რასიზმი და მსოფლიოს პოლიტიკური კრიზისი

dss

რასიზმი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ რასიზმს მუდმივად თან ახლავს ეკონომიკური ბრძოლის ფაქტორი და ექსპლუატაცია. რეალურად დაწინაურებული და ძალაუფლებრივად დომინანტი რასის წევრები სხვა რასის წარმომადგენლებს ჩაგრავენ და მათ მონებად აქცევენ. რესურსების უკმარისობის თეორია რასისტული და ნაცისტური პრაქტიკის მშობელია.

 

ჯორჯო აგამბენი თავის კლასიკურ წიგნში Homo Sacerკარგად აღწერს დასავლურ ლიბერალურ სისტემას, როგორც ფაშიზმისა და ნაციზმის მშობელს. რესურსების უკმარისობაზე დაფუძნებული სისტემა, ადრე თუ გვიან, ყველას მტრად აქცევს. სწორედ აქედან იწყება კორპორატიზმი, რასიზმი, ნაციზმი და სხვადასხვა ტიპის ფობია. იმპერიალიზმიც, ცხადია, უკმარობის სისტემიდან მოდის. დღეს, ერთი მხრივ, ძალიან რთული საყურებელია, როგორ ინაწილებენ უკრაინას სხვადასხვა იმპერიალისტური ბანაკის წევრები ისე, რომ თვითონ უკრაინელ ხალხს არაფერს ეკითხებიან. მოსახლეობის უმრავლესობას არც თურქეთში მომხდარი ამბების შესახებ ჰკითხა არავინ და არც სხვაგან განვითარებულ ამბებზე.

რა ხდება? XXI საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ფაშიზმზე და ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციაზე უარს ამბობს, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის თავისუფლებისთვისაც ერთი წლის წინათ მთელი ცივილიზებული სამყარო იბრძოდა, უცებ ღიად ისეთ ნაცისტურ განცხადებებს აკეთებს, რომლისაც შეიძლება ჰიტლერსაც შეშურებოდა. 8 მილიონი ადამიანის ატომური ბომბით „განადგურება“ აშკარად ჰგავს ჰიტლერის „საბოლოო გადაწყვეტილებას“ ებრაელებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ჰიტლერს ატომური იარაღი არ ჰქონდა.

სწორედ აქ არის ძალიან საინტერესო ჯორჯო აგამბენის ანალიტიკური ჩარჩოები დღევანდელი პოლიტიკური მეცნიერების რესურსში. ნეოლიბერალური სისტემა, ისევ და ისევ, გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ლიბერალური სისტემის შეცდომებსა თუ დანაშაულებს იმეორებს _ ისევ და ისევ ხდება „უკმარისობის მოდელის“ (როგორც რესურსების, ასევე ძალაუფლების უკმარისობის მოდელის) წახალისება. აქედან გამომდინარე, როგორც ჰიტლერი ან მუსოლინი არ იყო ცალკეული და უჩვეულო მოვლენა 30-იანი წლების დასაწყისისთვის, არც ტიმოშჩენკო და სააკაშვილია დღევანდელი მსოფლიოსთვის გამორჩეული ფაშისტი. დიახ, ეს განწყობები წახალისებულია უკმარისობის სისტემაზე მდგარი ლიბერალური ღირებულებებით. თუკი ჩვენ გვაქვს ძერო-შუმის (ნულოვანი ჯამი) თამაში, მაშინ სრულიად მოსალოდნელია ასეთი ლიდერების არა მარტო გამოჩენა (ისინი ბუნებაში ყოველთვის არსებობენ), არამედ მათი ელექტორალური წარმატებაც. დიახ, ოპორტუნისტი პოლიტიკოსების საქციელის მიღმა ბევრად უფრო სიღრმისეული პრობლემა დგას.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც მოკლებულია „ავთენტურ ღირებულებებს“, სადაც ერთადერთი საზომი მატერიალური სიმდიდრე და ძალაუფლებაა. ეს XXI საუკუნის დასაწყისის საყოველთაო დაავადებაა. მასთან ბრძოლა ყველა ერმა საკუთარი რესურსებით უნდა სცადოს, თუმცა არც სხვების კარგი გამოცდილება უნდა დავივიწყოთ. როგორ შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ დღევანდელი ნეოლიბერალიზმის მიერ დამკვიდრებული „საყოველთაო ფაშიზმის“ სინდრომს, სადაც უკვე მეინსტრიმ პოლიტიკოსებს არ ერიდებათ ლაპარაკი 8 მილიონი ადამიანის განადგურებაზე?! ხომ არ იქნება სწორი, რომ ადამიანის ფუნქცია სხვა კუთხით დაგვენახა და მატერიალური „წარმატების“ ადგილზე ადამიანური არსებობის სხვა საზრისი მოგვეფიქრებინა. კაცობრიობის ისტორიაში ბევრი მაგალითი ყოფილა, როდესაც ადამიანები კეთილშობილურ იდეას ემსახურებოდნენ. იგივე პავლე მოციქულისა და სხვა მოაზროვნეთა უნივერსალური ჰუმანიზმი, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, დაკარგულია ჩვენთანაც და ბევრ სხვა ადგილასაც, _ იქნებ, ჩვენ გავიაზროთ და დავაბრუნოთ ის?

