ვალერი გრიგალაშვილი თეა წულუკიანის წინააღმდეგ! – რა მისწერა თბილისის ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძეს?

dedss

2016 წლის 29 ივნისს პარიზში, გამთენიისას მძიმე ავადმყოფობის შედეგად კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე _ სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებას დაუყოვნებლივ მოჰყვა პოლიტიკური სპეკულაციები. „ქართული ოცნებისმომხრეებმა სულხან მოლაშვილი წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადეს. „ვარდების რევოლუციისშემდეგ სულხან მოლაშვილი დაკავებას ელოდებოდა. მას მძიმე და სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან. ამბობდნენ, რომ სააკაშვილის გაბრაზება იუსტიციის სამინისტროს ხარჯების შემოწმებამ გამოიწვია. ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას. საბოლოოდ, კონტროლის პალატის ეს დასკვნა თვალით არავის უნახავს. ზოგადად კი ახალგაზრდა თაობის დაპირისპირებას ოსტატურად იყენებდა სახელმწიფოს მაშინდელი მეთაური, ედუარდ შევარდნაძე. ის სწორედ ამ დაპირისპირების ხარჯზე ახერხებდა ძალაუფლების შენარჩუნებას.

ფაქტია, რომ სულხან მოლაშვილი, სხვა ჩინოვნიკების მსგავსად, ქვეყნიდან არ გაქცეულა, ის დააკავეს და რამდენიმე წელიწადი საპატიმროშიც გაატარა.

მის გარდაცვალებაზე მოვიშვიშე მეოცნებეებს არც კი გაახსენდათ, რომ მოსამართლე, რომელმაც კონტროლის პალატის თავმჯდომარე გაასამართლა, _ ლევან მურუსიძე, _ დღეს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია. მურუსიძე დღემდე აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილი კანონის ფარგლებში გაასამართლა და დამსახურებულად გაისტუმრა საპატიმროში.

აწამეს თუ არა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე? ამ საკითხზე, თავის დროზე, გამოძიება ჩატარდა და დაასკვნა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. „ოცნებისხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაზე არც უფიქრია და ყველა ის პირი, რომელიც წლების განმავლობაში მოლაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში იმხილებოდა, დღემდე დაუსჯელია.

ქრონიკა+“- ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელიც თბილისის ყოფილმა პროკურორმა, ვალერი გრიგალაშვილმა, საქართველოს ამჟამინდელ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს გაუგზავნა. „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ მას და თუ რომელიმე სხვა მხარეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვის სურვილი ექნება, აუცილებლად მივცემთ ამის საშუალებას.

 

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში ერთი წელი შესრულდა, რაც იძულებული გავხდი და „ნებაყოფლობით“ დავწერე განცხადება და დავტოვე პროკურატურის რიგები.  როგორც გავარკვიე, ჩემი „მეორე ოჯახიდან“, ანუ პროკურატურიდან წამოსვლის საწინდარი იყო „ოცნების“ პოლიტსაბჭოზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განსაკუთრებული აქტიურობა, სადაც მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოება დაარწმუნა, თითქოს მე მონაწილეობა მქონდა მიღებული კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. საეჭვოდ დაინტერესებულმა წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, თითქოს მოლაშვილი აწამეს. ანალოგიური შინაარსის წერილი გაუგზავნა ევროსასამართლოსაც. იუსტიციის მინისტრის ეს განცხადებები არა მხოლოდ არ გამომდინარეობდა ფაქტზე პროკურატურის მიერ წარმოებული საქმის მასალებიდან, არამედ ეწინააღმდეგებოდა საქმის მასალებს. როდესაც წულუკიანი არ გახლდათ საჯარო მოხელე, მაშინ, ალბათ, შეეძლო ნებისმიერი განცხადების გაკეთება, მაგრამ როდესაც ის იუსტიციის მინისტრის რანგში ითავსებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, ვალდებული იყო, ამ საქმეზე განეცხადებინა ის, რაც გამოძიებამ დაადგინა. სხვა შემთხვევაში აშკარად იკვეთება მისი არაობიექტური დაინტერესება და ღრმა დანაშაულებრივი ჩანაფიქრი. შევეცდები, მოკლედ მოგახსენოთ, რა დაადგინა ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოძიებამ და როგორ უგულებელყო თეა წულუკიანმა გამოძიების შედეგები, გამოიჩინა აშკარად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგად, გამოძიების მასალების გვერდის ავლით აღიარა ყველა პრეტენზია, რაც სულხან მოლაშვილს გააჩნდა და მასთან გააფორმა მეგობრული შეთანხმება.

