თბილისი-ზაჰესის დამაკავშირებელი ხიდი – მშენებლობა თუ მავნებლობა?

vb

თბილისი-ზაჰესის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ოფიციალურად ა. წ. თებერვლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა გახურებული ტემპერატურის ფონზე, ცხელ წინასაარჩევნო სეზონზე, აღნიშნული ნაგებობის მიმდებარე ტერიტორია დღემდე გადათხრილია _ თავად ხიდის საყრდენი ბოძები კი კვლავაც ხარაჩოებშია მოქცეული. რამდენად დაზარალდა ზაჰესის მოსახლეობა უსასრულოდ გაწელილი მშენებლობით? რა მანძილის გავლა უწევთ მათ დამატებით თბილისის მერიის მიერ მოწყობილი ტენდერების გამო? მშენებლობა თუ მავნებლობა?

აუცილებელი განმარტება: გასულ კვირას „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა ადგილობრივი მაცხოვრებელი  ბექა ვარდოსანიძე, რომელმაც გვთხოვა, რომ დავინტერესებულიყავით დედაქალაქსა და ერთ-ერთ გარეუბანს შორის დამაკავშირებელი ხიდის ბედით, რომლის მშენებლობაც, აგერ უკვე, ორი წლის მანძილზე მიმდინარეობს. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ზაჰესს ვესტუმრეთ.

 

ბექა ვარდოსანიძე:

_ ბექა, უპირველეს ყოვლისა, მკითხველს მოუყევით, თუ რატომ დაინტერესდით ზაჰესის ხიდით?

_ მე ამ უბნელი გახლავართ. აქ გავიზარდე. ზაჰესის ხიდის მშენებლობა უკვე წლებია, ვერ სრულდება, რამაც ადგილობრივები ძალიან შეგვაწუხა. გადავწყვიტე, სოციალური ქსელების მიღმაც გამეტანა ეს პრობლემა და თქვენ მოგმართეთ.

_ დიდი მადლობა ნდობისთვის. ახლა კი მივყვეთ თანმიმდევრულად, როდიდან დაიწყო ხიდის რესტავრაცია?

_ ყველამ ვიცოდით, რომ ხიდი ამორტიზებული იყო. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მათ ეს საქმე ითავეს. ბუნებრივია, მოსახლეობასაც გაეხარდა. სხვა თუ არაფერი, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის რაღაც პერიოდი ნამდვილად მოვითმენდით, თუმცა დაწყებულ საქმეს ლოგიკური ფინალი არ უჩანს! ორ წელიწადზე მეტია, ხიდი აღარ ფუნქციონირებს. ყველაფერი ისეა, როგორც არაერთ ობიექტზე. ეს თბილისის მერიის ჩვეული სტილია.

_ თუ გაქვს ინფორმაცია, რას ამბობენ, როდის დავასრულებთო?

_ ვინმე ინტერესდება საერთოდ? ვინმე იყო მოსული? იქნებ, ეს კითხვა მათაც დაუსვათ? მესამე წელი დაიწყო, რაც ეს ნაგებობა ექსპლუატაციაში შესული არ არის. ადრე დიდუბეში ხშირად მიწევდა გასვლა და მახსოვს, ბევრად ნაკლებ დროს ვანდომებდი, ვიდრე ახლა. ამას წინათ დრო დავინიშნე: თბილისის შემოსასვლელამდე, „კარფურამდე“, 10-15 წუთი სჭირდება სამარშრუტო ტაქსის.

_ რადგანაც თემით დაინტერესდი, ალბათ ისიც გეცოდინება, ამ ხიდის მშენებლობის გამო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი რომ დააკავეს…

_ საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ამ მშენებლობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ზოგადი ინფორმაციები მოვიძიე. სიტუაცია ასეთია: როგორც ჩანს, მშენებლობა არაპროფესიონალებს და თაღლითებს ჩააბარეს, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა. არის ასეთი კომპანია „ხიდი“, რომელსაც მერიამ ბიუჯეტიდან თანხები გამოუყო, თუმცა აღებულ პასუხისმგებლობას მათ თავი ვერ გაართვეს. ფაქტი სახეზეა: ამ კომპანიის ხელმძღვანელს კანონთან პრობლემებიც შეექმნა, ის დააკავეს, მშენებლობა კი სხვა ჯგუფს გადააბარეს.

_ რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თქვე მიერ ნახსენები კომპანიის მმართველს კანონთან პრობლემები თანხის გაფლანგვის გამო შეექმნა…

_ როგორც გავიგეთ, შპს „ხიდის“ დამფუძნებელმა, თეიმურაზ წივწივაძემ და მასთან დაახლოებულმა პირებმა ბიუჯეტის თანხები გაფლანგეს. წივწივაძე წელს დააპატიმრეს, მე მგონი, ზამთარში. საეჭვო რეპუტაციის ე. წ. მშენებლების გამო ათასობით ადამიანის ინტერესი ითელება. შეიძლება იკითხოთ, კონკრეტული მოსამართლის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩვენთვის რა შეიცვალა? რაზედაც გიპასუხებთ: ახლა მოიყვანეს სხვა გუნდი და სხვა პროექტით აპირებენ დაწყებული მშენებლობის გაგრძელებას. არც შესაბამისი ბანერია გამოკრული და არც საქმის კურსში გვაყენებენ, ელემენტარული ინფორმაციის დონეზე, ყველაფერი ბუნდოვნია… ამხელა თანხებს ასე მარტო ვერავინ შეყვლეფდა. ამბობენ, პირი, რომელიც წივიწვაძესთან ერთად მოქმედებდა, ნარმანიას კადრიაო. არც გამიკვირდება, ასე რომ იყოს.

_ გსურთ, რომ თბილისის მერიას მიმართოთ „ქრონიკა+“-ის მეშვეობით?

_ სიამოვნებით! პირველ რიგში, მინდა ვკითხო ქალაქის მერს: ბატონო დავით, რამდენად კომპეტენტურად არჩევთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სხვადასხვა ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის? აუცილებელი არაა, იყო ინჟინერი, რომ ამა თუ ობიექტის ექსპლუატაციის ვადები შეისწავლო. ხელისუფლებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. სხვათა შორის, არც წინასაარჩევნოდ იწუხებენ თავს აქ ვიზიტებით. აქვე მინდა ვკითხო იმ კომპანიას, რომელიც ხიდის დასრულებაზე ამჟამადაა პასუხისმგებელი: როდემდე უნდა გვატყუოთ? იქნებ, ისწავლოთ კომპეტენტური კადრების შერჩევა!

 

***

ბექა ვარდოსანიძესთან გასაუბრების შემდეგ ავჭალის ქუჩას გავუყევით. ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვიხელმძღვანელეთ და რესპონდენტების ძიება ქუჩაში დავიწყეთ. პირველად რამდენიმე მეტრში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან შევჩერდით, სადაც შუა ხნის ქალბატონები შევნიშნეთ.

 

ლილი ჩანადირი:

_ ამ ხიდის გაუქმების გამო მცხეთაში გვიწევს ჩასვლა, რომ ქალაქის ცენტრში მოვხვდეთ. სასწრაფო რომ აგვიანებს, პირველ რიგში, ესაა პრობლემაა. ცენტრამდე ზედმეტი კილომეტრები გვაქვს გასავლელი.

_ დაახლოებით რამდენი კილომეტრის გავლა გიწევთ დამატებით, რაც ზაჰესის ხიდი აღარ ფუნქციონირებს?

_ რვა-ცხრა კილომეტრამდე მანძილს ზედმეტად გავდივართ, მინიმუმ, შვიდი კილომეტრი მაინცაა.

_ თუ გეუბნებიან, როდის დასრულდება ხიდის სარემონტო სამუშაოები?

