სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია _ ტესტი ხელისუფლებისთვის მოახლოებული არჩევნების წინ

st

გასული კვირა დასავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებით უხვნალექიანი აღმოჩნდა. ძლიერ წვიმას წყალმოვარდნები მოჰყვა და გარკვეულ ადგილებში მეწყრის გააქტიურებაც გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდა იმერეთი, სამეგრელო და აჭარა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამო, საგანგებო შტაბი ამოქმედდა, რომელსაც სტიქიის ზონებიდან მიღებულ ინფორმაციებზე რეაგირება დაევალა. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე უფრო ვანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა, სადაც 100-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ვანში პრობლემები ელექტოენერგიის მიწოდების კუთხითაც შეიქმნა. დაზიანდა საყრდენი ბოძები და გაწყდა გადამცემი ხაზები. „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლების მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მუნიციპალიტეტის ელენერგიით მომარაგება რამდენიმე საათში განახლდა.

ზაზა ხურციძე _ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ 150 ოჯახი დაიტბორა როგორც სოფლებში, ისე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე. ჩვენს მუნიციპალიტეტში 42 სოფელია და აბსოლუტურად ყველგან დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. მწყობრიდანაა გამოსული სოფლების შიგა-საუბნო გზები, ჩაინგრა ხიდები და ბოგირები, დაიტბორა მოსახლეობის სავარგულებიც. გზების დაზიანების გამო რამდენიმე უბანი სრულად მოწყდა გარე სამყაროს. მასშტაბური სამუშაოების დაწყებამდე ვცდილობთ აღვადგინოთ გზები ისე, რომ სასწრაფო სამედიცინო ან სხვა სახის სპეცდანიშნულების მანქანებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. ასეთებია სოფელი სულორი, სადაც თავად პრემიერიც ბრძანდებოდა და სოფელი ფერეთა. მას შემდეგ, რაც მთავრობა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელ თანხას გამოყოფს, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

დანგრეული ხიდი-ბოგირებიდან ზოგიერთი ბოლო წლებშია აგებული. სულორის ტერიტორიაზე არსებული ხიდი,  რომელიც დაინგრა, ჯერ კიდევ, საბჭოთა პერიოდის დროინდელია. დაზიანებულია ჩვენს დროს გაკეთებული ბოგირებიც.

საბედნიეროდ, ვანში მეწყერი არ ჩამოწოლილა. ძირითადი ზიანი მუნიციპალიტეტს მდინარე სულორმა და პატარა ღელეებმა მიაყენეს. მთაში მეწყრის გამო დაგუბებული წყალი ერთიანად მოვარდა და მდინარეების სწრაფი ადიდება გამოიწვია. ყველა ეს მდინარე ჩაედინება რიონში, რომელმაც  ჭარბი წყალი აღარ მიიღო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგუბდა. სანიაღვრე არხებმა ვეღარ დაიტია ასეთი ოდენობის ნაკადი და ამიტომაც გადმოვიდა გზებზე და ინფრასტრუქტურის ნგრევა გამოიწვია.

გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას დაეღუპა პირუტყვი და ფრინველი, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო. სამაგიეროდ, მასობრივად დაიტბორა სასოფლო სავარგულები და მოსავალი განადგურდა.

ცენტრალური ხელისუფლება დახმარებას დაგვპირდა, რადგან ამ ზარალის ანაზღაურებას მუნიციპალიტეტის სახსრები ვერ ეყოფა. სამუშაოებს კომისია ითვლის და მალე გვეცოდინება თანხის ზუსტი მოცულობა. მსგავსი მასშტაბის სტიქია ვანის მუნიციპალიტეტს არ ახსოვს. ამ დონეზე ადიდებული მდინარე სულორი ყველაზე მხცოვან ადამიანსაც კი არ უნახვს.

 

იმერეთში განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნო ქვეყნის პრემიერი, რომელმაც სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

სტიქიას ებრძოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ინფრასტრუქტურასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიც განადგურდა.

 

გელა მშვილდაძე _ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ სოფლებში წითელხევსა და როხში წყალმა ხიდები წაიღო. მოშლილია ნაპირსამაგრები, რის გამოც წყალი სახლებში შევარდა. შიგა-საუბნო გზების 80% განადგურებულია. სულ მთლიანად დაინგრა და დაზიანდა 9 ხიდი, რომელთაგან ზოგი ბოგირია. გარკვეული ხნით შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლაც, მაგრამ მისი აღდგენა ადგილობრივი ძალებით მოვახერხეთ.  ჩაიხერგა კურორტ საირმისკენ მიმავალი გზაც, თუმცა ტექნიკამ მთელი ღამე იმუშავა და დამსვენებლებს პრობლემები არ შექმნიათ. ჩაწყდა ბაღდათი-ზედა დიმის დამაკავშირებელი გზა, მაგრამ მოსახლეობას ამით პრობლემა არ ექმნება, რადგან არსებობს ალტერნატიული გზა.

 

ჯემალ მებუკე _ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ სტიქიამ 6 სოფელი მოიცვა. ძირითადად დასახლებული პუნქტები  დაიტბორა. მართალია, ცხენისწყალი კრიტიკულ ნიშნულამდე იყო, მაგრამ წყლის ნაკადმა ვერ შეძლო დამბის გარღვევა. მოსახლეობა მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზარალა. 200 ჰა-ზე სიმინდის ნათესები და ბოსტნეული განადგურდა. გორდი, მათხოჯი, ნახახულევის თემი, საწულუკიძეო, ახალშენი _ ესაა ის სოფლები, რომლებსაც ამ დღეების წყალდიდობა შეეხო. კარგა ხანია, ასეთი სტიქია ხონში არ დაფიქსირებულა.

წყლის მოვარდნის გამო პრობლემები შეიქმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც. გომის თემში არხების ჩახერგვამ გზის დატბორვა გამოიწვია. რიონის ადიდების გამო სახლები დაიტბორა ქუთაისშიც ვარლამიშვილის ქუჩაზე. მოსახლეობის დახმარებას სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.

გარდა გზებისა და ხიდებისა, იმერეთში  პრობლემები შეექმნა ტურისტულ ობიექტებსაც. გარკვეული ხნით შეფერხდა ტურისტების მომსახურება პრომეთეს მღვიმეში. წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა მღვიმის შესასვლელი ჩახერგა. ღორღით დაიფარა ტურისტული ბილიკი და დაზიანდა მუაჯირები. განათებაც ავარიულად გაითიშა. შეფერხებები შეიქმნა მღვიმის სანაოსნო მონაკვეთზეც. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მოისწრაფიშვილი მღვიმეში შექმნილ სიტუაციას გაეცნენ. ამ დროისთვის ტურისტული ობიექტი ვიზიტორებისთვის ღიაა და მათ მღვიმეში გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლიათ.

 

***

სტიქიას ებრძოდნენ სამეგრელოში.

 

ალექსანდრე გრიგოლავა _ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ წყალმა ჩამორეცხა გზები და წაიღო 2 ხიდი სოფლებში თამაკონსა და აბედათიში, სადაც შექმნილ სიტუაციას პრემიერიც გაეცნო. მოსახლეობას ამ ეტაპისთვის შესაძლებლობა აქვს, დროებითი გზით ისარგებლოს.  პარალელურად მიმდინარეობს კაპიტალური ხიდების დაპროექტება. ვინაიდან რეგიონი მაღალმთიანია, მოვარდნილი ღვარცოფის გამო დაზიანდა ბევრი გრუნტის გზა, რომელთა აღდგენა ამ ეტაპისთვის უკვე მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება დამეწყრილ ასფალტის საფარიან გზებს, უკვე ყველა გაწმენდილია და ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდება.

 

„ქრონიკა+“-თან ზარალზე საუბრობს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი _ გოჩა დგებუაძე:

_ ყველაზე დიდი პრობლემა შეიქმნა დამბის გარღვევის გამო. რიონმა არ მიიღო მდინარე ტეხურიდან და აბაშისწყლიდან მოვარდნილი უხვი რაოდენობით წყალი, რასაც მისი დამბაზე გადმოსვლა მოჰყვა. მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში გამოვიყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის ტექნიკა,  ვინაიდან დამბის შეკეთება აუცილებელია, მაგრამ ასეთი ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების საშუალებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებს, ამიტომ სენაკში დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებიდნ ველოდებით.

 

***

წლებია, ნალექის მოსვლის შემდეგ ქუჩების დატბორვა ბათუმელებისთვის ისევ პრობლემად რჩება. 8 ივლისის წყალდიდობამ მაიაკოვსკის, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, ბაგრატიონისა და გორგილაძის ქუჩებზე არსებული ეზოები და სახლების პირველი სართულები წყლით გაავსო. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დახმარების მოთხოვნით  მოსახლეობიდან 200-მდე გამოძახება დაფიქსირდა. ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული  წყალმოვარდნების გამო ბათუმის მერიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია.

 

გიორგი კირთაძე _ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე:

_ ბათუმში წვიმა არ არის იშვიათი მოვლენა, მაგრამ მთავარია, ხელისუფლებას მწყობრი გეგმა ჰქონდეს, რომ პატარა წვიმას დიდი ზარალი არ მოჰყვეს. ქალაქში ხორციელდება პროექტი, რომელიც გულისხმობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას, მაგრამ მისი განხორციელება 2012 წლის შემდგომ ძალიან აგვიანებს. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად არხები გაუწმენდავია და პატარა წვიმის დროსაც მცხოვრებლებს სერიოზული ზიანი ადგებათ.

