სუსტი ქართული სპეცსამსახური – რა მომავალი აქვს ქვეყანას?

nt

დაახლოებით ორი საუკუნის წინათ თომას ჯეფერსონის მიერ შექმნილი დოკუმენტი _ „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“, რომელიც 1776 წლის 4 ივლისს კონტინენტურმა კონგრესმა ფილადელფიაში წარმოადგინა, ამ ქვეყნის არსებობის ათვლის წერტილად იქცა. ამ დღეს აშშ-ის დაბადების დღეც შეიძლება ეწოდოს, ვინაიდან, „დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ მიხედვით, კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება. 33 წლის ვირჯინიელი იურისტის, თომას ჯეფერსონის ავტორობით შედგენილი დოკუმენტის ტექსტში, რომელმაც დროს გაუსწრო, ვკითხულობთ: „ადამიანები შექმნილნი არიან, როგორც თანასწორი არსებანი და მათ ღმერთმა მიანიჭა ისეთი შეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერება. ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ხალხის ნებით იღებენ“. მას შემდეგ 235 წელი გავიდა, აღნიშნულ თარიღს კი არა მხოლოდ აშშ-ში ზეიმობენ: 4 ივლისი აღინიშნა საქართველოშიც, თუმცა სამთავრობო ელიტის დონეზე, ვიწრო წრეებისთვის დამახასიათებელი პოლიტკონიუნქტურის ფარგლებში.

რა ვიცით ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შესახებ? რა როლს ასრულებს აშშ დღევანდელ მსოფლიოში? რა უსაფრთხოების სისტემები აქვს შემუშავებული პლანეტის უძლიერეს სახელმწიფოს? და რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ დასავლეთმა თანასწორ პარტნიორად აღგქვიქვას? რამდენად ქმედითუნარიანია ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურები ტერორიზმთან ბრძოლაში და როგორ მუშაობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ისტორიის დოქტორი, ამერიკისმცოდნე _ თორნიკე შურღულაია:

_ ინტერვიუს დაწყებამდე თქვენს სივს გადავხედე და სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდი, როგორ წარმედგინეთ… თავად გაეცანით ჩვენს მკითხველებს.

_ დავიბადე ქალაქ ფოთში 1982 წლის 12 სექტემბერს, 2004 წელს დავამთავრე თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობა, შემდეგ გავხდი თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი. 2011 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დავიცავი ისტორიის დოქტორის ხარისხი თემაზე: „ამერიკის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში“, რომელიც წიგნად გამოიცა 2013 წელს თბილისში, ხოლო შარშან ინგლისურ ენაზე გერმანიასა და ამერიკაში გამოსცა „Scholars’ Press “-მა _ გერმანულმა სამეცნიერო გამოცემების ჰოლდინგმა. ამერიკა ჩემთვის მუდამ საინტერესო და განსაკუთრებული ქვეყანა იყო, მისი დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობის სისტემა კი _ საოცრება! სწორედ ასეთმა განსაკუთრებულობამ მიბიძგა შემესწავლა ეს ქვეყანა _ მისი პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტები, ის განსაკუთრებულობა, რომელმაც შეაძლებინა მას, რამდენიმე საუკუნეში გამხდარიყო სუპერსახელმწიფო. პარალელურად ვიკვლევდი უსაფრთხოებისა და დაზვერვის ასპექტებს, _ ძლიერი სპეცსამსახურები ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. აღნიშნულ საკითხებზე ორი მონოგრაფიაც გამოვეცი. ახლა იდეის დონეზე მსურს ე. წ. დაზვერვის ენციკლოპედია დავამუშავო და წიგნად გამოვცე, რომ როგორც მკვლევარმა, მომავალ თაობებს ჩემეული ხედვა და ანალიზი დავუტოვო უსაფრთხოების მნიშვნელობისა და არსის შესახებ. მინდა, საზოგადოებას გავუზიარო ის დაგროვილი ცოდნა, რაც მრავალწლიანი კვლევების შედეგად მივიღე.