2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს მოხდა თუ არა მოლაშვილისთვის დაზიანებების მიყენება, დადასტურებულია იმ საქმის მასალებით, რომელზეც ჩატარდა გამოძიება და დადგინდა, რომ მოლაშვილი არავის არ უწამებია. მოლაშვილის თაღლითობა და სიმულიანტობა მთლიანად დადასტურდა ამ ფაქტზე აღძრული და გამოძიებული საქმით. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი შემდეგი:

1) მოლაშვილი მოქალაქეთა დროებით დაკავების საკანში მოთავსებული იქნა 2004 წლის 23 აპრილის 03 საათიდან 09 საათამდე. დადგენილია, რომ ამ პერიოდში ის საკნიდან არავის არ გამოუყვანია (ეს ფაქტი დადგენილია მოქალაქეთა დროებითი დაკავების საკნის მუშაკთა დაკითხვებით, ვიდეოკამერის დათვალიერების ოქმით, შესაბამისი ზედამხედველი პროკურორის მოლაშვილთან გასაუბრების ოქმით).

2) მოლაშვილი სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებში და ინტერვიუში წამების ადგილად მიუთითებს ზოგჯერ მოქალაქეთა დროებითი დაკავების საკანზე, ზოგჯერ პოლიციის სამმართველოს შენობის მეექვსე, ან მეშვიდე სართულზე. მართლაც რომ მომხდარიყო ეს საშინელი ფაქტი, ბუნებრივია, არ დაავიწყდებოდა მთავარი დეტალი. იმ ხუთი საათის მანძილზე, რაც მოლაშვილი იმყოფებოდა დაკავებული, მას არ მოცილებია ორი პოლიციის პოლკოვნიკი, მისი ძმა თორნიკე და ბავშვის ნათლია პაატა ჟღენტი. ამ ორ პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერს გააჩნდა უფლებამოსილება, მთავარი სამმართველოს შენობაში შეუზღუდავად გადაადგილებისა.

3) 2004 წლის 23 აპრილს დილით ვაკე-საბურთალოს სასამართლოში, არაყიშვილის ქუჩაზე, შეკრებილი იყო საქართველოში არსებული ყველა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტები, რომ გაეშუქებინათ მოლაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი. მოლაშვილს არავისთვის არ უთქვამს წამების შესახებ. ვერც ეტყოდა, ვინაიდან ის არავის არ უწამებია. მოლაშვილს იმ პერიოდში მართლაც რომ რაიმე დაზიანება ჰქონოდა, რომლის ხანდაზმულობა, სულ რაღაც, რამდენიმე წუთს ან საათს მოიცავდა, წარმოიდგინეთ, როგორ ამბავს ატეხდა. ცხელ კვალზე, დაზიანებული სხეულის ტელეოპერატორებისთვის და სასამართლო დარბაზში მყოფი საზოგადოებისთვის ჩვენების შემდგომ, რომელი პროკურორი მოითხოვდა მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ან რომელი მოსამართლე შეუფარდებდა პატიმრობას.

