რა კავშირშია განათლების მინისტრთან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო?!

revc

დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##21-24.

 

ვაგრძელებთ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არსებული სავარაუდო კორუფციული გარიგებებისა და კანონდარღვევების გამოვლენას და საზოგადოების ინფორმირებას.

დღეს ისევ შემოგთავაზებთ ეკონომიკის სამინისტროში არსებული დარღვევების შესახებ და დარწმუნდებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმებულია გამარტივებული (უტენდეროდ) შესყიდვების გზით, არ საჭიროებდა ამგვარ ქმედებას და სრულიად შესაძლებელი იყო ტენდერების ჩატარება, რაც აუცილებლად დაზოგავდა ბიუჯეტის თანხებს.

ეკონომიკის სამინისტრომ, სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით, დააფუძნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (204582521). დიახ, ეს ის სააგენტოა, რომელიც საკმაოდ რეკლამირდება და რომლითაც თავს იწონებს ჩვენი მთავრობა _ ხშირად არის ხოლმე მთავრობის უმაღლესი ეშელონების შეხვედრების ადგილი. ახლა დაანონსდა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, ე. წ. სტარტაპების დაფინანსება.

აგრეთვე, ამ სააგენტოში ხშირად ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, თუ როგორ ვაწარმოოთ ბიზნესი; ასევე წვრთნები სხვადასხვა იურიდიულ თუ საკონსულტაციო მომსახურებაზე.

ვნახოთ, თვითონ ეს სააგენტო როგორ აწარმოებს ბიზნესს, როგორ იყენებს სახელმწიფო სახსრებს და როგორ ეფექტიანად და რაციონალურად ხარჯავს მას?..

პირველი, რაც თვალში მოგხვდება, არის ის, რომ ეს სააგენტო ძალიან ხშირად მიმართავს გამარტივებული (უტენდერო შესყიდვები) კონტრაქტირების პოლიტიკას. მაგალითად, 2016 წლის 6 იანვარს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა „მართვის აკადემიასთან“ (404888797), გამარტივებული წესით, თანხით _ 155’080 ლარი.

მომსახურება მოიცავდა ტრენინგების ჩატარებას, რაც გულისხმობდა დამკვეთისთვის მენტორობის სისტემის სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებას, დამკვეთის მიერ განსაზღვრული სტარტაპებისთვის, ტექნოლოგიური პარკის სერვისით მოსარგებლე დამწყები კომპანიებისთვის.

ეს ხელშეკრულება ასე ზუსტად იმიტომ აღვწერეთ, რომ ჯერ დაგანახვოთ, _ სტარტაპის პროგრამაზე ჩანაფიქრი არსებობდა, მინიმუმ, 2016 წლის იანვარში და მიუხედავად ამისა, რიგი ღონისძიებები არ დაგეგმეს. შესაბამისად, მომსახურებები უტენდეროდ შეისყიდეს, რომელსაც ქვევით მოგახსენებთ. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, „მართვის აკადემია“ ეკუთვნის განათლების ახლანდელ მინისტრს _ სანდრო ჯეჯელავას.

საინტერესოა, რა აუცილებლობა იყო, რომ ასეთი მაღალი თანხით გაფორმებულიყო ხელშეკრულება ტრენინგისთვის უკონკურსოდ?

ალბათ, „ქრონიკა+“-ის მკითხველს აღარც გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ 2015 წლის 23 სექტემბერს მთავრობამ მიიღო განკარგულება #2052 ამ ტრენინგების სასწრაფოდ ჩატარების შესახებ (სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტი). ეს ტრენინგი, თურმე, სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება ყოფილა და თანაც ისეთი, რომ მთავრობამ ტენდერის ჩაუტარებლობაზე განკარგულება სექტემბერში მიიღო და განათლების ახლანდელ მინისტრს ხელშეკრულება 4 თვის შემდეგ გაუფორმა!!!