_ რამდენადაც ვატყობ, სადაზვერვო სამსახურების საქმიანობით ძალიან ხართ დაინტერესებული…

_ ამ სფეროს კვლევა ჩემი ერთ-ერთი ჰობია. დაზვერვა ინფორმაციის მოპოვების ხელოვნებაა, ისევე როგორც დიპლომატია _ მოლაპარაკების ხელოვნება და პოლიტიკა _ შესაძლებლის ხელოვნება. ეს არის ფრონტის წინა ხაზი, როდესაც ჯარი საფრთხეების მოლოდინის რეჟიმშია, დაზვერვა და სხვა სპეცსამსახურები კი განუწყვეტელი ბრძოლის რეჟიმში არიან. ეს უძველესი პროფესიაა.

_ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობით ინტერესდებით ყველაზე მეტად?

_ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის დაზვერვას გამოვყოფ; ხოლო რუსეთის სპეცსამსახურები უნდა შევისწავლოთ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, თუ რა არსენალს ფლობს მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული. აშშ-ის, ბრიტანეთისა და ისრაელის უსაფრთხოების სისტემები ეს არის უნიკალური ცოცხალი ორგანიზმები. კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება ისრაელის გამოცდილების გაზიარება, ისრაელიც ომის რეჟიმშია და საქართველოც. მიდრაშა ივრითზე დაზვერვის აკადემიას ნიშნავს. ვფიქრობ, ჩვენც გვჭირდება მსგავსი აკადემია.

_ როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის სახელმწიფო, თუ, ვთქვათ, თავის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის დაზვერვას გაშიფრავს? არსებობს დაწერილი, ან დაუწერელი კანონები?

_ თუ მასპინძელი ქვეყნის სპეცსამსახურები დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელს გამოავლენენ სადაზვერვო საქმიანობის პროცესში (ვთქვათ, მოქალაქეების გადაბირება, სტრატეგიული ინფორმაციის შეძენა და ა. შ.), რაც შემდეგში მასპინძელი სახელმწიფოს საზიანოდვე შეიძლება იქნას გამოყენებული, ასეთ შემთხვევაში ეს პიროვნება, გადამბირებელი, დაუყონებლივ უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და უნდა გააძევონ ქვეყნიდან. არის მეორე ვარიანტიც: საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დროს პირადად ელჩს ატყობინებენ მისი საელჩოს თანამშრომლის მიერ სადაზვერვო საქმიანობის არამართებულობის შესახებ და მის გაწვევას სთხოვენ. როდესაც არალეგალურ დაზვერვას ვეხებით, იქ საფარქვეშ სხვადასხვა ლეგენდით მომუშავე მზვერავებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ჩავარდნის შემთხვევაში ან ლიკვიდაციას ექვემდებარებიან, ან მათ გადაცვლიან. არსებობს პრევენციული და რეაქციული უსაფრთხოება. პრევენციული ყოველთვის მომგებიანია, რადგანაც მიზნად ისახავს საფრთხეების თავიდან აცილებას.

_ წამყვან სახელმწიფოებს, ბუნებრივია, დიდი რესურსები აქვთ, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა ფაქტია, ტერაქტების პრევენციას ბევრი მათგანი ვერ ახდენს, გასულ კვირას, მორიგ ჯერზე, საზარელი ტრაგედია დატრიალდა საფრანგეთში. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

_ საზღვრებზე მაქსიმალური კონტროლია დასაწესებელი, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალება ვერ შეიტანონ. მაქსიმალურად უნდა აამოქმედონ შავ ბაზარზე ჩანერგილი უსაფრთხოების ოფიცრები და აგენტები, რათა შავი ბაზრიდან არ მიიღონ საჭირო ასაფეთქებელი მასალა, თუ შეიარაღება. უნდა გადამოწმდეს ყველა რადიკალური შეხედულების მქონე და ადრე მსგავს ფაქტში შემჩნეული ადამიანების კონტაქტები და საზღვარგარეთ მგზავრობის მარშრუტები. ვფიქრობ, ისრაელის პირდაპირი ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება საფრანგეთის უსაფრთხოებას წაადგება, რადგან, როგორც ჩანს, საფრანგეთის ხელისუფლება ვეღარ უმკლავდება თავდასხმებს და ვერ ატარებს კონტრ და ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. მაქსიმალურად ასამოქმედებელია როგორც საფრანგეთის მასშტაბით შინდა კონტრსადაზვერვო და სხვა სპეცსამსახურების აგენტურული საინფორმაციო წყაროები, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოქმედი ლეგალური და არალეგალური სადაზვერვო წყაროები, რადგან დაზვერვა ბრძოლის წინა ხაზია, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება თავდასხმების პრევენცია. საერთოდ, ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც სპეცსამსახურები გამოავლენენ ტერორისტულ დაჯგუფებას, მის კვალს მიჰყვებიან, მაგრამ არ აუვნებელყოფენ იმის იმედით, რომ ეს ჯგუფი კონტაქტზე გავა ლიდერთან, ანუ დიდ თევზთან, რომელსაც გაანეიტრალებენ, რაც, სპეცსამსახურის აზრით, ტერორისტული ჯგუფებისთვის დემოტივატორი გახდება. სამწუხაროდ, სანამ დაჯგუფება ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურს ლიდერამდე მიიყვანს, ხდება ტერაქტები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება, რაც ამა თუ იმ სპეცსამსახურის მარცხად ინათლება. სადაზვერვო სამსახურების მუშაობისას მეტად მნიშვნელოვანია მოპოვებული ინფორმაციის დროულად გაანალიზება და მისი დამკვეთამდე მიტანა, რათა მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან აიცილონ. სპეცსამსახურების მხოლოდ ჩავარდნები ჩანს, წარმატებული ოპერაციები ხშირად გასაიდუმლოებული რჩება. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ტერორიზმის წარმოების მეთოდები ბოლო წლებში ძალიან დაიხვეწა _ ტერორიზმი დაემსგავსა სახელმწიფოს სახელმწიფოში. ხშირია შემთხვევები, როდესაც მესამე და მეოთხე თაობის გაევროპელებული მუსლიმები აწყობენ ტერორისტულ აქტებს, რაც რთულად გამოსავლენია. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ასე უკონტროლოდ იარაღის ტარება რთულ სიტუაციაზე მეტყველებს და ტერორისტებს ხელ-ფეხს უხსნის.

_ რატომ ვერ ხერხდება ტერორიზმის კერების განეიტრალება სრულად? და აქვე: არის თუ არა მსოფლიო დიპლომატიის შეცდომა სირიაში არსებული კრიზისი?

_ ეს კრიზისი, ISIS-ის საკითხი, ჯერ კიდევ, ერაყის ომიდან აგორებული ზვავია. სირიას დიდი გამოწვევა დაატყდა თავს, რომელსაც ვერ გაუმკლავდა მისი ლიდერი და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი! შეიძლება ვთქვათ, რომ „ცივი ომი“ არ დამთავრებულა, მან ფორმები შეიცვალა.

_ ვარშავის სამიტსაც შევეხოთ: იქ უსაფრთხოების ახალ კონცეფციებზე ნატოს 28 ქვეყნისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ. როგორ შეაფასებთ პოლონეთის დედაქალაქში გამართულ სამიტს?

