რატომ უჩერებს დევნილებს სტატუსს დევნილთა და განსახლების სამინისტრო?!

tas

 

აფხაზეთიდან დევნილ სალიების ოჯახს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ახალი წლის დადგომა ახალი ბინით მიულოცა. ორიოდე კვირაში კი ოჯახის უფროსი სამინისტროში გამოიძახეს და იძულებით დააწერინეს განცხადება, თითქოს მას სოხუმში არ უცხოვრია. ამ განცხადებით ელდარ სალიამ მისთვის დევნილის სტატუსის გაუქმება მოითხოვა. სამინისტრო არც სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასრულებს და დევნილის სტატუსის აღდგენაზე ჯიუტად უარს ამბობს. სალიების ბინისა და სტატუსის წართმევის ისტორია ერთეული შემთხვევა არ გახლავთ, ეს პრაქტიკა სამინისტრომ, ჯერ კიდევ, 2008 წელს შემოიღო, რომელიც დღესაც აქტიურად გრძელდება.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ტასო სალია:

_ აფხაზეთიდან 1993 წელს წამოვედით. იმ წელსვე მთელი ოჯახი დაფიქსირდა, როგორც აფხაზეთიდან დევნილი. აქვე აღვნიშნავ, რომ ომის ტრავმა მაქვს მიღებული, ჭურვის აფეთქების შედეგად ცენტრალური ნერვული სისტემა დამიზიანდა და დღემდე ეს დაავადება გარკვეული ფორმით მომყვება. 2013 წლამდე ხელისუფლებისგან ბინით დაკმაყოფილება არ მოგვითხოვია. სულ ქირით ვცხოვრობდით, ან ნათესავებთან, სხვებისგან განსხვავებით არასოდეს არსად შევჭრილვართ და ფართი არ დაგვისაკუთრებია, პატიოსნად ველოდებოდით, რომ ოდესღაც კუთვნილ ფართს მოგვცემდნენ. არც კომპენსაციით გვისარგებლია, 10 000 დოლარს რომ არიგებდნენ. 2013 წლის დეკემბერში, როდესაც დევნილთა სამინისტრომ დევნილებისთვის ბინის დარიგებისა და დაკანონების შესახებ პროცედურა დაიწყო, მაშინ ძალიან უიმედოდ სამმა ადამიანმა, მე და ჩემმა დებმა შევავსეთ აპლიკაცია და ბინით დაკმაყოფილება მოვითხოვეთ. ჩემი ერთ-ერთი და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უვადო პირია, ყრუ-მუნჯი და როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ მისი, შშმ პირის საფუძველზე მოგვანიჭა სამინისტროს კომისიამ 7 ქულა. ეს გავიგე, როდესაც სასამართლო პროცესები გაიმართა. დასაწყისში ჩემთვის ქულების შესახებ არავის არაფერი უთქვამს. სექტემბერში ხომ შეივსო აპლიკაცია ბინის მოთხოვნის შესახებ, მირეკავენ იმავე წლის 28 დეკემბერს და მეუბნებიან, _ სამინისტროს წარმომადგენლები ვართ, თქვენ მიიღეთ ბინა ჯიქიას ქუჩაზეო. მეორე დღეს სამინისტროში დამიბარეს, როგორც მითხრეს, იქ ბინა უნდა გადმოეცათ. წინასაახალწლო დღეები იყო, სამეგრელოში მშობლებთან ვიმყოფებოდი, მეორე დილით თბილისში გავემგზავრე, მივედი სამინისტროში, უამრავი ხალხი იყო შეგროვილი, 2-3-საათიანი ლოდინის შემდეგ, თუ კარგად მახსოვს გვარი და სახელი, როსტომ ჯაფარიძე ზემოდან ჩამოვიდა და განცხადება გააკეთა. ყველას ბოდიში მოგვიხადა, რომ წინასაახალწლო დღეების გამო ბინების დასრულება ვერ მოხერხდა და დღეს ვერ შეგასახლებთო. 12 იანვარს ისევ მირეკავენ სამინისტროდან და მეუბნებიან, _ თქვენს მშობლებთან დაკავშირებით სამინისტროს კომისიას რაღაც შეკითხვები აქვს და გასაუბრებაზე მობრძანდითო. მივედი სამინისტროში, ადამიანი, რომელმაც გამომკითხა, გახლდათ რევაზ ქობალია. მას აინტერესებდა, სად ვსწავლობდი სოხუმში? როდის დავამთავრე სასწავლებელი? ვინ იყო ჩემი მასწავლებელი? ასეთი ტიპის კითხვები დამისვა. შემდეგ ჩემი თანდასწრებით ურეკავს მამაჩემს და ეუბნება, _ ბატონო ელდარ, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ სოხუმში ფლობდით საკუთრებას, ბინას, ამას არ გედავებით, მაგრამ გედავებით სტატუსის საკითხში, თუ დღეს არ დაწერთ განცხადებას, გამოძიებას გადაგცემთო. პირდაპირ მუქარაზე გადავიდა.

