ცნობილი ბიზნესმენის დაანონსებული თვითმკვლელობა?!

dfr

„ქრონიკა+“ პირველი გახლდათ, რომელიც წლების წინათ „სიერა ოილ ენტერპრაიზის“ შესახებ წერდა. ხელისუფლებაში ახალმოსული „ქართული ოცნების“ იმედად ჩვენი რესპონდენტიც დარწმუნებული იყო, რომ სიმართლე ამჟამად მაინც გაიმარჯვებდა. დღეს ანდრო ჩხიკვიშვილი „ქრონიკა+“-თან სკანდალურ განცხადებას აკეთებს. 2006 წელს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა შეადგინა სქემა, რომელიც ითვალისწინებდა მსხვილი შვეიცარიული კომპანია „სიერა ოილ ენტერპრაიზის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის საქართველოში ჩამოყვანას და მის დაჭერას იმ შემთხვევაში, თუკი იგი უარს არ იტყოდა საქართველოს მხრიდან დაგროვილ რამდენიმე მილიონიან ვალზე. დაახლოებით იგივე სქემა გათამაშდა მოგვიანებით ებრაელ ბიზნესმენებზე, როდესაც ზურაბ ადეიშვილმა ისინი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში და იძულებით პატიმრობაში აიყვანა, ვინაიდან მათ ასევე რამდენიმე მილიონი დოლარის ვალის „ჩამოწერაზე“ უარი განაცხადეს.

სკანდალური საქმის დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სიერა ოილ ენტერპრაიზის“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი _ ანდრო ჩხიკვიშვილი:

_ 1995 წელს უცხოელ პარტნიორებთან ერთად მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ შვეიცარიულ-ამერიკული კომპანია „სიერა ოილ ენტერპრაიზის“ წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ ვკურირებდით გარდაბანში მაზუთის შემოტანის პროგრამას, რომელსაც საქართველოს მთავრობა 1997-98 წლებში ყიდულობდა. რამდენიმე გადარიცხვის შემდეგ, საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამ პროგრამის საქართველოს მთავრობის მხრიდან დაფინანსება გაჭირდა და „სიერა ოილ ენტერპრაიზისთვის“ ფულის გადახდა შეწყდა. წარმომადგენლობა დაიხურა და შვეიცარიულმა კომპანიამ, კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. ასე და ამრიგად, 2000 წლიდან მე და ჩემს ოჯახს „სიერა ოილ ენტერპრაიზთან“ შეხება აღარ გვქონია. „სიერამ“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო მოიგო, მაგრამ საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო დადგენილება ვალის გადახდის თაობაზე არ შეუსრულებია. შედეგად, 2006 წლისთვის საქართველოს ვალი „სიერა ოილ ენტერპრაიზისთვის“ დარიცხული პროცენტებით 7 მილიონ დოლარამდე ავიდა.

_ ანუ ვალს ჩვენი მხარე არ იხდიდა?

_ არა. ეს ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილის მთავრობა მაქსიმალურ პიარს იკეთებს საერთაშორისო არენაზე და უცხოელ ინვესტორებს სასათბურე პირობებს სთავაზობს. ასეთ პიარს მნიშვნელოვნად ხელს უშლიდა შვეიცარიული ნავთობკომპანიისთვის არსებული დავალიანება, რომელსაც პროცენტები ყოველწლიურად ემატებოდა. ამის გამო სააკაშვილის მთავრობის დივიდენდებს სისტემატურად აყადაღებდნენ, როგორც დააყადაღეს ჰოლანდიასა და საფრანგეთში „საქნავიგაციის“ ფულადი აქტივები. საერთაშორისო არენაზე არსებული  აღნიშნული პრობლემის მოგვარება ითავა ზურაბ ადეიშვილმა. 2006 წელს „სიერა ოილ ენტერპრაიზთან“ დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი უდიდეს საქმეთა გამომძიებელ კახა ჭუმბაძის ხელმძღვანელობით. შემუშავდა სქემა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ვალები კი არ უნდა გადაეხადა, არამედ პირიქით, თავი დაეღწია ამ მრავალმილიონი ვალის გადახდისგან.