ჩვენ, ქართველებსაც გვაქვს ასეთი მაგალითები. ერთ-ერთი მათგანია გრიგოლ ხანძთელი, საყოველთაო ჰუმანიზმის ქართველი მსახური ჯერ კიდევ „ბნელ შუა საუკუნეებში“. კიდევ ერთი მაგალითია ვაჟა-ფშაველა და მისი ნაწარმოებები. „სტუმარ-მასპინძლის“ სული დღეს აშკარად აკლია ჩვენს ქსენოფობიურ და ნახევრადფაშისტურ გარემოს, სადაც რუსოფობია თუ ნებისმიერი სხვა სიძულვილი ერთმანეთს წარმატებით ანაცვლებს. თანამედროვე მწერლებში და მოაზროვნეებშიც გვყავს ასეთი ავტორები. მე მინდა, ორი ქალბატონი გამოვყო, რომელიც არც ბიზნესმენია და არც პოლიტიკოსი, მაგრამ თავისი ჰუმანისტური აზროვნებით ნამდვილად ყველა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსზე მეტს აკეთებს. ეს არის ნაირა გელაშვილი და დოდონა კიზირია. ორივე ეს ქალბატონი უკვე კარგად არის დამკვიდრებული სალიტერატურო თუ სამეცნიერო წრეებში _ ისინი დიდი ხანია, უკვე საკაცობრიო ჰუმანიზმის სამსახურში დგანან. ჰაიდეგერს რომ დავესესხო, მათ „ნაღდად“ აქვთ გამოკვეთილი ჰუმანისტური მისია, რომელსაც საქართველო შეიძლება ემსახუროს. ეს არის კავკასიურ კონტექსტში ვიწრონაციონალიზმზე და ქსენოფობიაზე მაღლა დადგომა და საერთო-კავკასიურ სახლზე ფიქრი.  ევროკავშირიც ხომ ასეთი სისტემაა? ჩვენც შეგვიძლია, რომ ვიყოთ ჰუმანისტები _ უბრალოდ, ამ ჰუმანიზმს აღორძინება სჭირდება.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ავტორის დასახელება შეიძლება ქართულ რეალობაში, მათ შორის, ახალგაზრდა მწერლების გიორგი ლობჟანიძის, გაგა ნახუცრიშვილის, რატი ამაღლობელის, შალვა ბაკურაძის, ზურაბ რთველიაშვილისა და კიდევ ბევრის. აგრეთვე, ჩვენ გვყავს ისეთი სერიოზული მოაზროვნეები საზღვარგარეთ, როგორიც გია ეძგვერაძე, ან პაატა ქურდაძეა. და ამ დროს ჩვენი „ინტელექტუალური ელიტა“ ვერ სცდება „იდენტობის პოლიტიკის“ კონიუნქტურით დადგენილ ჩარჩოებს, ვერ ახერხებს, რომ გასცდეს ვიწრო კორპორაციულ ფსიქოლოგიას. ვერ სახავს არსებობის ახალ პარადიგმას, რადგან მისთვის გადაკეტილია შემოქმედებითობის საწყისი. და როდესაც ასეთი რამ ხდება, მაშინ კატასტროფის სინდრომი გარდაუვალია ამ ტიპის ინტელექტუალებისთვისაც.

დიდი ხანია, რაც მოდერნი ისტორიას ჩაბარდა. ახლა უკვე პოსტმოდერნიც წარსულია, როდესაც ადამიანის იდენტობა იყო მისი არსის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ახლა ადამიანის ღიაობა და ქმედება უნდა განსაზღვრავდეს მის ყოფიერებას _ მის Dasein-ს. ჩვენ ეს შეგვიძლია და არ უნდა შეგვეშინდეს ამ გამოწვევის.

ჩვენ უნდა გადავლახოთ რასიზმის სინდრომი, რომელიც უკვე ძალიან ძლიერია ჩვენთანაც. დიახ, რასისტული რიტორიკა დღეს მარტო პოლიტიკოსებს არ აქვთ, ის ხალხში უკვე გამჯდარია. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ორიენტალიზმი, ან სხვა ტიპის რასისტული მოძღვრებები კაცობრიობას უკან სწევს. არც ლატენტური რასიზმია უკეთესი, როდესაც ვითომდა „ლიბერალიზმის“, ან „განათლებულობის“ სახელით ხდება უდიდესი ცივილიზაციების (მაგალითად: ჩინურის, ინდურის, სპარსულს რომ თავი დავანებოთ) მეორეხარისხოვან კულტურად გამოცხადება. ეს სწორედაც რომ დღევანდელი ფაშიზმის გამოვლინებაა. სწორედ ეს იწვევს იმ საშინელ ძალადობას, რომელსაც მსოფლიოს ბევრ წერტილში ვხედავთ დღეს. ეს კულტურული ძალადობის ფორმაა _ რომელიმე კულტურის არასრულფასოვნად გამოცხადება.

 

 

                                                                                 ირაკლი კაკაბაძე