ყოჩაღ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (204582521) და, რა თქმა უნდა, ყოჩაღ, ეკონომიკის სამინისტროს!!! არის ბატონი სანდრო ჯეჯელავა იმ დონის ტრენერი, რომ არ ღირდა ვინმე უკეთესის ნახვა? ანუ არ ღირდა, ჩაგვეტარებინა რამე სახის კონკურსი? დავინტერესდეთ, იქნებ და, ვკითხოთ ბატონ სანდრო ჯეჯელავას, მიიჩნევს თავს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, #1 ექსპერტად სტარტაპებში და, საერთოდ, #1 ტრენერად? სარგებლობს თუ არა ის რამე განსაკუთრებული ექსკლუზივებით და თუ ეს ასეა, მაშინ ეს ხელშეკრულება უნდა „გაპრავებულიყო“ არა ამ მუხლით, არამედ სახელმწიფო შესყიდვების სხვა მუხლით, რომელიც გულისხმობს გამარტივებულ შესყიდვას, იმის გამო, რომ ამ კომპანიას აქვს ექსკლუზივი.

საინტერესოა, რომ ხელშეკრულების ვადა არის 2016 წლის 31 დეკემბრამდე და რამე უხერხულობას ხომ არ გრძნობს ბატონი მინისტრი? თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ჯეჯელავა გვევლინება არა როგორც ამ კომპანიის დირექტორი, არამედ როგორც ერთ-ერთი ტრენერი და ის შეარჩიეს, როგორც ტრენერი. ახლა ვინ ატარებს ტრენინგებს და თუ ის აღარ ატარებს, მაშინ ვინ ჩაანაცვლა იგი?

თანაც, თუ ტრენინგები მთელი წელი უნდა ყოფილიყო, რა იქნებოდა, ერთი კვირა მაინც დაგვიანებით დაწყებულიყო? ჩატარებულიყო კონკურსი და ერთი 10-15000 ლარით ნაკლები გადაგვეხადა, ან, იქნებ, ვინმე უკეთესიც შეგვერჩია?

ეს ხელშეკრულება ნამდვილად არ არის ბატონი მინისტრის კომპანია „მართვის აკადემიის“ ერთადერთი შემთხვევა. ის ასევე წარმატებით დებს ხელშეკრულებას ისევ უტენდეროდ და ტრენინგებს ატარებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ (204995176), თანხებით 82’600.00 ლარი და 35 750 ლარი. აგრეთვე იმავე ტრენინგებში „სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ“ (202307404) გადაიხადა 34 800 ლარი.

რა თქმა უნდა, მას სრული უფლება ჰქონდა, თავისი კომპანიით ტრენინგები ეწარმოებინა, სანამ მინისტრი გახდებოდა. მხოლოდ აღვნიშნავთ: პრობლემა იყო და არის ის, რომ აქ აშკარად პროტექციონიზმი იკვეთება კონკურსებისა და ტენდერების ჩაუტარებლობაზე.

გავაგრძელოთ ისევ ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (2045825210) მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების განხილვა.

მაგალითად: ამ სააგენტომ 2014 წლის 13 ნოემბერს ხელშეკრულება გააფორმა უტენდეროდ თანხით 155 328 ლარზე კომპანია შპს „სქილაპთან“ (405071096), ესეც სატრენინგო მომსახურებაა.

ვნახოთ, რით გამოირჩევა ეს კომპანია, რომ უტენდეროდ მისცეს ეს ხელშეკრულება? თან გაგიკვირდებათ და მთავრობის განკარგულებიდან (სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიების სასწრაფოდ ჩატარება!!!) ერთ, თვეზე მეტია გასული!

ეს კომპანია იმით გამოირჩევა, რომ დარეგისტრირდა და დაფუძნდა ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრე!!! ანუ 2014 წლის 12 ნოემბერს. დამფუძნებელია უკრაინის მოქალაქე მიკოლა ბაბიი, უკრაინა 3170410691, EA751631.

ნამდვილად საინტერესო ფენომენია! როგორ უნდა იპოვო ეს ადამიანი, გაახსნევინო შპს და გააფორმებინო ხელშეკრულება და ჩაატარებინო ტრენინგები?

მაგრამ ისტორია ამით არ მთავრდება: ამ ერთი დღის შექმნილმა კომპანიამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მას არაერთი ხელშეკრულება გაუფორმეს.

შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები:

 

დამკვეთი:        საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (2045825210

კონტრაქტორი:  შპს სქილაპ (405071096),

თანხა:   269 872

 

დამკვეთი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (2045825210

კონტრაქტორი:  შპს სქილაპ (405071096),

თანხა:  155 328

 

 

დამკვეთი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (2045825210

კონტრაქტორი: შპს სქილაპ (405071096),

თანხა:  119 742

 

დამკვეთი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (2045825210

კონტრაქტორი: შპს სქილაპ (405071096),

თანხა:  105 818

 

დამკვეთი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (2045825210

კონტრაქტორი: შპს სქილაპ (405071096),

თანხა:  89 860

 

დამკვეთი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (2045825210

კონტრაქტორი: შპს სქილაპ (405071096),

თანხა:  76 780

 

 

ნამდვილად არ გვაქვს საწინააღმდეგო არც უკრაინისა და არც ტრენინგების, მაგრამ, იქნებ, ცოტა კონკურსებით შეგვერჩია, ერთი განცხადება მაინც დაგვედო სადმე, რომელიმე საიტზე და იქნებ, ამ, დაახლოებით, 800 000 ლარის ტრენინგებისა, დაგვჯდომოდა 50-100 000 ნაკლები და/ან იმავე ფასად, თუნდაც, უკეთესი გვეპოვა ვინმე?

სტატიის თავში ვახსენეთ: 2016 წლის დასაწყისისთვის, მინიმუმ, და გაცილებით ადრეც, ირკვევა, რომ სტარტაპების პროექტი უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ, რატომღაც, ბოლოს გაახსენდათ, რომ თურმე კარგი იქნებოდა, სარეკლამო რგოლებიც დაგვემზადებინაო და ასეც მოიქცნენ. ამ „ფაციფუცში“, ნარმანიასი არ იყოს, უცებ, უტენდეროდ გააფორმეს, უკვე, 170 000 ლარზე კომპანია შპს „აბკ ედვერთაიზინგთან“ (404384732) ვიდეო გადაღებები, კინო მომსახურება თანხით 170 000 ლარზე.

ამითაც არ მთავრდება. ხომ შეიძლებოდა, ამ სტარტაპის პროგრამისთვის, რომელიც ცნობილი იყო, რომ ერთი წლით ადრე დაიწყებოდა, სააპლიკაციო ფორმები, საკონკურსო შერჩევის ფორმები და ა. შ. კონკურსები გამოცხადებულიყო ერთკვირიანი, თუნდაც 2 კვირა დათმობილიყო? არა, რა თქმა უნდა, მოდი და გაიგე, ვინ არის, მაგალითად, ეს კომპანია  MDI & Associates  (147440693), დირექტორი მარკ ივანოვსკი. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს კომპანია რეგისტრირებულია კალიფორნიაში და იმაზე ახლოს აქეთ ფორმების შესამუშავებლად, აპლიკაციების შესაფასებლად და სტარტაპების განსახორციელებლად კომპანია არ მოიძებნა? ხალხის იქით-აქეთ მგზავრობის თანხები ნახეთ, რა ჯდება?!

ეს ხელშეკრულება გაფორმდა თანხაზე 91 777 აშშ დოლარი!!!

ან თუნდაც შემდეგი ხელშეკრულება, უკვე ფიზიკურ პირთან, აკაკი ახალაიასთან (01031005703), რომელსაც ხელშეკრულება გაუფორმეს ყოველგვარი შერჩევის გარეშე 89 000 ლარზე. ეს იყო კანის ფესტივალისთვის ჩვენი გუნდების მომზადება-შერჩევა. აქ შედის მაისურების ყიდვა, დაბეჭვდა, ავიაბილეთები და ა. შ.

ვიმეორებ: არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს არც ტრენინგების, არც ფესტივალების და არც სტარტაპის პროგრამების, ლაპარაკია სახელმწიფო ბიუჯეტზე და არა კერძოზე, ვიღაც კომპანიის დირექტორის, ან მინისტრის თანხებზე! შესაბამისად, ეს თანხები უნდა დაიხარჯოს კანონის მიხედვით და ანგარიშიც ხარჯვის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საზოგადოებას უნდა ჩააბაროს.

ამ მაგალითებით უკვე ხედავთ, თუ რა დარღვევები და გაფლანგვებია მარტო ამ  ერთ პატარა სააგენტოში.

ეს არის სისტემური დაავადება, რომელიც ყოველ სამინისტროსა თუ მუნიციპალიტეტშია.

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მონიტორინგი ჩაატაროს და დროულად აღკვეთოს ასეთი ტიპის დარღვევები, ის შემოიფარგლება ზოგადი სახის რეკომენდაციებით და შეგნებულად თვალს ხუჭავს დარღვევებზე.

ტრადიციულად კვლავაც მოგაწვდით ინფორმაციებს კანონდარღვევით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პირველადი დოკუმენტაციებით გამყარებულს.

 

                                                                                                                 გიორგი ბაჯელიძე

                                                            ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი