„ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!“ – რატომ ჩაიშალა ვაშაძე-ჯაფარიძის მოლაპარაკება?!

cdsa

პოლიტიკური ბრძოლის ველზე ამა თუ იმ პარტიის, ორგანიზაციისა თუ პოლიტიკური ცენტრის გაერთიანება, შერწყმა და გამსხვილება რომ ჩვეულებრივი მოვლენაა, მგონი, ვთანხმდებით. ამასთან, ნებისმიერ გახმოვანებულ გაერთიანებას საფუძვლად უდევს ხოლმე საერთო ხედვები, იდეოლოგია, მიზანი და სტრატეგია.

არავინ იცის, ასე იყო თუ არა მაშინ, როცა გაერთიანების შესახებ „გირჩსა“ და „ახალ საქართველოს“ შორის მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ დღეს „ქრონიკა+“-ს შეუძლია ექსკლუზიურად, სანდო წყაროზე დაყრდნობით განაცხადოს, რომ გაერთიანება, დიდი ალბათობით, არ შედგება: მოლაპარაკებების პროცესი ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის ჩაშლილია.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემაც და ზურაბ ჯაფარიძემაც ეს გადაწყვეტილება თავიანთი პარტიის წევრების უარყოფითი დამოკიდებულების გამო მიიღეს. როგორც ერთი, ასევე მეორე პოლიტიკური ძალის ბირთვს ახალგაზრდა, ამბიციური, მართალია, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ, იმავდროულად, საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები შეადგენენ და, აქედან გამომდინარე, თითქმის არავის უნდოდა გაძლიერება გაერთიანების ხარჯზე. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში დივიდენდები თავიანთი ძალებით უნდა მოიპოვონ.

ამ პოზიციისგან განსხვავებული იყო ლიდერთა პოზიცია: ისინი გაერთიანებას არათუ შესაძლებელ, არამედ აუცილებელ ვარიანტად განიხილავდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მათ GFK-ის გამოკითხვამ უბიძგა, თუმცა, ოფიციალურად, მის შედეგებს არც ერთი არ უცხადებდა ნდობას.

იმაზე, რომ „გირჩი“ და „ახალი საქართველო“ მონათესავე სულები არიან, მგონი, დავა არც ღირს: ჯერ ერთი, ორივე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში იშვა და ერთად მოდიოდა; მეორეც, მათ მიერ დეკლარირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი და ხედვები არც ისე დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან და, რაც მთავარია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ზურა ჯაფარიძე და კიდევ სამნი გავიდნენ ენმ-დან.

ბევრი ამბობდა, რომ მათ გიორგი ვაშაძეც მიჰყვებოდა ან, თუ არ მიჰყვებოდა, პარტიიდან მოგვიანებით გავიდოდა. უფრო შორსმიმავალი პროგნოზის მოყვარულები თავიდანვე ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის გაერთიანებაზე საუბრობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ენმ-დან გასული მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე გახლდათ.

ბოლო პერიოდში მოლაპარაკების დაწყებას შესაძლო გაერთიანების შესახებ ორივე მხარე ადასტურებდა. ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ნაძლევის დადებაც კი შესთავაზა გიორგი ვაშაძეს, რომელმაც სცადა, მთლად კონკრეტული არ ყოფილიყო და ეთქვა, _ ჯერ გადაწყვეტილი არაფერიაო, _ ნაძლევს დაგიდებთ, რომ განცხადებას გაერთიანებაზე სულ ცოტა ხანში გააკეთებთო. არ ვიცი, წააგებდა თუ არა გრიგოლია ნაძლევს, ის რომ დადებულიყო, მაგრამ ფაქტია, დღეს უკვე აღარაა საუბარი გაერთიანებაზე და ამის საფუძველი, გავრცელებული ხმების საწინააღმდეგოდ, არა სიაზე შეუთანხმებლობა, არამედ ის გახლავთ, რომ ორივე პარტიის ლიდერი შიდა ბუნტს მოერიდა.

„ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!“ _ თავდაპირველად გიორგი ვაშაძეს გაუხდა სადარდებელი. ამ მდგომარეობის ნათლად აღსაწერად უნდა გავიხსენოთ, რა დროს გააკეთა ვაშაძემ განცხადება ენმ-დან გასვლის შესახებ: ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის უკრაინიდან რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო, ხოლო უკრაინაში, ცხადია, შეხვედრა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან.

დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გასვლა ვაშაძემ ამ პერიოდს ტყუილად არ დაამთხვია. მას კიდევ ერთ რამეში გაუმართლა: ენმ-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად სწორედ იმ დღეებში დასახელდა ნიკა მელია. ცხადია, ამ პოზიციაზე პრეტენზია ვაშაძესაც ჰქონდა, ისევე როგორც, თავის დროზე, პარტიის აღმასრულებელი მდივნობის, როცა პოლიტსაბჭომ მისი კანდიდატურა ჩააგდო და სერგო რატიანს დაუჭირა მხარი. ზედიზედ მეორე უგულებელყოფა მტკივნეული აღმოჩნდა ამბიციური ვაშაძისთვის და მანაც ენმ-ს ნავიდან ისკუპა. ამისთვის ვაშაძე წინასწარ იყო მომზადებული _ ფაქტობრივად, საკუთარი აქტივი ჰყავდა, მათ შორის, მედიასაშუალების ჩათვლით.

ამაზე მან არაერთხელ მიიღო შენიშვნა პარტიის ელიტისგან: თუ აქტიურობ პარტიის შიგნით და პარტიის სახელით, ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ იაქტიურე, ეს პარალელური სტრუქტურები რა ჯანდაბააო? თუმცა ვაშაძე ამ აქტივს არ შლიდა და, როგორც აღმოჩნდა, მორიგი პოლიტიკური ნაბიჯისთვის ინახავდა.

მოკლედ, ვაშაძის წასვლა უკრაინიდან მის დაბრუნებას დაემთხვა. ვაშაძესთან დაახლოებულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც „ახალი საქართველოს“ ბირთვს შეადგენენ, ვაშაძის ეს ნაბიჯი სააკაშვილთან შეთანხმებულ მოქმედებად აღიქვეს და გიორგი ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს _ ცხადია, სააკაშვილის პოზიციის უშუალოდ პირველწყაროსთან გადამოწმების რესურსი მათ არ გააჩნდათ. ასე შეიქმნა „ახალი საქართველო“.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ ბირთვმა პირველ შეხვედრაზე ვაშაძეს ჰკითხა კიდეც, რასაც ვაკეთებთ, სააკაშვილთან თუ არის შეთანხმებულიო? რაზედაც ლიდერს მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით უპასუხია, _ ყველაფერი კარგადაა და კიდევ უკეთესად იქნებაო და ეს მრავალმნიშვნელოვანი დუმილი აქტივს თავის შეკითხვაზე დადებით პასუხად მიუჩნევია.

სინამდვილეში კი მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი, რა უთხრა სააკაშვილმა ვაშაძეს უკრაინაში სტუმრობის დროს, როცა ენმ-ს შიდა ამბებზე პრეტენზიები მოისმინა: „ამ წინასაარჩევნოდ პარტია არ დავშალოთ, ბიჭებო, დანარჩენი მერე ვნახოთ“, _ დაახლოებით ასეთი იყო სააკაშვილის გზავნილი.

არ ვიცით, ბოლო გამოკითხვის შედეგებმა იქონია გავლენა, თუ ლიდერები სხვა რამეს მიხვდნენ, მაგრამ სწორედ კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდა აქტუალური ჯაფარიძე-ვაშაძის ძალების გაერთიანება. ჩვენი წყაროს ცნობით, გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებაში თავიდან ზურაბ ხარატიშვილი, პაატა დავითაია და ბაჩუკი ქარდავაც იყვნენ ჩართული _ ერთიანი, პროდასავლური ბლოკის შექმნის იდეით, მაგრამ მალევე, ქარდავა და დავითაია ამ პროცესს გამოეთიშნენ _ სიებზე ვერ შეთანხმდნენ.

