მადლობაო, სოსო!

soso

იმისათვის, რომ არჩევნები მოიგო, ამიტომ უნდა გყავდეს საარჩევნო შტაბის უფროსი, _ ყოჩაღი, გამოცდილი და, რაც მთავარია, პროფესიონალი. ეს ამბავი მარტო მე კი არა, სუს-ის უფროსის მოადგილემ, სოსო გოგაშვილმაც უნდა იცოდეს.

 

ამიტომ, როგორც წესი და რიგია, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალი თუ პოლკოვნიკი ამ საქმეშიც ჩაერია, შტაბების ხელმძღვანელობა გამგებლების მოადგილეებზე გადაანაწილა. თუმცა ყველა მოადგილე საგულდაგულოდ შეისწავალა.

რატომ მიანიჭა მნიშვნელობა გოგაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, ან ვინ უხელმძღვანელებს ასე თანამდებობრივად მას, ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ საარჩევნო შტაბები მან არათუ პროფესიონალებს გადასცა, არამედ „ქართული ოცნების“ მთავარ ზონდერებს.

ამბავი კი ასე ამიხსნეს:

რაც თელავის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა გოგაშვილს წყევლის, ზემო მაჩხაანამდე თუ არა, გურჯაანამდე მაინც იქნება მისულიო.

 

„ოცნების“ წევრი:

_ 2011 წლიდან „ოცნებაში“ ვარ. ასეთი რამ არ გამიგია: დაიბარეს პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრი და უთხრეს, რომ საარჩევნო შტაბს ლევან ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.

_ ე. ი. თელავის მერის მოადგილე? რატომ?

_ აბა, ვინმემ იცის, რატომ? კაცს არც ერთ არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს, არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში, არც არჩევნებზე, არც მერიაში, არც საფინანსო სამსახურში და რა ვიცი, მგონი, არც ქუჩაში.

_ ვინ დანიშნა?

_ სწორედ მეც მაგას ვეკითხები ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, _ ვინ გიბრძანა მისი დანიშვნა-მეთქი? გვპასუხობს, _ სოსო გოგაშვილმა დაგვიბარა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ფურცელზე ჩამოწერილი ჰქონდა, რომელი რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვინ უნდა ყოფილიყო.

_ რატომ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება გოგაშვილს? ამბობთ, რომ გამოუცდელი და არაკვალიფიციური კადრით დააკომპლექტა. მიზეზი?

_ მიზეზი უმარტივესია. განა, წინა არჩევნებზე უშიშროებას არ აბარებდა ყველა ანგარიშს: რა ხდებოდა? როგორ ხდებოდა? რას ვაკეთებდით? სად გვიჭირდა? სად გვილხინდა? რა თქმა უნდა, აბარებდნენ, მაგრამ ახლა ანგარიშის ჩაბარების დრო აღარ არის, ახლა თვითონ უშიშროება ატარებს არჩევნებს და ხელმძღვანელად ყველა რაიონში ზონდერს ნიშნავს, ან ზონდერების თანაგუნდელს.

_ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?

_ მე ხომ ვარ თელავში „ოცნების“ წევრი, საკრებულოს დეპუტატიც და ამდენი წელია, ჩემს პარტიას მოვდევ. მე, ან ჩემნაირები აღარ სჭირდებათ, სამაგიეროდ, ისეთები სჭირდებათ, როგორებიც ძმები ლილუაშვილები არიან.

_ რომ დამიკონკრეტოთ?

_ რაღა უნდა დავაკონკრეტო? _ ლევან ლილუაშვილი არის საარჩევნო შტაბის უფროსი „ქართულ ოცნებაში“, ასევე არის თელავის მერის მოადგილე; მისი ძმა ზურა ლილუაშვილი არის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; მესამე ძმა არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი; ძმისცოლი ბაღების გაერთიანების იურისტია. არც ერთ მათგანს, იმის გარდა, რომ საარჩევნო ყუთს ჩაუვლიდნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდნენ ხმას, არჩევნებთან სხვა შეხება არ ჰქონიათ.

_ სუს-ს, ან გოგაშვილს რატომ უნდა აწყობდეს შტაბის ასეთი უფროსები?

_ ახმეტის შტაბის უფროსიც ზუსტად ასეთია, ასეთივეა გურჯაანშიც. იცი, რა აქვთ საერთო ამ ყველა შტაბის უფროსს? _ ზონდერები არიან, ზონდერები! აბა, ძმებ ლილუაშვილებს რომ ჩააბარებ საარჩევნო კამპანიას, რომლებმაც მარტო ჩხუბი და სუფრაზე თამადობა იციან, რაც მთავარია, ყველაზე კარგად გამოსდით ხალხის დაშინება, რა სურათსაც მივიღებთ, ნახავენ!

_ ე. ი. არჩევნებს ზონდერები ატარებენ?

_ დარწმუნებით ვამბობ: ამ არჩევნებს წავაგებთ ასეთი ზონდერებს გამო! ამათ დავალება აქვთ ხალხის დაშინება, ცემა და ყველგან არეულობა. კახეთის ყველა რაიონში ასეთი სურათია, ყველგან ერთნაირად არის სიტუაცია აწყობილი. მოკლედ, წინა წლებში ყველა დეტალს კახი კალაძესთან გავდიოდით, ახლა კი ყველა დეტალი სუს-ში უნდა გავიაროთ. სამწუხაროა, მაგრამ მიშა სააკაშვილის საქართველოს დაემსგავსა ეს ქვეყანა.

_ დავუშვათ და მოიგეთ არჩევნები?

_ ზონდერების დახმარებით, ძალით, ცემა-ტყეპით მოიგებს, აბა, რას იზამს?!

_ მთავარი ხომ მოგებაა?

_ მადლობა, მაშინ, სოსო გოგაშვილს! აბა, სხვა რა გვეთქმის?!

 

P.S. სოსო, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობასაც რომ სუს-ი წყვეტს. აი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს აკეთებთ, მოკლედ!

 

                                                                          მაკა მოსიაშვილი