„ნაოცნებარი ქარხანა“, სუბტროპიკული ლაგოდეხი და ზეთისხილის ბაღები

lag

გურჯაანიდან ლაგოდეხისკენ მიმავალ გზაზე ზეთისხილის პლანტაციები შემოგხვდებათ. როგორც ლაგოდეხელები ამაყობენ, აქ მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, კივიც მოდის, ზეთისხილიც, კარალიოკიც, ლიმონიც და უნაბიც:

_ ჩვენთან, გენავ, საუკეთესო კლიმატია. აბა, შეხედე, როგორი კივის ხეივანი მაქ, აგე ლიმონის ხე, ქვემოთ ჩინური კაკალი მიდგას და უნაბი, წამო, გაჩვენო. დალოცვილია ეს ჩვენი მიწა, ჩვენთან ყველაფერი მოდის, _ მეუბნება ბაისხეველი და ძალიან ლამაზ ბაღში მიმიძღვება.

მიწა მართლაც დალოცვილია და კახეთის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ლაგოდეხელებს წყალიც საკმარისი აქვთ იმისთვის, რომ ვენახებიც მორწყან და ბაღებიც.

გზის მთელ გაყოლებაზე საზამთროს, ნესვის, ატმისა და ვაშლატამას გორებია.

_ რამდენად ყიდით? _ ვეკითხები.

_ ეჰ, 20 თეთრში საზამთროს მოგცემ, ჯანდაბას 15-ში, ნესვსაც _ 25-ში. აგიწონო? _ მეკითხება შავგვრემანი ნოდარი პაპა, _ წაიღე, შვილო, წაიღე, ნახე, როგორი მწიფეა, _ საზამთროს ხელში ატრიალებს და უკაკუნებს.

_ გაყიდვა გიჭირთ? _ ვეკითხები.

_ გვიჭირს. მოსავალი, ღვთის მადლით, ბევრია. კი დაგვსეტყვა, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ. აი, გასაღება გვიჭირს, შვილო, ეს ლარსის გამშვები პუნქტიც რომ ჩაიკეტა, ხილს ფასი დაუვარდა, _ შუბლზე ოფლი გადაიწმინდა და ყუთზე ჩამოჯდა.

აფენისწყლის ბაზართან, ხუთ-ხუთი მეტრის მოშორებით, ავტომანქანების საბარგულები ხილითაა სავსე. ხის ძირში ახლგაზრდები დომინოს თამაშობენ.

_ მყიდველი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან მოდის, აჭარიდან მოდის ბევრი, მაგრამ რა, იმან რა ქნას, ვისაც ტონობით ხილი უფუჭდება? _ მპასუხობენ.

_ მაშ, ერთი გადამამუშავებელი ქარხანა არ უნდა იყოს რაიონში? _ გზის მეორე მხრიდან შავმაისურიანი მოხუცი გადმოდის, _ მერე კიდე იტყვიან, კომუნისტებს რათ მისტირითო? ჩვენს მხარეში ოთხი გადამამუშავებელი ქარხანა იყო, კაცო, ხილი არ გვიფუჭდებოდა, ვაბარებდით. ახლა შეხედე, რა დღეში ვართ! მაშ, ამ ატმის გაფუჭება იქნება? ქალაქშიც რამდენი უნდა წაიღო, კაცოო! _ ბრაზობს გვიმრიანელი მოხუცი.

_ რუსულ ბაზარზე ხილი აღარ გადის? _ ვეკითხები.

_ შვილო, აქ ხომ უნდა ჩამოვიდეს ვინმე, რომ წაიღოს? _ ისე მიყურებს, ეტყობა, ჩემი კითხვით გაკვირვებულია, _ გადამამუშავებელ ქარხანაზე გელაპარაკები, რომ დაგვპირდნენ, აგიშენებთო, პრობლემებს მოგიხსნითო, გეყურება? ქარხანაზე გელაპარაკები! _ ხელი ჩაიქნია და ზურგი მაქცია.

_ აქაურებმა რომ გაიტანოთ ხილი რუსეთში?

_ ძვირი ჯდება, ვისაც ტრაილერები ჰყავს, იმას გააქვს. ვისაც არა და ამ კაპიკების იმედზე ვართ, _ ხაკის შორტებიანი ახალგაზრდა ნესვს მაწვდის, _ უფასოდ აიღეთ, მართლა გემრიელია.

მადლობას ვუხდი და მივდივარ. მანქანაში ნესვის სუნი დატრიალდა.

_ მაშ, ერთი ქარხანა მაინც არ უნდა გვქონდეს რაიონში? ხალხს მოსავალი უფუჭდება. როგორც ყურძენზე მოგვატყუეს, ისე გვატყუებენ ახლაც. შარშან ორ ტონაზე საზამთრო და ნესვი მოვიყვანე, სანამ საზამთროს მივხედე, ნესვი ჩამილპა. მერე გვალვამ დაარტყა და დავრჩით ასე! _ ბრაზობს ლელიანელი ქალბატონი.

_ აბა, ატამს ვიბარებთ და პრობლემა არ არის, არც ზომას ვუყურებთ და არც წონასო?

_ ვინ იბარებს, სად იბარებს, აბა, მანახეთ?! _ ღობის იქიდან ხმა მესმის, ხმის პატრონს ვერ ვხედავ. ჭიშკარი გააღო და ორღობეში გამოვიდა. დიდი, შავი ძაღლი გამოჰყვა.

_ ნუნუ, აღარ გადაგიარა მაგ გაბრაზებამ? _ ეკითხება ორტონა გაფუჭებული საზამთროს პატრონი.

_ არც გადამივლის. 25 წელია, გვატყუებენ, რამ უნდა გადამიაროს?! ესენი არ იყვნენ იმ მილიარდერის თამადობით, აქ რომ ჩამოდიოდნენ და ხალხს ხვდებოდნენ, ქარხნებს აგიშენებთ, პენსიებს გაგიზრდით, გადასახადებს გაგინახევრებთო?! სად არიან?! აბა, ქარხნები?! მაშ, ტყუილად დაგვპირდნენ?! მათხოვრები, ჩვენი ფულებით გაივსეს ჯიბეები და ქარხნები არავის ახსოვს! _ ნუნუ დეიდას, ეტყობა, გაბრაზება კიდევ დიდხანს არ გაუვლის. _ დაიწყებენ ახლა საარჩევნოდ სოფელში სიარულს, ერთი, გაბედონ ამ სოფელში შემოსვლა! _ ძაღლს მოეფერა და ჭიშკარში შევიდა.

ქვემო და ზემო ნაშოვარის გასაყართან, დიდი კაკლის ძირში, მაგიდასთან, სამი მოხუცი ზის:

_ სიცოცხლე აღარ მინდა, შვილო, გაგვიმწარდა სიბერე. შვილიშვილებს სკოლის დამთავრების საჩუქარს თუ არ გაუკეთებ, პატარებს კანფეტი ხომ მაინც უნდა უყიდო? ჩემი და ჩემი ცოლის პენსია წამლებში მიგვდის. ძმისშვილის სანახავად თბილისში ვერ წავსულვარ, საავადმყოფოში წევს, რამდენი ლარი მჭირდება, საიდან მოვიტანო, შვილო? _ ჭაღარა მოხუცი თვალებში არ მიყურებს, მიწას ჩასჩერებია, _ ჩემს მეზობელს ავადმყოფი შვილი ჰყავს, სოციალური დახმარება მოუხსნეს და პასუხის ღირსიც არ გახადეს, რად მოუხსნეს?! სამართალსაც ვერ იპოვი, შვილო, ტელევიზორებიდან დაგვცინიან მარტო…

სოფელ ნინიგორში წყალი არ არის:

_ მთელ ლაგოდეხის რაიონში წყალია და ჩვენთან წყალი არ არის. გაზზე არაფერს ვლაპარაკობ, _ სანდომიანი სახის ქალბატონი ჭიშკარს მოადგა, _ მამა-პაპისეული სახლია და არ ვტოვებ. წელიწადში რამდენიმე თვეს აქ ვატარებ. 8 წლის წინათ საარჩევნოდ წყლის მილები ჩაყარეს და მიატოვეს. წინა არჩევნებზე ერთი თვე გამოუშვეს და მერე ისევ შეწყდა. ცოდო არ ვართ, კაცო? წყალი ზაფხულში არ უნდა იყოს?

ვეთანხმები. გაზიც უნდა იყოს, წყალიც, გადამამუშავებელი ქარხნებიც, გასაღების ბაზრებიც და, საერთოდ, გარეთ XXI საუკუნეა! ევროპაში შესვლა რომ გვინდა, ჯერ, იქნებ, იმაზე გვეფიქრა, სასმელი წყლის და გაზის პრობლემა მაინც მოგვეგვარებინა ამ ოთხი, რვა, თორმეტი, თექვსმეტი, ოცდახუთი წლის მანძილზე და მერე გვეფიქრა ევროპული ფასეულობების დაცვა-ღირებულებაზე, თორემ ევროპულ სუპერმარკეტებში ოთხი ცალი შეფუთული ატმის ფასი 12-15 ევროა. ისე, ნეტავ, რა ეღირება ეს ზებრა ჯიშის ატამი ევროპაში?..

ჩამობნელდა. სოფლის გზები დაცარიელდა. წნორისკენ მიმავალ გზაზე, ღამის ლამპიონების ქვეშ, გორა-გორა დახვავებული ატამი, საზამთრო და ნესვი კი ისევ მყიდველს ელოდება…

 

                                                                                                                              ეკა ბუჩუკური