დაიწყო ჩემი და ჩემი ძმის _ დევი (მიხეილ) ჩხიკვიშვილის სისტემატური დაბარება საქართველოს მთავარ პროკურატურაში. თავდაპირველად, ზოგადი გასაუბრების მიზნით, რომელიც შემდგომში ტიპურ შანტაჟში გადაიზარდა, 2006 წლის 18 ოქტომბერს ჩემი დაპატიმრებით დასრულდა. დაპატიმრებამდე, დაკითხვების პერიოდში, უდიდეს საქმეთა გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ გადმომცა (მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ) ზურაბ ადეიშვილის დანაბარები. ჩვენ უნდა  დაგვერწმუნებინა „სიერა ოილ ენტერპრაიზის“ შვეიცარიელი პარტნიორები, უარი ეთქვათ ლონდონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის დაკისრებულ ვალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე ძმას ხანგრძლივი პატიმრობა გველოდებოდა. ჭუმბურიძემ განმიმარტა, რომ მართალია, „სიერა ოილ ენტერპრაიზის“ საქმიანობასთან დაკავშირებით ვერ შეძლებდნენ, სამაგიეროდ მონახავდნენ სხვა საქმეს, რომელზედაც შესაძლებელი გახდებოდა ჩვენი გასამართლება. ჩვენ განვუმარტეთ კახა ჭუმბაძეს, რომ კომპანიიდან გამოვედით, ჯერ კიდევ, 2000 წელს და მას შემდეგ არანაირი შეხება არ გვქონია არც ფირმასთან და არც შვეიცარიელ პარტნიორებთან, რაზედაც ჭუმბაძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო მისი პრობლემა. მოინახებოდა სხვა საქმე!

_ რა სხვა საქმე?

_ ჩემი ოჯახი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა. ერთ-ერთ ასეთ სეგმენტს წარმოადგენდა 90-იან წლებში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოება „კედარი“. 1999 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მთავრობას ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების შესაძენად სამი მილიონი იუანის გრანტი (დაახლ. 700 ათასი ლარი) გამოუყო. ტენდერში გაიმარჯვა სს „კედარმა“ და 2001 წელს „კედარს“ გადაეცა 748 477 ლარის ღირებულების დანადგარები _ 100 კუბმეტრ ხის მასალაზე გათვლილი ოთხი საშრობი კამერა. ჩავიბარეთ საშრობები, მაგრამ მათი ამუშავების პროცესში გაირკვა, რომ მოგვატყუეს. 100 კუბმეტრი ნედლეულის მაგივრად აშრობდა მხოლოდ 60 კუბმეტრს. ნაკლულობის შესამოწმებლად მივმართეთ გრანტის გამცემ ორგანოს _ ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც სრული იგნორირების შემდეგ საშრობ დანადგარებს ექსპერტიზა ჩავუტარეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის ცენტრში. საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ჩინური გრანტის ფარგლებში გამოგზავნილი 100 კუბმეტრის საშრობები, სინამდვილეში, 60 კუბმეტრ ხის მასალაზე მეტს ვერ აშრობდა, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებზე იყო გათვლილი. არადა, სს „კედარს“ უკვე გადახდილი ჰქონდა 748 477 ლარის 10% და ლიზინგის ხელშეკრულებაც გაფორმებული დარჩენილი ღირებულების 7 წლის განმავლობაში დაფარვაზე. ანუ ეს დანადგარები ჩვენთვის არავის უჩუქებია. „კედარმა“ დავა დაიწყო ეკონომიკის სამინისტროსთან და მალევე ამ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. 2004 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სს „კედარმა“ მოიგო სასამართლო პროცესი და 748 477 ლარის გადახდისგან განთავისუფლდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მრავაწლიანმა სასამართლო დავამ სერიოზულად აზარალა ჩვენი ბიზნესი, რის გამოც იძულებული გავხდით, სს „კედარი“ გაგვეყიდა. ასე დასრულდა სს „კედარის“ საქმე.

_ და ეს საქმე 2006 წელს ზურაბ ადეიშვილმა „გააცოცხლა“?