_ ამბობენ, რომ ამ შემოდგომაზე ჩაბარდება, მაგრამ დიდი იმედი არ გვაქვს… ისე, თუ შეიძლება, სხვა პრობლემურ ამბავზეც რომ გიამბოთ? იქნებ დაინტერესდეთ…

_ გისმენთ ყურადღებით, რა გაწუხებთ?

_ აქედან დაახლოებით ნახევარ კილომეტში, ავჭალის კოლონიისკენ საშინელება ხდება, გაინტერესებთ?

_ ბრძანეთ, ვიწერთ…

_ აქ გადის თბილისის შემოვლითი გზა, ამ ქუჩაზე მოძრაობენ სატვირთო მანქანები, ზოგი უცხოური მანქანაა, ზოგიც _ ადგილობრივი. პრობლემა ის არის, რომ ტრაილერები აქ ჩერდებიან, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ტრაილერების გაჩერება.

_ თავადაც თქვით, რომ ამ ქუჩაზე დედაქალაქის შემოვლითი გზა გადის, შესაბამისად, სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დაშვებული იქნება, მათი აქ დგომაც, ალბათ, კანონს არ ეწინააღმდეგება, ყოველ შემთხვევაში, პატრულს ეს ნამდვილად არ გამოეპარებოდა…

_ პრობლემა ამ მანქანების მოძრაობა კი არაა, აქ აქვთ „სტაიანკა“, თავისით გადაწყვიტეს, რომ აქ უნდა გაჩერდნენ. ჯგუფ-ჯგუფად დადიან, სამი-ოთხი ერთდროულად რომ ჩადგება გზის ნაპირას, გადასვლა ჭირს, იქ მოსახვევია და ვერ ვხედავთ მომავალ ავტომობილებს, რის გამოც ავარიები ხშირია. ეს ჩემი პირადი რაღაც ახირება არ გეგონოთ. მოსახლეობა ძალიან წუხდება _ უკვე გვეშინია. ცალკე ეს მანქანები აწყვეტილები მოძრაობენ, ცალკე გაჩერებული ტრანსპორტი გვიკეტავს არეალს. ან სხვაგან გააჩერონ, ან იმ მონაკვეთზე ამკრძალავი ნიშანი დააყენონ, რათა მომავალმა მანქანებმა სვლა შეანელონ. ბავშვები, რომლებიც ზემო ზაჰესში ცხოვრობენ, ზუსტად მაგ ადგილიდან ჩადიან სკოლაში ქვემოთ. „ტრაილერების“ ქარავანი რომ ჩამოდგება, 200-300 მეტრის სიგრძეზე იკეტება ქუჩა, ამ მანძილის გავლა კი ზედმეტად ყველას ეზარება, მით უმეტეს, ბავშვებს და ქუჩას პირდაპირ კვეთენ, რაც დიდ რისკს ქმნის! აქ ძალიან ხშირია ავარიები! იქნებ, ესეც გაითვალისწინონ.

_ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ თქვენს ამ თხოვნას! თუ მიგიმართავთ თქვენი რაიონის მაჟორიტარისთვის არსებული პრობლემების გადაჭრის თხოვნით?

_ მგონი, სოსო ჯაჭვლიანია ჩვენი მაჟორიტარი, თუმცა აქ არავინ მოსულა. არავინ არ ინტერესდება ჩვენი ბედით…

 

ზეინაბი _ 48 წლის:

_ 15-20 წუთი ბევრს ნიშნავს, როცა სამსახურში მიდიხარ, ან თუ ახლობლებთან მიგეჩქარება. ამის გამო სიმღერიდან გამოვიყვანე ბავშვი, რომ ორი ტრანსპორტია გამოსაცვლელი. ფულად ფული _ ზედმეტი ხარჯი ერთია და ზედმეტი დრო კიდევ მეორე პრობლემა. თხუთმეტი წლის ბავშვის ასეთი სიარული არ მაწყობდა.

_ აქამდე ეს ხიდი პერიოდულად ფუნქციონირებდა, თუ ყოველთვის მოქმედი იყო?

_ რაც თავი მახსოვს, სულ ფუნქციონირებდა, კომუნისტების დროიდან. ერთი პერიოდი მძიმე მანქანების მოძრაობა აიკრძალა, თუმცა ფეხით მაინც გადავდიოდით, რაც არ უნდა სარემონტო სამუშაოები ყოფილიყო. ახლა კი ქალაქიდან გავდივართ, რომ ქალაქში შემოვიდეთ. მცხეთის შესასვლელთან გვიწევს ჩასვლა, მუხათგვერდის გამოვლა და შემდეგ შემოვდივართ თბილისში. გამონაკლისია ავჭალა და გლდანი. ეს უბნები აგერაა და თუ მანდ ჩავდივართ, ავჭალის გზით ვსარგებლობთ, თუმცა თბილისი ეს ორი რაიონი არაა.

_ რას გპირდებიან? როდის შეძლებთ ხიდით სარგებლობას?

_ მესამე ზაფხულია, ამ ხიდს ველოდებით, მაგრამ საშველი არ დაადგა, სექტემბერი თქვეს და რა ვიცი, იმედია, გაზაფხულიდან მაინც ვივლით მოკლე გზით…

 

***

ობიექტიდან გამოსულებმა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებას მივაშურეთ. ჩრდილში მდგარმა მძოლებმა მოკრძალებულად გვითხრეს უარი ინტერვიუზე, თუმცა პირად საუბარში მათაც დაადასტურეს, რომ ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო შემოვლითი გზით სარგებლობით დედაქალაქამდე მანძილი შვიდი კილომეტრით გაიზარდა. სამარშრუტო ტაქსების გაჩერებიდან რამდენიმე მეტრში მდებარე კვების ობიექტშიც შევიხედეთ და დაწესებულების ერთ-ერთ მეპატრონეს გავესაუბრეთ.

 

ლალი ბიბილაშვილი:

_ წარმოიდგინეთ, ყოველდღე ვისაც წასვლა-წამოსვლა უწევს ქალაქში, დღეში ზედმეტად 15 კილომეტრს მაინც გადის. საწვავის ფული, ხომ ხარჯია? კიდევ ზედმეტი დრო. მოკლედ, რაც მალე გაკეთდება, უფრო კარგია. რაღაც უსასრულოდ გაგრძელდა და გაიწელა ეს ყველაფერი. ორი წელიწადი ნამდვილად იქნება, მეტი თუ არა, მოლოდინის რეჟიმში ვართ. მე აქ ვცხოვრობ და აქ ვმუშაობ, მაგრამ ცენტრშიც მიწევს ჩასვლა. ამხელა წრე სანამდე უნდა ვარტყათ? ადრე თუ ვუნდებოდით 15 წუთს, ახლა ვუნდებით ნახევარი საათს. უკვე იმედი გადამეწურა. ამ სიგრძის ხიდს ესენი სექტემბრამდე დაასრულებენ? ვისაც ეხება გადაეცით: დააყენონ საშველი! არც მძღოლი დაიტანჯება, არც მოხუცი, არც ახალგაზრდა!

 

ნუგზარ შალიკაშვილი _ 66 წლის, ტაქსის მძღოლი:

_ მძღოლი კაცი ვარ და გეტყვით, რომ ამდენი ხნით ეს ხიდი არასდროს გადაკეტილა. ჩვენ სადაც გვიწევს ჩასვლა, იგივე მცხეთის გზაა _ ცენტრალურ ხიდებამდე შემოვლითი გზით ამხელა მანძილია, მგზავრიც უკმაყოფილოა, მგზავრობა უფრო ძვირი უჯდება. ჩვენ კი წვის ხარჯი დაგვემატა. მე აქ ვცხოვრობ, ყველანი ადგილობრივები ვართ, ყველას გვინდა, რომ მალე გაიხსნას ძველი გზა.

 

ლევან გეგელაშვილი, ტაქსის მძღოლი:

_ ფაქტობრივად, საბურთალოზე აქედან ხალხი ვეღარ მიდის, 44 ნომერი დგას ხიდის იქით, ადრე ამ გზით გადმოდიოდა, მაგრამ მძღოლებს აღარ უღირთ, ძმაო, ზედმეტი მანძილის გავლა და მტკვრის იქით ჩერდებიან. ვისაც საბურთალოზე გასვლა უნდა, ძალიან წვალობს, თუ მანქანა არ ჰყავს. ზოგი სტუდენტია, ზოგს საქმე აქვს. ყველას არ გააჩნია ჯიბეზე ტაქსის ფული, ხალხს გადაჯდომა უწევს.

_ გაქვთ იმედი, რომ ხიდის მშენებლობა მალე დასრულდება?

_ სვეტები ჩაიყარა, მაგრამ მაინც ნელა მუშაობენ. გავივლი-გამოვივლი და ორ-სამ კაცს ვხედავ. ალბათ, არჩევნების გამო გამოუშვეს ობიექტზე. მახსოვს, ერთხელ ნიკა მელია მოვიდა ოპოზიციიდან ამ მშენებლობის საქმეზე, მთავრობიდან კაციშვილი არ ყოფილა.

 

დავით ჩუმაშვილი, ტაქსის მძღოლი:

_ კომუნისტების დროს აშენდა, ალბათ, 70 წლის წინათ. რაც თავი მახსოვს, მაგ გზით გადავდიოდით. ოდესღაც ყველაფერს გადის თავისი ვადა. მე როგორც ვიცი, ეგ ხიდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ააგეს გერმანელმა ტყვეებმა.

„ქრონიკა+“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

_ ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ავარიული სარკინიგზო გზაგამტარისა და ხიდი აკვედუკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა სამშენებლო კომერციულმა კორპორაცია `ხიდმა“. თბილისის მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2014 წლის დეკემბერში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 4 თებერვალი (400 დღე), ხოლო ღირებულება შეადგენდა 4.462 000 ლარს. 2015 წლის 10 სექტემბერს, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მერიამ კომპანიას ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება.

ხელშეკრულება გაიყო ორად და სარკინიგზო გზაგამტარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ენსისისთან“ 2015 წლის 28 სექტემბერს და სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 დეკემბრით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 636 000 ლარს (დასრულებულია).

რაც შეეხება ხიდ აკვედუკს _ 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ხიდმშენი 99“-თან და მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 18 სექტემბერი, სახელშეკრულებო ღირებულებით 3.650 000 ლარი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები 2016 წლის პირველ თებერვალს გადაეცა შპს „ენსისის“ (მიმდინარეობს სამუშაოები: შენდება ახალი ხიდი ძველი ხიდის გვერდით, რომლის მშენებლობაც დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს).

P. S. სამშენებლო კომერციულმა კორპორაცია „ხიდმა~ სამუშაოების წარმოებისთვის მერიისგან მიიღო ავანსი 2015 წლის მარტში „სვის კრედიტ კაპიტალისა“ და „უნივერსალ კრედიტ ბანკისგან“ გარანტიებით. ავანსი გაიცა ორი ტრანშის სახით: 890 000 და 900 000 ლარის ოდენობით. შესრულებული სამუშაოების გამოკლებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა დაიბრუნოს 1.545.682.26 ლარი გარანტორი კომპანიებისგან. ამჯერად მერიის იურიდიული სამსახური იკვლევს საქმეს, რათა დაიწყოს სამართლებრივი დავა გარანტორ კომპანიებსა და მერიას შორის საავანსო თანხის დასაბრუნებლად.

                                                                                                                             ზაზა სვანაძე

s1

s2

s3

s4s5