ბათუმში სკამები ამოიზნიქება, ანუ მიშას ტესტი #1

ce3

 

2012 წლის 20 აგვისტოს, ჯერ კიდევ, პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ლევან ვარშალომიძეს ერთ-ერთი ბოლო დავალება მისცა: ვისაც ჩაზნექილი სკამები ენატრება, ხომ გაქვს ჯართში გასაგზავნად გადანახული, მიდი და სახლში გაუგზავნეო.

ამით პრეზიდენტმა რამდენიმე დღით ადრე ბათუმში ჩატარებულ, „ქართული ოცნების“ მასშტაბურ წინასაარჩევნო მიტინგზე გამოხატულ ნოსტალგიას დასცინა, მხატვარმა კაკო ძნელაძემ რომ გამოთქვა და მისი მხატვრული გამოსვლით პირდაღებულმა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ივანიშვილმა ხელის გულები რომ ლამის გადაიყვლიფა ტაშისცემით.

 

„მე მშვიდი, ჩაზნექილი სკამები მომენატრა შენს ბულვარში, ჩემო ბათუმო!“ _ თქვა მაშინ მხატვარმა კაკო ძნელაძემ.

ისე, ცუდი იდეა არ იქნება, 2012 წლის დავალებას ვარშალომიძემ ახლა მიხედოს: მაგალითად, ბათუმის ბულვარში მართლაც მოაწყოს ე. წ. ნოსტალგიის კუთხე და იქ ჩაზნექილი სკამები დადგას _ ივლის, ვისაც მოენატრა.

ბოლოს და ბოლოს, თუ მართლაც ენმ და მისი რჩეულები აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, მეოცნებეებს გულის მოსაოხებელი ადგილი ხომ უნდა დაუტოვონ? ჰოდა, შეიკრიბებიან იქ, ჭადრაკს, ან დომინოს ითამაშებენ და საბჭოთა, ჩაზნექილსკამებიან ბათუმს გაიხსენებენ.

მაგრამ ამისთვის ერთი მთავარი, არცთუ მარტივი პირობაა შესასრულებელი: ვარშალომიძემ, ანუ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში (და არა მარტო) უნდა გაიმარჯვოს. ეს კი მარტივი არ იქნება, თუმცა თუ თავად ვარშალომიძეს დავუჯერებთ, აუცილებლად მოხდება…

მანამდე კი იყო ანონსი ოდესიდან და ეს ანონსი იყო მიშასი, _ ვარშალომიძე ბრუნდება! გინდა-არ გინდა, ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის პირველი ყველაზე ხმაურიანი, ხალხმრავალი და მასშტაბური რეტრომოვლენა მაინც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

ლევან ვარშალომიძის დაბრუნების იდეა თავად მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. სწორედ მან დაიბარა უკრაინაში აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური და იმის მიუხედავად, რომ არ იყო გამორიცხული, მისი დაბრუნებისთვის ხელი შეეშალათ, სარფის სასაზღვრო პუნქტიდან მისი დაბრუნების ხმაურიანი აქცია მაინც დაიგეგმა.

სააკაშვილმა მიიჩნია და ვარშალომიძეც დაეთანხმა, რომ თუ დაკითხვებს გააგრძელებდნენ და მეტიც, ვარშალომიძეს სულაც, დააკავებდნენ, ეს კიდევ უკეთესი იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო მარათონისთვის. დანარჩენი უკვე დეტალები გახლდათ და მიშამ ეს დეტალებიც ისე მოაგვარა, როგორც სჩვევია _ სარფში ვარშალომიძეს ადამიანი-პოზიტივი (ვისთვის _ ორგანოების მჭრელი ყასაბი) _ სანდრა რულოვსი უნდა დახვედროდა.

აქვე ისიც დავამატოთ, რომ ღონისძიება მასშტაბური უნდა გამოსულიყო და ამისთვის სააკაშვილმა სწორედ ის მთავარი კოზირი გამოიყენა, რაც ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას დროში დაემთხვა _ ოდესაში ენმ-ს რეგიონული ლიდერები და პარტიის ბომონდი იყო ჩასული, შესაბამისად, მათ დავალება მიიღეს, რასაც რიგითი წევრები სიამოვნებით შეუერთდნენ _ სარფთან ლევან ვარშალომიძეს უნდა დახვედროდნენ.

საბოლოო ჯამში, ეს დახვედრა მართლაც მასშტაბური და სანახაობრივი გამოდგა: აქტივისტებს ცოცხალი ჯაჭვის შეკვრაც კი დასჭირდათ ვარშალომიძისა და სანდრა რულოვსის ირგვლივ, რომ ხალხის მოზღვავებულ ტალღას ისინი არ წაექცია.

დაბრუნებამდე კი, რასაკვირველია, ოდესაში ის დეტალებიც განიხილეს, თუ რა გეგმებითა და პროექტებით უნდა წარსდგეს ლევან ვარშალომიძე აჭარის მოსახლეობის წინაშე. პირველი დღეები კონკრეტულადაა გაწერილი: ჯერ ბათუმის ცენტრში გასვლა და ხალხთან გასაუბრება, მერე რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები.

ასეთ დახვედრას და წინასაარჩევნო შეხვედრებს ერთი დადებითი მხარეც აქვს ენმ-სთვის _ ვარშალომიძის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ბუმი, მისი ატაცება მასმედიით არის „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ დახლილი პოლიტიკური ტყვია და ამ პროცესის აღწერა პოპულარული ფრთიანი ფრაზით შეიძლება: „მოწინააღმდეგის ბანაკში არეულობაა“…

რა გეგმები აქვს ვარშალომიძეს? რას აპირებს და რით დაუპირისპირდება იგი ადმინისტრაციულ რესურსს?

ცხადია, მას დრო უქმად არ დაუკარგავს _ საქართველოდან წასვლა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნია. ამიტომ, როცა წასული იყო, ახალ გამოცდილებას იძენდა და ახალ პროექტებზეც ფიქრობდა. ამასთან, ცხადია, არც ძველსა და გაჩერებულს დაივიწყებს. სათქმელი მართლაც ბევრი აქვს: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამ ხელისუფლების მიერ ხელახლა გახსნილი ანბანის კოშკი, მერიის აეროპორტის მშენებლობის შეჩერება და კიდევ უამრავი პროექტი, რომელიც დაკონსერვდა:

ფაქტი ისაა, რომ თუ მიშას ხელისუფლების დროს ბათუმი შენდებოდა და მშვენდებოდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესისგან თითქოს განცალკევებული იყო და ამით სარგებელს ნაკლებად იღებდა, რამაც გაუცხოება გამოიწვია, „ოცნების“ ხელისუფლების დროს მეორე უკიდურესობა აღინიშნა:

საერთოდ, ყველანაირი მშენებლობა და განვითარება შეწყდა. ასე რომ, ახლა ლევან ვარშალომიძეს ოქროს შუალედის პოვნა მოუწევს _ რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა მოიგებს არჩევნებს.

რას აპირებს „ქართული ოცნება“ აჭარის რეგიონში და რას დაუპირისპირებს ენმ-ს ამ მოულოდნელ ნაბიჯს, ცოტა ხანში გავიგებთ.

ჯერჯერობით ვერაფერი დაუპირისპირა _ როგორც ჩანს, მოჭიდავეები და სხვა კუნთმაგრები ან დამსახურებულ შვებულებაში გავიდნენ და სადმე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იკაჟებენ სხეულს (ოქტომბერი ხომ ჯერ წინაა), ან, კიდევ, ეს კუნთმაგრები ხო, ძირითადად, უცნაური ხალხია და სულაც, კორცხელი უკეთეს ტურისტულ ზონად მიაჩნიათ, ვიდრე სარფი და ბათუმი…

ახლა ვიღაც გამოხტება და იტყვის, _ ფეხსაცმელი ხომ ესროლეს სარფშიო, მაგრამ ეგ არ ითვლება: ჯერ ერთი, სროლა ვერ მოასწრო იმან, ვინც აპირებდა, მეორეც, „ოცნების“ ადგილას მაგ ფეხსაცმლის მსროლელისგან დისტანცირებას ვარჩევდი და მესამეც, რომც ესროლა, ენმ-ს ეს მხოლოდ კარგად აქვს დაცდილი _ განმუხურში მიშასაც დაუპირეს სროლა, მაგრამ თვითონ აიღო ის ქალის ფეხსაცმელი ხელში და, _ ეს რომელი კონკიასია, უნდა მოვძებნოო, _ ღიმილით თქვა…

სინამდვილეში კი „ქართული ოცნების“ ვერტიკალში იმის გათვალისწინება მოუწევთ, რომ ახლა 2012 წელი არაა და ინერციით არჩევნებს ვერ მოიგებენ, მით უმეტეს, ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტებულობის, მის წარმომადგენელთა კომიკურ ფიგურებად გადაქცევის შემდეგ.

ალბათ, საქართველოს არც ერთ რეგიონში ადგილობრივ ხელისუფლებას იმდენი სისულელე არ ჩაუდენია და იმდენი სასაცილო ნაბიჯი არ გადაუდგამს, რამდენიც აჭარის ხელმძღვანელობამ, დაწყებული VIP პერსონობაზე პრეტენზიით, ბათუმის სანაპიროზე „ბუტკების“ ჩადგმითა და გადაღებვით, თუ ზღვით გადატანილი ხეტიტის „გაპრავებით“.

მათ ფონზე ლევან ვარშალომიძე მართლაც საკმაოდ აკადემიურად და თავდაჯერებულად გამოიყურება, ამომრჩეველს კი, როგორც ჩანს, ჩაზნექილი სკამები კი არა, ხელისუფლებაში სწორედ ასეთი _ თავდაჯერებული და შენების შემძლე ადამიანები მოენატრა.

თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, რადგან ისიც ცხადია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპროგნოზირებადი საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება…

 

                                                                                                                   ლაშა ბერულავა