_ დიახ. ვითომ საშრობი მასალები 100 კუბმეტრს აშრობდა, ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა გავაყალბეთ და სახელმწიფო 748 477 ლარით ვაზარალეთ. ადეიშვილმა სხვა მეპატრონის ხელში გადასულ დანადგარებზე ხელახლა დაუკვეთა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში და ახალ საექსპერტო დასკვნაში ჩაწერეს, რომ ხის საშრობი 100 კუბმეტრს იტევდა. დასკვნას ხელი მოაწერა სამხარაულის ექსპერტმა ნუგზარ ბელქანიამ. მე წამიყენეს ბრალდება, რომ ეკონომიკის სამინისტრო და სასამართლო მოვატყუე გაყალბებული საექსპერტო დასკვნით და რომ დანადგარები 100 კუბმეტრ ხის მასალაზე იყო გათვლილი და არა 60 კუბმეტრზე. ჩვენ სასწრაფოდ მივმართეთ შვეიცარიის საწარმოთა ინსპექციის დამოუკიდებელ ექსპერტთა საერთაშორისო კომისიას, რომლის დასკვნა მსოფლიოს ყველა სასამართლოსთვის უცილობელია; ასევე უკრაინის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ხის დამუშავების ტექნოლოგიების კათედრის გამგეს და მერქნის საერთაშორისო აკადემიასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს. ყველგან დაფიქსირდა, რომ 60 კუბმეტრზე მეტს ეს დანადგარები ვერ აშრობდა. არც ერთი ეს საექსპერტო დასკვნა ადეიშვილის პროკურატურამ არ გაიზიარა და სასამართლოზე წარადგინა სამხარაულის ექსპერტ ნუგზარ ბელქანიას მიერ ხელმოწერილი დასკვნა. ბელქანიას დასკვნამ გადაფარა საერთაშორისო კლასის ექსპერტთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რის საფუძველზეც მე დამიჭირეს და ციხეში ჩამსვეს.

_ ამ ყველაფერს „სიერა ოილ ინტერპრაიზთან“ რა კავშირი ჰქონდა?

_ ჯერ იმას გეტყვით, რომ 2013 წელს ნუგზარ ბელქანიამ საჯაროდ აღიარა, _ იგი იძულებული იყო, ადეიშვილისთვის არასწორი საექსპერტო დასკვნა დაედო და დაეწერა ის, რასაც პროკურორები მისგან მოითხოვდნენ. იგივე განაცხადა მან დაკითხვისას, სადაც ბელქანიამ თავისი ბრალი აღიარა. მაგრამ  სწორედ 2006 წელს ექსპერტ ბელქანიას მიერ ხელმოწერილი ცრუ დასკვნის საფუძველზე უკანონოდ დამაკავეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სანამ მე ამ უკანონო ბრალდებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ვიმყოფებოდი, გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ კვლავ დაიბარა ჩემი ძმა და უთხრა, რომ ჩემი თავისუფლებაზე გამოსვლის ერთადერთ შანსი იქნებოდა, თუკი იგი შვეიცარიაში წავიდოდა და ყოფილ პარტნიორებს დაარწმუნებდა, რომ უარი ეთქვათ მრავალმილიონიან ვალზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მთელი სიცოცხლე ციხეში გატარება მომიწევდა. გამოსავლის ძიებაში ჩემმა ძმამ შეხვედრები ჩაატარა შვეიცარიაში ძველ პარტნიორებთან, სადაც ისინი შემდეგზე დაითანხმა: შვეიცარიული მხარე მზად იყო, არ აეღოთ პროცენტებით დარიცხული თანხა, რომელმაც წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი დოლარი შეადგინა და აეღოთ მხოლოდ ძირი თანხა, რაც, დაახლოებით, ადვოკატების ხარჯებთან ერთად შეადგენდა მილიონ ნახევარ დოლარს. ადეიშვილის მთავრობამ ამაზეც უარი განაცხადა და ვალის დაფარვა ამჯერად ჩემი ოჯახისგან მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობას მაინც მოუწია დავალიანების სრულად დაფარვა დარიცხული პროცენტებით. ადეიშვილის სქემის „წყალობით“ ოთხჯერ მეტი თანხა გავიდა ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ დავალიანების დაფარვაში.

