმს. საბჭომ შეისწავლა 1-დან 5 წლამდე ასაკის მცირეწლოვანთა გარდაცვალების 3 შემთხვევა. პასუხისმგებლობა დაეკისრა 12 ექიმს.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ მონაცემებს ფლობს და ხსენებულ რეფორმას მაინც იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალზე მცირეა ნეონტოლოგებისა და პედიატრების რიცხვი. მაგალითად, 2015 წლის მონაცემებით, მათი მთლიანი რაოდენობა 2451-ს შეადგენდა (2016 წლის მონაცემები წლის ბოლოს იქნება ცნობილი), რაც იმას ნიშნავს, რომ 1000 მოსახლეზე მოდის 0,62 ექიმი. ალბათ, იკითხავთ, ეს 0,62 რა არისო _ „ნახევარი“ ექიმი?! ეს იმას ნიშნავს, რომ 1000 მოსახლეზე 1 პედიატრიც კი არ მოდის.

აი, ეს გახლავთ პრობლემა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს პერინატალური სეგმენტის რეფორმირება უნდა მომხდარიყო, სანამ სამშობიაროთა და გინეკოლოგიური კლინიკების დონეებად დაყოფა დაიწყებოდა.

მაშასადამე, მოვიყვანეთ ციფრები, რომლითაც პედიატრებისა და ნეონტოლოგების (ისინი, რომლებიც ორსულ ქალებს ემსახურებიან) კატასტროფული სიმცირე დასტურდება. სხვა საკითხია მათი კვალიფიკაცია.

ინდივიდუალური გადამზადების პედიატრიული პროფილი გაიარა 449 ექიმმა, ხოლო უწყვეტი სამედიცინო განათლების პედიატრიული პროფილის პროგრამები _ 139 ექიმმა. 138 ექიმმა გაიარა პროფესიული რეაბილიტაცია; დიპლომის შემდგომი პედიატრიული პროფილის საგანმანათლებლო პროგრამები კი დაძლია სპეციალობის 256 მაძიებელმა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გადამზადებული ექიმების რაოდენობრივი მაჩვენებელი ექიმთა საერთო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

სწორედ ამას ასახელებს UNIშEF-ი (არ დაგავიწყდეთ, ეს ახალი მონაცემებია) საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლად. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, დედათა სიკვდილიანობის მხრივ, საქართველო ბოლოდან მესამე ადგილს იყოფს უზბეკეთთან ერთად.

აქაც კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ: საერთაშორისო კვლევის საფუძველზე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე შეადგენს 36-ს. პროცენტული მონაცემებით 6 თვის განმავლობაში დაფიქსირდა დედათა გარდაცვალების 12 შემთხვევა.

„ქრონიკა+“-თან სკანდალურ სტატისტიკას დებს ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ნატოს წარმომადგენელი საქართველოში _ შოთა ჩხეიძე:

_ ნატოს სასურსათო კომიტეტს თავისი წევრი და წევრობის მოსურნე ქვეყნებისთვის დაწესებული სტანდარტების მიხედვით, საქართველოში სასურსათო კალათა 370-400 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, მაშინ როცა რეალურად 149 ლარია. ანუ საქართველოში არსებულ ნორმა ნატოს მიერ განსაზღვრულ ნორმებს სამჯერ ჩამორჩება.

_ რამდენი კილოკალორია უნდა მიიღოს ორსულმა ქალმა ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის?

_ საერთაშორისო ნორმებით, დღეში 2700-3000 კკალ უნდა მიიღოს. ამ დროს, საქართველოში დღიურ ნორმად დადგენილია 2300 კკალ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეპროდუქციის პროცესში მყოფი ქალები არასრულფასოვნად იკვებებიან. სრულფასოვანი სურსათი უნდა შეიცავდეს ორსულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ინგრედიენტებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. კერძოდ, პური უნდა შეადგენდეს დღეში 150 გრამს, ხორცი _ 200 გრამს, რძის პროდუქტები _ 960 გრამს, კარტოფილი _ 170 გრამს, ბოსტენული _ 370 გრამს, ხილი _ 210 გრამს, თევზი _ 50 გრამს, ცხიმი _ 30 გრამს, შაქარი _ 100 გრამს. ვერც ერთ ამ ნორმატივს რიგითი ქართველი ქალი ვერ იცავს. ჩვენი მოსახლეობის 50% გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე (რაც 2100 კკალორიას შეადგენს) ნაკლებს იღებს, ხოლო 35% კი კრიტიკულზე (1800 კკალორია) ნაკლებს, ანუ 1600 კკალორიას. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ კალორიების ნახევარზე მეტი პურზე მოდის.

_ ეს რას ნიშნავს?

_ იმას, რომ ქართველი ორსული შიმშილობს, თუ ის დღეში 1800 კკალორიაზე ნაკლებს იღებს. გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 13%-ს, ანუ 600 000 ადამიანს დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 1,25%, ანუ 2 ლარი. ხოლო აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სურსათის რეკომენდებული ნორმების თანახმად, საკვები, რომელიც საქართველოს ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31-50 წელი) არის განსაზღვრული, მნიშვნელოვნად ნაკლებია 3-4 წლის ბავშვის ნორმაზე.

„ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსს _ ტატა გამყრელიძეს დაუკავშირდა:

_ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სკანდალური დასკვნა დადეს, რომლის მიხედვითაც ორსული და მეძუძური დედები შიმშილობენ. ეს არის სწორედ ძირითადი მიზეზი 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობისა. გამომწვევ მიზეზად დასახელდა სიღარიბე. საუბარია კალორაჟებზე, თუ რა საკვები პროდუქტით იკვებებიან დღეს ორსულები. რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართუებით?

_ მიზნობრივად ორსულთათვის სოციალურ დახმარებას, სამწუხაროდ, არ ვითვალისწინებთ. ექიმებს შეუძლიათ, საკვები დანამატები დაუნიშნონ პაციენტებს ორსულობის მიმდინარეობისას. თუ ჯანდაცვის სამინისტროში შემოდის საჭირო ელემენტების შემცველი მედიკამენტები, მათ იმ პირებს გადავცემთ, რომლებიც ამ მედიკამენტებით სარგებლობას საჭიროებენ, თუმცა ცალკე პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს ორსულთა ინტერესებს, შემუშავებული არ გვაქვს.

_ ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი რეფორმა პერინატალური სისტემით დაიწყო და ამაზე, ბუნებრივია, სოლიდური თანხა გამოყო. იგი უზრუნველყოფს უშუალოდ მშობიარობასთან დაკავშირებულ პროცესებს. მშობიარობის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ვინ არის პასუხისმგებელი? ის, რომ მეძუძურ დედას არ აქვს იმის საშუალება, რომ თვითონ და შვილი კვებოს?

_ არიან ოჯახები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. ამგვარ ოჯახებს ერთ სულ ბავშვზე გადაეცემათ თვიურად 10 ლარი. შესაძლოა, ოჯახი არ იყოს სოციალურად დაუცველი და ქულათა ოდენობა შეადგენდეს 25 ათასიდან 100 ათასამდე ნიშნულს, ამ შემთხვევაშიც ოჯახი მიიღებს თითო ბავშვზე 10 ლარს.

_ 10 ლარს?

_ მესმის, ბევრი არ არის, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასეთი მონაცემები გვაქვს. ამ ოჯახებს საკვები დამატებით ეძლევათ. რაც შეეხება ორსულებს, ან თუნდაც ახალშობილებს, მათთვის ცალკე პროგრამა სოციალური დახმარების სახით არ არსებობს.

                                                                                                      თამარ როსტიაშვილი