„საქართველოს რკინიგზა“ სკანდალში ეხვევა?!

32

ორსართულიანი მატარებლების ირგვლივ არსებული დისკუსია ამ ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბულობისა, შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ მატარებლები და პოსტსაბჭოური გვირაბები დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ მატარებელი წიფის გვირაბში ვერ გაივლიდა, მეორე ნაწილის მტკიცებით კი „შტადლერისგან“ რუსების ხელით ნაყიდი მატარებლები „ელეკტრიჩკებია“ და დიდი მანძილისთვის გამოუსადეგარი იქნებოდა.  იყო სხვა ბრალდებებიც… მატარებელი ჩამოიყვანეს, წიფის გვირაბიც გაიარა და – სხვადასხვა სადგურიც.

ერთი შეხედვით, „რკინიგზის სკანდალი“ ჩაცხრა, თუმცა ის, რაზედაც დღეს გიამბობთ, სულ სხვა რელსებიდანაა.

გასულ თვეში „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ ვირტუალურ სივრცეში რეალური ორთაბრძოლები გააჩაღა, რასაც სოციალური ქსელების ქართულენოვან მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დარგის სპეციალისტების გარდა თემით, ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლებიც დავინტერესდით. ,,ქრონიკა+“-ში ვრცელი სტატია  გამოქვეყნდა. რკინიგზელებთან და სატრანსპორტო ექსპერტებთან ერთად შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა „საქართველოს რკინიგზა“ და რიგითი მგზავრები ორსართულიანი მატარებლების შემოყვანით.

საგაზეთო მასალა უწყების პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ტექსტით დავასრულეთ. ამონარიდს დღესაც გთავაზობთ: „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად განცხადება გაავრცელა მატარებლების მწარმოებელმა კომპანია „შტადლერმა“, სადაც ნათლადაა გაცხადებული, რომ  „შტადლერ-KISS“-ს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან პრობლემები არ გააჩნია – ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის განცხადება, კომპანია „შტადლერის განცხადება“ და გერმანიის რკინიგზის ექსპერტთა დასკვნა, ხოლო მეორე მხარეს – პოლიტიკური პარტიის მესვეურთა და გაურკვეველ პირთა ცრუ ბრალდებები“.

ამ ტექსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ შეიძლება ისევ სკანდალში გაეხვიოს. „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელმა დავით გოჩავამ მოგვაწოდა დოკუმენტი, რომელიც უწყების მისამართით არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. გოჩავას მტკიცებით, წერილი „საქართველოს რკინიგზაში“ შეიქმნა და მას ,,შტადლერთან“ არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მეტი კონკრეტიკისთვის ,,ქრონიკა+“-ს დავით გოჩავა ესაუბრება:

– ბატონო დავით, პირველ რიგში, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ავთენტურობის შესახებ გკითხავთ: როგორ დაამტკიცებთ, რომ წერილი ნამდვილად ,,შტადლერის “ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოგწერათ?

_ „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი“ „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებლების შესახებ კვლევას აწარმოებს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მისი შესყიდვის დაანონსების დღიდან. კვლევა დასასრულს უახლოვდება და მინდა გითხრათ, რომ ბევრ საინტერესო ფაქტს მივაგენით. ერთ-ერთი ფაქტია ეს პასუხი, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენს.

2016 წლის 27 ივნისს „საქართველოს რკინიგზა“ აქვეყნებს მორიგ განცხადებას, რომელიც მათ ,,შტადლერის“ განაცხადებად წარგვიდგინეს, თუმცა ჩვენი მეგობრების დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დავადგინეთ. გავარკვიეთ, რომ „შტადლერის“ მხარეს არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მეტიც, ევროპაში მოღვაწე მეგობარს ვთხოვე,    კომპანია  ,,შტადლერთან“ კავშირი დაემყარებინა და განცხადების არსებობის შესახებ გაერკვია. მან გუშინ „შტადლერის“ პიარსამსახურის უფროს მარინა ვინდერისგან  პასუხი მიიღო. მოგაწოდეთ კიდეც ფოტო, სადაც მათი ოფიციალური პასუხია ასახული.

 _ ამ წერილის მიხედვით, „საქართველოს რკინიგზამ“ „შტადლერის“ სახელით მისთვის სასურველი ტექსტები გაავრცელა? ვინ შეიძლება ასეთ ვა-ბანკზე წასულიყო და ასეთი ქმედება ჩაედინა?

_ ამის დაზუსტება ჩემთვის რთულია, მაგრამ ასეთი განცხადებების გავრცელებაზე, როგორც წესი, პასუხისმგებელია „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია. ცხადია, ამის გაკეთებას ის გენერალური დირექტორის ნებართვის გარეშე ვერ გაბედავდა!

_ თუ თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დადასტურდა, ანუ თუ ეს ტექსტი მართლაც საქართველოში მოიგონეს და „შტადლერს“ მიაწერეს, რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსნებს?

_ მინიმუმ, მათ უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობები, დანარჩენი უკვე სამართალდამცველი ორგანოების საქმეა, რაშიც მე ნაკლებად ვერკვევი. აშკარაა, რომ ფაქტები დამახინჯდა, რაც იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არ არსებობს სარკინიგზო სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში კომპეტენტური ორგანო, ორსართულიანი მატარებლების უსაფრთხო ექსპლუატაციის რისკებს უმაღლეს დონემდე წევს!

 

„ქრონიკა+“ ამ დრომდე  „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან, დაჩი ცაგურიასთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

 

ზაზა სვანაძე

er

eee