_ ციხიდან როდის გამოხვედით?

_ ვიყავი რა ადეიშვილის პირადი ტყვე, 5 წელიწადზე მეტი ციხეში ველოდებოდი სასამართლოს საბოლოო განაჩენს. საქმეზე უამრავი სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელზედაც პროკურორი გიორგი მიქაია მოდიოდა და სხვადასხვა აბსურდული მიზეზით დებდა პროცესებს. იგი პირადად შემოდიოდა ჩემთან ციხეში და მოითხოვდა, ხელი მომეწერა საპროცესო შეთანხმებისთვის. თავდაპირველად კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ციხეში გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებოდი, უკიდურესად დამიმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და, ფაქტობრივად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება ჩემი ფიზიკურად გადარჩენის ერთადერთ შანსს წარმოადგენდა. ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, 5-წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, იძულებული ვიყავი, ხელი მომეწერა საპროცესო შეთანხმებისთვის.

_ რა ეტაპზეა ამჟამად საქმე?

_ 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და გადავწყვიტე, ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მებრძოლა. დავიწყე ჩემი გამამართლებელი მტკიცებულებების შეგროვება. ჩემი ბრალდების საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებას წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 18 სექტემბრის #3865/15 დასკვნა, რომელიც გაცემული იყო ექსპერტ ნუგზარ ბელქანიას მიერ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ექსპერტმა ნუგზარ ბელქანიამ საჯაროდ აღიარა, რომ ჩემი ბრალდების საქმეზე მის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო ჩემ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს, იყო ყალბი და გაიცა პროკურატურისა და მისი ხელმძღვანელობის ზეწოლის შედეგად. გამომძიებელმა პირადად ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ ბელქანიასთან დაკავშირებული საქმე მორჩენილი აქვს, მაგრამ უფლებას არ აძლევენ, რომ საქმე სასამართლოს გადასცეს… რომ საქმეს აჩერებს მისი ხელმძღვანელობა. დაწერილი გვაქვს ხუთი საჩივარი, მათ შორის, რესპუბლიკის პროკურატურის სახელზე, რომელზედაც დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი საქმე პროკურატურის ზემდგომი ჩინების  ინტერესებს კვეთს, რომლებიც დღემდე დაკავშირებული არიან „ნაციონალურ ფესვებთან“ და არ უნდათ იმ პირთა პასუხისმგებლობის საქმე გამოიკვეთოს, რომლებიც ამ უკანონობის უკან დგანან.

_ თვითმკვლელობით რატომ იმუქრებით?

_ არ ვიმუქრები, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. უდიდეს საქმეთა გამომძიებლის, კახა ჭუმბაძის უშუალო ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ირაკლი ცინცაძემ. როგორც ვიცი, კახა ჭუმბაძე დღეს საქართველოს პროკურატურაში იგივე პოსტს იკავებს, ხოლო პროკურორი გიორგი მიქაია დღეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პროკურორია.

70 წლის ადამიანი ვარ, ინსულინდამოკიდებული ავადმყოფი. მინდა, ჩემს შვილებსა და ოჯახს პატიოსანი კაცის სახელი დავუტოვო და არა თაღლითის, როგორც პროკურატურამ გამომიყვანა. ისინი იგივე პოლიტიკას ატარებენ არა მარტო ჩემ მიმართ. თუ აღნიშნულ საჩივარს თქვენი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მიეცემა, იძულებული გავხდები, უკიდურესი ზომა მივიღო და პროკურატურის შენობის წინ თვითლიკვიდაციის მოვახდინო.

_ ამას სერიოზულად ამბობთ?

_ დიახ. მერწმუნეთ, სიტყვებს ტყუილად ჰაერში არ ვისვრი. აღნიშნული საჩივარი პროკურატურაში ჩაბარების თარიღის მითითებით დაეგზავნება ყველა მედიასაშუალებას ჩემი თვითმკვლელობის შემდეგ, სადაც მითითებული იქნება, რომ მე პროკურატურას წერილი გადავეცი ბევრად ადრე, სანამ ამ უკიდურეს ზომას მივმართავდი.

 

                                                                                                             თამარ როსტიაშვილი