_ ერთია კონცეფციების შემუშავება და მეორე _ პრაქტიკაში გამოყენება. ჩვენ ვნახეთ, რომ სხვადასხვა ქარტია და ეს შოკური თერაპიები არ არის ეფექტიანი. რუსეთმა იცის, რომ ცხელი წერტილებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება შეუძლებელია, ამიტომაც ის ამ ფაქტორით მაქსიმალურად გვიშლის ხელს. მხოლოდ მსჯელობით რუსეთის აგრესიულ მილიტარისტულ პოლიტიკას ვერავინ შეაჩერებს, საჭიროა აგრესიული დიპლომატია, ჩვენ კი სხვებს შევყურებთ ხელებში და შველას სხვისგან ვითხოვთ. 70-წლიანმა საბჭოთა მმართველობამ ქვეყანას სახელმწიფოებრივი ფუნქცია დაუკარგა. იმოქმედე და გადარჩები! _ სპეცსამსახურების უმთავრესი დევიზია.

_ როგორ შეაფასებდით ჩვენი დელეგაციის ვიზიტს ვარშავაში? რა მესიჯები მივიღეთ და რა გზავნილები გადავეცით მსოფლიო საზოგადოებას?

_ ჩვენი სიგნალები და ქვეყნის კურსი უცვლელია, _ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და პროგრესული ოჯახის წევრობა, თუმცა ქვეყანში არსებობენ დეპუტატები და სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, რომლებიც ევროატლანტიკურ კურსს მიუღებელს უწოდებენ და დამაზიანებლად მიაჩნიათ ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ მათი აზრის ასე თავისუფლად გამოხატვის უფლება და შესაძლებლობა სწორედ იმ ევროატლანტიკური ოჯახის ფასეულობების ნაწილია, რომელსაც ისინი აკრიტიკებენ, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ეს კურსი შეუქცევადია. თუმცა დასავლეთის მხრიდანაც ცოტა მეტი რეალპოლიტიკის მოშველიება არ იქნებოდა ურიგო, რადგან რუსეთი ისევ „ცივი ომის“ რეჟიმში მოქმედებს და ყველა ხერხით ცდილობს ამ კურსიდან საქართველოს აცდენას. რატომ ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობების გამყარება და რატომ არა რუსეთთან? _ იკითხავს მავანი, _ იმიტომ, რომ რუსეთს გამოსდის ჩრდილოეთ კორეა, ხოლო ამერიკისა და ევროპის ხელშეწყობით იქმნება სამხრეთ კორეა და სინგაპური.

_ როგორ მუშაობენ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური უწყებები ამჟამად?

_ პრემიერ კვირიკაშვილთან ერთი რჩევა მექნება, საკადრო პოლიტიკას მეტი ყურადღება მიაქციოს…

_ რადგანაც პრემიერი კვირიკაშვილი ახსენეთ, მოქმედი ხელისუფლების ჩავარდნებზეც ვისაუბროთ: რას ვერ ვაკეთებთ სათანადოდ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?

_ გასულ კვირას მეოცნებეებმა თავიანთი ახალი სახეები წარგვიდგინეს, თუმცა ამ რამდენიმე ახალგაზრდის გამოჩენა პოლიტიკური პარტიის რეანიმაციის მცდელობას უფრო ჰგავს, _ შოკურ თერაპიას, რომელიც დიდ შედეგს ვერ მოიტანს. ახალი სისხლის მასობრივად შემოდინებაა საჭირო.

