ვისი პირადი საქმეები აინტერესებს ФСБ – ს?!

grip

ტერაქტების სერია ევროპაში, სამხედრო გადატრიალების მცდელობა მეზობელ თურქეთში და შეიარაღებული თავდასხმა ერევანში პოლიციის შენობაზე, ასევე შეიარაღებული თავდასხმა ყაზახეთში, ალმა-ათაში პოლიციის შენობაზე _ ცხელი ზაფხული მსოფლიოში და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული არეულობა სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში ჯერ სიმშვიდეა _ ქართული პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. „Когда у вас выборы?“ _ ეს კითხვა ვლადიმირ პუტინს ქართველი ჟურნალისტებისთვის ჯერ არ დაუსვამს. პრინციპში, არც სჭირდება _ საქართველოში მას უკვე ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, მინიმუმ, წინააღმდეგობას არ გაუწევს და, მაქსიმუმ, ოკუპანტი ქვეყნის ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ შეასრულებს. პრემიერ კვირიკაშვილის მიერ დეკლარირებული დასავლური კურსი, ჯერჯერობით, მხოლოდ ფიქციაა, რადგან მიუხედავად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა, უვიზო მიმოსვლას მხოლოდ ოქტომბერში და ისიც საპარლამენტო არჩევნების მერე გვპირდებიან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისა და ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ ქვეყანაში რუსული გავლენები გაიზარდა. მის სახელს უკავშირდება თანამდებობებზე რუსული გავლენის აგენტების დანიშვნა და ოკუპირებულ საზღვართან უკონტროლო სიტუაციის შექმნა. მართალია, ღარიბაშვილი მუდმივად ევროპული განათლებით და სორბონის დიპლომით იწონებდა თავს, მაგრამ, რეალურად, თანამდებობიდან გადაყენების მომენტში ის რუსული პოლიტიკური ელიტისთვის საჭირო და მისაღები ფიგურა უფრო იყო. ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების პირველი მცდელობა, ჯერჯერობით, წარუმატებელი აღმოჩნდა. პოლიტიკური პარტიის შექმნა მან გაურკვეველი ვადით გადადო, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ასაკში პენსიაზე გასვლას აპირებს. ე. წ. კახელების კლანი ხელსაყრელ მომენტს ელოდება პოლიტიკაში დასაბრუნებლად.

საყრდენები მათ როგორც ხელისუფლებაში, ისე ფინანსურ წრეებში ისევ ჰყავთ. ერთ-ერთი მთავარი კოზირი და ღარიბაშვილის სიმამრისთვის ნდობით აღჭურვილი პირი, ცხადია, სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონიაა, რომელიც, თავის დროზე, გავრცელებული ინფორმაციით, თამაზაშვილის ნარკოტრასის კურატორი და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იყო. ის, რომ ლევან შონიას მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ ფსბ-სთან, ამის თაობაზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა. ამჯერად ამ თემას და თამაზაშვილ-შონიას კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებს უფრო დეტალურად დავუბრუნდებით.

ის, რომ საქართველოდან გრიფით საიდუმლო მასალები კარგა ხნის გატანილია, ჩვენი წყარო ამის თაობაზე, ჯერ კიდევ, ერთი თვის წინათ გვიყვებოდა და ვწერდით კიდეც. ტომებად აკინძული „სამუშაო საქმეები“ ოკუპირებულ აფხაზეთში სწორედ სამეგრელოს რეგიონის გავლით მოხვდა. სოხუმში ფსბ-ს მაღალჩინოსნები _ ვიქტორ ბაბიცკი და ვიაჩესლავ აგევი, გენერალ უსტინოვთან ერთად, ეცნობოდნენ და აარქივებდნენ გრიფით საიდუმლო მასალებს სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ბაზაში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ისინი კონკრეტულად ინტერესდებოდნენ იმ პირთა პირადი საქმეებით, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში, სუს-ში, საგარეო დაზვერვასა და კონტრდაზვერვაში, ასევე დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდნენ. იმ დროს, როცა ამ მასალების თბილისიდან ზუგდიდში ჩამოტანა და მათი ოკუპაციის ხაზიდან აფხაზეთში გატანა ხდებოდა, სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორი ძალოვან უწყებას ხელმძღვანელობდა და ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირი გახლდათ.