სამაგიეროდ, ჯერაც აქტუალურია ზურაბ ხარატიშვილის რომელიმე ბანაკში გადაბარგების შესაძლებლობა და, რაოდენ კურიოზულადაც უნდა ჟღერდეს, „გირჩსაც“ და „ახალ საქართველოსაც“ გამზადებული აქვთ „გეგმა ბ“ _ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გუნდი, საიდანაც შეთავაზება მიიღეს: თუ ერთიან გუნდად ვერ ჩამოყალიბდებით და მიიჩნევთ, რომ თქვენგან ვიღაც აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში, თითო კაცი მომეცით, ჩაგისვამთო…

იქნებიან თუ არა ეს „თითო კაცი“ თავად ლიდერები _ ჯაფარიძე და ვაშაძე? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმ პროცესებზე, რომლებიც აწი უნდა განვითარდეს და, შესაბამისად, მარჩიელობას აზრი ეკარგება, ერთი რამ კი უდავოა: თუ გავითვალისწინებთ, რომ „გირჩიდან“ კუბლაშვილი-მელაძე-ხაჩიძე პარლამენტის წევრობას არ აპირებენ, „ერთი კაცი“ სწორედ ზურაბ ჯაფარიძე უნდა იყოს. იგივე ითქმის „ახალ საქართველოზე“ და გიორგი ვაშაძეზე, მაგრამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ სიაში ისე ვერ მოხვდებიან, თუკი თავიანთ ორგანიზაციებს ან არ გააუქმებენ (რაც ნაკლებად მოსალოდნელია), ან არ გააერთიანებენ პაატა ბურჭულაძესთან ერთად. როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო….

დაბოლოს: ზემოთ აღვნიშნეთ, რომ „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები ორივე პარტიიდან ახალგაზრდა, ამბიციური ახალგაზრდების პროტესტის გამო ჩაიშალა. შეიძლება ითქვას, ეს ახალი ტალღის დასაბამია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, როცა ახალგაზრდებს აქვთ თავიანთი თავის რწმენა და სჯერათ, რომ თავადაც მიაღწევენ მიზანს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებისა და ბლოკების შექმნის გარეშე. და, რაც მთავარია, ლიდერებს ამ ახალგაზრდული სულისკვეთების გათვალისწინება უწევთ: მაგალითად, გიორგი ვაშაძე, ფაქტობრივად, პარტიის დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მთლად ხმამაღალი განცხადებები არა, მაგრამ მინიშნებები „ახალი საქართველოდან“ გასვლის შესახებ უკვე გააკეთეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად და პარტიის „დამრტყმელ ძალად“ მოიაზრებოდნენ და, რაც მთავარია, მათ უმრავლესობას ეგონა, რომ გიორგი ვაშაძის ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული.

მაგალითად, ერთ-ერთმა ასეთმა ახალგაზრდამ უკრაინაში სააკაშვილთან გადაღებული ფოტო ატვირთა „ფეისბუქზე“ და მიანიშნა, რომ სწორედ ამ ლიდერის გამო იყო იქ, სადაც იყო… მოგვიანებით, სწორედ მას განუმარტეს, რომ მოლაპარაკებები „გირჩთან“ გაერთიანებაზე შეწყვეტილია, მაგრამ ის ჯერაც ყოყმანობს: თუ იმის პეცედენტი დაიშვა, რომ „გირჩთან“ გაერთიანება შესაძლებელია, ხვალ სხვასთან გაერთიანების საკითხიც დადგება… ამასობაში კი, რა თქმა უნდა, მისი ყოყმანი არც ენმ-ში დარჩენიათ უყურადღებოდ და მას პარტიაში დაბრუნება შესთავაზეს… ასე რომ, ჯერჯერობით, მხოლოდ კითხვის ფორმულირებაა შესაძლებელი: გადაურჩება თუ არა ვაშაძის პარტია დაშლას იმის მიუხედავად, რომ „გირჩთან“ გაერთიანებაზე საუბარი, პრაქტიკულად, შეწყვეტილია?

რაც შეეხება „გირჩს“, იქ საქმე უფრო სტაბილურადაა _ ენმ-დან გასულ ოთხეულს მიშასთან ნაბიჯების შეთანხმებას არავინ სთხოვს, ხოლო პარტიის ცალკეულ წევრთა პრეტენზია, _ არ გვინდა ვაშაძესთან გაერთიანებაო, მიღებულია და გადაწყვეტილია პარტიის წევრთა სასარგებლოდ…

 

                                                                                              დოროთე გითოლენდია