_ ასე რატომ თქვა?

_ როგორც ჩანს, ამათ ინფორმაცია მოიძიეს იმის შესახებ, რომ ჩემი მშობლები _ ელდარ სალია და იმედა ჯალაღონია, წლობით მუშაობდნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში. ასე მითხრა, _ ვინაიდან შენი მშობლები ჯვარში მუშაობდნენ, თქვენ დევნილები არ ხართ და მუდმივად აფხაზეთში არ ცხოვრობდითო. საქმე ის არის, რომ ჩემი მშობლები ნამდვილად მუშაობდნენ ჯვარში, მაგრამ სოხუმიდან სამსახურში მანქანით დადიოდნენ. ჩვენ რეალურად სხვა საკუთრება არ გაგვაჩნია, სოხუმში ვცხოვრობდით. ეს იურიდიულად დადასტურებულია დოკუმენტებით, მამაჩემს სამხედრო ბილეთიც კი იქ აქვს აღებული. სამინისტროდან რომ გამოვედი, მეგობარს დავურეკე, ავუხსენი სიტუაცია და რჩევა ვკითხე. გამაფრთხილა, _ მამაშენი სამინისტროში არ მივიდეს და არაფერი დაწეროსო, მაგრამ იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს, იმდენჯერ დაურეკეს, რომ კაცი მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ისე ინერვიულა, იმ დღეს მსუბუქი ავარიაც კი შეემთხვა. ერთი სიტყვით, სამინისტროში მიიყვანეს, კარნახით და ზეწოლით დააწერინეს განცხადება, რომ ვინაიდან ჯვარში, ენგურჰესზე ინჟინრად ვმუშაობდი, არ მეკუთვნის დევნილის სტატუსი და გთხოვთ, მიმიხსნათო. წარმოიდგინეთ, რომელი ჭკუათმყოფელი დაწერდა თავისი სურვილით ასეთ სისულელეს?! 22 წელიწადი რეგისტრირებული ვიყავით და კანონის შესაბამისად დევნილებად ვითვლებოდით, უცებ გვეუბნებიან, დევნილები არ ხართო.

_ თქვენი აზრით, რატომ მოიქცა ასე სამინისტრო, რა იყო მათი მიზანი?

_ სამინისტროს მიზანი ის იყო, რომ არ მიგვეღო 50 000 დოლარად შეფასებული 2-ოთახიანი ბინა ჯიქიას ქუჩაზე. რამდენ ადამიანსაც ამოაგდებენ ბინების მომლოდინეთა სიიდან, მით უკეთესი, უფრო ნაკლები ხალხი ეყოლებათ დასაკმაყოფილებელი. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ამ მდგომარეობაში მარტო ჩვენი ოჯახი არ არის, ათეულობით შემთხვევაა, როდესაც სამინისტრო სტატუსის ჩამორთმევას ახორციელებს, შესაბამისად, ართმევს იმ სიკეთეებს, რომლებიც დევნილთათვის არის განკუთვნილი.

_ შემდეგ რა მოხდა?

_ 2014 წელს მამაჩემმა სტატუსის აღდგენის თაობაზე სასამართლოს მიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა. მოწმეები მივიყვანეთ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ მუდმივად ვცხოვრობდით სოხუმში. სასამართლომ სამინისტროს დაავალა, რომ დევნილის სტატუსი აღედგინა, მაგრამ სამინისტრომ ისევ უარი განაცხადა და მამაჩემს ხელმეორედ გაუუქმა სტატუსი. ისევ შევიტანეთ სარჩელი, ისევ დაინიშნა სასამართლო პროცესი, მაგრამ სამინისტროსთან მაინც ვერაფერს მივაღწიეთ. მინისტრის გადაწყვეტილება გაბათილებულია, რის გამოც მამაჩემს სტატუსი გაუუქმეს, მაგრამ სამინისტრო მაინც ისე იქცევა, როგორც თვითონ უნდა. კარგი, მამაჩემმა შეცდომა დაუშვა, დაწერა თუ დააწერინეს განცხადება, მაგრამ დედაჩემს მსგავსი არაფერი დაუწერია, მას სკოლაში, სამუშაო ადგილზე მიაკითხეს და ისე ჩაუტარდა 3-საათიანი გამოკითხვა. არ ვიცით მიზეზი, მაგრამ სტატუსი მასაც ჩამოართვეს. ჩემს მშობლებს, ორივეს, სტატუსი აქვთ ჩამორთმეული. სტატუსი გვაქვს მხოლოდ მე და ჩემს ერთ დას, რომელიც შშმ პირია და ამის გარდა, უამრავი რამ აწუხებს, შინაგანი ორგანოები აქვს დაავადებული და მუდმივად მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ არის, დღეში 5-6 დასახელების წამალს იღებს. მეორე დას 2014 წლის მარტიდან სტატუსი შეწყვეტილი აქვს იმ მიზეზით, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გაქვს და აქედან გამომდინარე, ის 45 ლარი არ გეკუთვნის, რომელსაც დევნილები იღებენო. ასე არაადამიანურად მოგვექცნენ. სოხუმში თუ არ ვიმყოფებოდით, საიდან მივიღებდი ამ ტრავმას?! მოწმეებით ხომ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ნამდვილად სოხუმში ვცხოვრობდით, სამინისტრო ამას არ ითავისებს. ჰაერიდან მოაქვთ, თითქოს ჩვენ მუდმივად არ ვცხოვრობდით სოხუმში და სტატუსი არ გვეკუთვნის. ჩვენი მოთხოვნაა უსაფუძვლოდ ჩამორთმეული დევნილის სტატუსის აღდგენა, რომელსაც შემდეგ ავტომატურად უნდა მოჰყვეს ბინით დაკმაყოფილების საკითხი. მათ ზუსტად გათვალეს, სტატუსი იმიტომ ჩამოგვართვეს, რომ ბინით არ დავკმაყოფილებულიყავით. თუ სტატუსი აღდგება, მაშინ ბინაც უნდა მოგვცენ.

 

ჯემალ შელია _ სალიების ოჯახის ადვოკატი:

_ 2014 წლის 20 თებერვალს დევნილთა სამინისტრომ ელდარ სალიას დევნილის სტატუსი გაუუქმა. მიზეზი გახდა მის მიერ დაწერილი განცხადება, თითქოს იგი აფხაზეთიდან დევნილი არ იყო. სალიას თქმით, მას სამინისტროდან „ურჩიეს“, თუ განცხადებას არ დაწერდა, უჩივლებდნენ. საქმე ის არის, რომ თუ მოქალაქეს მისი განცხადების საფუძველზე სტატუსი გაუუქმეს, განცხადებითვე უნდა მოხდეს დევნილის სტატუსის აღდგენა. შემდეგ, როდესაც სალიამ სამინისტროს მიმართა და განაცხადა, რომ მას ეს განცხადება ზემოქმედების შედეგად ჰქონდა დაწერილი, სამინისტრომ ყურად არ იღო და საქმე პროკურატურას გადასცა. რა დაადგინა პროკურატურამ, შედეგი ჩვენთვის უცნობია და არც არაფერს გვეუბნებიან. ფაქტია, რომ საფუძველი ვერ მოძებნეს სალიას პასუხისგებაში მისაცემად, თორემ აქამდე დააყენებდნენ დღის წესრიგში. რაც შეეხება სამინისტროს თანამშრომლის პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ეს საკითხი არ დადგება, რადგან ასეთია ბიუროკრატიული სისტემა და აპარატი. სხვა ახსნა ამას არ აქვს, თორემ პროკურატურაში იყო საქმე და ძიება მიმდინარეობდა. ელდარ სალიამ მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე ბრძანება გაასაჩივრა. 2015 წლის სექტემბერში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და სამინისტოს დაავალა, ობიექტურად გამოეკვლია ეს საკითხი და ახალი გადაწყვეტილება მიეღო. სამინისტრომ ყველაფერი გამოიკვლია, მაგრამ იმავე მიზეზით და საფუძვლით უარი თქვა სტატუსის აღდგენაზე. ისევ გასაჩივრდა სასამართლოში და პროცესები იწელება. ხელისუფლება იმის დეკლარირებას ცდილობს, რომ სასამართლო რეფორმის შედეგად მივიღეთ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება. ხომ შეიძლება, სასამართლომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც მგრძნობიარე საკითხთან გაქვს საქმე, როდესაც ადამიანი დევნილის სტატუსის გამო გარკვეულ დახმარებას იღებს?! სასამართლო რომ არ იღებს გადაწყვეტილებას, ერთია, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ ელდარ სალიას მეუღლესთან, იმედა ჯალაღონიასთან დაკავშირებით მოსამართლემ  გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამბობს, რომ ბრძანება სწორად და კანონიერად არის გამოცემული, 3 თვეზე მეტი გავიდა და დღემდე სასამართლოდან გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, მაგრამ ხომ უნდა ჩაგვაბარონ?! 2 კვირის ვადაში უნდა ჩაგვბარებოდა, ვრეკავთ, ვთხოვთ, განცხადებას ვწერთ, მაგრამ კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. რა უნდა გადაწყვეტილების დაწერას, თუ მზად არ იყვნენ და არგუმენტაცია არ ჰქონდათ, მაშინ რატომ მიიღეს?! თუ გადაწყვეტილება მიიღეს, რატომ არ გვაძლევენ?! 1993 წელს სახელმწიფომ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც ვალდებულება იკისრა, რომ იმ პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი, სახელმწიფო უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით, ბინით და ა. შ. სალიამ ბინა სამსახურიდან მიიღო, „ენგურჰესის“ მშენებლობაზე მუშაობდა, მაშინდელი კანონმდებლობის თანახმად, ეს მოხდა მუშახელისა და ტექნიკური პერსონალის დაფუძნების მიზნით. „ენგურჰესს“ მიეცა უფლება, აეშენებინათ ბინები სოხუმში, გაგრაში, თბილისში და თავისი მოსამსახურეები ბინით უზრუნველეყოთ. ახლა სამინისტრო ამბობს, _ კი ბატონო, ბინა მიიღო, ორდერი აქვს, მაგრამ მუდმივად არ ცხოვრობდაო. როგორ შეიძლება, მუდმივად ეცხოვრა, როცა ეს ბინა სამსახურში ყოფნის პერიოდში მიიღო?! სამსახური რომ მიეტოვებინა და სოხუმში გადასულიყო, ბინას წაართმევდნენ, რადგან უწყებრივი იყო. ამას არ ითვალისწინებს სასამართლო. ისმის კითხვა, _ ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი?! სამინისტრო ამაზე პასუხს არ გვაძლევს, არადა, ეს არ არის ერთი შემთხვევა. ასეთი პრაქტიკა შემოიღეს 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში და სამინისტრომ ამ პრაქტიკის განხორციელება ინტენსიურად დაიწყო. ეს არის აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, რომელიც მიმართულია ამ ადამიანთა დათრგუნვისაკენ, რომ არ ჰქონდეთ რამის არც სურვილი და არც პრეტენზია. სამინისტროს ამაზე პოზიცია არ გააჩნია და არც აინტერესებს! ადრე იყო ასეთი ლოზუნგი _ არ არის კაცი, არ არის პრობლემა! _ ასეთი მიდგომაა და ეს ყველაფერი ხალხის ფიზიკური მოსპობიკენ მიდის!