ჩვენმა ხელისუფლებამ ბათუმში საუკუნის პროექტი დაიწყო _ წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია. 2014 წელს დასამთავრებელი პროექტი ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, მათ დახვდათ გამზადებული პროექტები, რომლის მიხედვითაც პარალელურ რეჟიმში მუნიციპალიტეტს სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაც უნდა განეხორციელებინა. ასეთი წვიმის დროს არ უნდა იტბორებოდეს ქალაქი. ჭაობის ის ნაწილი დაიტბორა, სადაც რეაბილიტაცია არ განახორციელეს, ან ახლა აქვთ დაწყებული. მართალია, ეს პრობლემა კომუნისტებიდან მოდის, მაგრამ იგი გეგმის მიხედვით გვარდებოდა. ცენტრალურ ნაწილში _ იქ, სადაც ჩვენ დავასრულეთ, წყალი არ დამდგარა.

_ როგორ შეაფასებთ ბათუმის მერიის ოპერატიულობას სტიქიის დროს?

_ ბუნებრივია, რიგით თანამშრომლებთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ამ ადამიანებს როცა ეტყვიან, გადიან და ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, მაგრამ კოორდინაციაში პრობლემაა. ქალაქის მერი ხშირ შემთხვევაში რეალობის არაადეკვატურია, ამიტომ რაღაცები კარგად ვერ ხორციელდება.

 

მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები დაფიქსირდა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რის გამოც დაზიანდა, ან სრულად განადგურდა გზები და ხიდები. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბში  მცხოვრები 320 ოჯახი გარე სამყაროს ხიდის დანგრევის გამო მოწყდა და გარკვეული ხნით მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა მოუწევთ.  ადიდებულმა მდინარემ შეიწირა ცხემვანის ხიდი ხულოში. შედარებით მცირეა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი ქობულეთსა და ხელვაჩაურში. მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილებას ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე. სიტუაცია გაართულა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყრის ჩამოწოლამაც.

 

ტარიელ ებრალიძე _ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ ჩვენთან სტიქია პირველად 28 ივნისს განვითარდა და მუნიციპალიტეტში ზარალმა, დაახლოებით, 800 000 ლარზე მეტი შეადგინა. ეს არის თანხა,  რაც სჭირდება ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენას, ხოლო რაც ამის გარდა დაზიანდა ადგილზე _ მიწის ნაკვეთები, სათავე ნაგებობები, სათევზე მეურნეობა და სხვ., ხარჯები, დაახლოებით, 105 000 ლარს შეადგენს. 28 ივნისს მდინარე ტბეთის წყალმა 5 სოფელთან (წაბლანა, ჩუნარეთი, ოფრინეთი, ლაკლაკეთი, სამოლეთი) დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რომლითაც 305 ოჯახი სარგებლობდა.

ამჯერად განვითარებული სტიქიის დროს კი დვანის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ორგანოში ჩაიკეტა გზა _ სოფელ ლომანაურსა და სოლიხევში.

რამდენიმე ოჯახის საკუთრებაში არსებული სავარგულები, რომლებიც მდინარის მარჯვენა სანაპიროზე იყო,   წყალმა წაიღო. სოფელ ქიცინიძეებში ამირან გოგიტიძის ოჯახი გვყავს, რომელიც გასახლებას ექვემდებარება და 25 000-იან პროგრამაში მოხვდა.

მოშლილია წყლის სათავე ნაგებობები და სარწყავი არხები. იმას, რასაც მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გასწვდება, სალიკვიდაციო სამუშაოებზე მივმართავთ. ასევე თანხები გამოიყოფა   მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან. თანხმობა დახმარებაზე მივიღეთ. ხიდებს საგზაო დეპარტამენტი და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთობლივად მოაწესრიგებს. პრემიერისგან დავალებაა და ვიცი, რომ უახლოეს ხანებში ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

 

სულხან ევგენიძე _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ, რა ოდენობის თანხაა საჭირო მუნიციპალიტეტში ზარალის ასანაზღაურებლად. ამ ეტაპისთვის გეოლოგიური სამსახური საეჭვო ადგილებს ამოწმებს. სტიქიის გამო მუნიციპალიტეტში 2 ადგილმონაცვლე ოჯახია, რომელიც უკვე გამოვიყვანეთ საშიში ზონიდან და დროებით ნათესავებთან აფარებენ თავს. აღნიშნული ოჯახების ქირით გადაყვანის მიზნით ორშაბათს სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ველოდებით გეოლოგიური სამსახურის დასკვნას იმის შესახებ, თუ რამდენადაა შესაძლებელი დაიწყოს სამუშაოები დამცავი კედლებისა თუ გზების აღდგენაზე. სწორედ ამის მიხედვით განხორციელდება საქმიანობა და სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ფინანსურ ოდენობაზეც ზუსტ მონახაზს დავდებთ.

 

დაბოლოს: წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტს სოლიდური თანხების გაღება მოუწევს სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად.  მართალია, სტიქიასთან ბრძოლა ადამიანების ძალებს აღემატება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ  ხშირ შემთხვევაში  გართულებების მთავარი მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია. ფაქტია, ხელისუფლების ოპერატიული რეაგირება და სამუშაოების ხარისხიანად განხორციელება მოუწევს, მით უმეტეს, მოახლოებული არჩევნების წინ, რაც მოსახლეობის განწყობის მთავარი კატალიზატორი იქნება.

 

                                                                                                       ხვიჩა ვაშაყმაძე