მთავარი: ქვეყნის განვითარებისთვის პრობლემაა ნეპოტიზმი და ეს იმით მართლდება, რომ საქართველოა და ამას ვერ მოვშლით. ამ დროს კი ქვეყნის პროგრესი ფერხდება და ერთ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ცნობილია, რომ ნეპოტიზმი კორუფციის ერთ-ერთი სახეობაა. კორუფცია სახელმწიფოებრივი სენია, მაგრამ აღნიშნული სენი, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. კორუფციის ყველაზე მანკიერი ასპექტი ელიტური კორუფცია და ნეპოტიზმია. ორივეს დამანგრეველი შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის, რომელიც აზიანებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. დასავლეთის ქვეყნებშიც კი ფუნქციონირებს ანტიკორუფციული სააგენტოები. სპეციალური ანტიკორიფციული სტრუქტურები უშიშროებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენელი ნაწილია და ისინი აკონტროლებენ მაღალ სახელმწიფო ეშელონებს. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური ელიტა უფრო ძლევამოსილია და მეტი სადავე უპყრია ხელთ, ვიდრე ანტიკორუფციულ და უსაფრთხოების სამსახურებს. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მუშაობდეს უდავო პრინციპი, რომ უსაფრთხოების შტოები ეროვნული და პატრიოტი კადრებით დაკომპლექტდეს, რომლებმაც სახელმწიფო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. საჭიროების შემთხვევაში, გავლენის აგენტების გამოვლინების მიზნით, პოლიტიკოსების კონტროლიც უნდა წარმოებდეს, რათა არ მოხდეს გავლენის აგენტების მიერ საბოტაჟური ქმედებები, რადგან მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები ყოველთვის არიან ინტერესის ობიექტები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისა თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. სწორედ გადმობირებისა და კორუფციული გარიგებების შედეგად შესაძლებელია ანტისახელმწიფოებრივი და დამანგრეველი ქმედებების გამოწვევა. ნეპოტიზმი არის მანკიერება, რის შედეგადაც არაპროფესიონალი კადრებით სახელმწიფო სტრუქტურების დაკომპლექტება იწვევს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას და ფუნქციის დაკარგვას. ამიტომ კადრები წყვეტს ყველაფერს.

_ ეს ფრაზა იოსებ სტალინმა წარმოთქვა, რომელიც მაღალ თანამდებობებზე კადრებს პირადი ერთგულების ნიშნით არჩევდა, _ რას იტყვით საბჭოთა მემკვიდრეობაზე? რამდენად არის „კაგებეს“ იდეოლოგია დღეს ჩვენში შემორჩენილი?

_ 70-წლიანმა უფუნქციოდ ყოფნამ დაგვაკარგვინა შნო იმისა, რომ დამოუკიდებლად წარვმართოთ ჩვენი სახელმწიფო. საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება, ეროვნული ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოება უნდა იყოს მატრიცა, ამოსავალი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც მოვა ხელისუფლებაში. შესაძლებელია, მეთოდები განსხვავებული იყოს, მაგრამ იდეა ერთი უნდა გვქონდეს. ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ, 25 წელი დამოუკიდებლად არსებობისა კრედიტების აღებასა და მათ არამიზნობრივად ფლანგვაში გავატარეთ. თაობათა ცვლა, ვფიქრობ, ნახტომი იქნება XXI საუკუნეში და გამოსავალი არსებული ჩაკეტილი წრიდან, ახალი კონცეფციები, ხედვები და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. ხელისუფლებაში მოსვლა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება.

_ 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ვერ შეინარჩუნა, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის გუნდის მმართველობის წლებს?

_ წინა ხელისუფლების დროს იყო განვითარების სწრაფი ტემპი, თუმცა შესაძლებელი გახლდათ უფრო პრაგმატული და პროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაც. შეცდომები დაუშვეს ძალოვანმა უწყებებმაც, მაგრამ დღეს მეორე უკიდურესობას ვხედავთ: უმანკო არსებების მანტია მოისხეს იმ ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა სახით პირდაპირ კავშირში იყვნენ წინა ხელისუფლებასთან, ისინი დღეს ახალ ხელისუფლებაში ახალი ფორმატით წარმოჩნდნენ, თუმცა მათი შეცდომები ყველას გვახსოვს.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ პარტიას უჭერთ მხარს?

_ არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, დღემდე უპარტიო ვარ. ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაში. თუ საქმე მათი ახალგაზრდული გუნდის წევრებს ეხება და საჯარო ლექციისა თუ სემინარის ჩასატარებლად მიწვევენ, იქ უკვე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს პარტიულობას. მე, როგორც მეცნიერი, სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს ცოდნასა და დაგროვილ დასავლურ გამოცდილებას სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანს. ზოგადად კი ჭეშმარიტი დასავლური კურსის მომხრე პოლიტიკური პარტიების მიმართ მაქვს სიმპათია, თუმცა ჯერ უნდა შევაფასო. ნათქვამია, არასოდეს იტყუებიან იმაზე მეტს, ვიდრე არჩევნების წინ.

