ოთარ გამყრელიძე: „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში არ იმუშავებს!“

t1

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე, „ქრონიკა+“-თან სასამართლო სისტემაში არსებულ რეალობას აფასებს. ის ლევან მურუსიძის ცნობილ განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ იგი ტყუის, რადგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო.

 

„ქრონიკა+“-ს ოთარ გამყრელიძე ესაუბრება:

_ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. დიდი დროა უკვე გასული, რაც ხელისუფლება შეიცვალა, 4 წელი სრულდება და, რასაკვირველია, ჩემი შეხედულებები მაქვს. პირველი: სასამართლო, რომელიც 2005-დან 2012 წლამდე მუშაობდა, არ იყო სასამართლო, ის იყო სააკაშვილის სასამართლო. ამ საკითხზე 2008 წელს მასალაც გამოვაქვეყნე, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. არადა, ამ პერიოდით შესაძლებელია დაახასიათო „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მოღვაწეობა და რატომ _ ყოველი დამნაშავე ცდილობს და ბევრი აღწევს კიდეც, რომ სამართალი მოშალოს. ვინც გინდა დაიჭირე, ვინც გინდა მოკალი, შენს ქმედებებში თავისუფალი ხარ, სწორედ ამით დაიწყო, რომ 2005 წლიდან გამოყარეს კანონმორჩილი მოსამართლეები და თავიანთი მორჩილები ჩასვეს. მერე თქვენც კარგად იცით, რაც მოხდა. 2012 წელს ხალხი მოელოდა, ეს ყველაფერი მზის სინათლეზე იქნებოდა გამოტანილი და დამნაშავეები პასუხს აგებდნენ. რამდენიმე მაღალჩინოსანი დაიჭირეს, მაგრამ იმას, რასაც ხალხი ელოდა, არ მოხდა. არ შეიძლება, ხელისუფლების ცვლილება დადებითად არ შევაფასოთ, მაგრამ არ შეიძლება, დამნაშავე დაუსჯელი დადიოდეს, რადგან ეს არის ახალი დანაშაულის წყარო. სისხლის სამართლის კოდექსი ავიღოთ, 4 წელია ველოდები, რაც სააკაშვილმა ამ კოდექსში 2004 წლიდან შეიტანა, შეიცვლებოდა. კომისია მუშაობდა, მეც დამიძახეს, თითქოს რაღაცას მეკითხებოდნენ, მაგრამ ვინ გიჯერებდა?! ნეოკომკავშირელი გოგო-ბიჭები ისხდნენ და რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. დღემდე პარლამენტში პროექტიც არ არის შეტანილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვკითხე და ინფორმაცია მისგან მოვიპოვე. არადა, იქ ისეთი ცვლილებებია გასაკეთებელი, ასე გაჩერება არ შეიძლება. ერთ მაგალითს დავასახელებ: სისხლის სამართლის 52-ე მუხლში გვიწერია, რას ნიშნავს ქონების ჩამორთმევა, როგორც სასჯელი. ქონების ჩამორთმევაში მითითებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა. ე. ი. ქურდმა რომ ვიღაც გაქურდა, ეს ნაქურდალი გადაეცემა სახელმწიფოს. მე რომ გამქურდეს, ან ქურდი წაიღებს ამ ქონებას და ვეღარ ვნახავთ, ან _ სახელმწიფო და ეს არის სასჯელი. ერთი სიტყვით, ჩემი ქონების ჩამორთმევით იმას სჯიან და მე უნდა ვედავო ქურდს. რას მიაღწევ?! შეიძლება, წავიდეს და დაიმალოს, ან არ აღმოაჩნდეს ქონება. იყო ასეთი შემთხვევა: ქუთაისიდან 203 კაცი წავიდა თურქეთში, წვრილმანი ნივთები შეისყიდეს, გადამზიდველი კომპანიის მანქანა კანონიერი გზით დაიქირავეს, მძღოლმა ტვირთის გადმოტანისას სარფის საბაჟოზე წესები დაარღვია, სტაცეს ხელი და თავის მანქანიანად ქონება ჩამოართვეს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 52-ე მუხლის გაუქმების მოთხოვნით შევიდა. ამ დროს სპეციალისტად ვიყავი მიწვეული. რასაკვირველია, სარჩელის მხარდასაჭერად გამოვედი, მაგრამ უშედეგოდ. ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ქონებაზე იყო ლაპარაკი. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მოედავე იმ კაცსო. ამ თანხას რომელი მძღოლი აგინაზღაურებს?! ეს ხალხი მშიერი დარჩა და არაფერი გამოვიდა. ეს მუხლი დღემდე მუშაობს. აღარ ვლაპარაკობ სხვა მუხლებზე. ეს ქვეყანაა, ეს სამართალია?! სახელმწიფო ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჩაიდოს ჯიბეში ხალხის ხარჯზე. ეს არის ჩვენი უბედურება! ასეთი მუხლები მაქვს მხედველობაში და დღემდე რა უნდოდა ამის შეცვლას, რა დიდი თანხები ამას სჭირდებოდა?! მით უმეტეს, კომისია მუშაობდა. ახლა ვხვდები, იმიტომ მიმიწვიეს, მერე არ მეთქვა, რატომ არ მეკითხებით-მეთქი, ან სათქმელი ჰქონოდათ, რომ პროფესორები ჰყავდათ მიწვეული, თორემ ვინ გიჯერებდა?!

_ თქვენ როგორ ხსნით, დღევანდელმა ხელისუფლებამ რატომ არ შეცვალა?

_ ძალიან ძნელია ამის ახსნა. ბევრ რამეში ისევ ძველი კადრები არიან ჩამსხდრები. არ არის გამორიცხული, რომ გარედანაც იყოს ზემოქმედება. კონკრეტულად ამ საკითხებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვა ბევრი საკითხია, რომელზედაც გარე გავლენები ვრცელდება. თქვენ მკითხეთ, რა ხდება სასამართლოშიო? იქაც ჯერ კიდევ ძველი კადრია. ბევრ მოსამართლეს ვადაც არ გასვლია.

_ მურუსიძეს ხომ გაუვიდა ვადა, მაგრამ მან ამ ხელისუფლების პირობებშიც მოახერხა სასამართლო სისტემაში თავის დამკვიდრება. ივანიშვილმაც დაუჭირა მხარი და მისი სიტყვები გაიმეორა, მანტიას ხომ არ გაიხდიდა, კანონი რის საშუალებასაც აძლევდა, ის გადაწყვიტა გირგვლიანის საქმეზეო…

_ როდესაც მურუსიძე ამას ამბობს, იმას ივანიშვილი კი არ უნდა ელაპარაკებოდეს, არამედ პროფესიონალთან უნდა საუბრობდეს. მურუსიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ არ შეეძლო, სხვანაირი სასჯელი გამოეყენებინა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. მას შეეძლო, სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. როგორ? კანონი არის ორნაირი _ კანონი და სამართლიანი კანონი. კანონი შეიძლება იყოს სამართლიანი და უსამართლო. ამიტომ მას არ აქვს უფლება, გამოიყენოს უსამართლო კანონი. რუსთაველს დავიმოწმებ: „ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“. ე. ი. მისი გაგებით სამართალი ორნაირი ყოფილა _ სამართალი და მართალი სამართალი. ის გეუბნება, თუ მართალ სამართალს განახორციელებ, ხმელს გაანადლებს, ისეთი ძალა აქვსო. როგორ ამბობს, სხვანაირად არ შემეძლოო, ვიტყვი, რომ შეეძლო და კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვებით: სამამულო ომში გერმანია რომ დამარცხდა, ორად გაიყო _ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიად. ბერლინიც დაანაწევრეს და კედელი იყო გავლებული, რომელსაც აღმოსავლეთიდან იცავდნენ ჯარისკაცები, რომ იქით ვინმე არ გადასულიყო. თუ გადავიდოდნენ, სროლის უფლებაც კი ჰქონდათ. ეს ხალხი 1990 წელს გაასამართლეს, როდესაც გერმანია გაერთიანდა. გასამართლების დროს თავს იმართლებდნენ, ჩვენ კანონს ვიცავდითო. აი, მურუსიძე! სასამართლომ უპასუხა, თქვენ უსამართლო კანონს ასრულებდით და ამიტომ უნდა დაისაჯოთო. მაინც დასაჯეს, რატომ? უსამართლო კანონს ასრულებდა! 30-იან წლებში დახვრიტეს ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ეს კანონი იყო?! კანონი იყო, მაგრამ არ იყო სამართალი! ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა რუსთაველმა, რომ კანონი არის კანონი, მაგრამ არის უსამართლო და სამართლიანი კანონიო. ამიტომ მოსამართლემ უნდა შეასრულოს სამართლიანი კანონი და დღესაც ასეა. უსამართლო კანონი შეასრულა და ვის ატყუებს მურუსიძე?! შესაბამისად, ტყუიან ის პირები, რომლებიც მურუსიძეს ამართლებენ! მურუსიძემ უნდა იცოდეს, რომ ის ასრულებდა უსამართლო კანონს და ამის უფლება მას არ გააჩნდა, ამიტომ ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს!

_ როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეიცვალა, საზოგადოება გარკვეულ სასიკეთო ცვლილებებს ელოდა. თქვენ ადრე მითხარით, რომ პირველი ადამიანი იყავით, რომელმაც პრეზიდენტთან გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. როგორ ფიქრობთ, გვენეტაძის მოსვლით რატომ არ გამართლდა ის იმედი, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ ჰქონდა?

_ სასამართლო სისტემის დღევანდელ ვითარებაში შიგნიდან არ ვარ ჩახედული და მოვლენებს მხოლოდ გარედან ვაკვირდები. რასაკვირველია, ნინო გვენეტაძეს ვერ დავაბრალებთ დღევანდელ ამ ვითარებას. როგორც ჩანს, მას არ აქვს საშუალება, იმდენი გააკეთოს, რაც გასაკეთებელია. მარტო ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ ყოფნაზე არ არის ლაპარაკი, სისტემის შიგნით ჯერ კიდევ არიან დარჩენილი მოსამართლეები, რომელთაც ვადა არ გასვლიათ. იმათ ასე ადვილად ვერ მოერევა, რადგან გარანტიები აქვთ მიცემული და ამაზე მთელი ამბავი ატყდება, სულ პოლიტიკურს გაიძახიან. წადი ახლა და დაარწმუნე დასავლეთი, რომ ეს ხელისუფლება მართალია. ამის გაკეთება ახლა ძალიან ძნელია და დრო სჭირდება. მე ამ საკითხს ნინო გვენეტაძის მიმართ ასე ვუდგები.

_ პოლიტიკური პროცესები ახსენეთ, მერაბიშვილის მიმართ სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც გარკვეულ ნაკლოვანებებზეა საუბარი…

_ პოლიტიკურ დევნაზე ყველას შეუძლია ილაპარაკოს, თუ სასამართლოში გადაწყვეტილება  გაბატონებული პარტიის სასარგებლოდ გამოვიდა. განაჩენი ფასდება სამართლებრივი დასაბუთებით. თუ ასე არ არის, მერე შეიძლება თქვა, _ ეს დაუსაბუთებელი განაჩენი გამოვიდა იმიტომ, რომ პოლიტიკური ბრძოლააო. მიდგომა ერთადერთია, _ რამდენად დასაბუთებულია სამართლებრივად?

_ საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი ნელ-ნელა მკვიდრდება. თქვენი აზრით, ეს ინსტიტუტი შეუწყობს თუ არა ხელს, რომ დღევანდელ ფონზე სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს?

_ ნაფიცი მსაჯულები წყვეტენ საკითხს _ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს, თუ გამამართლებელი? ამის საფუძველზე შემდეგ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს თუ გამამართლებელი, ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის. თითქოს სასჯელის მისჯა წმინდა იურიდიულია და იმის გადაწყვეტა, ადამიანი დამნაშავეა თუ არა, ადვილი. ერთ მაგალითს გეტყვით: მე-19 საუკუნის 60-იან წლებში რუსეთში უკვე დამკვიდრებული იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ამ დროისთვის ცნობილია ავსიანიკოვის საქმე. ეს კაცი გახლდათ მეწისქვილე, რომელსაც თავისი წისქვილიდან დიდი შემოსავალი ჰქონდა. ერთ დღეს ეს წისქვილი დაიწვა. ამან გამოიწვია ეჭვი, რადგან წისქვილი მოძველებული იყო და შეკეთებას საჭიროებდა. წისქვილი დაზღვეული იყო და ავსიანიკოვმა ეს სადაზღვევო თანხა მოითხოვა. სადაზღვევო კოპანიამ ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ წისქვილში ცეცხლი გაჩნდა ერთდროულად ოთხივე კუთხეში. ეს ხომ შეუძლებელია? ე. ი. აქ იმის ხელი ურევია, ვინც წისქვილის დაწვით არის დაინტერესებული, ანუ მეწისქვილის. ასეთი რთულად დასადგენი საკითხები როგორ უნდა შეაფასონ იმ ადამიანებმა, რომელთაც შეხება არ აქვთ სამართალთან?! მტკიცებულება საპროცესო მხარეა და საპროცესო მხარეს მსაჯულები ადგენენ და სასჯელის საკითხს სასამართლო წყვეტს?! სხვა მაგალითებიც შემიძლია მოვიტანო. მე იურისტი რომ გავხდი, მაშინ მივაგენი და არაიურისტი ხალხი ამას ვერ გადაწყვეტს. საერთოდ, საქართველოში ბრმად გადმოაქვთ ყველაფერი. თუ ჩვენ რეალობას არ მოერგო და რაღაცები არ შეიცვალა, ეს ინსტიტუტი არ იმუშავებს. ჩვენში მიღებულია, რომ სპეციალისტს არაფერს ეკითხებიან. დაინახავენ უცხოეთში და გადმოაქვთ, არ ითვალისწინებენ, რომ იმათ თავიანთი პრაქტიკა აქვთ, ის ხალხი სხვაგვარად აზროვნებს და სხვა. მე, მაგალითად, ამ ინსტიტუტის მომხრე არ ვარ!

 

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი