ლევან შონიას კოლექტიური ნეპოტიზმის სქემა

cf4

ახლისკენ მისწრაფება ადამიანის წარმოსახვის პირველი მოთხოვნილებაა, თუმცა საქმიანობა, რომლითაც სიახლეს ქმნი, იმ ზრახვების ნაყოფია, როგორი გულწრფელობითაც იწყებ საქმეს.

გუბერნატორ ლევან შონიას გაუჭირდება იმ საქმიანობის „გაკეთილშობილება“, რა გულწრფელობითაც რეგიონში ახალი გუნდი შექმნა. გუბერნატორის „გამბედაობა“, რომელიც წინდახედულებას არც ისე ემყარება, უბრალოდ, იღბლიანობას უფრო უნდა მიეწეროს, ვიდრე ხალხისა და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას.

სწორედ თავგამოდებული გამბედაობა არის მის მიერ შექმნილი ნეპოტიზმი, რომელიც შეგნებულად იმ განზრახვების საჭიროების მიხედვით დაიგეგმა, როგორადაც მისი ბიზნესწარმატება მოითხოვდა. მის საქმიანობას რაც უფრო ღრმად დაუკვირდებით, მით უფრო მარტივად ჩანს იმ კანონთა სიმარტივე, რითაც გუბერნატორი მოვალეობას ემსახურება.

 

შონიას ნეპოტიზმის სქემას „ქრონიკა+“ გაშიფრულად მოგაწვდით: 

ერთი შეხედვითაც გაგიჩნდებათ შეკითხვა, რა მორალური კოდექსით, თუ ზნეობრივი პრინციპით შეიძლება გაბედოს ერთმა ადამიანმა თანამდებობის ასე „მორგება“, რომ არა ისეთი მფარველი, რომელიც ბატონობის ძალას შეჰმატებდა ბატონ შონიას. ეს ძალა თამაზაშვილ-ღარიბაშვილთან მეგობრობა და ბიზნესპარტნიორობა არის.

დღემდე კი ამ გავლენის შენარჩუნება კრემლის გენერალ-მაიორ სერგეი ჩაბანთან და გენერალ-მაიორ ვლადიმირ უსტინოვთან მეგობრობის დიდი გეგმის პატარა ნაწილია. „მოწმეთა“ დაუსწრებლად შექმნილი ლევან შონიას პირადი საქმე „ფსბ“-ს „სკივრში“ წლებს ითვლის. რეკომენდატორის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კრემლის პოლკოვნიკი შონიას დიდი ბიძა, გრიგოლ (გრიშა) შონია, „გრუს დაფასებული“ გენერალიტეტის სიის სათავეში საპატიო ადგილს ამართლებს.

გენერლებთან, რომლებთანაც ბატონ გუბერნატორს მეგობრული ურთიერთობა აქვს, აფხაზეთის ოკუპაციის განსაკუთრებული დამსახურებით გამოირჩევიან.

სერგეი ჩაბანი _ აფხაზეთში რუსი ოკუპანტების კოლექტიური ძალების სარდალი, რომელიც ოკუპაციიდან დღემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო შენაერთების მძიმე შეიარაღებას კურირებს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობას და სამხედრო საგუშაგოების (ბლოკპოსტები) განლაგებას პირადად ხელმძღვანელობს. მანამდე ე. წ. სამშვიდობო მისიის მანდატით ზუგდიდსა და წალენჯიხაში რამდენიმე ადგილას რუსების დისლოცირების ბაზებს აკონტროლებდა, ასევე მესტია-კოდორის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე გახსნილ საგუშაგოებს, რომელზედაც მძიმე შეიარაღება ჰყავდა განლაგებული. ჩაბანის წარმომადგენელი სამეგრელოში ვლადიმირ როგოზინი იყო.  აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას ასევე რუსეთის თავდაცვის გენერალიტეტის გამორჩეული გენერალ-მაიორი, ვლადიმირ უსტინოვი  ხელმძღვანელობდა. უსტინოვის დაკავებული თანამდებობებიდან ჩანს, რომ პუტინის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირია.

2000-2006 წლებში მას რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა, 2006 წლის 24 ივნისიდან 2008 წლის 12 მაისამდე იყო რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი, ხოლო ამავე წლის 14 მაისს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბრძანებით რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა და განსაკუთრებული ნდობის გამო 2008 წლის რუსულ-ქართულ ომს ხელმძღვანელობდა. ასეთ გენერლებთან მეგობრობა ღირსებაზე და პატრიოტიზმზე შეკითხვას საკუთარ თავში უნდა აჩენდეს, რადგან ოკუპანტების დამსახურების მიხედვით მეგობრობას ვერ გავამართლებთ.

ჭუბურხინჯის ოთხმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ლევან შონიას ძმა, მამუკა შონია, რომელიც ვლადიმირ როგოზინს ხშირად სტუმრობდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში დისლოცირებულ სამხედრო ბაზაზე. ლევან შონიამ ნეპოტიზმი თავისი ძმის, მამუკა შონიას დანიშვნით დაიწო. ძალოვნებში შერჩეული ნათესავები და მეგობრები საჭირო თანამდებობებზე განზრახვის მიხედვით დანიშნა. მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოკუპაციის ხაზსა და მის სიახლოვეს მდებარე სოფლებს მთლიანად მამუკა შონია აკონტროლებდა. 2012-2015 წლებში შსს-ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ამჟამად სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რომელიც შავი ზღვის აკვატორიას აკონტროლებს.

დღეს „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნებს ფოტომასალას, სადაც აღბეჭდილია ტყვარჩელში ქვანახშირის მოპოვება, რომელსაც თურქული კომპანია „ენტო“ ახორციელებს და შავი ზღვის აკვატორიის გავლით თურქეთში გააქვს. ფოტომასალაზე ასევე დაფიქსირებულია ზურაბ გიძბა _ აფხაზეთის სანაპირო დაცვის უფროსი და მისი მოადგილე პოპოვი. დღეს კონტრაბანდის ახალი გზა შავის ზღვის სანაპირო ზოლი გახდა თურქეთიდან სოხუმამდე. სწორედ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოხუმსა და გაგრაში საოჯახო სასტუმროების, ასევე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობისთვის სამშენებლო მასალები, დიდი რაოდენობით, გემით შეაქვთ. მშენებლობებს, ძირითადად, რუსული კომპანიები ასრულებენ. აფხაზეთის გამორჩეული ადგილები რუსებს აქვთ საკუთრებაში.

ზუგდიდში დისლოცირებულ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსად დეიდაშვილი ბადურ შენგელია დანიშნა. სამმართველო, სადაც 510 თანამშრომელი ირიცხება, მთლიანად ოკუპაციის ხაზზეა განლაგებული. სწორედ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა იყო წინასწარი განზრახვის შედეგი, რადგან ოკუპაციის ხაზი ლ. შონიას შემოსავლების ერთ-ერთი წყაროა. მეორე დეიდაშვილი, ფრიდონ შენგელია, აფხაზეთის სუს-ის განყოფილების უფროსად გადაიყვანა, რომლის მოვალეობაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაგზავნაა. აქაც მისი საზრუნავი ის არის, რომ ყველა ინფორმაცია მასთან შეთანხმებით მიეწოდოს ცენტრალურ ხელმძღვანელობას. შსს-ს სამხარეო პოლიციის მთავარი დეპარტამენტის უფროსი, გიგა ზესაშვილი, მისი უახლოესი მეგობარია, რომლის პროტეჟეობით დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას, ასევე რეგიონში ყველაზე მაღალი ძალოვანი თანამდებობის პირია, რომელიც ჰაერივით საჭიროა შონიას განზრახვებისთვის. კიდევ ერთი ძალიან ახლობელი და მისი მარჯვენა ხელი, განსაკუთრებულად მორჩილი ზუგდიდის პოლიციის უფროსი, კობა ხარებავა (მეტსახელად „კორმა“), თანამდებობაზე რომ შეენარჩუნებინა, სამეგრელოს რეგიონის ყველა რაიონის პოლიციის უფროსად შემოატარა და ბოლოს ისევ ზუგდიდში დანიშნა. ესეც მისი ჩანაფიქრის ერთი ნაწილია. თუმცა უფრო დიდია იმ ადამიანთა ნუსხა, რომლებიც შონიას გეგმის მიხედვით თანამდებობებზე მოხვდნენ.

მის მიერ შერჩეული ყველა თანამდებობის პირის ძირითადი კრიტერიუმი ძველი მეგობრობაა.

გოგი ნაჭყებია _ სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის დეპარტამენტის უფროსად ლევან შონიას სამხარეო პოლიციის უფროსობისას დაინიშნა. 2003 წლამდე უშიშროების უფროსი იყო; 2012 წელს, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების პერიოდში, კონტრაბანდული ტვირთის, ხიზილალის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანისთვის დააკავეს.

იმ პერიოდში ის შსს-ს აფხაზეთის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც ანზორ მარგიანი იყო. თუმცა ხელისუფლების შეცვლისთანავე, ირაკლი ალასანიას დაჟინებული მოთხოვნით, ალასანია-ჩიხლაძის ბესელიასთნ სატელეფონო ზარების შედეგად ციხიდან განთავისუფლდა და დაუყოვნებლივ, რეგიონში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა.

გიორგი ხურციას რეგიონში სუს-ის უფროსად დანიშვნა და შემდეგ მისი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გადმოყვანა გუბერნატორ ლევან შონიას კოლექტიური ნეპოტიზმის გამარჯვებაა.

 

                                                                                                                               ეკა ურიდია