_ ახლახან თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ეწვია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აზრით, კერიმ ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს იმედები გაუცრუა, ვინაიდან მის გამოსვლაში მთავრობის მიმართ მკაცრი მითითებები არ ყოფილაო…

_ ბატონი ქერი დიპლომატია, მან ჩვენი ქვეყნისადმი ურყევი მხარდაჭერის ნიშნად მოაწყო ეს ვიზიტი, რომელიც ერთგვარ დიპლომატიურ ჟესტად უნდა აღვიქვად. ისე კი, უმჯობესი იქნება, წარსული წარსულში დავტოვოთ და აწმყოში შევქმნათ ისეთი ფუნდამენტი, რაც მომავლის შენებაში დაგვეხმარება. ახლანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე ოპოზიციონერის პრიზმიდან იყურება. სხვისი შეცდომებით აპელირებას აჯობებს, თავად შექმნან საღი პროდუქტი და გარღვევა მოახდინონ სხვადასხვა სფეროში, ერთ წრეზე სიარულის ნაცვლად.

_ ახლა კი რუსულ გავლენებზეც ვისაუბროთ: როგორ პროპაგანდას აწარმოებს ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი ქვეყნის მიმართ? ფლობთ რამე ტიპის ინფორმაციას რუსულ დაზვერვაზე?

_ რუსული დაზვერვა, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ე. წ. გრუ-ს გენერალი მარუსინი ედუარდ შევარდნაძის დროს თბილისში ამიერკავკასიის სამხედრო შტაბში იჯდა და მისი დირექტივებით ინიშნებოდა ხალხი თანამდებობებზე. ეს საკითხები კარგად აქვს გაშლილი თავის წიგნში გელა სულაძეს. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს და შეეცდება სხვადასხვა სეგმენტზე ზეგავლენას. დარწმუნებული ვარ, მას გააქტიურებული ეყოლება წარსულში დაკონსერვებული აგენტურული ქსელები: ესენი იქნებიან ინფორმატორები, თხუნელები, თუ გავლენის აგენტები, მაგრამ ის დასავლური პოლიტიკური კურსი შეუქცევადია და მათი უსუსური მცდელობა ასეთი მეთოდებით ვერ შეცვლის ქვეყნის ევროატლანტიკურ ვექტორს. საქართველოზე გავლენის მოპოვების ერთადერთი გზაა მისთვის ჩვეული მილიტარისტული აგრესია და ძალით დაპყრობა, რომელიც ისევ დამპყრობელს უბრუნდება ბუმერანგივით. სსრკ-ს დროს მარტო „კგბ“-ს თანამშრომლების რიცხვი აღემატებოდა ამერიკის ყველა სპეცსამსახურის ერთად აღებული თანამშრომლის რაოდენობას. რუსეთი ისევ ძველი მეთოდებით ხელმძღვანელობს, მოძველებული, მაგრამ ხისტი მეთოდებით, თუმცა ნატო და ამერიკა დღემდე დომინანტი ძალაა.

_ გეთანხმებით, ამერიკა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად, ნამდვილად დომინირებს პლანეტაზე. შესაბამისად, გკითხავთ, _ ნატოს კართან კიდევ რამდენი წელი უნდა ვიდგეთ? რა მითითებებს ვერ ვასრულებთ შესაბამისად?