4) 2004 წლის 23 აპრილს დილის საათებში მოლაშვილი მოსამართლის სანქციის საფუძველზე შეასახლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში შესული ყველა პატიმარი სამედიცინო კომისიის წინაშე გადის შემოწმებას, თუ ვინმეს აღმოაჩნდება რაიმე დაზიანება, სამედიცინო კომისიის დასკვნა ეგზავნება პროკურატურას გამოძიების ჩასატარებლად. მოლაშვილი შემოწმებული იქნა სამედიცინო კომისიის მიერ, მაგრამ სამედიცინო კომისიამ ვერავითარი დაზიანება ვერ აღმოაჩინა და ბუნებრივია, პროკურატურაშიც არ გადაუგზავნიათ არავითარი მასალები.

5) 2012 წლის შემოდგომაზე ტელევიზიით ჩართვისას მოლაშვილმა განაცხადა, რომ როცა აწამებდნენ, თვალები ახვეული ჰქონდა, მაგრამ გაიგონა გვერდით ოთახში მოსაუბრე სამი მაღალჩინოსნის საუბრის ხმა და თითქოს 9 წლის შემდგომ მოახდინა ხმათა იდენტიფიცირება. მან დაასახელა სამივეს ვინაობა და განაცხადა, თითქოს მეოთხის იდენტიფიცირებასაც აუცილებლად მოახდენდა და აცნობებდა საზოგადოებას. მოლაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მისი  უფლებადამცველები ლია მუხაშავრია, თეა წულუკიანი და სხვები. ისინი გახარებული მიუთითებდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს „მოლაშვილს გაახსენდა თავისი ჯალათების გვარები“. მუხაშავრია, წულუკიანი და სხვა „უფლებადამცველები“ მოლაშვილისაგან, სავარაუდოდ, ფინანსურად იყვნენ დაინტერესებულები და ამიტომ ჩემთვის გასაგები იყო მათი ასეთი პოზიცია, მაგრამ სინდისთან ასეთ შეუთავსებლობას თუ გამოიჩენდნენ, იმ პერიოდში არ მეგონა.

6) მოლაშვილმა დაკავებიდან ორ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ განაცხადა, თითქოს დაკავების ღამეს მიაყენეს დაზიანება. მოლაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გავრცელების შემდგომ დაუყოვნებლივ მოვახდინე  მასთან გასაუბრება. შედგა შესაბამისი ოქმი, რაც საფუძველი გახდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების ჩატარებისა. ამ საქმის გამოძიებისას დადგინდა ზემოაღნიშნული, რომ მოლაშვილი იმ ვითარებაში, რაზეც თვითონ მიუთითებდა, არავის უწამებია, თაღლითობდა და ტყუოდა, რის გამოც საქმეზე 2004 წელს შეჩერდა გამოძიების წარმოება. გამოძიება შეჩერებული იყო ზუსტად 10 წლის მანძილზე 2014 წლის ოქტომბრამდე.

მიუხედავად საქმის ასეთი ფაქტობრივი გარემოებისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, მოლაშვილთან გააფორმა „მეგობრული შეთანხმება“ და 2014 წლის 11 მარტს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაყენებულ ყველა ბრალდებას დათანხმდა, უაპელაციოდ აღიარა წამების ფაქტი, ისე რომ 2004 წელს ამ ფაქტზე აღძრული საქმისკენ საერთოდ არ გაიხედა და ვერ დაინახა, რომ პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, მოლაშვილს დაზიანებები არ მიუღია იმ გარემოებებსა და ვითარებაში, რასაც თვითონ მიუთითებდა. მოლაშვილი არავის უწამებია; მან წამების სიმულირებით და მანიპულირებით, სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანით, შეძლო შეეცვლა ღრმად კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯი „უკანონოდ დაჩაგრულ“, „წამებულ“, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ და სამართლიანობის აღდგენისთვის თავდადებულის იმიჯზე.

