გიორგი გიუაშვილი: ,,ბორჯომში ჩამოსული დამსვენებელები, დიდი ხანია მტვერს ყლაპავენ!“

xza

 

ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების „საგმირო საქმეებზე“ გვესაუბრა. იგი აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძე რეალურად დეპუტატი არ არის და ის ხალხისთვის საერთოდ არაფერს აკეთებს.

 

გიორგი გიუაშვილი:

_ საკმაოდ ბევრი გაჭირვებული ადამიანია ბორჯომში, რომელსაც დეპუტატის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარება წყალივით სჭირდება. სამაგიეროდ, ეხმარებიან საკრებულოს დეპუტატს, რომელსაც 1600 ლარი ხელფასი აქვს, მისი მამა და მეუღლე გაფორმებულები არიან ააიპ-ებში, აქვს კერძო დაზღვევა და სხვადასხვა პრივილეგია.

_ კონკრეტულად გვითხარით, ვისზე საუბრობთ?

_ ეს გახლავთ ბორჯომის საკრებულოს წევრი და კონსერვატორების თავმჯდომარე ვარლამ ხვინგია. ის არის გედევან ფოფხაძისა და მისი ძმის პროტეჟე და მათი ხელის ბიჭი. ამ საკითხზე უკვე შეტანილი მაქვს პროკურატურაში განცხადება და საკრებულოს ამ საეჭვო დახმარების გამო ვედავები. ადამიანს, რომელსაც აქვს კარგი შემოსავალი, ოჯახური მდგომარეობა, თავად არის გადაწყვეტილების მიმღები და მაინც აფინანსებ მას, ამას ხომ უკანონობა ჰქვია? ხვინგიას საოპერაციო თანხა ჩაურიცხეს, თუმცა ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც თანხა გადარიცხეს, ჩვეულებრივი სტაციონარი არ არის და იქ პლასტიკური ოპერაციები კეთდება. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, გული აწუხებდაო, თუმცა ეს ადამიანი ქალაქში თავისუფლად გადაადგილდება, ხალხს ხვდება და ავადმყოფობის არაფერი ეტყობა. ეს გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა საკრებულოს და არ უნდა მიეცათ მისთვის 517 ლარი, რადგან როცა დეპუტატი დასახმარებელი გახდება, ცუდად არის ქვეყნის საქმეც. ასევე ზუსტად არავინ იცის, რა გაიკეთა ამ ფულით ხვინგიამ სინამდვილეში და რის გამო გადაურიცხეს ბიუჯეტის თანხა. ისე, საკრებულოს დეპუტატ ხვინგიას, ხელფასის გარდა, წლის განმავლობაში რამდენჯერმე აქვს მიღებული პრემიაც და კიდევ მას ეხმარებიან და არა იმათ, ვინც მართლა დასახმარებელია.

ბორჯომის წყალი რიგითი მოსახლეობისთვის აღარ არსებობს. დამსვენებლებსა და ტურისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა უწყლოდ არის დარჩენილი. პარკის წინ სასტუმრო „ქრაუნ პლაზაა“, რომლის ეზოშიც ხალხისთვის განკუთვნილი ბორჯომის წყალი მოედინება და ამას ადგილობივი ხელისუფლება უწყობს ხელს.

_ ხალხისთვის განკუთვნილი ბორჯომის წყალი ამ სასტუმროს გადასცეს?!

_ პარკის წინ, ამ სასტუმროსთან ახლოს, ბორჯომის წყლის ბიუეტი იყო, სადაც ცივი მინერალური, გაზიანი წყალი მოდიოდა, მაგრამ ერთი წელია, წყალი იქიდან, ფაქტობრივად, გაქრა. ერთი დღე რომ მოედინება ონკანში, მეორე და მესამე დღეს აღარ მოდის. ამ ბიუეტიდან ხალხი ვეღარ სარგებლობს. რამდენიმე ბურღილიდან დღე-ღამეში 20 კუბური მეტრი წყალი აქვს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, დანარჩენი კი ქარხნისაა. წყლის ეს რაოდენობაც პირობითია, რადგან, რეალურად, 5-6 ბურღილიდან, რომლებიც სავადასხვა ადგილზეა, ზუსტად არავინ იცის, რამდენი წყალი მოედინება. ფაქტია: ერთ დღეს ამ ბიუეტიდან ბორჯომი დაიკარგა და წყალი სასტუმროს ტერიტორიაზე გაჩნდა.