სწორედ ამ პერიოდში გენერალმა უსტინოვმა სოხუმში ქართველი „კანონიერი ქურდები“ საგანგებოდ დაიბარა. გელა და გიზო ქარდავები, მურმან ლემონჯავა, გიორგი ზარანდია, ჩირო ზარანდია, კახა ფარფალია, გია მეფორია, ირაკლი ბულისკირია, თემურ გვასალია, _ ეს ის „კანონიერი ქურდები“ არიან, რომლებიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თამაზაშვილ-შონიას ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაციის დალაგებასა და კონტრაბანდის გადატანაში ეხმარებიან.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სწორედ მათ იკისრეს გარკვეული კონტროლი სოხუმში გრიფით საიდუმლო მასალების მშვიდობიან ჩატანაზე, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირება მოქმედებს და, საბოლოო ჯამში, ყველა მათგანი „კანონიერ ქურდებს“ უწევს ანგარიშს. საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებიდან გატანილი დოკუმენტები კი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა ქართველი სამხედროების შეიარაღებაზე, საგანგებოდ შექმნილი საიდუმლო დანაყოფების ბაზებსა და შეიარაღებაზე. რუსულმა ფსბ-მ დეტალური ინფორმაცია მიიღო ოკუპირებულ საზღვართან გალაგებულ საიდუმლო ბაზებზეც. იმედი მაქვს, როდესმე დადგება დრო და ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთს შეკედლებული „კანონიერი ქურდებიც“ დაიკითხებიან და საქართველოში მათი კეისრები, რადგან სამშობლოს მოღალატის სტატუსი ერთნაირად მძიმე უნდა იყოს მაღალჩინოსნებისა და კრიმინალური ავტორიტეტებისთვისაც. სხვათა შორის, ერთი მათგანი, თემურ გვასალია, საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოიყვანეს, რა დროსაც დააკავეს კიდეც, მაგრამ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, იგი დარბაზიდანვე გაათავისუფლა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდის“ განთავისუფლებაში ლომის წილი „ქართული ოცნების“ ახალმა სახემ, მამუკა მდინარაძემ შეასრულა. მან დაალაგა თემა ოთარ ფარცხალაძესთან, სამაგიეროდ, ქურდული „ობშიაკიდან“ სოლიდური გასამრჯელო, 100 000 დოლარი მიიღო.

ძნელია უბრალო დამთხვევად მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ყველა ეს „კანონიერი ქურდი“ აკონტროლებს თამაზაშვილ-შონია-შენგელიას საწილხვედრ ბიზნესს და კონტრაბანდულ ტვირთებს აფხაზეთში. ოკუპირებულ სოფლებში სწორედ „კანონიერი ქურდების“ მიერ მაყურებლებად დანიშნული ადამიანები გაჭირვებულ ქართულ მოსახლეობას ოჯახ-ოჯახ ჩამოუვლიან და გაცილებით ნაკლებ ფასად აიძულებენ თხილის ჩაბარებას. ტონობით დაგროვილი თხილი ოკუპაციის ხაზზე შენგელიას დაჯგუფებას გადმოაქვს და უფრო მაღალ ფასად აბარებენ ზუგდიდის თხილის ქარხანას. დაუზუსტებელი მონაცემებით, ამ ჯგუფს სეზონზე 40-50 ტონა თხილი გადმოაქვს და მოგებაც გვარიანად სოლიდური რჩება. გალის რაიონში 1 კგ თხილის ფასი 3 ლარია, ზუგდიდში _ 5-6 ლარი, ფასთა სხვაობას კი, ერთი მხრივ, თამაზაშვილ-შონია, მეორე მხრივ კი, „კანონიერი ქურდები“ იყოფენ. ამ ჯგუფის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო თამაზაშვილის კახური ღვინოა, რომელიც თითქმის ყოველ მეორე ღამეს ტრაილერებით კონტრაბანდულად გადააქვთ ოკუპირებულ აფხაზეთში.

„კანონიერ ქურდებს“, რომლებსაც სახელმწიფო საქმეებში „ჩინოსნების“ დონის გამოყენება აქვთ, გარდა კონტრაბანდის წილისა,  ძვირადღირებული მარკის ავტომობილებიც უფეშქაშეს. აღნიშნული ავტომანქანები საქართველოს ავტოცენტრებშია შეძენილი და შემდგომ ოკუპირებული საზღვრიდანაა გადაყვანილი აფხაზეთში, ცხადია, კონტრაბანდულად, რადგან აფხაზეთში, რუსული კანონმდებლობით, ავტომანქანების განბაჟება საკმაოდ ძვირი ჯდება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდები“ ფსბ-ს მიერ გაცემული ნომრებით და საშვებით გადაადგილდებიან.

სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორი საკუთარ დეკლარაციაში ოსტატურად მალავს ქონებას. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, შონიას ქონების ნაწილი მისი ქვისლის, თენგიზ ფანცულაიას სახელზეა გაფორმებული. ლევან შონიამ 2014-2015 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა მისი მეუღლის, ინგა გილაურის ქონება, კერძოდ, თბილისში, დიღომში მიწის რამდენიმე ნაკვეთი. სამაგიეროდ, მისი ქვისლის, ლევან ფანცულაიას დეკლარაციაში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, დიღომში, 900 კვ.მ. 400 კვ.მ. და დამატებით 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთების 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან მისი მეუღლე მარინა გილაური-ფანცულაია და მისი და, ანუ ლევან შონიას მეუღლე ინგა გილაური. ასევე ოჯახის წევრებზეა გაფორმებული საცხოვრებელი ბინა თბილისში. ლევან შონიას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის, ინგა გილაურის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ქ. მოსკოვის მახლობლად სტუპინოში.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ლევან შონიამ თამაზ თამაზაშვილის მიერ ნაჩუქარი დუშეთის რაიონის სოფ. ანანურში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი ძმის, მამუკა შონიას სახელზე გააფორმა. ამავე წყაროს ინფორმაციით, სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორი ფსბ-ს რუს გენერლებთან ერთად ფლობს თხილის ქარხნის წილს, სამშენებლო-საბითუმო მასალების მაღაზიებს სოხუმსა და გაგრაში, სუპერმარკეტს სოხუმში და ზემო აფხაზეთში, კოდორში _ ხე-ტყის დამამზადებელ სახერხს.

ფსბ-ს გენერლებისა და „კანონიერი ქურდების“ პარალელურად, ლევან შონიას მარჯვენა ხელი და ბიზნესწილების განმკარგავი მოქმედი პოლიციელი გია ყალიჩავაა, რომელიც ამჟამად შს სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარაზენის განყოფილების უფროსია. ზუგდიდში ყველა ტენდერში სარემონტო სამუშაოებს მისი კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა (სატვირთო მანქანები, ტრაქტორები) ასრულებს. გია ყალიჩავა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დათხოვილი იყო და სწორედ შონიას სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს აღადგინეს სისტემაში, მას შემდეგ, რაც გრიგოლ ბესელია ქ. თბილისში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს ლევან შონიას დახმარებით და მითითებით. სამხარეო სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა გია ზესაშვილმა, რომელიც შონიას მოადგილე იყო, ყალიჩავა სამსახურში დააბრუნა. სამეგრელოს გუბერნატორის დავალებით გია ყალიჩავა ზუგდიდის რაიონში ზედამხედველობს გაზიფიცირებისა და წყლის მილების გაყვანის სამუშაოებს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ყალიჩავამ და შონიამ 2014 წელს დაიკანონეს მიწის ორი ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიაში (1200 კვ.მ. და 3300 კვ.მ.), რომელიც სწორედ გია ყალიჩავას სახელზეა გაფორმებული; 2013 წელს კი 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში შეიძინეს, რომელიც ასევე მოქმედი პოლიციელის, გია ყალიჩავას სახელზეა გაფორმებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მატარებლის ლიანდაგმა უნდა გაიაროს ანაკლიის პორტის მშენებლობისას. შონიამ და ყალიჩავამ 6000 კვ.მ. მიწა კაპიკებად შეიძინეს და ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს ინვესტორთან სერიოზულ ვაჭრობასაც გამართავენ.

ფოტოებზე, რომელიც ჩვენმა წყარომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მოგვაწოდა, სწორედ ის პირები არიან, რომლებმაც გრიფით საიდუმლო მასალები აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიღეს და მოსკოვში გააგზავნეს. მათ შორისაა ფსბ-ს ოფიცერი ვიაჩესლავ აგევი, რომელიც აფხაზეთის დაზვერვის კურატორია. ცნობისთვის: ამ ფოტოზე მას ხელში უჭირავს სენაკის ბაზიდან აგვისტოს ომის დროს გატანილი M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

თავმოყვარე პრემიერ-მინისტრი და თუნდაც დეკლარირებული დასავლური კურსის ხელისუფლება „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ მასალებში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებას დაუყოვნებლივ დაიწყებდა და თანამდებობას აუცილებლად ჩამოაშორებდა სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას, რომელიც რუსეთის ფსბ-ს გავლენის აგენტია, მაგრამ, სამწუხაროდ, კვირიკაშვილს საკუთარი პოლიტიკური მომავალი უფრო აღელვებს, ვიდრე ქვეყნის ბედი და მორღვეული საზღვარი ოკუპირებულ აფხაზეთთან. ჰოდა, ამ ფონზე პუტინს კითხვაც კი არ სჭირდება: „Когда у вас выборы?“

 

                                                                                                                   ელისო კილაძე