მოლაშვილი 10 წლის მანძილზე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის მეშვეობით ამკვიდრებდა საზოგადოებაში აზრს მისი წამების შესახებ. მან ოსტატურად გამოიყენა ხელისუფლების ცვლილება და ხელისუფლებაში მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოსვლა. მოლაშვილმა შეძლო დაექირავებინა საქართველოში მოღვაწე ყველაზე ცნობილი ადვოკატები და ადამიანის უფლებების დამცველი პირები: სოსო ბარათაშვილი, შალვა შავგულიძე, ლია მუხაშავრია, მანანა კობახიძე, კაკაბაძე, წულუკიანი და სხვები, რომელთაგან უმრავლესობას დღეისათვის საკმაოდ სერიოზული თანამდებობები უჭირავს. ამ ფაქტმა სავარაუდოდ განაპირობა მოლაშვილის გამარჯვება და საქართველოს დამარცხება ევროსასამართლოში. აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორ და რის ფასად გაიგზავნა ევროსასამართლოში აღიარებითი წერილი, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს აღიარებინეს წამების ფაქტი და დაეთანხმნენ მოლაშვილის ყველა პრეტენზიას, ისე რომ ამ ფაქტზე აღძრულ საქმეს არათუ არ იცნობდნენ, არამედ სისხლის სამართლის საქმის ყდაც არ ჰქონდათ ნანახი. ეს რომ ასეა, დადასტურდა მაშინ, როდესაც 2014 წლის შემოდგომაზე, ევროსასამართლოში აღიარებითი წერილის გაგზავნიდან შვიდი თვის თავზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შემოვიდა მთავარ პროკურატურაში, რის შემდგომ დაიწყო წამების ფაქტზე აღძრული საქმის ძებნა. საქმე არ აღმოჩნდა არც ქალაქის და არც მთავარი პოროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში. ის შემთხვევით აღმოაჩინეს ერთ-ერთი დეპარტამენტის პროკურორის სეიფში. ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოა და მრავალ კითხვას ბადებს. კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ თუ წულუკიანს საერთოდ არ ჰქონდა ნანახი ამ ფაქტზე აღძრული საქმე, რატომ და რის ფასად გააგზავნა აღიარებითი წერილი ევროსასამართლოში? ეს ძალიან ჰგავს კობახიძის, კაკაბაძის და სხვათა მიერ კრიმინალებისთვის, რომლებსაც არაფერი აკავშირებდათ პოლიტიკასთან, მათი საქმეების შესწავლის გარეშე, პოლიტპატიმრის სტატუსის მიცემას.

წულუკიანი არა მარტო მოლაშვილის საქმეზე, არამედ სხვა საქმეებზეც აშკარად შემჩნეულია არაობიექტურ და აშკარად იუსტიციის მინისტრისათვის შეუფერებელი ხასიათის განცხადებების გაკეთებაში. ასე მაგალითად, „არავინ იცის, რატომ ზის ციხეში ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებული პირები“, _ განაცხადა თეა წულუკიანმა. მაშინ, როცა ის იყო იუსტიციის მინისტრი და ითავსებდა გენერალური პროკურორის ფუნქციას. მანვე ანალოგიური აზრი გამოთქვა სხვა მკვლელობის საქმეებზეც. ეს არა მხოლოდ ამ საქმეებზე დამდგარი სასამართლო განაჩენის უგულებელყოფაა, არამედ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაცაა, ვინაიდან ამის გაცხადების საფუძველი თუ გააჩნდა, მას შეეძლო გაეცა ზეპირი ან წერილობითი დავალება, ახალ აღმოჩენილ გარემოებასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ. რა ვადასაც მიუთითებდა, იმ ვადაში დაამთავრებდა გამოძიებას პროკურატურა. ამ საქმეებზე, რაზეც წულუკიანს შეუძლია ასეთი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება, ჩემი და სხვა პროკურატურის თანამშრომლების, ასევე ჩვენი პოლიციის მუშაკების მრავალი შრომა და რუდუნებაა ჩადებული. თეა წულუკიანი, ასეთ მაღალთანამდებობის რანგში, ასეთ განცხადებას რომ აკეთებს, როგორც მინიმუმი, პატივს არ სცემს იმ სკამს, რომელზეც ზის. ასევე პატივს არ სცემს თავის კოლეგა მინისტრს, რომლის ძმა იყო ლევან კალაძე და რომლის გატაცება და მკვლელობა, სავარაუდოდ, დღესაც მოუშუშებელი ჭრილობა უნდა იყოს კახა კალაძისთვის.

თეა წულუკიანის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედებები და მისი ზოგიერთი გამონათქვამი საფუძვლიან ეჭვს აღძრავს, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს იურისტი, რაც ცალკე გამორკვევას საჭიროებს. თუ წულუკიანს არ გააჩნია უმაღლესის დამთავრების დიპლომი, სადაც მითითებულია, რომ ის არის სამართალმცოდნე და მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, მაშინ მას უფლება არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრობასთან ერთად შეეთავსებინა გენერალური პროკურორის თანამდებობა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას გააჩნდა დიპლომი, რაც ადასტურებდა მის იურისტობას. ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს კი პირდაპირ ესროლა ტელემაყურებელს ჩარჩოში ჩასმული რაღაც დოკუმენტის გადიდებული ქსეროასლები შეძახილით: თუ არ გჯერათ ჩემი იურისტობა, აი,  დიპლომებს წარმოგიდგენთო. ყოველივე აღნიშნულის შემდგომ თუ არ დადასტურდა წულუკიანის იურისტობა, თანამდებობის პირის მიერ საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოტყუება და შეცდომაში შეყვანა, ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია და ისჯება საქ. სსკ 180-ე მუხლით (თაღლითობა).

თეა წულუკიანი სამართლიანობის აღდგენის სახელით ბევრ უსამართლობას სჩადის. წულუკიანმა, როგორც მოლაშვილის ყოფილმა უფლებადამცველმა, ისარგებლა ამჟამინდელი თანამდებობით და მას ბიუჯეტის კუთვნილი 20 ათასი ევრო გადასცა. ესაა სამართლიანობის აღდგენა? ყველას გვახსოვს, ვისაც ამნეზია არ სჭირს, რომ ვარდების რევოლუციამდე ქვეყანა ჩაფლული იყო კორუფციის ჭაობში, არ სრულდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი, საჯარო მოხელეების ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებდა. ვისაც უნდა ეზრუნა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვისა და შევსების კანონიერებაზე (საუბარია სულხან მოლაშვილზე), თვითონ გვევლინებოდა ყველაზე კორუმპირებულ პირად, ეს კი ამუხრუჭებდა ბიუჯეტის შევსებასა და ქვეყნის განვითარებას. 2004 წელს, რვა თვის მანძილზე, როდესაც მე გახლდით ქალაქის პროკურორი, კონტროლის პალატაში გადამალული მასალების წყალობით, ათეულ მილიონობით ბიუჯეტიდან უკანონოდ გატანილი თანხა დავუბრუნეთ სახელმწიფო ბიუჯეტს. პროკურატურის აქტიურობის შედეგად დავიწყებული იქნა გაყინული პენსიისა და ხელფასის ცნებები.

2013 წლის 30 მაისს, პროკურატურის პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ ზეიმზე, მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამესაუბრა და მითხრა, რომ კარგად ვახსოვდი 2004 წლის სატელევიზიო ბრიფინგებიდან. ბატონმა ბიძინამ აქტიური შრომისათვის მადლობაც გადამიხადა. ამდენი წლის გასვლის შემდეგ რომ ვახსოვდი, ამან გამაოცა. ბატონ ბიძინას მადლობა გადავუხადე, ვინაიდან საკუთარი ჯიბიდან  გვიხდიდა იმ პერიოდში საკმაოდ მაღალ ხელფასს. იმ მუშაობისთვის, რისთვისაც ბ-ნმა ივანიშვილმა შემაქო, წულუკიანის გამო იძულებული გავხდი, დამეტოვებინა პროკურატურის სისტემა. ბუნებრივია, სამსახურის დაკარგვა გულდასაწყვეტი ფაქტია, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც გარდაუვალი იქნებოდა. ვინაიდან სულხან მოლაშვილის ინტერესების ყოფილმა დამცველმა წულუკიანმა ვერ გაითავისა ის ფაქტი, რომ დღეს ის არის იუსტიციის მინისტრი და არა მოლაშვილის ადვოკატი, რომ დღეს ის უნდა ემსახუროს საქართველოს ინტერესებს და არა მოლაშვილის ინტერესებს, მე უკვე დარწმუნებული ვარ, თუ წულუკიანი დროულად არ ჩამოშორდა მინისტრის პოსტს, სამართლიანობის აღდგენის სახელით უზრუნველყოფს მოლაშვილისთვის ჩამორთმეული ნახევარი მილიონისა და იმ ფეშენებელური სახლის დაბრუნებას, სადაც თავის დროზე უპატრონო ბავშვები შეასახლეს. თითქოს მოლაშვილს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ცოტა ჰქონდეს წაღებული. სასამართლოს განაჩენით ეს ხომ მილიონებია. წულუკიანმა უნდა გაითავისოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე არ უნდა განკარგოს, როგორც მამამისის, ბატონ ავთოს დატოვებულ ქონებას განკარგავდა. მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ხელფასის გამოწერა, მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს გადახდა, მიუთითებს იმ ტენდენციას, რომ ეს კაბაგადაცმული ბოროტი სული ვერ ხედავს ბიუჯეტზე დამოკიდებულ პენსიონრებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებსაც აღარ ახსოვთ ტერმინი გაყინული ხელფასი და პენსია. პროკურატურის გამოძიება ვალდებულია გაარკვიოს, რატომ გააგზავნა წულუკიანმა აღიარებითი წერილი ევროსასამართლოში, მაშინ როცა საქმის მასალებით არ იყო დადასტურებული მოლაშვილის წამების ფაქტი? რატომ აიღო ვალდებულება და რატომ გადასცა მოლაშვილს 20 ათასი ევრო, მაშინ როდესაც სხვა საქმეებზე, რომლებიც გასაჩივრებული იყო ევროსასამართლოში, გამოძიებამ დაადასტურა დაკავებული პირების არა მხოლოდ წამების, არამედ წამებით მკვლელობის ფაქტები, მაგრამ მათი ოჯახებისთვის წულუკიანს არ გადაუცია არც ერთი თეთრი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თაღლითობითა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, წაგლეჯილი 20 ათასი ევრო, არ შეიძლება მათ შერჩეთ, რაც მართლაც იქნება პროკურატურის მიერ სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურას

გთხოვთ:

1. დაიწყოთ გამოძიება საქ. სსკ 332-ე მუხლით, თეა წულუკიანის მიერ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სულხან მოლაშვილისათვის „მეგობრული შეთანხმების“ გაფორმების, ევროსასამართლოს შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 20 ათასი ევროს ზიანის მიყენების ფაქტზე;

2. ამ საქმის გამოძიების პროცესში გაირკვეს, თეა წულუკიანს გააჩნია თუ არა იურისტ-სამართალმცოდნის დიპლომი. ასეთი დიპლომის არარსებობის შემთხვევაში მის ქმედებას მიეცეს სამართლებრივი შეფასება;

3. მიეცეს სამართლებრივი შეფასება განცხადებაში მითითებულ სხვა ფაქტებს.

 

პატივისცემით

ვალერი გრიგალაშვილი

08. მარტი. 2016.

მარიამ ბალანჩივაძე