საკრებულომ გასული წლის 19 ივნისს გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვითომ ბორჯომის რამდენიმე სასტუმრომ მას ბალნეოლოგიური მკურნალობის ტრადიციების აღდგენის სურვილით მიმართა, რის შემდგომაც მათ აუქციონზე ხალხისთვის განკუთვნილი ბორჯომის 20 კუბმეტრი წყლის ნახევარი გამოიტანეს. ის, რაც მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი, 11/9 პროპორციით გაყვეს. საუბარი იყო არა მხოლოდ „ქრაუნ პლაზაზე“, არამედ სხვა სასტუმროებზეც: „ბორჯომის ხეობაზე“, რომელიც არის გალფის ბენზინგასამართ სადგურთან. იქაც არის ბურღილი, რომელიც ხალხისთვის დაკეტილია, სასტუმრო კი მას აბაზანებისთვის იყენებს. ასევეა „რიქსოსიც“. იქაც ბორჯომის წყალი აქვთ შეყვანილი და თავად იყენებენ. სწორედ ამ სასტუმროებისთვის წყლის გადასაცემად გამოიტანა საკრებულომ გადაწყვეტილება, რათა მათ შესაბამისი გადასახადი გადაეხადათ მოსაკრებლის სახით, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილება გამგეობამ არ აღასრულა. ყველას ჰგონია, რომ წყალი გასხვისებულია, რადგან დადგენილება მიღებულია და ხელიც აუწიეს, მაგრამ გამგეობამ არ აღასრულა ეს, თუმცა დღეს, ყველა სასტუმროს მაინც აქვს შეყვანილი წყალი, ოღონდ ჩუმად და სახელმწიფოსაც არაფერს უხდიან.

_ „ლამაზი თვალების“ გამო ამ საქმეს სასტუმროებს არავინ გაუკეთებდა და ვინ არის ამ ყველაფერში ხელშემწყობი?

_ პირველ რიგში, ბორჯომის გამგებელი, მერე გედი ფოფხაძე, რომელიც ბორჯომის წყალზე საუბრით მოვიდა ხელისუფლებაში. ის მეწარმეებს კი ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს მოაწესრიგებდა, მაგრამ მერე თავად ჩაერთო ამ დანაშაულებრივ სქემაში და, დიდი ალბათობით, ხელსაც კარგად ითბობს. მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საპროტესტო აქციებიც მოეწყოს ბორჯომში, მაგრამ ზოგი ერიდება გარეთ გამოსვლას და თავისი აზრის დაფიქსირებას.

კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე გეტყვით: პარკის ზედა მხარეს, 2-3 კმ-ში, არის გოგირდის ღია აუზი. „ქრაუნ პლაზას“ მესაკუთრე ბორჯომში დიდძალ ქონებას ფლობს. მას აქვს უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ლიკანში, ძველი სანატორიუმის ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია „ნაციონალების“ დროს განვადებით იყიდა, ასევე იყიდა ქალაქის ცენტრში მეორე სკოლის ტერიტორიაც და უკვე ნგრევა დაიწყო. მოსახლეობა ძალიან შეშინებულია, რომ შეიძლება საბავშვო სპორტული მოედანიც დაანგრიოსო. გოგირდის აბანოებიც გასული წლის ზაფხულში შეიძინა ამ პიროვნებამ აუქციონით. 49 წლით ითხოვდა და 5 წლის ვადით, იჯარით მისცეს. იჯარის პირობაში წერია, რომ აბანოები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება, მაგრამ როგორ უნდა გაიგონ, იქ ვინ არის ადგილობრივი და ვინ _ არა? როცა უკვე ფულის აკრეფას დაიწყებენ, ალბათ, ამაზე დიდი ამბავი ატყდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში მეპარტონემ ეს აბანოები მხოლოდ თავისი სასტუმროების მომხმარებლებისთვის გახადოს ხელმწისაწვდომი და სხვა დამსვენებლებს ჩაუკეტოს. როგორც ჩანს, მისი გათვლაც ასეთია და ხელისუფლებაც ხელს უწყობს.