_ ამ კითხვაზე, პირველ რიგში, ასე გიპასუხებთ: ჩვენ რამეს თუ გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ საკუთარი ქვეყნისთვის და არა ნატოსთვის და ევროკავშირისთვის, თავად უნდა გავხდეთ საინტერესოები და ნოვატორები დასავლეთისთვის. ეს მოახერხა ისრაელმა, განვითარებული სახელმწიფოების ყურადღება მიიქცია და სასურველი პარტნიორიც გახდა. ისრაელი საყრდენია აღმოსავლეთში, ჩვენ კი ჯერაც ვერ ჩამოვყალიბდით, თუ რა გვსურს, _ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ამისთვის ბევრ რამეზე თვალებს ვხუჭავთ, თუ ცალსახა პოზიცია გვაქვს? ამ დროს ბატონი კარასინი აცხადებს, რომ აფხაზეთი ქართველებისთვის არის დე ფაქტო, თორემ ჩვენთვის სუვერენული სახელმწიფოაო. ის ფორმატი, რომლითაც თავმომწონედ ვამყარებდით იმედებს, საპნის ბუშტივით გასკდა. ამერიკაში წარგზავნილი ელჩი, არჩილ გეგეშიძე, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც დიპლომატისთვის მიუღებელია, მით უმეტეს, იმ პოზიციისთვის, სადაც ისაა წარგზავნილი… მოკლედ, რუსეთი ბობოქრობს წინასაარჩევნო ბაკქანალიის წინ. მარტო სიტყვები არ არის საკმარისი, მიღებულ დოკუმენტებს თაროზე შემოდება არ უხდება. ეს არა ნატოსთვის და ევროკავშირისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის უნდა გავაკეთოთ, თუ არ გვინდა, ისევ რუსეთის გუბერნიად იქცეს ქვეყანა. მე-5 კოლონისა და კოლაბორაციონისტების მცდელობები მიზნად ისახავს ნიჰილიზმის გაღვივებას.

_ ალბათ, გსმენიათ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს სამეგრელოში აფეთქებები ჰქონდათ დაგეგმილი…

_ მეც მოკლედ ვიცი, რომ დასავლეთ საქართველოში აფეთქებები ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ რუსებმა გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს. ეს საკითხი სუს-მა უნდა შეისწავლოს, მათი პრეროგატივაა.

_ როგორ მუშაობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

_ როგორც წესი, სპეცსამსახური გასუსული უნდა იყოს და ისე უნდა აკეთებდეს თავის საქმეს, მაგრამ ისიც არ მომწონს, ზოგიერთი პოლიტიკური ელემენტი პირდაპირ რომ მოგვიწოდებს რუსეთთან შეერთებას და რუსული პენსიების დარიგებას! ეს უკვე ძირგამომთხრელი საქმიანობაა და ამით ამ დროს არავინ ინტერესდება.

ვისურვებდი, უფრო ძლიერ და ეფექტიან უწყებას, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოვლად მიუღებელია სამართალდამცველი და სპეცსამსახურების ფუნქციებისა და კადრების ერთმანეთში აღრევა. ეს უკარგავს სპეცსამსახურს შედეგიანობას, სამართალდამცველების ფუნქციები და სპეცსამსახურების ფუნქციები განსხვავდება ერთმანეთისგან.

_ ამჟამად რა მიმართულებით მოღვაწეობთ?

_ 2014 წელს, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, დავაფუძნე თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი. თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი და ამერიკის მამა-დამფუძნებელია. მისი იდეები და ხედვები ყოველთვის ფასეული იყო. ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ვგეგმავთ, ქართულად გამოვცეთ წიგნები, რათა ხალხმა უკეთ გაიგოს ამერიკის როლის შესახებ. ვაპირებთ, სამომავლოდაც ჩავატაროთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება.

_ შეიძლება, ოდესმე აქტიურ პოლიტიკაში, წინა ხაზზე გიხილოთ?

_ ამჟამად არაც ერთი პოლიტიკური პარტიის ბილეთს არ ვატარებ. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც მოტივირებული, პროგრესული, ეროვნული, დასავლეთთან მყარი კავშირების მქონე ახალი გუნდი მოიკრებს ძალებს და პოლიტიკურ ასპარეზზე შესაძლებელი იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოღვაწეობა.

 

                                                                                                              ზაზა სვანაძე