„ქრონიკა+“-ს კომენტარზე პასუხობს დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი _ მურად აბლოთია:

_ 2014 წელს ელდარ სალიამ თვითონ დაწერა განცხადება, რომ წალენჯიხის მკვიდრი იყო, „ენგურჰესზე“ მუშაობდა, მისი ცოლ-შვილიც აქეთ ცხოვრობდა და ითხოვა, დევნილის სტატუსი მოეხსნათ.

_ სალია ამბობს, რომ ეს განცხადება ზეწოლის ქვეშ დააწერინეს და სამინისტროს თანამშრომელს, ქობალიას ადებს ხელს.

_ ეს ადამიანი წალენჯიხიდან თვითონ ჩავიდა ზუგდიდში, დევნილთა სამმართველოში და განცხადება იქ დაწერა. ქობალია შეიძლება ტელეფონით ესაუბრა, მაგრამ იქ საერთოდ არ იყო. ამის შემდეგ ჩვენ ადმინისტრაციული წარმოება ჩავატარეთ მათ საკითხთან დაკავშირებით და აფხაზეთის მთავრობას მივმართეთ. მათ გვითხრეს, რომ სალიები რეგისტრირებული იყვნენ სოხუმში, ოჯახიდან მხოლოდ ერთი გოგონა და მეორის რეგისტრაციის მიზეზი უცნობიაო, მაგრამ მუდმივად ცხოვრობდნენ წალენჯიხის რაიონში. ამას ადასტურებდა აფხაზეთის მთავრობა. ელდარ სალიამ თვითონვე განაცხადა, რომ ყველა ბავშვი წალენჯიხის რაიონში დაიბადა, სკოლაშიც იქ შევიდნენ და იქ დაამთავრეს. მისი მეუღლეც, დევნილობა რომ დადგა, იმ პერიოდშიც და მერეც, რამდენიმე წელი, წალენჯიხაში, სკოლაში მუშაობდა. სალიამ განაცხადა, რომ როგორც „ენგურჰესის“ თანამშრომელს, სოხუმში ბინა ჰქონდა მიღებული, რომელიც მათ საკუთრებაში არ იყო გადაცემული და იქ მუდმივად არ ცხოვრობდა. შესაბამისად, კანონიდან გამომდინარე, მას დევნილის სტატუსი არ ეკუთვნოდა და ჩამოერთვა.

_ ორ ათეულ წელზე მეტი ისინი დევნილებად ითვლებოდნენ და შესაბამისად, მათთვის განკუთვნილ დახმარებებს იღებდნენ. გარდა ამისა, ელდარ სალიას ერთ-ერთ შვილს ომის ტრავმა აქვს მიღებული, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება. როდესაც ბინით დაკმაყოფილდნენ, მაინც და მაინც, მაშინ რატომ აღმოაჩინა სამინისტრომ ეს ყველაფერი?

_ სალიებისთვის ბინა არ გადაგვიცია, ისინი კანდიდატები იყვნენ. 270 000 დევნილია, ასე ადვილი არ არის ეს ყველაფერი. რეგისტრაციის დროს შევძელით და დაახლოებით 3500-ს ადამიანს ჩამოვართვით დევნილის სტატუსი. ეს ყველაფერი ბინების მიღების პროცედურის დროს აღმოჩნდა, როდესაც დოკუმენტაცია დეტალურად შევისწავლეთ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც დიდი ხნის განმავლობაში დევნილთათვის განკუთვნილ დახმარებებს იღებდა, მაგრამ არ ეკუთვნოდა. ასეთ ადამიანებს დევნილთა სტატუსები ჩამოვართვით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

 

                                                                                                    თამარ ბატიაშვილი