ბორჯომში ჩამოსული დამსვენებელები, ქალაქში, სუფთა ჰაერის ნაცვლად, დიდი ხანია მტვერს ყლაპავენ, რადგან სასტუმროების მშენებლობებია გაჩაღებული, გზებს აგებენ და ა. შ. წინასაარჩევნო პერიოდში ხალხს აჩვენებენ, რომ ვითომ მუშაობენ, მაგრამ მაისიდან დაწყებული ტენდერები ჯერაც არ დასრულებულა და ვადებს უგრძელებენ. მზიან ამინდში არ მუშაობენ და ასფალტს წვიმაში აგებენ.

ბორჯომის სილამაზის ხიდი ანეკდოტად იქცა, რომელიც 135 ათასი ლარი დაუჯდათ. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ კამეჩით, ძროხით და ცხენით ამ ხიდზე ნუ გადახვალთო. აქ ულტრათანამედროვე საფარი დააგეს, რომელიც ვერ უძლებს და ადვილად ვარდება. 16 თებერვალს დასრულებულ ხიდზე ორმოები ჩნდება. ასფალტზე ნახეთქებია. ეს რომ ვნახე, პოლიციაში წავედი, განცხადება დავწერე და ერთი ამბავი ავუტეხე, _ ან ვინმემ ეს განგებ გატეხა, ანდაც უხარისხო მშენებლობაა და საქმე აღძარით-მეთქი. ნახევარ საათში დამირეკეს პოლიციიდან და მითხრეს, _ დავადგინეთ, ვინც დაამტვრიაო, ცხენით გადასულა ვიღაც ხიდზე და მას გაუფუჭებიაო. ეს ხდება მაშინ, როცა გამგებლის მონიტორინგის სამსახური ამბობს, რომ 10-15 ტონას უძლებს ხიდის ეს საფარი. უხარისხო მშენებლობაზე აღვაძვრევინე საქმე და გამოძიება მიდის.

_ ფეისბუქის მთავარ გვერდზე საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის ფოტო გიდევთ და ეს რატომღა გამოაქვეყნეთ?

_ მანქანის სერია „სა კრ“ ნიშნავს საკრებულის, 041 კი _ „ოცნებას“. ეს არის ფასიანი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარე ასეთ მეშჩანურ საქმეში არ უნდა ხარჯავდეს ბიუჯეტის ფულს. ეს მანქანა მან არაერთხელ დააზიანა. გასულ წელს ავტობუსს დაეჯახნენ. დაახლოებით 17 ათასი ლარი დასჭირდათ გასარემონტებლად, მერე მანქანა დაუწვეს და კიდევ გაარემონტეს…

ამ ყველაფერს როგორ ითმენს ხალხი, არ ვიცი, მაგრამ იმედია, არჩევნებზე საკუთარ სათქმელს აუცილებლად იტყვის!

 

 „ქრონიკა+“-მა ბორჯომის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს, ინტერვიუდან გამომდინარე კითხვები დაუსვა. როცა ყიფიანმა გაიგო, რომ საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დახმარებაზე ვესაუბრებოდით გვითხრა:

_ გიუაშვილი თვითონ რომ იყო გამგებლის მოადგილე, დედამისმა რამდენჯერ აიღო ოპერაციისთვის დახმარება? ან თავად რამდენჯერ აქვს პრემია აღებული, ისიც თქვას. რვა თვის განმავლობაში 7 პრემია აიღო და ეს კაცი ვისზე რას ამბობს?! არ შეიძლება, ტყუილისთვის და ცილისწამებისთვის პეტიცია რომ შევადგინოთ და კანონში ცვლილება შევიდეს? ბორჯომის წყალი იმიტომ არ მოდის, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა მილში წყალს აგუბებს, რათა სწრაფად აავსონ ჭურჭელი და ეს მილში წყლის დაკარგვას იწვევს. მილში სულ 0,5 კუბი წყალი მოდის. ამგვარად წყლის დაკარგვის შემდეგ 3 დღე სჭირდება, რომ ჭაბურღილმა დაკარგული წყალი დაიბრუნოს. ყველა უნდა მოუფრთხილდეს წყალს, ფეხები არ უნდა დაიბანონ და არ უნდა დააგუბონ პლასტმასის მილებით.

არავის აუღია ინტერვიუ იმის შესახებ, თუ რამდენი რამ კეთდება ბორჯომში, როგორ ლამაზდება ყველაფერი, როგორ ვეხმარებით გაჭირვებულებს. ნახევარ წელიწადში ნახევარი მილიონი გვაქვს დახარჯული საოპერაციო თანხებზე. ყველა მხოლოდ გიუაშვილის კომენტარებზე მირეკავს. ეგ კაცი მატყუარაა და მეტი რა ვთქვა?! ხვინგიამ რომ აიღო 500 ლარი, სხვები 5000 ათასებს იღებენ. ამ კაცსაც დასჭირდა ოპერაცია და რა ვქნათ? დავაგდოთ ქუჩაში?! არ დავეხმაროთ?! რომ აქვს ათასი ლარი ხელფასი, ოპერაცია ორი ათასი ჯდება და რა უნდა ქნას?

ისიც ტყუილია, რომ ამბობს, წყალზე აუქციონი გამოცხადდაო! სასტუმროებს ჩუმად თუ აქვთ შეყვანილი და სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიან, მოიყვანოს ფაქტები, ვის აქვს ჩუმად შეყვანილი და თუ ვინმეს აღმოაჩნდება, წავიდეს და „აი პი ეს ბორჯომს“ მიმართოს, იმიტომ რომ ეს კომპანიაა გენერალური ლიცენზიის მფლობელი. ჩვენ არანაირი შეხება წყალთან არ გვაქვს, წყალს „აი პი ეს ბორჯომი“ განკარგავს.

20 კუბურ მეტრს განვკარგავთ, მაგრამ ხალხს უფასოდ ვაძლევთ, რადგან გვინდა, რომ კურორტი განვითარდეს და წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს 20 კუბი რომ გავყიდო აუქციონზე და იმან იყიდოს, ვისაც დიდი ფული აქვს, დიდ თანხას გადაიხდის ამაში და მერე წყალი რომ არავის მისცეს, მე რა ვქნა? გიუაშვილი აღასრულებს ბორჯომელებისა და ქართველი ხალხის ნებას?

რაც შეეხება ხიდს, დიახ, იმიტომ დაზიანდა, რომ ხიდზე ცხენებმა გადაირბინეს და საფეხმავლო ნაწილი ჩაამტვრიეს. ამის გამო თქვა ჩემმა მოადგილემ, რომ ცხენები და ხარები არ გადაეყვანათ ხიდზე. არ თქვა სწორი? ძლივს აღვადგინეთ ამ ხიდის ნაწილი. კამერამ იცით, კიდევ, რა დააფიქსირა?! _ გიუაშვილი რომ აძრობს დეტალებს ხიდს და შემდეგ სურათს უღებს, თითქოს უხარისხოდაა გაკეთებული! საინტერესოა, ამაზე რას იტყვის?!! ბორჯომის მუნიციპალიტეტის გვერდზე დევს ეს ვიდეო და ნახეთ.

 

                                                                                                             ნელი ვარდიაშვილი